1727351100

თამამი, ეკომეგობრული, ინდივიდუალური… – როგორია ინტერიერის დიზაინის მიმდინარე ტენდენციები

tamami

ავტორი

მაკო აბესაძე

2024 წელს ინტერიერის დიზაინი არც ექსპერიმენტების სიმცირეს უჩივის, არც პოპულარულ ტრენდებზე უარის თქმას უშინდება და არც კლასიკური ელემენტების ახლებურად გააზრებას უფრთხის.

წელს თამამი გადაწყვეტილებების დროა – ერთფეროვნებას კაშკაშა და მკაფიო ფერები ანაცვლებს; მეტად ფასდება სახასიათო და ინდივიდუალური სტილი და არა უწვრილეს დეტალებში გაწერილი, უნაკლო ინტერიერი; გარემოსდაცვითი ღირებულებებიც სულ უფრო წინა პლანზე იწევს და მდგრადი დიზაინის პრინციპები ნელ-ნელა მეტ სიმყარეს იძენს. ინტერიერის დიზაინის მიმდინარე ტენდენციებში კარგად აისახა ტექნოლოგიური პროგრესიც და თანამედროვე ადამიანთა ცხოვრების წესიც.

თუკი საცხოვრებელი სახლის მოწყობას გეგმავთ ან ჩვეული გარემოს გადასხვაფერებაზე ფიქრი არ გაძლევთ მოსვენებას, მაშინ სწორ ადგილას მოხვდით. ჩვენ მიერ ჩამოთვლილი ტრენდების უფრო დეტალურ განხილვას ქვემოთ შემოგთავაზებთ და ამ გზით შევეცდებით ინსპირაციის მიღებასა და თქვენზე მორგებული გარემოს შექმნაში დაგეხმაროთ.

მეტი ეკომეგობრული მასალა და სიმწვანე ინტერიერში

ბუნებრივი და ჯანსაღი სივრცის მოწყობა დღეს ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი ყველაზე თვალშისაცემი ტენდენციაა. შესაბამისად, მცენარეებითა და ბუნებრივი მასალებით დატვირთული სივრცეები დღეს იშვიათობას ნამდვილად აღარ წარმოადგენს. ეს ტენდენცია ერთნაირად პოპულარულია როგორც საცხოვრებელი, ისე საზოგადოებრივი დანიშნულების მქონე ნაგებობებში.

ბუნებაში ყოფნის განცდის შესაქმნელად, სულ მცირე, შეგიძლიათ ქოთნის ყვავილები თქვენი ინტერიერის ორგანულ ნაწილად აქციოთ. გამწვანების გარდა, მყუდრო და ჯანსაღი გარემოს მოწყობაში ხის, ბამბუკისა და ქვის დეტალებიც დაგეხმარებათ. გაითვალისწინეთ, სულაც არ არის აუცილებელი ამ მასალების მასიურად გამოყენება, ამისათვის, მათი დეტალების ოსტატურად განაწილება და საინტერესო კომბინაციების მიგნებაც კმარა.

სასურველია, ბუნებრივი მასალების მოძიება თქვენს სიახლოვეს დაიწყოთ. მაგალითად, თუკი სადმე ხის ძველი კარი ან ავეჯი გეგულებათ, გირჩევთ, მათ ახალი დანიშნულება მოუძებნოთ და სიცოცხლე კიდევ ერთხელ შესძინოთ. ასე არა მხოლოდ ფინანსების, არამედ ბუნებრივი რესურსების დაზოგვასაც შეძლებთ.

მეტი მზე და ბუნებრივი განათება

ის, თუ როგორ აღვიქვათ სივრცეს და ამა თუ იმ დეტალს, დიდწილად განათებაზეა დამოკიდებული. შესაბამისად, ის ინტერიერის დიზაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. წელს განსაკუთრებული აქცენტი ბუნებრივ განათებაზე კეთდება, რაც შენობაში მეტი მზის სხივის შემოშვებას გულისხმობს. სწორედ ამიტომ, თანამედროვე სივრცეებში ხშირად შეხვდებით შემინულ კედლებს, დიდ ფანჯრებსა და მინის ჭერს. არცთუ იშვიათია სარკეებისა და ამრეკლავი ზედაპირის მქონე ნივთების დეკორად გამოყენება, რაც ეფექტის გაძლიერებასა და კიდევ უფრო ნათელი გარემოს შექმნას უზრუნველყოფს.

მიწის ფერები – ყავისფერი, მოყვითალო, თიხისფერი…

ბუნებრივი ელემენტების ინტერიერში შემოტანის სულ უფრო მზარდი ტენდენცია ფერებშიც აისახა. მიმდინარე წელს ყავისფერმა, მოყვითალო და თიხისფერმა მოიპოვა პოპულარობა და ნელ-ნელა ჩაანაცვლა მანამდე დომინანტური ნაცრისფერი ტონები. ყავისფერი წელს წამყვან ფერად იქცა მოდის ინდუსტრიაშიც, რამაც კიდევ უფრო შეუწყო ხელი მის ინტერიერის დიზაინში დამკვიდრებას.

ყავისფერი მდიდარი და თბილი ფერია, რის გამოც ის მეტ სიმყუდროვეს სძენს სივრცეს. თუმცა თუკი დაუკვირდებით, ის, ასევე, არაჩვეულებრივია ნეიტრალურ ფონადაც, რომლის ბაზაზეც შეგიძლიათ თქვენთვის სასურველი ფერთა კომბინაციები შექმნათ.

თამამი ფერები და უარი ერთფეროვნებას

თუკი გასულ წლებში თეთრ ფერში გაწყობილი, ერთგვაროვანი და სტერილური საცხოვრებელი სივრცეები სარგებლობდა პოპულარობით, ახლა მეტი აქცენტი თამამ, მკაფიო და კაშკაშა ფერებზე კეთდება. მინიმალისტური და მონოქრომატული დიზაინის ნაცვლად, 2024-ში მეტი მოთხოვნა კონტრასტული ელემენტებით შექმნილ და მკაფიო ფერებით გაჯერებულ სივრცეებზეა. თუმცა ამ ყველაფრის პარალელურად, სპეციალისტები ბალანსის დაცვისა და ფერთა კომბინაციების სიფრთხილით შერჩევისკენ მოგვიწოდებენ.

მდგრადი დიზაინის პრინციპები

მიუხედავად იმისა, რომ სწრაფი მოდის ინდუსტრია კვლავაც დიდი პოპულარობით სარგებლობს, გამოიკვეთა ერთი მნიშვნელოვანი ტენდენციაც – წლიდან წლამდე სულ უფრო იზრდება მათი რიცხვი, ვინც უარს ამბობს იაფფასიან, მასობრივი წარმოების ნივთებზე. შესაბამისად, 2024-ში ადამიანები არჩევენ გაიღონ ინვესტიცია და სახლის დეკორისთვის შეიძინონ ისეთი ავეჯი თუ ნივთები, რომლებიც დროს გაუძლებს და რომელთა ჩანაცვლებაც მალევე არ მოუწევთ.

სწრაფი მოდა ჭარბი ნარჩენებისა და სათბური გაზების ემისიის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წყაროა, შესაბამისად, მასზე უარის თქმა გარემოსდაცვითი საკითხებისადმი ცნობიერების ამაღლების ერთ-ერთი ნიშანია.

ჭკვიანი მოწყობილობების ინტეგრირება ინტერიერში

ბოლო რამდენიმე წელია, ტექნოლოგიები სულ უფრო სწრაფად ინტეგრირდება ჩვენს საცხოვრებელ თუ სამუშაო სივრცეებში, რასაც ჩვენთვის დამატებითი კომფორტი მოაქვს. სმარტ განათებები, კლიმატკონტროლის სისტემები და მსგავსი ტიპის სხვა ჭკვიანი მოწყობილობები დღეს ინტერიერის დიზაინის განუყოფელ ნაწილად და სახლის დეკორის დამატებით ელემენტებად იქცა. მთავარი ამოცანა, დიზაინში მათი ბუნებრივად და ორგანულად ინტეგრირებაა. ამიტომ სივრცის დაგეგმარებისას გირჩევთ, ეს დეტალი წინდაწინვე გაითვალისწინოთ.

ინდივიდუალიზმი და სივრცის პერსონიზაცია

მართალია, სივრცის მოწყობისას ბევრი ჩვენგანი ინსპირაციისთვის Instagram-სა და Pinterest-ს მიმართავს, თუმცა 2024 წელს მათი მიერ შემოთავაზებული დიზაინების ბრმად დაკოპირების ტენდენცია აღარ შეინიშნება. დღეს ინტერიერის დიზაინში მეტად ფასობს ინდივიდუალური ხელწერა და ისეთი სივრცეები, რომლებიც მათი მაცხოვრებლების ხასიათსა და ცხოვრების წესს გამოხატავს. მართლაც, ინტერიერს შეუძლია მოჰყვეს ვინ ხარ, როგორ ცხოვრობ და რა გიყვარს.

ასე რომ, ყური დაუგდეთ საკუთარ თავს – დაფიქრდით, რა გიქმნით კომფორტს, სიმყუდროვისა და სიმშვიდის განცდას. არც სიახლეებსა და ექსპერიმენტებს შეუშინდეთ, მაშინაც კი, თუ მათ ჩვენ მიერ ჩამოთვლილ ტენდენციებში ვერ ამოიკითხავთ.

სიახლეები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

ინოვაცია

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები