1738338120

ჩეკას ყოფილი სახლი — რეპრესიების მემორიალი თბილისში

ჰედერ

თბილისში ბევრი ტრაგიკული შენობაა, თავისი ისტორიითა და ადამიანებით, რომლებსაც აქ უცხოვრიათ ან სიცოცხლის უკანასკნელი დღეები გაუტარებიათ. ამ ნაგებობებს შორის, განსაკუთრებული ტრაგიზმით გამოირჩევა ყოფილი „ჩეკას“ შენობა, ინგოროყვას ქუჩაზე. ეს არის ადგილი, სადაც სხვადასხვა განაჩენის გამოსატანად, უფრო მეტად კი დასახვრეტად განწირული ადამიანები მოჰყავდათ ხოლმე.

ვიდრე თავად შენობაზე ვისაუბრებთ, აუცილებლად უნდა გავამახვილოთ ყურადღება იმ რეპრესიულ მანქანაზე, რომელიც საბჭოთა კავშირმა აამოქმედა. ზოგადად, საბჭოთა რეპრესიები ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ფურცელია მეოცე საუკუნის ისტორიაში. სტალინური ტერორის პერიოდში მილიონობით ადამიანი ან გადაასახლეს ან დახვრიტეს. ეს პროცესი საბჭოთა კავშირის არსებობის პირველივე წლებში დაიწყო, მაგრამ განსაკუთრებულად სასტიკი ფორმა 1930-იან წლებში მიიღო, ე. წ. „დიდი ტერორის“ პერიოდში.

საბჭოთა ხელისუფლებამ რეპრესიების მეშვეობით მიზნად დაისახა პოლიტიკური მოწინააღმდეგეების განადგურება, მმართველი რეჟიმის გაძლიერება და მოსახლეობაზე ტოტალური კონტროლის დამყარება. რეპრესიების მექანიზმი კარგად იყო ორგანიზებული: სახელმწიფო უშიშროების ორგანოები (ჩეკა, მოგვიანებით კი ნკვდ) ქმნიდნენ „შავ სიებს“, რომელთა მიხედვითაც ათასობით ადამიანი ცხადდებოდა „ხალხის მტრად“. მასობრივი დაპატიმრებები, წამება და ცრუ აღიარებები ჩვეულებრივი პრაქტიკა გახდა. შექმნილი იყო ე. წ. „სამეულები“, რომლებიც სასამართლოს გარეშე, რამდენიმე წუთში აცხადებდნენ განაჩენს — სიკვდილით დასჯას ან გადასახლებას.

1937-1938 წლების „დიდი ტერორის“ დროს რეპრესიებმა განსაკუთრებულ მასშტაბს მიაღწია. ხალხის მასობრივი დაპატიმრებები უმიზეზოდ ხდებოდა, ხშირად უბრალო ეჭვის საფუძველზე. მათ შორის აღმოჩნდნენ ინტელიგენცია, სამხედრო პირები, სახელმწიფო მოხელეები, პარტიული ლიდერები და რიგითი მოქალაქეებიც. კვოტებიც კი დაწესდა, თუ რამდენი ადამიანი უნდა დაეპატიმრებინათ თითოეულ რეგიონში.

ჩეკას შენობა — ინგოროყვას N22

საბჭოთა სპეცსამსახურების ისტორია 1917 წლის 19 დეკემბრიდან იწყება, როდესაც შეიქმნა „კონტრრევოლუციასთან და საბოტაჟთან ბრძოლის სრულიად რუსეთის საგანგებო კომისია“, იგივე „ჩეკა“. საგანგებო კომისია მუშაობას მეორე დღესვე, 20 დეკემბრიდან, შეუდგა. საგანგებო კომისიის თავმჯდომარედ და პირველი საბჭოთა სამსახურის ხელმძღვანელად დაინიშნა ფელიქს ძერჟინსკი. „ჩეკა“ რევოლუციური ტრიბუნალის დამხმარე ორგანო იყო და მას ევალებოდა კონტრრევოლუციონერებისა და დივერსანტების დაკავება და გადაცემა რევოლუციური ტრიბუნალისთვის.

თბილისში ,,ჩეკას“ მისამართი ინგოროყვას 22 გახდა, მაგრამ აღნიშნულ შენობას მანამდე არსებობის მრავალწლიანი ისტორია აქვს. ცნობილია, რომ აქ 1890 წლიდან სათავადაზნაურო გიმნაზია იყო მოწყობილი. საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადების შემდეგ, ანუ 1918 წლიდან შენობა მიწათმოქმედების სამინისტროს ეკავა. თუმცა მოგვიანებით საცხოვრებელ სახლად გადაკეთდა. საქართველოში წითელი არმიის შემოსვლის შემდეგ კი შენობა გადაეცა „ჩეკას“ და სწორედ ამ პერიოდიდან იქცევა სისხლიან დაწესებულებად, სადაც უამრავი უდანაშაულო ადამიანი ატარებდა სიცოცხლის უკანასკნელ დღეებს.

ყველა ეჭვმიტანილი, დასმენილი, ხელისუფლების მიერ მიზანში ამოღებული პიროვნება ამ შენობაში ხვდებოდა და გრძელვადიან წამებასა და დაკითხვის პროცესს სწორედ აქ გადიოდა. შენობის პირველი სართული ეკავა საპატიმროებს, დაკითხვისა და წამების ოთახებს. ამ ადგილს თავის დროზე სამართლიანადაც უწოდეს ,,საქართველოს გოლგოთა“.

დაპატიმრებული ადამიანები, რომლებმაც უკვე წინასწარ უწყოდნენ რა ელოდათ, აქ უცდიდნენ განაჩენის გამოტანას. მათ შორის იყო საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი, ამბროსი ხელაია. ვიდრე მას მეტეხის იზოლატორში გაუშვებდნენ, სწორედ ჩეკას შენობაში გადიოდა დაკითხვას. თითქმის ყოველ დღე, ამ ჯურღმულებიდან გაჰყავდათ უკვე განაჩენგამოტანილი ხალხი, სვამდნენ სატვირთო მანქანაში და ქალაქგარეთ, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ხდებოდა განაჩენის სისრულეში მოყვანა ­— დახვრეტა.

ამ სახლს უკავშირდება განსაკუთრებული ისტორიაც. 1918-21 წლებში აქ ცხოვრობდა, მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე, საზოგადო მოღვაწე, გრიგოლ ლორთქიფანიძე. ის საბჭოთა ოკუპაციისთანავე დააპატიმრეს და ამავე შენობის სარდაფში მოწყობილ სატუსაღოში ჩასვეს… გრიგოლ ლორთქიფანიძე წამებისას შემოაკვდათ.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები