1746706500
ავტორი
მეკო მეტრეველი
როგორ არის შესაძლებელი ხელოვნებისა და ურბანული გარემოს მეშვეობით ადამიანის დამორჩილება, მისი ცნობიერებისა და აღქმის ცვლილება? რა მეთოდებს იყენებს მმართველი სისტემა პირადი მიზნებისა და ინტერესების აღსასრულებლად? როგორ ხდებოდა საბჭოთა კავშირში, რეალობის დამახინჯება და ახალი, ალტერნატიული საბჭოთა რეალობის შექმნა, რაც, საბოლოო ჯამში, თავისუფალი ადამიანის დამონებას, მისი აღქმის დამახინჯებას, კოლექტიური ცნობიერების ფორმირებას განაპირობებდა. რამდენად შესაძლებელია საბჭოთა მენტალიტეტისგან გათავისუფლება და რა როლი აქვს ამ პროცესში ხელოვნებას — აღნიშნულ კითხვებზე ძალიან საინტერესო, ღრმა და შინაარსობრივ პასუხებს გვიზიარებს ხელოვნებათმცოდნე თამარ ამაშუკელი, რომლის ინტერვიუც ერთგვარი ბიძგი შეიძლება გახდეს საბჭოთა წარსულის ახლებურად გადასააზრებლად.
— ქალბატონო თამარ, პირველ რიგში, ვისაუბროთ ქალაქზე, როგორც ქვეყნისა და საზოგადოების ერთგვარ გამოხატულებასა და ანარეკლზე. როგორ გავლენას ახდენს სოციალური და პოლიტიკური კონტექსტი ურბანულ გარემოზე?
— სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობა დიდწილად განსაზღვრავს ქალაქის იერსახეს, იმიტომ, რომ ქალაქი არის ადამიანების დასახლება, რომელიც მათი საჭიროებების მიხედვითაა მოწყობილი. შესაბამისად, ქალაქი მოქალაქეების ტრადიციებს, წეს-ჩვეულებებს, შეხედულებებს ირეკლავს. ცხოვრების სტილისა და ჩვეულების ცვლილება თვალსაჩინო და მარტივი შესამჩნევია ურბანულ გარემოზე. ქალაქი გადაშლილი წიგნივითაა, მასზე დაკვირვებით ხვდები, რა ტიპის, კულტურის, ხასიათის ადამიანები სახლობენ იქ.
ცვლილება და ტრანსფორმაცია ზუსტად აისახა ურბანულ გარემოზე, მაგალითად 1930-იან წლებში, როდესაც სოფლებიდან ქალაქებში ხალხის ჩამოსახლება, ე. წ. „გამჭიდროება“ მიმდინარეობდა, რამაც გამოიწვია საცხოვრებელი სივრცის დეფიციტი. ამან კი კარდინალურად შეცვალა, სამწუხაროდ უარესობისკენ, თბილისის ურბანული მემკვიდრეობის ბედი. ბევრი ადამიანი შეასახლეს ამ სახლებში, არც სივრცე იყო საკმარისი და არც ინფრასტრუქტურა. ბუნებრივია, სხვადასხვა გზა გამოინახა ელემენტარული კომფორტის შესაქმნელად: სივრცის გასაზრდელად, დამატებითი სველი წერტილის მოსაწყობად... მაშინ დაიწყო შეუქცევადი პროცესი ამოშენებების, დაშენებების, ჩაშენებებისა. ამან ჩვენს ურბანულ მემკვიდრეობას შეუქმნა როგორც ვიზუალური, ასევე კონსტრუქციული პრობლემები. შეხედავ, დააკვირდები ამ სახლებს და მართლა მძაფრსიუჟეტიანი რომანივით გიყვება თავს გადახდენილ ამბავს.
ან თუნდაც 1990 წლების ლოჯიების ბუმი, ისიც ხომ საბჭოთა პრობლემებით, შეიძლება ითქვას, ერთგვარი კომპლექსებით იყო გამოწვეული. საბჭოთა კავშირში საცხოვრებელი სივრცე მუდამ კონტროლდებოდა. ბინის გაყიდვა, ყიდვა, გაყოფა, გაფართოება, მემკვიდრეობით მიღება რთულად, ხშირად მაქინაციების შედეგად ხდებოდა. დაინგრა საბჭოთა კავშირი, მოიხსნა ეს 70-წლიანი წნეხი და შევუდექით, გვჭირდებოდა თუ არ გვჭირდებოდა, უსაფრთხო იყო თუ არა (ვიზუალურ მხარეზე ვინღა ფიქრობდა), „ფართების მოპოვებას“, დატაცებას - ლოჯიების მიშენებას, სკვერებში სახლების აშენებას, ეზოებში გარაჟების ჩაშენებას. სხვათა შორის, ეს კომპლექსი, ვფიქრობ, ჯერ კიდევ ვერ დავძლიეთ.
ასე რომ, არქიტექტურა სოციალურ ასპექტებს კი არ ირეკლავს, სოციალური კონტექსტი თავად განსაზღვრავს მას. რაც შეეხება პოლიტიკურ მდგომარეობას, არქიტექტურა და პოლიტიკა ერთმანეთზე მჭიდროდაა გადაბმული.
ისტორიულად, ყველა დროში მმართველი სისტემა ცდილობდა და ცდილობს ანაბეჭდი არქიტექტურის სახით დატოვოს. არქიტექტურა პროპაგანდის ერთ-ერთი ყველაზე კარგი ინსტრუმენტია, რომელიც საუკუნეებს უძლებს. არქიტექტურა და ურბანული პოლიტიკა ბევრს ჰყვება მმართველობით სისტემაზე. წინა ხელისუფლება აშენებდა მინის იუსტიციის სახლებს, პოლიციის შენობებს, მათ უნდოდათ „ესაუბრათ“ მინასავით გამჭვირვალე, სამართლიან პოლიციასა და სასამართლოს სისტემაზე, რომელსაც არაფერი ჰქონდა „დასამალი“. ან თუნდაც ბაგრატის კათედრალი, რომლის მეთოდოლოგიის დარღვევით წარმოებული რესტავრაცია სრულად პოლიტიკური აქტი იყო და არა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მცდელობა. 2012 წელს, ახალი საარჩევნო ციკლისთვის, ხელისუფლებას ძლიერი, გაერთიანებული საქართველოს სიმბოლოებთან ბმა სჭირდებოდა. ზუსტად ამიტომ გადაწყდა საქართველოს გამაერთიანებელი ბაგრატ მესამის მიერ აგებული ტაძრის „თავიდან" აგება და მისთვის ახალი სიცოცხლის შთაბერვა. სამწუხაროდ, ამით პოლიტიკურადაც ვერაფერი სარგებელი მიიღო, ბაგრატმა კი დაკარგა ძალიან ბევრი, მათ შორის დაიკარგა ხატება, ილუსტრაცია, როგორც ახლა იტყვიან „იმიჯი“, რომელიც ყველაზე ცხადად ასახავდა ჩვენი არსებობისთვის წარმოებულ ურთულეს გზას.
ხშირად ვსვამ კითხვას: „ქართული ოცნების“ მმართველობის დროს აშენებული რომელი შენობა გახსენდებათ, რა არის მათი არქიტექტურული სიმბოლო? პასუხი ყოველთვის არის „პანორამა თბილისი“. პოლიტიკური გუნდის 12-წლიანი მმართველობის სიმბოლო არის ჩვენი ერთკაციანი „დიფ სტეიტის" კერძო ბიზნესი, ისტორიულ ზონაში „ჩატენილი“, კანონდარღვევით აშენებული სასტუმროების კომპლექსი.
თუმცა კიდევ ორ ფაქტს გავიხსენებდი: რუსულ ბიზნესს „RMG Gold“-ს შეწირული ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა — საყდრისის ოქროს მაღარო და განადგურების პირას მიყვანილი გელათის ტაძარი, რომელიც იცით რას შეეწირა? პერსონალურ და პოლიტიკურ კრედოს — „მე ვარ მართალი, ვისაც ამის არ სჯერა, ყველა მტყუანი, ე. ი. ჩემი მტერია“. ამან დაღუპა გელათი და ქუჩაში მიმდინარე მოვლენებს თუ ადევნებთ თვალს მარტივად მიხვდებით, რომ არა მარტო ის.
— ავტორიტარულ, ტოტალიტარულ რეჟიმებში ხელოვნება ძლიერ ცენზურას განიცდის. ვისაუბროთ, რა ფორმით გამოიხატა ეს საბჭოთა კავშირში?
— საბჭოთა არქიტექტურა სრულად იყო იდეოლოგიზებული და ყოველთვის მკაცრ ჩარჩოებში მოქცეული. ხელოვნება, მათ შორის არქიტექტურაც, ცენზურას ემორჩილებოდა და ნებისმიერი დარგი ხელისუფლების მხრიდან მკაცრ კონტროლს განიცდიდა. ცენზურის ხარისხი საბჭოთა პერიოდიზაციის მიხედვით განსხვავდებოდა. ზოგადად, საბჭოთა არქიტექტურა იყოფა სამ პერიოდად: 1920-1930-იანი წლები — კონსტრუქტივიზმი, შემდეგ ე. წ. „სტალინური ამპირი“, იგივე „საბჭოთა კლასიციზმი“ და 1950-1980-იანი წლებიდან — გვიანი მოდერნიზმი. სამივე პერიოდი ხასიათდება წინა სტილის აკრძალვითა და დაგმობით.
მაგალითად, სტალინის პერიოდში კონსტრუქტივიზმი საბჭოთა ადამიანისთვის მიიჩნიეს რთულად გასაგებად, რადგან ის ვერ გამოხატავდა საბჭოთა საზოგადოების „კეთილდღეობას“. რეალურად, არანაირი კეთილდღეობა არ არსებობდა საბჭოეთში, მით უმეტეს 1930-იან წლებში, როცა ეკონომიკურად საკმაოდ უჭირდათ. რადგან სახელმწიფო ამ კეთილდღეობას ვერ უზრუნველყოფდა, პური სანახაობით ჩაანაცვლა. ეს სანახაობა იყო „სოციალური რეალიზმი“, რომელიც არქიტექტურასთან ერთად გამოიხატა ხელოვნების ყველა დარგში. შეიქმნა მოჩვენებითი სამყარო, რეალობა, რომელიც ვითომდა საბჭოთა ადამიანების კეთილდღეობასა და ბედნიერებას ასახავდა. „სოცრეალიზმი“ - ეს იყო რეალობად გასაღებული „ოცნება მომავალზე“.
— როგორც თქვენ ახსენეთ, საბჭოთა კავშირში იქმნებოდა ერთგვარი ალტერნატიული სამყარო. ვისაუბროთ უფრო ვრცლად, როგორ ხდებოდა არქიტექტურის მეშვეობით რეალობის დამახინჯება და ალტერნატიული რეალობის შექმნა?
— საბჭოთა კავშირი „სოციალისტური რეალიზმით“ ცდილობდა რამდენიმე კურდღელი ერთად დაეჭირა. მხოლოდ ორზე გავამახვილებ ყურადღებას: ერთი კურდღელი პოლიტიკურია, მეორე — სოციალური. მიუხედავად იმისა, რომ სისტემას არ ჰქონდა შესაბამისი ეკონომიკური შესაძლებლობები, ის ქმნიდა მოჩვენებით წარმოდგენებს მასშტაბური, მდიდრული შენობების მეშვეობით. ჩვეულებრივი ადამიანისთვის, როგორც მაშინ იტყოდნენ, პროლეტარიატისთვის განკუთვნილი ბიბლიოთეკების, კინოს, სოფლის კლუბის, საბჭოების სასახლეების გრანდიოზულ მშენებლობაში უნდა ასახულიყო ეკონომიკური სიძლიერეც და ხალხზე ბელადის დაუღალავი ზრუნვაც.
დასაწყისში ამის დაჯერება უწევდა საბჭოთა ადამიანს, შემდეგ კი ბევრმა მართლაც დაიჯერა, ირწმუნა ის, რომ საბჭოეთი ყველაზე კარგი ქვეყანა იყო, რომ აქ ადამიანზე ზრუნვაში აღამებდნენ და ათენებდნენ. სხვაგან, საზღვრებს მიღმა იყო შიმშილი და უსამართლობა, ქუჩაში ზღვა ხალხი აპროტესტებდა მათ კაპიტალისტ მთავრობას. მაშინ ცოტა ბედავდა ფიქრსაც კი, რომ ხალხი ქუჩაში — ეს სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების მთავარი ინდიკატორია. კრიზისის დროს კლასიკური არქიტექტურის სტილში მშენებლობა მარტო საბჭოთა კავშირში არ მიმდინარეობდა, მსგავს ტენდენციებს ვხედავთ ევროპის ქალაქებში, ამერიკაში. თუმცა განსხვავება ტოტალიტარულ და დემოკრატიულ სახელმწიფოებს შორის თავისუფლებაზე გადის: ერთში მხოლოდ ერთი, სახელმწიფოს მიერ დაშვებული სტილი არსებობდა, მეორეში არჩევანი იყო თავისუფალი, კლასიკური არქიტექტურის პარალელურად ვითარდებოდა სხვა არქიტექტურული მიმდინარეობები.
რომ დავუბრუნდეთ საბჭოთა არქიტექტურას, როგორ უნდა „ამღერებულიყო არქიტექტურა საბჭოთა კეთილდღეობაზე“ — ამაზე ბევრი იფიქრეს. არჩევანი შეაჩერეს კლასიკურ არქიტექტურაზე. რატომ უკვე მრავალჯერ გადაღეჭილი კლასიკა და არა სრულიად ახალი არქიტექტურა? ძირითადი მოტივები კლასიკურ მემკვიდრეობასთან მიბმისა, სავარაუდოდ, ერთი მხრივ, მის დიდებასთან ზიარება იყო, მეორე მხრივ, ახალი სახელმწიფოსთვის გარკვეული სიძველის, ტრადიციის ფესვების შექმნის მცდელობა. მესამე კი, ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი, ამ სტილის აღქმადობა, როგორც მაშინ ამბობდნენ, წაკითხვადობა. კლასიკური არქიტექტურა პროლეტარიატისთვის ნაცნობი იყო და გარკვეულ სიმბოლურ დატვირთვასაც ატარებდა.
აუცილებელი იყო ფორმასთან მიბმა, მაგრამ შინაარსის შეცვლა. კლასიკა და კლასიკური არქიტექტურა იყო სასახლეებისა და ბურჟუაზიული მდიდრული საცხოვრისის სტილი, არქიტექტურა, რომელსაც კარგად იცნობდა პროლეტარიატი და რომელიც იყო კიდეც საოცნებო, ერთგვარი შუქურა წარმატებული ცხოვრებისა: „ამ ახალ, ღაჟღაჟა, წითელ, რევოლუციურ დედამიწაზე, ჩვენ, მშრომელები, რომლებიც საბრალო ქოხებში გავჩნდით, ინტერნაციონალის დიადი ჰიმნის სიმღერით თანდათან ამ საბრალო ქოხებიდან მეგობრული მწყობრში ჩამდგარნი ჯადოსნური სასახლეებისკენ წავალთ“.
ასეთ ფუფუნებას შეჰპირდნენ მაშინ: „ჩვენ ყველა კარგად ვიცხოვრებთო“. რომ ეთქვათ: „ყველა ერთნაირად ცუდად ვიცხოვრებთო“, ალბათ არაფერი გამოვიდოდა. თუმცა საქმე აშკარად აქეთ მიდიოდა, ჰოდა პურს თუ ვერ აძლევ ადამიანს, რჩება სანახაობა. ასე დაიწყო პროცესი, რომელმაც კეთილდღეობა ასახა შენობებში და თან ხშირად მხოლოდ მათ ფასადებზე. შიგნით, სახლებში ყველაფერი პირიქით იყო: სამ-ოთხ ოჯახზე 1 საპირფარეშო, ლობიოსა და შაქარზე კი ტალონები.
შეიძლება ითქვას, ახალმა რეჟიმმა აიღო ძველი, დაგმო მისი ცალკეული კომპონენტები, შეავსო ახალი შინაარსით და გააზავა იდეოლოგიით, ისე როგორც დღეს: დედა დედაა, მამა მამა, გარეჯი კი საქართველო.
საბჭოთა არქიტექტურისთვის ასევე დამახასიათებელი იყო ქალაქებში ტრადიციული ღირებულებებისა და ფასეულობების წაშლა, ნგრევა და მათ ადგილას ახალი სიმბოლოების აღმართვა. ამის მაგალითია მთავრობის სასახლე, სადაც ჯერ რუსეთის იმპერიის სადიდებელი ტაძარი, სობორი იდგა, იმპერიის ნგრევის შემდეგ, საბჭოთა კავშირის დროს კი ახალი სისტემის სიმბოლური გამოხატულება — პარლამენტის შენობა. აგერ უკვე 30 წელია ამ სიმბოლოსთან გვაქვს გამოცხადებული ომი, თუმცა ჩვენ დღეს ვებრძვით არა შენობას, არამედ შიგთავს.
