1748873844

ქართული არქიტექტურული პროექტი Architizer A+ Awards-ის ფინალში

ჰედერ

ავტორი

ნინი მეტრეველი

ქართული არქიტექტურული პროექტი მსოფლიოს ერთ-ერთი პრესტიჟული კონკურსის ხუთ ფინალისტს შორის მოხვდა. „Architizer A+ Awards“ — ასე გქვია კონკურსს, რომელშიც სტუდია 9-ს მიერ შესრულებული შთამბეჭდავი ნამუშევარი შეამჩნიეს. „აგროჰაბი — მრავალფუნქციური შენობა მდინარის პირას“ საინტერესო აღმოჩნდა არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო არქიტექტურული სექტორისთვის.

სტუდია 9-მ პროექტი ჰიპერმარკეტების ქსელ „აგროჰაბისთვის“ შექმნა. სივრცე ერთიანებს ჰიპერმარკეტს, ღია საპარკინგე ზონასა და რესტორანს ტერასით.

„ეს შენობა თბილისში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილას მდებარეობს. ეს არის სანაპიროს ერთ-ერთი ნაწილი, ფონად არის მთაწმინდა, ყოფილი სასტუმრო ივერია, მეცნიერებათა აკადემიის შენობა, რომელსაც კოშკი აქვს. მეორე სანაპიროდან რომ უყურებ, კარგად ჩანს გაშლა. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობდით, არქიტექტურა ყოფილიყო ლანდშაფტური და შენობა გამწვანებულ ტერიტორიაზე, ამ ჩამოსულ ფერდობზე კარგად ჩამჯდარიყო“, — განმარტავს სტუდია 9-ს დამფუძნებელი და არტ დირექტორი, მამუკა ჩხაიძე.

„აგროჰაბი — მრავალფუნქციური შენობა მდინარის პირას“ გამოირჩევა არა მხოლოდ ინოვაციური ვიზუალით, არამედ კარგად ერწყმის ურბანულ ქსოვილსაც. შეიძლება ითქვას, ეს პროექტი ასახავს სტუდია 9-ს უფრო ფართო აღქმას, რომელშიც ლანდშაფტი, მასალა და კონტექსტი საბოლოო არქიტექტურულ ხედვას აყალიბებს.

„პირადად მე, არქიტექტურაში კიბის ფაქტორი მიყვარს. ამ პროექტში, ფასადზე გამოტანილია კიბე, რომელიც ყველა სივრცეს აერთიანებს. კიბე ელემენტია, რომელიც დამახასიათებელია ამ უბნისთვის და თბილისური ეზოებისთვის. ელემენტია, რომელიც არქიტექტურას ხელს უწყობს, საინტერესო გახდეს. მასალა რკინა-ბეტონია. რაც შეეხება ფასადის მოპირკეთებას, ეს არის ლითონის დეკორით დამუშავებული ფურცლები. შენობის დანარჩენი ნაწილი კი შემინულია. თუმცა, ძირითადად, ყურადღებას მაინც ლანდშაფტური არქიტექტურა იქცევს“, — ამბობს მამუკა ჩხაიძე.

ის ფაქტი, რომ პროექტი Architizer A+ Awards-ზე ერთ-ერთ ფინალისტად შეირჩა, ქართული არქიტექტურის გლობალურ ასპარეზზე აღიარებას ნიშნავს. კონკურსზე წარდგენილი იყო ასობით ნამუშევარი 80-ზე მეტი ქვეყნიდან. შესაბამისად, ფინალურ ხუთეულში მოხვედრა არა მხოლოდ სტუდია 9-ს შემოქმედებითი ხედვის, არამედ ქვეყნის წარმოჩენის კარგი შესაძლებლობაა.

„სასიხარულოა, როდესაც ასეთ პრესტიჟულ კონკურსში იღებ მონაწილეობას და ფინალში ხვდები. ეს თავისთავად საინტერესოა და სტიმულია არქიტექტორისთვის. პირველ რიგში, კომპანიისთვისაა ძალიან მნიშვნელოვანი. ასევე, ხალხისთვის, ვინც ჩვენს გვერდით დგას. ეს ერთი ადამიანის დამსახურება არაა, ნებისმიერ პროექტზე გუნდი მუშაობს. ყველა მათგანში მონაწილეობენ ახალგაზრდები, ყოველთვის მაინტერესებს მათთან მუშაობა და, აქედან გამომდინარე, ეს მათთვისაც აღიარებაა“, — აღნიშნავს სტუდია 9-ს არტ დირექტორი.

Architizer A+ Awards, რომლის კონკურსანტებსაც ინდუსტრიის წამყვანი სპეციალისტები აფასებენ, წარმოაჩენს საუკეთესო არქიტექტურულ ნამუშევრებს მთელი მსოფლიოდან. სტუდია 9-ს მიერ შესრულებული ნამუშევრის ასეთი აღიარება კი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია, ქვეყნისთვის, სადაც არქიტექტურა აღქმული უნდა იყოს როგორც არა მხოლოდ მშენებლობა, არამედ კულტურა და ესთეტიკა.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები