1727418300

5 ცნობილი არქიტექტორი, რომლებმაც დარგში საკუთარი სტილი დაამკვიდრეს

ზაჰა ჰადიდი

ავტორი

ბაკურ გაბუნია

არქიტექტურის ისტორია სავსეა განსაკუთრებული პიროვნებებით, რომელთა ნამუშევრებმა და ხედვებმა თანამედროვე სამყაროს სტილი და ფუნქციური მახასიათებლები განაპირობა. მათი შემოქმედება და შემოთავაზებული სიახლეები ხშირად სიღრმისეულად ცვლის სივრცითი დიზაინის აღქმას.

არქიტექტურა მუდმივად ცვალებადი და განვითარებადი ხელოვნებაა, ყოველ ეპოქას კი თავისი უნიკალური სტილი და მიმართულება აქვს. ამ სფეროში არსებული მრავალფეროვნების მიუხედავად, არსებობს რამდენიმე ადამიანი, რომლებმაც თავიანთი გამორჩეული ხელწერითა და ინოვაციური დიზაინებით უდიდესი წვლილი შეიტანეს არქიტექტურის განვითარებაში. ამ სტატიაში ვისაუბრებთ იმ არქიტექტორებზე, რომლებმაც ხელოვნების ჭეშმარიტი შედევრები შექმნეს.

ზაჰა ჰადიდი (1950-2016)

მსოფლიოში სახელგანთქმული არქიტექტორი ქალი, რომელიც განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა თავისი ინოვაციური და ექსპრესიული დიზაინების გამო. მისი სტილი ცნობილია უნიკალური ფორმებით, მრუდე ხაზებითა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, რაც მის ნამუშევრებს ტრადიციული შენობებისგან მკვეთრად განასხვავებს. მისმა ფუტურისტულმა სტრუქტურებმა შეცვალა ფუნდამენტური წარმოდგენა დიზაინსა და გეომეტრიაზე, რის გამოც ზაჰა ჰადიდს ხშირად „ფორმების დედოფლად“ მოიხსენიებენ. ერაყელმა არქიტექტორმა ხარისხი მათემატიკის განხრით დაიცვა ბეირუთის ამერიკულ უნივერსიტეტში, შემდეგ კი ლონდონის არქიტექტურის სკოლაში გადავიდა სასწავლებლად.

მისი წვლილი არქიტექტურის სამყაროში ფართოდ აღიარებული და დაფასებულია. ზაჰა ჰადიდი იყო პირველი ქალი, რომელმაც აღნიშნულ სფეროში უმაღლესი ჯილდო — პრიცკერის პრემია მიიღო. გარდა ამისა, მას ბრიტანეთის სამეფო ორდენის წევრობა მიენიჭა არქიტექტურის სფეროში შეტანილი მნიშვნელოვანი ღვაწლისთვის.

ჰადიდის ნამუშევართა უმრავლესობა კონცეპტუალურია. მის მნიშვნელოვან პროექტებს განეკუთვნება:

  • მეტროს სადგური, საუდის არაბეთი
  • ვიტრას სახანძრო სადგური, ვეილ-ამ-რაინი
  • როზენთალის თანამედროვე ხელოვნების ცენტრი, ცინცინატი
  • ჰონჰაიმ-ნორზის ტერმინალი და სადგური, სტრასბურგი
  • ბერგისზელის სათხილამურო ტრამპლინი, ინსბრუკი
  • ორდრუპგაარდ-ანექსი, კოპენჰაგენი
  • გუანჯოუს ოპერის სახლი, გუანჯოუ
  • ხიდის პავილიონი, სარაგოსა
  • BMW-ს ცენტრალური შენობა, ლაიფციგი
  • MAXXI - თანამედროვე ხელოვნების ეროვნული ცენტრი, რომი

ზაჰა ჰადიდის ნამუშევრები თავად ლაპარაკობს. მათში ხშირად გამოსახულია სიჩქარე, მოძრაობა, დინამიკურობა. უნიკალურმა გეომეტრიულმა ფორმებმა და ელეგანტურმა დიზაინმა არქიტექტურის ახალ იდეებსა და მიდგომებს ჩაუყარა საფუძველი. ჰადიდის ნამუშევრები და ინოვაციური მეთოდები უწყვეტად ახდენს გავლენას თანამედროვე არქიტექტურის განვითარებაზე.

ანტონიო გაუდი (1852-1926)

ესპანელი არქიტექტორი, რომელიც აპროექტებდა ინოვაციურ შენობებს მეცხრამეტე საუკუნის ბოლოსა და მეოცე საუკუნის დასაწყისში. მასზე გავლენა მოახდინა ნეოგოტიკურმა სტილმა, არტ-ნუვომ და მოდერნიზმმა. გაუდის არქიტექტურული ხედვა ბევრად უსწრებდა დროს და ქმნიდა დახვეწილ დიზაინებს, რომლებიც დღესაც აღაფრთოვანებს დამთვალიერებლებს. 1984 წლიდან 2005 წლამდე გაუდის მიერ დაპროექტებულ შვიდ შენობას იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.

ანტონი გაუდის არქიტექტურული სტილის სამი მთავარი მახასიათებელი:

  • ნათელი ფერები და ტექსტურები: გაუდიმ შექმნა ცოცხალი, მრავალფერიანი შენობები კერამიკული მოზაიკის ფილებისა და ვიტრაჟების გამოყენებით. მან ასევე გასაოცარი სინთეზი მოახდინა ისეთი მასალებისა, როგორებიცაა დაფქული რკინა და ქვიშაქვა.
  • ბუნებრივი, ორგანული დიზაინი: ანტონიო გაუდი ადრეული ასაკიდან ბუნების სილამაზით იყო შთაგონებული. მისი ბევრი შენობა გამოირჩევა ბიომიმიკით. ეს არის სტილი, რომელიც ჰბაძავს ბუნებრივ სამყაროში არსებულ ფორმებსა და ნიმუშებს.
  • რელიგიური გამოსახულებები: გაუდიმ თავის შენობებზე მრავალი ბიბლიური სიუჟეტი გამოსახა. მისმა უზარმაზარმა რწმენამ, შემოქმედებითობამ და გენიალურობამ თანამედროვეებს უბიძგა, რომ მისთვის „ღვთის არქიტექტორი“ დაერქმიათ.

ანტონი გაუდის ნამუშევრებმა შეცვალა არქიტექტურული ისტორიის ტრაექტორია. აქვე შემოგთავაზებთ გაუდის მიერ შექმნილ 5 საკულტო შენობას:

Basilica de la Sagrada Família: ასევე ცნობილი, როგორც წმინდა ოჯახის ბაზილიკა ან უბრალოდ Sagrada Família. გაუდიმ პროექტზე მუშაობა 1882 წელს დაიწყო, მაგრამ ეს მასიური შენობა დღემდე დაუმთავრებელია. ეკლესიას აქვს ჯვრის ფორმის ტრანსეპტი, ორმაგი ბილიკები, მორთული საშობაო ფასადი და კოშკები, რომელთა სიმაღლე 170 მეტრს აღწევს. გაუდის გარდაცვალებისას ბაზილიკის მხოლოდ მეოთხედი იყო აშენებული.

Casa Milà: ასევე ცნობილი, როგორც La Pedrera. ბარსელონაში მდებარე ეს შენობა ანტონიო გაუდის მიერ დაპროექტებული ბოლო საცხოვრებელი სახლია. Casa Milà მოიცავს რკინის ნათელ აივნებსა და ქვის ფასადს, რომელიც შენობას ირგვლივ ტალღისებურად აკრავს.

The Episcopal Palace of Astorga: გაუდიმ, ასტორგას შუა საუკუნეების ისტორიის აღსანიშნავად, ნეოგოტიკურ არქიტექტურულ დიზაინს მიმართა გრანიტის ქვისა და დახვეწილი ვიტრაჟების გამოყენებით. ეს არის იმ სამი შენობიდან ერთ-ერთი, რომელიც გაუდიმ კატალონიის ფარგლებს გარეთ შექმნა.

Palau Güell and Parc Güell: ბარსელონის ცენტრში განთავსებული სასახლის ექსტერიერში გამოყენებულია ნაცრისფერი ქვა, ინტერიერს კი ცენტრალური დარბაზის დახვეწილი, პარაბოლური გუმბათი ამშვენებს.

Casa Batlló: 1900-იანი წლების დასაწყისში ხოსეპ ბატლომ, ბარსელონელმა ბიზნესმენმა, ანტონიო გაუდი დაიქირავა ამ სახლის დასანგრევად და ხელახლა ასაშენებლად. გაუდიმ დაარწმუნა, რომ დანგრევის ნაცვლად განახლება უფრო შესაფერისი იქნებოდა. მან გააფართოვა ოთახები, მეტი განათებისთვის დაამატა ფანჯრები და თაღები, ფასადი კი ფერადი კერამიკული ფილებით გააფორმა.

ფრენკ ლოიდ რაიტი (1867-1959)

XX საუკუნის დასაწყისის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ამერიკელი არქიტექტორი. ის არის 700-ზე მეტი ნაგებობის, ასობით პროექტისა და თეორიული ნაშრომის ავტორი. მის შემოქმედებაზე დიდი გავლენა იქონია XIX საუკუნის ამერიკულმა ხალხურმა ტრადიციებმა და იაპონურმა არქიტექტურამ.

რაიტი ყველა დროის ყველაზე გავლენიან არქიტექტორად მიიჩნევა. მისმა ნამუშევრებმა და იდეებმა არქიტექტურის ისტორიაში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა, რადგან შეძლო ტრადიციული არქიტექტურული ნორმების დარღვევა და შექმნა ახალი, ინოვაციური დიზაინები. მისი ექსპერიმენტული მიდგომები და ფილოსოფია თანამედროვე შემოქმედთათვის შთაგონების წყაროა.

რაიტის ყველაზე ცნობილი შენობაა Falling Water — საცხოვრებელი სახლი Bear Run-ში, რომელიც 1935 წელს დაასრულა. მისი სხვა ლეგენდარული ნამუშევრებია ნიუ-იორკში მდებარე თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, რომელიც განსაკუთრებულია თავისი სპირალური ფორმითა და შიდა სივრცეების დიზაინით. ასევე, გუგენჰაიმის მუზეუმი, იამამურას სახლი, სამოქალაქო ცენტრი სან-რაფაელში, კომპანია Jonson Wax-ის ოფისი და ა.შ.

ფრენკ ოუვენ გერი (1929-...)

თანამედროვეობის ყველაზე ცნობილი არქიტექტორი, რომლის შენობებიც თითქოს გრავიტაციის კანონებსა და ჩვეულებრივ სამშენებლო სისტემას ეწინააღმდეგება. მისი სტილი გამოირჩევა მორკალული ზედაპირებით, რომლებიც, როგორც წესი, ლითონის ამრეკლავი ფირფიტებითაა დაფარული.

ფრენკ გერის დიდება წარმოუდგენელი ინოვაციისა და ექსტრემალური დიზაინის შედეგია, რომელიც თანამედროვე არქიტექტურის სამყაროში მნიშვნელოვან როლს ასრულებს. მისი ნამუშევრები აღიარებულია მათი ორიგინალური და შემოქმედებითი მიდგომების გამო, რამაც ბოლო ათწლეულების დიზაინში მნიშვნელოვანი ცვლილებები მოახდინა. ფრენკ გერის ორიგინალური სტილი და ტექნოლოგიური ინოვაციები შთაგონების წყაროა ახალი თაობის არქიტექტორებისთვის.

მისი არქიტექტურა ასახავს თავისუფლად განწყობილი მხატვრის შემოქმედებას, რომლის ყველაზე ცნობილი და თვალსაჩინო მაგალითებია გუგენჰაიმის მუზეუმი ბილბაოში, მუსიკის მუზეუმი სიეტლში, Disney Concert Hall ლოს-ანჯელესში თავისი მიმზიდველი ფორმებითა და საუკეთესო აკუსტიკით, ფრანგული პავილიონი, ცნობილი ეკლექტური გადაწყვეტებითა და ფანტასტიკური სტრუქტურით და სხვ.

ნორმან ფოსტერი (1935-...)

თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ფიგურა. მისი დიზაინები და მიდგომები ბევრ სფეროში მნიშვნელოვან ცვლილებებს განაპირობებს. ფოსტერის ნამუშევრები წარმატებით აერთიანებს ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და ეკოლოგიურ იდეებს, რაც თანამედროვე არქიტექტურაში ახალ სტანდარტებს ქმნის.

მისი არქიტექტურული სტილი გამოირჩევა შემდეგი მახასიათებლებით:

High-tech დიზაინი: ფოსტერი ცნობილია მაღალტექნოლოგიური დიზაინერული მიდგომებით, რაც შენობების ფუნქციურობასა და ეფექტურობას ზრდის.

გამჭვირვალე ფორმები: მისი დიზაინები ხშირად გამოირჩევა სწორი და გამჭვირვალე ხაზებით, რაც ქმნის სუფთა და მინიმალისტურ ვიზუალურ ეფექტს. ამასთანავე, დიდი რაოდენობით იყენებს მინის ზედაპირებს, რაც ბუნებრივი განათების მაქსიმალურ ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

ეკოლოგიური და მდგრადი დიზაინი: ფოსტერი დიდ ყურადღებას აქცევს ეკოლოგიური და მდგრადი დიზაინის პრინციპებს. მისი პროექტები ხშირად მოიცავს ეკოდამოუკიდებელ ელემენტებს.

ნორმან ფოსტერის შემოქმედებითი სია შთამბეჭდავად გამოიყურება. მათ შორისაა ჰონკონგის საერთაშორისო აეროპორტი, ცათამბჯენი ლონდონში — The Gherkin, St. Mary's Cathedral, ისლანდიის ეროვნული ბანკის სათავო ოფისი და ა. შ.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები