1767113760
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
მშენებლებს სულ მალე შენობების იერსახეზე ზრუნვა სხვაგვარად მოუწევთ, თუ აქამდე შენობა-ნაგებობების ესთეტიკა მეტწილად გემოვნების და კერძო ინტერესის სფერო იყო, ახლა კონკრეტული მოთხოვნები განისაზღვრა და მათი დაუკმაყოფილებლობა, შესაძლოა, მშენებლობის ნებართვაზე უარის თქმის საფუძველი გახდეს.
შენობების იერსახის რეგულირებაზე მთავრობამ დადგენილება სულ ცოტა ხნის წინ დაამტკიცა და განსაზღვრა ფასადებისთვის გამოსაყენებელი მასალების ჩამონათვალი - ქვა, აგური, ხე, ბეტონი და ბუნებრივი მასალის იმიტაცია, ლითონის გამოყენება კი, მხოლოდ დეკორატიული ელემენტების სახით იქნება დაშვებული.

გასაგებია, რომ შენობა-ნაგებობების იერსახისთვის სავალდებულო რეგულირების ჩარჩოში მოქცევის მიზანი ქალაქებისა და დასახლებების „ვიზუალური ქაოსის“ მინიმიზება, ურბანული იდენტობის და გარემოსთან ჰარმონიული განაშენიანების წახალისებაა, თუმცა დოკუმენტი კეთილშობილური მიზნების მიღმა პასუხგაუცემელ კითხვებსაც ტოვებს.
დადგენილება აყალიბებს ერთიან სტანდარტს თუ როგორი უნდა იყოს შენობის ფასადი, სახურავი, ღობე, ფერთა პალიტრა, ქუჩის ესთეტიკა… ახალი წესები ჯერჯერობით სარეკომენდაციო ხასიათისაა, თუმცა დადგენილების მიხედვით, 2026 წლის ივლისიდან უკვე სავალდებულო იქნება.
დოკუმენტის მიხედვით სტანდარტები წესდება არა მხოლოდ ახალი შენობების მშენებლობისთვის, არამედ რეკონსტრუქციის დროსაც, რათა შენობა არ იყოს ამოვარდნილი კონკრეტული გარემოდან, უნდა ითვალისწინებდეს განაშენიანების ხასიათს, ლანდშაფტს და ისტორიულ კონტექსტს. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია აქცენტი ადგილობრივ ტრადიციულ მასალებზე, რაც ავთენტიკურობისა და რეგიონული იდენტობის შენარჩუნებას შეუწყობს ხელს.

დადგენილებაში ფიგურირებს ისეთი ცნებები, როგორიცაა „ვიზუალური ჰარმონია“, „ისტორიული იდენტობა“ და „ქუჩის ესთეტიკა“, თუმცა მათი შეფასების მექანიზმი ბუნდოვანია. დადგენილება ავალდებულებს დამკვეთს წინასაპროექტო კვლევას, თუმცა არ აზუსტებს, ვინ, რა კრიტერიუმებით და რა პასუხისმგებლობით შეაფასებს, არის თუ არა პროექტი გარემოსთან ჰარმონიაში. ასეთ პირობებში ჩნდება კითხვა ხომ არ იზრდება სუბიექტური გადაწყვეტილებების, განსხვავებული ინტერპრეტაციებისა და ბიუროკრატიული ბერკეტების გამოყენების რისკი.
დოკუმენტში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა ღობეს, მისი ფასადი უკვე აღიქმება არა როგორც კერძო საკუთრების საზღვარი, არამედ როგორც ქუჩის პეიზაჟის მნიშვნელოვანი ნაწილი. მოთხოვნები ეხება მის გამჭვირვალობას, მასალას, ფერსა და დიზაინს და ეს ყველაფერი უნდა ერწყმოდეს ქუჩის საერთო იერსახეს და არ ქმნიდეს დომინანტურ, აგრესიულ ელემენტს. ეს მიდგომა ურბანული სივრცის საზოგადოებრივ ხასიათს უსვამს ხაზს, თუმცა პარალელურად აჩენს კითხვას: რამდენად მზად არიან მუნიციპალიტეტები და მოქალაქეები კერძო სივრცის ასეთი მკაცრი ვიზუალური კონტროლისთვის?

დადგენილება ითვალისწინებს, რომ ახალი განაშენიანება არ უნდა ფარავდეს მნიშვნელოვან პანორამებს, ურბანულ სილუეტებსა და სიმბოლურ ობიექტებს. ეს პრინციპი თანამედროვე ურბანული დაგეგმარების ნაწილია და მისი არსებობა აშკარა პლუსია. თუმცა დოკუმენტი არ უპასუხებს მთავარ კითხვას: არსებობს თუ არა ქვეყანაში ამ ხედვის ერთგვარი სამოქმედო რუკა.
რაც შეეხება რეგულაციის ტერიტორიულ მოცვას, წესი ვრცელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე თბილისის გარდა. ეს გამონაკლისი ალბათ ადასტურებს, რომ თბილისში სადაც მშენებლობის სექტორში ქაოსის მაღალი ხარისხია, „მოთოკვა“ ცოტა რთულია. სხვა არეალებში კი მშენებლებს მოუწევთ ადგილობრივი სპეციფიკის გათვალისწინება და ინტეგრაცია, კონტროლი კი მუნიციპალიტეტებსა და სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოს ევალება. როგორც დოკუმენტში წერია, „არქიტექტურული პროექტი/ესკიზი, რომელიც შემუშავებულია ამ წესით დადგენილი მოთხოვნებისგან განსხვავებული ესთეტიკური მახასიათებლებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საჭიროებს სსიპ – სივრცითი და ქალაქთმშენებლობითი განვითარების სააგენტოსთან (შემდგომში – სააგენტო) შეთანხმებას. ასეთ შემთხვევაში სააგენტოს, ნებართვის გამცემი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, წარედგინება არქიტექტურული პროექტი/ესკიზი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტაცია (მათ შორის, წინასაპროექტო კვლევა)“.

მთლიანობაში შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალი დადგენილება სახელმწიფოს მნიშვნელოვან ამბიციას და სურვილს ავლენს შექმნას ინსტრუმენტი უკეთესი ურბანული გარემოსა და ქალაქების იერსახის გასაუმჯობესებლად, თუმცა გასათვალისწინებელია, რომ თუ მსგავს მოთხოვნებს თან არ დაერთო მკაფიო კრიტერიუმები, პროფესიული კომპეტენცია და გამჭვირვალე გადაწყვეტილებები, შესაძლოა, „ესთეტიკაზე“ ზრუნვა გადაიქცეს ბუნდოვან ვალდებულებად, რომელიც უფრო მეტად გაართულებს მშენებლობას, თუმცა დრო ჯერჯერობით მშენებელთა მხარეს მუშაობს და იმედია, მომავალი წლის ივლისამდე უფრო მეტი დეტალი გახდება ცნობილი და ეს დეტალები გასცემს პასუხს კითხვას როგორი ქალაქები გვინდა, ვინ წყვეტს მათ იერსახეს და სად გადის ზღვარი საჯარო ინტერესსა და კერძო სივრცეს შორის.
1765386120
1766166720
1764781020
1766772060