1727253780
ავტორი
ნინი მეტრეველი
იდეალური ბინა რომ ჩემთვის და ჩემი ქმრისთვის აბსოლუტურად სხვადასხვა რამეს ნიშნავდა, ამას ყიდვა-გაყიდვის პირველივე ვებგვერდის დათვალიერებისას მივხვდით. ჩემი ქმარი ეძებდა უკვე აშენებულ, გარემონტებულ, ავეჯიან, ტექნიკაჩაშენებულ ბინას, რომ დაეზოგა დრო, ნერვები, ფსიქიკა და, ალბათ, ქორწინებაც. ჩემთვის უფრო მნიშვნელოვანი იყო საპარკინგე სივრცე, სკვერის არსებობა ახლომახლო და კიდევ ის, რომ ფანჯრიდან გახედვისას, გვერდითა კორპუსისთვის არ მიმერტყა შუბლი. დამეთანხმებით, ეს უკანასკნელი საკმაოდ დიდი გამოწვევაა თბილისში.
პირველი ბინა, რომლის ნახვაც გადავწყვიტეთ, იმაზე ბევრად შორს აღმოჩნდა, ვიდრე განცხადებაში იყო აღწერილი. (ამიტომ ოდესმე, ალბათ, იმაზეც დავწერ სტატიას, როგორი უნდა იყოს ბინის გამყიდველის განცხადება). მანქანიდან გადმოსულებს, მიუსაფარი ძაღლების ხროვაც გამოგვეკიდა და ძლივს შევასწარით სადარბაზოში. ბინას არაუშავდა, თუ არ ჩავთვლით, რომ საძინებლის ფანჯრებთან იდგა უზარმაზარი ამწე, რომელიც მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობისთვის იყო განკუთვნილი. მფლობელმა, ახლახან გასცეს მშენებლობის ნებართვაო.
მეორე ბინის სანახავად მისულებს, მეცხრე სართულზე ფეხით ასვლა მოგვიწია. რეალტორმა, ლიფტი ფუჭდება ხოლმე და მეზობლებს თანხის შეგროვება არ უნდათო. ინტერიერი აღარ მახსოვს, თვალები მქონდა აჭრელებული.
მესამე ბინის ინტერიერიც, კორპუსიც და ფასიც სრულად მისაღები იყო მანამ, სანამ არ გავიაზრეთ, რომ იმ ქუჩაზე არც ტრანსპორტი დადიოდა, არც მაღაზია და აფთიაქი იყო, საბავშვო სკვერსა და გამწვანებაზე რომ აღარაფერი ვთქვათ.
პარალელურად, ვიღებდით რჩევებს მეგობრებისგან, რომლებმაც ჩვენი გზა სულ ცოტა ხნის წინ გაიარეს. ერთი მათგანი კორპუსის მშენებლობას დეტალურად აკონტროლებდა. ზუსტად იცოდა, რომელი ბრენდის ცემენტს, არმატურას და ბლოკს იყენებდა კომპანია, რა ლიფტს აყენებდა კორპუსში და რემონტისთვისაც წინასწარ ჰყავდა შეთანხმებული ხელოსნები. მეორე გვარწმუნებდა, რომ მხოლოდ ხედია უპირველესი პრიორიტეტი და ცემენტის დასახელება ბინის შერჩევისას არ იყო გადამწყვეტი. მესამე გვირჩევდა, ბინა გვეყიდა ოჯახის წევრებთან ახლოს, მეოთხე - სამსახურთან.
სამთვიანი სასოწარკვეთის შემდეგ, ვიპოვეთ ბინა პლუსებითა და მინუსებით, თუმცა, მაინც კმაყოფილები დავრჩით. კმაყოფილებამ გასტანა პანდემიით და შემდეგ უკვე ომით გამოწვეულ შეფერხებებამდე. კორპუსის მშენებლობის ტემპი საგრძნობლად შენელდა. აქ პირველად გავიაზრე, რატომ ეძებდა ჩემი ქმარი უკვე აშენებულ, გარემონტებულ, ავეჯიან, ტექნიკაჩაშენებულ ბინას.
რემონტამდე რომ მივედით, გადავაწყვიტეთ, ამასაც თავად შევჭიდებოდით და ხელოსნებთან კომუნიკაცია ჩვენს თავზე ავიღეთ. აქ ბევრს აღარ გავაგრძელებ და პირდაპირ
საინტერესო თავგადასავალი იყო ისიც, რომ კოსმეტიკური რემონტის დასრულების შემდეგ, ერთ-ერთი კოკისპირული წვიმის დროს, ბინაში წყალი ჩამოვიდა და რამდენიმე კედელი დაასველა. ცხადია, პრობლემა დეველოპერმა მოაგვარა, თუმცა რემონტის დასრულება საგრძნობლად გადაიდო.
ავეჯის ყიდვის, აწყობის, ტექნიკის მოტანისა და დამონტაჟების სევდაზე, აცდენილ ზომებსა და „ნეტა ასე არ გამეკეთებინა“-ზე თავს აღარ შეგაწყენთ. ეს ეტაპი შესახლებამდე რამდენიმე დღით ადრე სრულიად გარდაუვალია და შესახლების დღეს მიხვდებით, რომ ნერვიულობად არ ღირს. ახალ ბინაში ცხოვრების სიხარული ამ განცდებს ნამდვილად ფარავს.
ბლოგის ბოლოს, რამდენიმე ბონუს რჩევასაც გაგიზიარებთ: