1740487163
ავტორი
ნინი მეტრეველი
დღეს 2025 წლის 25 თებერვალია — საბჭოთა კავშირის მიერ საქართველოს ოკუპაციიდან 104 წელი გავიდა. ამ დღის შემდეგ, 70 წლის განმავლობაში, ქვეყანამ გამოიარა მასობრივი რეპრესიები, მკვლელობა, წამება, ენისა და კულტურის გაქრობის საფრთხე; გაუძლო მიზანმიმართულ ქმედებებს ეროვნული იდენტობის წასაშლელად. დაკარგა პატრიოტები — მებრძოლები, ხელოვანები, მეცნიერები, სასულიერო პირები. დაკარგა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები, მათ შორის, ეკლესიებიც. ათწლეულების განმავლობაში, საქართველოში „კანონიერად“ ჩადიოდნენ სასტიკ დანაშაულებს.
ეს არ უნდა დავივიწყოთ, რომ უკან არასოდეს დავბრუნდეთ. გვახსოვდეს, ვინ იყვნენ რეჟიმის შემოქმედნი და ვიცოდეთ, როგორ შევადაროთ სულ ცოტა ხნის წინ მომხდარი საშინელება დღევანდელ რეალობას. გავიაზროთ, რომ რეჟიმის შემოქმედნი „ძველი დიდების“ აღდგენას ახლაც ცდილობენ. იდეოლოგია უცვლელია, შეიცვალა მხოლოდ სახელები. და ეს არ უნდა დავივიწყოთ.
არდავიწყებისთვის, ოკუპაციის 85 წლის თავზე, 2006 წელს, თბილისში საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი გაიხსნა, სივრცე, სადაც საბჭოთა რეჟიმის სისასტიკის არაერთი მტკიცებულება საჯაროდაა გამოფენილი. ის საქართველოს ეროვნული მუზეუმის კომპლექსის ნაწილია. დარბაზი მცირე, მაგრამ შთამბეჭდავია, თუნდაც იმ ვაგონით, რომელსაც საბჭოთა რეპრესიების მსხვერპლთა დასახვრეტად ნასროლი ტყვიების კვალი ეტყობა.
აქვე გამოფენილია ფოტოები, დოკუმენტები, პირადი ჩვენებები და ბრძანებებიც სიკვდილით დასჯის შესახებ. ერთი შეხედვით უბრალო, გაყვითლებული ფურცლები რეჟიმის სისასტიკეს ძალიან გასაგებად გადმოსცემს. ნახავთ პროპაგანდისტულ მასალებსაც, რომელთა დათვალიერების შემდეგ მიხვდებით, როგორ ცდილობდა მაშინდელი ხელისუფლება ქართველი ხალხის მანიპულირებას. და გაგახსენდებათ, რომ მართვის ეს მეთოდი საბჭოთა კავშირთან ერთად არ გამქრალა.
ეს ყველაფერი შთამბეჭდავია, თუმცა იქნებ საჭიროა, რომ იმ ბოროტებაზე უფრო ხმამაღლა ვყვიროდეთ? საბჭოთარეჟიმგამოვლილ ქვეყნებში ოკუპაციის მუზეუმები საკმაოდ მასშტაბური და შთამბეჭდავია. მეტიც, უმეტესად, მოწყობილია ისეთ სივრცეებში, სადაც ადრე რეჟიმი პოლიტპატიმრებს აწამებდა და სჯიდა. მინიმუმ, რეკონსტრუირებულია ასეთი სივრცეები და, ალბათ, უკეთ აღქმისთვის, ასეცაა საჭირო.
საბჭოთა ოკუპაციის მუზეუმი თბილისში გამორჩეული მნიშვნელობის მატარებელია, თუმცა, შეიძლება, ცოტა მცირეა იმისთვის, რომ მაშინ ქვეყნისთვის მიყენებული ტკივილი სრულყოფილად ასახოს. ქვეყნისთვის, რომელმაც საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, რუსეთის აგრესია არაერთხელ გამოცადა, უფრო მასშტაბური მუზეუმი სასურველი კი არა, ალბათ, აუცილებელიცაა.
ურბანული თვალსაზრისითაც, იქნებ მუზეუმის ცალკე მდგომი შენობა უფრო თვალშისაცემი ყოფილიყო, თუნდაც ტურისტებისთვის?! რომ არაფერი ვთქვათ სკოლის მოსწავლეებზე, სტუდენტებზე ან იმ ადამიანებზე, რომელთაც მაშინდელი ბოროტება ავიწყდებათ?
25 თებერვალი უფრო მეტია, ვიდრე ტრაგედიის წლისთავი — ეს დაკარგული თავისუფლების ფასის შეხსენებაა. სანამ საქართველო რუსული გავლენისა და ოკუპაციის წინააღმდეგ ბრძოლას აგრძელებს, საბჭოთა ბოროტება არ უნდა დავივიწყოთ.