1727871540

ღამისთვის მოპარული დრო

გრძელი ჰედერი

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

როცა მზე ჰორიზონტს ჩასცდება, „ღამის ეკონომიკა“ ზუსტად მაშინ იღვიძებს და როგორც ბევრი კვლევა ადასტურებს, მას დიდი წვლილის შეტანა შეუძლია ქალაქების ეკონომიკურ განვითარებაში. განსაკუთრებული აქტუალობა ღამის ეკონომიკამ პანდემიის შემდეგ შეიძინა, რომლის დროსაც ბევრმა ქალაქმა, ლოკდაუნების გამო, შემოსავლების დიდი ნაწილი დაკარგა.

მას შემდეგ სხვადასხვა ქვეყანაში ამ მიმართულების კიდევ უფრო მეტად გააქტიურებაზე ფიქრობენ, რადგან მსოფლიოს დიდ ქალაქებში კარგად ესმით, რა დოვლათის მოტანა შეუძლია ღამის ეკონომიკას. ეს დოვლათი დათვლადია და სულაც არ არის უხილავი. ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის“ (World Economic Forum - WEF) მონაცემებით, ღამის ეკონომიკას, მაგალითად, ნიუ-იორკისთვის ყოველწლიურად 35 მლრდ დოლარზე მეტი შემოსავალი მოაქვს და 300 000 სამუშაო ადგილს ქმნის, ლონდონში 723 000 ადამიანს ასაქმებს და ეკონომიკაში 26 მლრდ გირვანქა სტერლინგის მობილიზებას ახერხებს.

„ღამის ეკონომიკა“ თავისი ორიგინალური შინაარსით „24-საათიანი ქალაქის“ კონცეფციის სინონიმად არის ქცეული და დღეს ქალაქების მდგრადი განვითარება ღამის ეკონომიკის გარეშე წარმოუდგენელიც კია.

თუმცა... „24-საათიანი ქალაქის“ კონცეფცია ახალი სულაც არ არის. ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იან წლებში ამერიკელმა სოციოლოგმა მიურეი მელბინმა მიწისა და დროის სიმცირეს შორის პარალელი გაავლო და ის ურბანიზაციის პროცესში „ახალ საზღვრად“ აქცია. ამ ამბიდან რამდენიმე წლის შემდეგ ტერმინი „24-საათიანი ქალაქი“ თითქმის ერთდროულად გაჩნდა და მსოფლიოს სხვადასხვა მხარეში იქცა პლატფორმად ურბანულ ცენტრებში ღამის უსაფრთხოების გასაუმჯობესებლად და რეგენერაციის პროცესების კატალიზატორად.

კონცეფცია უფრო ფართო მნიშვნელობას უკვე 2010 წლიდან იძენს და გულისხმობს ქალაქების რესურსის გასაუმჯობესებლად დროის სწორად გამოყენებას. ის საშუალებას აძლევს ქალაქს, გააფართოოს სოციალური და კულტურული აქტივობები, რომლებიც საღამოს 6 საათიდან დილის 6 საათამდე გრძელდება.

ღამის ეკონომიკა, ქალაქის ურბანულ განვითარებასთან ერთად, იძლევა დასაქმების გაფართოების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურისა და სამასპინძლო სექტორის განვითარების შესაძლებლობას, ამცირებს ქუჩების გადატვირთულობასა და საცობებს. ღამის აქტივობები ხელს უწყობს კულტურული ღონისძიებებისადმი ცნობიერების გაზრდას, განსაკუთრებით შემოქმედებით ინდუსტრიაში, სხვადასხვა ასაკის ადამიანების ჩართულობასა და საზოგადოების გაერთიანებას.

WEF-ის მონაცემებით, „24-საათიანი ქალაქის“ განვითარებისთვის მსოფლიოს 60-ზე მეტ ქალაქში უკვე შექმნილია ღამის ეკონომიკის განყოფილება, ან მოქმედებს „ღამის მერების“ ინსტიტუტი. სწორედ ეს ადამიანები მართავენ ღამის ეკოსისტემას და ქალაქს დღის მეორე ნახევრის გასაუმჯობესებლად ინოვაციურ გადაწყვეტილებებს სთავაზობენ.

ურბანისტიკის ეს აქტორები მრავალი გამოწვევის წინაშე დგანან – დაწყებული ღამით მომუშავე ადამიანების გადაადგილების პრობლემების მოგვარებით, დამთავრებული უსაფრთხო და ინკლუზიური საჯარო სივრცეების შექმნით. მათ უწევთ წვეულებების მოყვარულებსა და ძილის მოყვარულებს ან ხმაურისა და სიჩუმის მოყვარულებს შორის შუამავლობა და კონკრეტული ბალანსის მიგნება.