— ქალბატონო თამარ, რამდენად შეიძლება ვთქვათ, რომ საბჭოთა არქიტექტურა ტოტალიტარული და ავტორიტარული მმართველობის შედეგად სრულად იყო ინდივიდუალობისგან დაცლილი?
— ასე მარტივად სათქმელიც არ არის, რადგან ინდივიდუალობისა და თავისუფლების ხარისხი საბჭოთა პერიოდში სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად აღიქმება. კონსტრუქტივიზმის დროს, განსაკუთრებით მის პირველ მონაკვეთში, სისტემა ეძებს გზას, როგორ ასახოს ხელოვნებაში, მათ შორის არქიტექტურაში, კომუნისტური ფასეულობები — ეს ძიების ეტაპია. ამ დროს მსჯელობდნენ საბჭოთა ქალაქის არსზე, იმაზე, თუ როგორ გამოხატულიყო არქიტექტურაში საბჭოთა იდეოლოგია, კომუნისტური ფასეულობა. გაჩნდა სხვადასხვა ტენდენციები, მიმართულებები. ძიება აისახა თეორიებში, დისკუსიებში.
გვიანი მოდერნიზმის პერიოდში (1950-1980-იანი წლებიდან) მშენებლობის 80% საცხოვრებელ სახლებს ეჭირა, რომლებიც ძირითადად შაბლონური, დამტკიცებული პროექტის მიხედვით შენდებოდა და ყოველგვარი ინდივიდუალიზმისგან დაცლილი იყო. თუმცა საზოგადოებრივი ფუნქციის ობიექტების დაპროექტებისას არქიტექტორებს მეტი თავისუფლება ჰქონდათ. ამის მაგალითია ჭადრაკის სასახლე, სპორტის სასახლე, ყოფილი ჩაის სახლი. მაგრამ ასეთი პროექტები იყო ძალიან ცოტა, დაახლოებით მშენებლობის 15-20%.
რაც შეეხება შუა, სტალინისტურ პერიოდს, არქიტექტურა აქ ყველაზე მეტადაა მარწუხებში მოქცეული და კონკრეტულ წესებს ემორჩილება. ეს არის სტილი, რომელმაც ძალიან ბევრი რამ შეცვალა ადამიანის ცნობიერებაში, აღქმაში, ხედვაში და სრულიად ახლებურად ჩამოაყალიბა ის. შეცვალა ნაციონალიზმის აღქმაც. სტალინის დროს კულტურა, მათ შორის არქიტექტურა, ემსახურებოდა კონკრეტულ მიზნებს. მაშინ სახელმწიფომ, რომელიც ინტერნაციონალურ სახელმწიფოს აშენებდა, აქცენტი გააკეთა ნაციონალიზმის ახლებურ აღქმაზე და პოპულარიზაციაზე. ამას ღრმა, საინტერესო ფესვები და მიზნები ჰქონდა, რასაც ამ ინტერვიუში ვერ ჩავატევთ, თუმცა ერთი შეგვიძლია ვთქვათ: ნაციონალური ელემენტების კოპირება განზრახ იყო უშინაარსო, ზედაპირული.
მხოლოდ ვიზუალურმა მსგავსებებმა და ზღვარსგადასულმა ტირაჟირებამ დასახულ მიზანს მიაღწია, ეროვნული ხუროთმოძღვრების თანამედროვე არქიტექტურაში გადმოტანა დაეფუძნა უშინაარსო კომპილაციას. დღემდე ვიმკით ამ მავნებლური პროცესის შედეგებს, და არა მხოლოდ ნაციონალური არქიტექტურის ზედაპირულ გააზრებასა და განახლებაში, არამედ ზოგადად, ქართული ეროვნული რაობის აღქმაში. ახლა ქართველობას რომ ეძახიან და ის ძირითადად სიმღერაში, ცეკვაში და სუფრაში აისახება. არქიტექტურაში კი ეს არის აივნები კორპუსებზე, ბლოკის კედელზე აკრული ძველი ქართული აგური, მინის ფასადებად გადათარგმნილი თბილისისთვის სახასიათო ღია სივრცეების სიმრავლე.
— ზოგადად ტოტალიტარული რეჟიმები რა საფრთხეს უქმნის ურბანულ გარემოს და რა ხდება დღეს ჩვენ შემთხვევაში? ვისაუბროთ ქალაქის პრობლემებზე
— როგორც უკვე აღვნიშნე, ქალაქი და არქიტექტურა ადამიანთა წეს-ჩვეულებების, ტრადიციების, საჭიროებების ერთგვარი შედეგია. ტოტალიტარული რეჟიმების დროს არქიტექტურას აქვს კონკრეტული მიზნები და ეს მიზნებია მთავარი, ამიტომ ასახავს არა ადამიანის, არამედ რეჟიმის რაობას.
რაც შეეხება ჩვენს დღევანდელ მდგომარეობას, მთავარი პრობლემა არის კანონის დარღვევა და მათი კონკრეტულ პირებზე მორგება. კანონები შესაბამისი გათვლების, მიდგომების შედეგად, მათი მიზანია ქალაქის, მისი ისტორიული ნაწილის, ღირებულებების, ტრადიციების დაცვა და ჯანსაღი, უსაფრთხო საცხოვრებლის უზრუნველყოფა, თუმცა ჩვენთან კანონიც კი უძლურია ძალაუფლების მქონე პირთა წინააღმდეგ.
ახლა უმძიმესი პროცესი მიმდინარეობს, რომელიც არა მარტო ჩვენზე, არამედ ჩვენს მომავალ თაობებზეც იქონიებს გავლენას. ჩვენ მოგვიწევს ამ მოცემულობის მიღება, რადგან უკვე აშენებულის ნგრევა, დემონტაჟი, სიმართლე გითხრათ, შეუძლებელი მგონია, უდიდესი ფინანსური რესურსის გამო, რაც ჩვენს ქვეყანას არ გააჩნია.
— რა შეიძლება იყოს გამოსავალი ამ რთული სიტუაციიდან?
— ერთადერთი გამოსავალია კანონის დაცვა, რომელიც ყველასთვის ერთნაირი იქნება. ცხადია, ეს კანონები დასახვეწია, მაგრამ თუნდაც მათი აღსრულება ურბანულ გარემოს მკვეთრად გააუმჯობესებდა და ასეთ მდგომარეობას არ შექმნიდა. ჩვენთან, სამწუხაროდ, პოლიტიკური და ფინანსური გავლენის მქონე ადამიანებზე კანონი არ მოქმედებს და მთელი სიმკაცრით მხოლოდ უბრალო ადამიანებს ატყდება თავს. ეს დისბალანსი კი ქალაქის უფლებების დარღვევასთან ერთად ადამიანის უფლებების უხეში დარღვევაცაა.
— დაბოლოს, თქვენი აზრით, როგორ არის შესაძლებელი ქალაქის ძველი, საბჭოთა იდენტობისგან გათავისუფლება?
— არსებობს კანონი, რომელიც კრძალავს საბჭოთა სიმბოლოების გამოყენებას და მათ კვლავწარმოებას. კვლავწარმოებას სრულად ვეთანხმები, თუმცა არ მგონია, უკვე არსებული საბჭოთა სიმბოლოების განადგურებამ ან შენობების ნგრევამ ჩვენში საბჭოთა კავშირი დაგვამარცხებინოს. ისტორიას არა წაშლა, არამედ გააზრება უნდა, განადგურება სწორედაც რომ საბჭოთა მეთოდია. პირველ რიგში, ჩვენ უნდა მივხვდეთ, რა არის საბჭოთა კავშირი, რა გააკეთა მან, რა მიზანს ემსახურებოდა სისტემა. მისი ამოცანა ადამიანის თავისუფლების, ინდივიდუალიზმის ჩაკვლა, თავისუფალი სიტყვის, გამოხატვის, აზროვნების ჩახშობა იყო. სულ რომ ყველა საბჭოთა არქიტექტურული ობიექტი და სიმბოლო გავანადგუროთ, საბჭოთა მენტალიტეტისგან ვერ გავთავისუფლდებით, სანამ ჩვენი გააზრება ამ სისტემის მიმართ არ იქნება ღრმა და შინაარსობრივი. ხელოვნება მხოლოდ ანარეკლია იმ შინაარსისა, სადაც ვცხოვრობთ, ამიტომ იქ, სადაც ჯერ კიდევ განსხვავებული აზრის გამოხატვა, ინდივიდუალიზმი, თავისუფლება დასჯადი და რეპრესირებულია, არქიტექტურის განადგურება ფუნდამენტურ ცვლილებას და დადებით შედეგს ვერ მოგვიტანს.