გამოწვევებს სხვადასხვაგვარად უმკლავდება ბევრი ქალაქი, იმ წინაპირობის მიხედვით, რაც კონკრეტულ ქალაქს აქვს. მაგალითად, ზოგიერთ ქვეყანაში ალკოჰოლის მოხმარებაა პრობლემა, ზოგან - კრიმინალი და გადაწყვეტილებებიც ზუსტად ამაზეა დამოკიდებული.

ღამის კულტურული ღონისძიებებით ცნობილია ბერლინი. აქ არის ისეთი კლუბები, როგორებიცაა Berghain და Tresor. მათი უმრავლესობა მრავალფეროვან ღონისძიებებს სთავაზობს უცხოელ სტუმრებსა და ადგილობრივებს ღამის საათებში.

გამორჩეულია სიდნეიც. აქ ღამის ეკონომიკის პოლიტიკა ხმაურის კონტროლსა და უსაფრთხოების კონცეფციას ეფუძნება, უზრუნველყოფილია NightRide ავტობუსები.

კარგი მაგალითია ბრისტოლი. ინგლისის ეს ნახევარმილიონიანი ქალაქი მოყვარულებს გართობისა და აქტივობების უამრავ შესაძლებლობას აძლევს. ქალაქის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული ჩამონათვალის მიხედვით, ბრისტოლში დიდი არჩევანია არა მხოლოდ კულტურული საღამოების ან წვეულებების მოყვარულებისთვის, არამედ სპორტული აქტივობებისა და კლუბური ცხოვრების მოტრფიალეებისთვის. ქალაქი გულგრილს არც გურმანებს ტოვებს, აქ შეგიძლიათ ნარინჯისფერ კომბინეზონშიც გამოეწყოთ, ტუსაღის როლიც მოირგოთ და „ნაქურდალი“ კოქტეილები დააგემოვნოთ.

ღამის ეკონომიკის განვითარების მცდელობა თბილისში

ღამის ეკონომიკის განვითარება თბილისშიც სცადეს. პროგრამის პრეზენტაცია 2018 წლის აპრილში გაიმართა, მენეჯერად კი სერგი გვარჯალაძე დაინიშნა. თბილისის მერიამ მალევე ღამის ეკონომიკის განვითარების კვლევის მოსამზადებლად ტენდერი გამოაცხადა, თანაც ორჯერ, მაგრამ მონაწილე კომპანიების მხრიდან არასათანადო შეთავაზებების გამო ორივეჯერ ჩაიშალა.

ჩაშლილი ტენდერის მიუხედავად, მოხერხდა სტრატეგიის გაწერა. როგორც პროგრამის ყოფილი მენეჯერი ამბობს, მიზანი საღამოს და ღამის საათებში, 20:00 საათიდან 08:00 საათამდე, აქტივობების უზრუნველსაყოფად ქალაქის ეკონომიკური, სოციალური და კულტურული ლანდშაფტის გაუმჯობესება იყო. სტრატეგიის შემუშავებისას საერთაშორისო პრაქტიკები გამოიყენეს, თუმცა გათვალისწინებული იყო თბილისის რეალობაც. სწორედ ამიტომ განისაზღვრა ღამის ეკონომიკის „გაღვიძების“ დროდ 20:00 საათი და არა 18:00, როგორც ეს მსოფლიოს ბევრ განვითარებულ ქალაქშია.

ფოტო: ხათუნა ხუციშვილი

შემოქმედებითი ინდუსტრიების ასოციაციის ამჟამინდელი ხელმძღვანელი სერგი გვარჯალაძე ამბობს, რომ თბილისს ღამის ეკონომიკის განვითარების დიდი შესაძლებლობა აქვს. ქალაქის პლუსად კი ბარებისა და გასტრონომიული წერტილების რაოდენობის სიმრავლეს ასახელებს, იზრდება მუსიკალური და სასცენო ღონისძიებების რაოდენობა, რაც დადებითი ფაქტორია არა მხოლოდ მსმენელებისთვის, არამედ ქალაქისთვის, რომელსაც სიცოცხლეს მატებს, მუსიკოსებს კი უზრდის მოტივაციასა და შემოსავლებს.

„ღამის ეკონომიკა დამოკიდებულია მიმდინარე პროცესებზე, მნიშვნელოვანია კვლევა იმის გასარკვევად, როგორ შეიძლება შეცვალო, განავითარო და განაახლო არსებული რეალობა. ღამის ეკონომიკის განვითარება გამოწვევებთანაც არის დაკავშირებული, ეს არის სატრანსპორტო უზრუნველყოფა, აკუსტიკური დანაგვიანება, განათება. ღამის ეკონომიკის განვითარების მთავარი მიზანი იყო, ერთი მხრივ, ტურისტების ქალაქში უფრო მეტი ხნით დაყოვნება, მეორე მხრივ კი პროცესში ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა. ღამის ეკონომიკის განვითარება უბნისა და სოციალიზაციისთვის აუცილებელია, დემოკრატიულ საზოგადოებაში ამ ერთობას დიდი მნიშვნელობა აქვს და დამატებითი შემოსავლის წყაროს აჩენს ქალაქისთვის“, - ამბობს სერგი გვარჯალაძე.

რა გაკეთდა და წარმატებული იყო თუ არა პროექტი

კითხვაზე, იყო თუ არა პროექტი წარმატებული, სერგი გვარჯალაძე ამბობს, რომ ერთპიროვნულად წარმატებული იყო: „პირველი ნაბიჯები გადავდგით და ბევრი რამ გაკეთდა. ვფიქრობ, პოლიტიკურმა ინტერესებმა გადაფარა ეს საკითხი და პოლიტიკურმა მოთამაშეებმა თავ-თავიანთ ინტერესებს მოარგეს. ჩვენ რაც გავაკეთეთ, წარმატებული იყო, მაგრამ წარუმატებელი აღმოჩნდა კომუნიკაცია. ამ პროექტზე მასობრივი შემოტევა იყო, შესაძლოა, იმის გამოც, რომ ღამის ეკონომიკა არასწორად აღიქვეს. ამ პერიოდში შევძელით რეგიონში პირველად გაგვემართა ყველაზე დიდი „ღამის ეკონომიკის ფორუმი“. 10-15 ქვეყნიდან ჩამოვიყვანეთ ექსპერტები, ფორუმის მოსაწყობად კი თანხები თავად მოვიძიეთ, სპონსორებთან ერთად, ჩამოვიყვანეთ დიდი ფესტივალების ორგანიზატორები. ამ ფორუმმა გლობალურ რუკაზე მოგვნიშნა და დიდი როლი ითამაშა სხვადასხვა მუსიკალური ღონისძიების განვითარებაში“.

რაც შეეხება სტრატეგიას, როგორც სერგი გვარჯალაძე ამბობს, დოკუმენტი საერთაშორისო ექსპერტების დახმარებით და სხვადასხვა ადგილობრივი უწყების ღია მონაცემებზე დაყრდნობით შეიქმნა. თბილისის ღამის ეკონომიკისთვის ხელოვნური ინტელექტიც აეწყო, სადაც ინფორმაცია თბილისზეც არის დატანილი და ფიქრობს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის პანდემიის შემდეგ ბევრი რამ შეიცვალა და კვლევა ამ დროისთვის არარელევანტურია, მომავალში ის შესაძლოა სხვებს მაინც გამოადგეთ.

ღამის ეკონომიკის განვითარების ხედვა

„ეს ჩვენი ქალაქია და ერთად გვაქვს მასზე პასუხისმგებლობა“, - ამ კონცეფციას ეფუძნება არქიტექტორ ირაკლი როსტომაშვილის არა მხოლოდ ღამის ეკონომიკის, არამედ, ზოგადად, თბილისის განვითარების ხედვა.

ის ერთ-ერთი მათგანია, ვინც 2018 წელს დაანონსებული ღამის ეკონომიკის განვითარების ინიციატივის მომხრე იყო, თუმცა შერჩეული რელსები მისთვის არასწორი გამოდგა. მისი გადმოსახედიდან ღამის ეკონომიკა სულაც არ არის მხოლოდ კლუბების, ბარების ან რესტორნების გათენებამდე მუშაობა, ეს განსხვავებული აქტივობაა და სოციალიზაციას ეფუძნება, რომელიც ყველა ასაკობრივ ჯგუფს მოიცავს.

ფოტო: UM.ge

ირაკლი როსტომაშვილისეული ღამის ეკონომიკის განვითარების იდეა თბილისის მოსახლეობის ტურისტებთან გათანაბრებაა. „ჩვენმა მოსახლეობამაც უნდა ისარგებლოს იმ სიკეთეებით, რითაც ტურისტები სარგებლობენ და უნდა შევქმნათ შესაძლებლობა, რომ ტურისტის მიერ დახარჯული თანხის 10%-ის ადგილობრივი მოსახლეობისგან დახარჯვით იგივე ეფექტი მივიღოთ. ასეთი მიდგომაა ბევრ გერმანულენოვან ქვეყანაში, მათ შორისაა შვეიცარია, ავსტრია და თვით გერმანია. ბევრ ქვეყანაში სამუშაოს დაწყების დრომ დილის 6 საათზე გადმოინაცვლა, 2-3 საათზე სახლში დაბრუნებულ ადამიანს დასვენების შემდეგ სხვადასხვა აქტივობაში ჩართვის, ოჯახთან ან მეგობრებთან ერთად დროის გატარების შესაძლებლობა აქვს და ეს სულაც არ გულისხმობს რესტორანში ქეიფს“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

ქალაქური ცხოვრება მისთვის წარმოუდგენელია განათებული ქუჩის, გარე ვაჭრობისა და სკამების გარეშე.

„გარე ვაჭრობა, სკამები და სინათლე ხალხის ქუჩაში მობილიზების საფუძველია. როგორც კი ხალხი ქუჩაში გამოდის, ეკონომიკაც იწყებს ბრუნვას... იქნება ხალხი ქუჩაში? იქ აუცილებლად გამოჩნდება ვინმე, ვინც მათ წვენს, მოხალულ წაბლს, ფსტას და ათასგვარ სასუსნავს შესთავაზებს, ვიღაც სუვენირებს გაყიდის... ეს ქმნის ქალაქში სიცოცხლეს. გარე ვაჭრობა ქალაქის ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია, უბრალოდ, ის სანიტარიულად უნდა იყოს დარეგულირებული და ისეთი პროდუქტების რეალიზაცია უნდა დავუშვათ, რომლებიც მალფუჭებადი არ არის. სამწუხაროდ, გარე ვაჭრობას ტაბუ დაედო და ფორმაც ცუდი მიიღო, არადა ისინი ბევრგან არც იბეგრება, რადგან მისი ადმინისტრირება შესაძლოა, უფრო ძვირი დაჯდეს. საერთოდ, არასწორია იდეის ხორცშესხმამდე ვინმეს დაბეგვრაზე ფიქრობდე, არადა რატომ არ უნდა გამოვიყენოთ შანსი, თუ ვინმეს თვითდასაქმების სურვილი აქვს?“ - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

ყველა უბანს ღამის ეკონომიკის თავისებური კონცეფცია სჭირდება, უბნის სპეციფიკიდან გამომდინარე. მაგალითად, აბანოთუბანს მაყალზე შემწვარი მწვადი უხდება, მაგრამ „აქსის თაუერსთან“ ეს ვერ გაკეთდება. სხვა რომელიმე უბანში უფრო სპორტული აქტივობები უნდა იყოს პრიორიტეტული. აქცენტი მოქალაქეებზე, ბიზნესსა და მათგან წამოსულ ინიციატივებზე უნდა გაკეთდეს, რასაც მერია ყურადღებით უნდა მოეკიდოს და ამ ინიციატივების რეალიზაციაში აქტიური მონაწილეობა მიიღოს. ღამის ეკონომიკა მთლიანად უნდა დაიცალოს პოლიტიკისგან და რომელიმე პოლიტიკური აქტორისთვის PR-ის საგანს არ უნდა წარმოადგენდეს.

ირაკლი როსტომაშვილს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სწორად შეირჩეს ქალაქში ღამის ეკონომიკის დაწყებისა და მისი დასრულების დრო. ოპტიმალურ ვარიანტად ის საღამოს 6 საათს ასახელებს, შესაბამისად, ფიქრობს, რომ ამ დროს უნდა მოერგოს სამუშაო საათები ქალაქში. როგორც ცნობილია, თბილისში როგორც კერძო, ისე საჯარო დაწესებულებები სამუშაოს უმეტესად 10 საათზე იწყებენ და საღამოს 7 საათზე ასრულებენ, შესაბამისად, სამუშაოდან დაბრუნებულ დაღლილ მოქალაქეს, შესაძლოა, ღამის აქტივობის სურვილიც კი აღარ ჰქონდეს.

ღამის ეკონომიკის განვითარების მომხრეები და მხარდამჭერები ფიქრობენ, რომ პროექტის რეალიზაცია ქვეყნისა და ქალაქის ბიუჯეტს წნეხად არ დააწვება და დამატებითი გაუმართლებელი ხარჯები არ დასჭირდება. როგორც სერგი გვარჯალაძე აცხადებს, ქალაქის მუნიციპალიტეტს ისედაც აქვს ქალაქის ინფრასტრუქტურის განვითარების ვალდებულება და სწორედ ამ ინფრასტრუქტურას გამოიყენებს ღამის ინდუსტრიები, იქნება ეს ბიზნესი, შემოქმედებითი ინდუსტრიის წარმომადგენლები თუ კერძო პირები. პირიქით, ღამის ეკონომიკა ქალაქის ბიუჯეტის დამატებითი შევსების წყაროც კი შეიძლება გახდეს, მაგალითად, ამა თუ იმ არეალში შესაძლოა გამოცხადდეს ტენდერი სხვადასხვა აქტივობის მოსაწყობად და აქედან შესაბამისი შემოსავალი მიიღოს, იქნება ეს იჯარა თუ სხვა გარკვეული გადასახადები.

სიახლეები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

ინოვაცია

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები