1734690746

როგორ დააკნინა საბჭოთა არქიტექტურამ იდენტობა და დაამკვიდრა ერთფეროვნება

სსრკ

ავტორი

ნატა მეშველიანი

დაბნელებულ ბულვარში ბეტონის უზარმაზარი კორპუსები მუქ სილუეტებად არიან აღმართულები. ყველა ერთნაირი, ნაცრისფერი და უტყვია. ეს ერთგვაროვანი არქიტექტურული წარსულია, რომელიც ნებისმიერ ყოფილ საბჭოთა ქალაქში შეგხვდებათ: თბილისიდან ტაშკენტამდე, რიგიდან კიევამდე. ქალაქები, რომლებიც მანამდე საკუთარი ფერებით, კულტურითა და არქიტექტურით ცოცხლობდნენ, ერთ დიდ, მონოქრომატულ ტილოდ იქცნენ.

სივრცითი სტანდარტიზაციით, კოლექტიური იდენტობის იდეის გავრცელებითა და ინდივიდუალური განსხვავებების მიზანმიმართული გაქრობით, საბჭოთა კავშირმა მოახერხა თავისი პოლიტიკის არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ ნაგებობებით გატარება.

მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ, საბჭოთა ხელისუფლების წინაშე გაჩნდა გამოწვევა: როგორ უნდა აღედგინათ დანგრეული ქალაქები სწრაფად, ეფექტურად და, ამავე დროს, იდეოლოგიურად სწორად? რეკონსტრუქციის პროცესი მხოლოდ ინფრასტრუქტურის აღდგენა არ იყო — ის გახლდათ პოლიტიკური განცხადება, სივრცის გადანაწილების პროექტი, რომელიც მომავლის საბჭოთა ადამიანის ცხოვრებას მთლიანად განსაზღვრავდა. ეს იყო შანსი, რომ ნანგრევებიდან აღმოცენებულიყო ნამდვილი „საბჭოთა“ ქალაქი, თავისი ,,საბჭოთა” ადამიანებით.

სტალინის ეპოქაში საბჭოთა არქიტექტურა მონუმენტური, გრანდიოზული და ბაროკოსეული ფუფუნებით იყო სავსე. „სტალინური ამპირი“, როგორც მას ხშირად მოიხსენიებდნენ, წარმოადგენდა ძალაუფლების დემონსტრაციას. ქალაქების ცენტრებში ჩნდებოდა უზარმაზარი ნაგებობები — ცათამბჯენები, ღია ბულვარები და სიმეტრიული ფასადები, რომლებიც ადამიანის პატარა სილუეტს ჩრდილავდნენ და სახელმწიფოს ძლევამოსილებას უსვამდნენ ხაზს.

მაგრამ დიდებული ამპირი დროში არაპრაქტიკული და ძვირადღირებული აღმოჩნდა. ის შესაფერისი იყო იმპერიული ხელისუფლებისთვის, მაგრამ ჩვეულებრივი მოქალაქეებისთვის საცხოვრებლის პრობლემა ჯერ კიდევ მოუგვარებელი რჩებოდა.

1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, ნიკიტა ხრუშჩოვმა არქიტექტურის კურსი შეცვალა. „სახლები ადამიანებისთვის, არა მონუმენტები“ — ეს იყო ხრუშჩოვის ახალი სლოგანი. საჭირო იყო არქიტექტურის დრამატული ინდუსტრიალიზაცია, რათა მასობრივი მშენებლობა სწრაფი, იაფი და მარტივი გამხდარიყო. სტალინური ნეოკლასიციზმის სიმბოლურობა ბეტონის მარტივი, უტყვი დიზაინით ჩანაცვლდა.

სწორედ ამ ცვლილებების შედეგად გაჩნდა ის, რასაც დღეს „ხრუშჩოვკებს“ ვუწოდებთ. „ხრუშჩოვკები“ 4 ან 5 სართულიანი, პანელური ტექნოლოგიით აშენებული საცხოვრებელი კორპუსებია, რომლებიც ქალაქების გარეუბნებს უეცრად შემოესივნენ. მათი სიმარტივე აღფრთოვანებას არ იწვევდა, მაგრამ მშენებლობის სიჩქარე და ეფექტიანობა პრობლემებს მარტივად აგვარებდა. თითოეული ბინა ერთნაირი იყო: ვიწრო კორიდორი, მცირე ზომის სამზარეულო და ერთი საერთო ოთახი, რომელიც მრავალფუნქციურად გამოიყენებოდა. ადამიანები ერთფეროვანი კედლების მიღმა, კვლავ ერთნაირი სივრცით ცხოვრობდნენ.

საბჭოთა ქალაქების დაგეგმარებამაც რადიკალური სახე მიიღო. მიკრორაიონები — საბჭოთა ახალი ურბანული მოდელი — პატარა „ქალაქებს“ ჰგავდა, რომლებიც ყველაფერს მოიცავდა, რაც ადამიანს ყოველდღიური ცხოვრებისთვის სჭირდებოდა. მიკრორაიონები სტრუქტურულად ერთნაირად იმართებოდა: საცხოვრებელი ბლოკების ცენტრში განთავსებული იყო სკოლები, საბავშვო ბაღები და პარკები, გარშემო კი კლინიკები და სურსათის მაღაზიები. ეს იყო ურბანული სივრცე, რომელიც წარმოაჩენდა სოციალისტურ იდეალს — კოლექტიური საზოგადოება, ადამიანები და ზუსტად ერთნაირი მოთხოვნილებები. ერთნაირი სკოლები ერთნაირი მერხებით და მოსწავლეები, ერთნაირი ყელსახვევებით.

მოკლედ, ამ იდეალებს მნიშვნელოვანი ნაკლოვანებები ჰქონდა. ქალაქები ერთმანეთს ემსგავსებოდა და ადგილობრივი კულტურული იდენტობები ნელ-ნელა იშლებოდა. თბილისი, კიევი, ტაშკენტი, რიგა — ყველა ამ ქალაქს საერთო იერი ჩამოუყალიბდა, ხოლო მათი უნიკალური ხასიათი სადღაც, ბეტონის ქვეშ იკარგებოდა.

ხრუშჩოვის ფუნქციონალიზმისა და უტილიტარული სიმარტივის ეპოქის შემდეგ, საბჭოთა არქიტექტურა ახალ ფაზაზე გადავიდა ლეონიდ ბრეჟნევის მმართველობის პერიოდში. ეს პერიოდი, რომელიც 1960-იანი წლების შუა ხანებიდან 1980-იანი წლების დასაწყისამდე გრძელდებოდა, ხასიათდებოდა ურბანული გაფართოებით, არქიტექტურული ერთფეროვნებითა და რეგიონული თუ ეროვნული იდენტობების მიზანმიმართული ჩახშობით. ბრეჟნევის პოლიტიკამ გააძლიერა საბჭოთა კოლექტივიზმის იდეა ურბანულ დაგეგმარებაში, ინდივიდუალობისა და კულტურული მრავალფეროვნების დათრგუნვის გზით.

ბრეჟნევის მთავრობამ ხრუშჩოვის მიკრორაიონების მოდელი უფრო დიდ მასშტაბებზე განავრცო. მიკრორაიონები, რომლებიც თავდაპირველად საცხოვრებელი კრიზისის გადაჭრის მიზანს ემსახურებოდა, ტრანსფორმირდა თვითკმარ ურბანულ ერთეულებად, სადაც მოსახლეობას შეეძლო ცხოვრება, მუშაობა და სოციალური ურთიერთობა საკუთარი უბნის დატოვების გარეშე. თუმცა, ამ ერთეულების ერთფეროვნება უფრო ბნელ მიზანს ემსახურებოდა: რეგიონული და ეროვნული თავისებურებების წაშლას და ერთგვაროვანი საბჭოთა იდენტობის დამკვიდრებას.

ყველა გზა ერთნაირ ქალაქში მიდის

ლატვიის, ლიეტუვისა და ესტონეთის ბალტიისპირა რესპუბლიკებში ეს პოლიტიკა განსაკუთრებით დამაზიანებელი იყო. საბჭოთა ოკუპაციამდე ამ ქვეყნებს ჰქონდათ უნიკალური არქიტექტურული მემკვიდრეობა, რომელიც ჩრდილო-ევროპული, გერმანული და ადგილობრივი ტრადიციებით იყო შთაგონებული. მაგალითად, რიგა ცნობილი იყო თავისი არტ-ნუვოს სტილით, ხოლო ვილნიუსი — ბაროკოსა და გოტიკის ელემენტების შერწყმით. საბჭოთა პროექტორებმა ეს მრავალფეროვანი მემკვიდრეობა უგულებელყვეს.

ეს ერთგვაროვნება მხოლოდ ესთეტიკური პრობლემა არ იყო. იგი მიზნად ისახავდა ეროვნული იდენტობის შესუსტებას. საბჭოთა ეროვნული პოლიტიკა, რომელიც ეფუძნებოდა „საბჭოთა ხალხის“ იდეას, ცდილობდა სსრკ-სადმი ერთგულება ეთნიკურ ან რეგიონულ კუთვნილებაზე მაღლა დაეყენებინა.

ცენტრალურ აზიაში ეს პროცესები განსაკუთრებით თვალსაჩინო იყო. ტაშკენტზე, რომელიც ცნობილია თავისი ისლამური არქიტექტურით, საბჭოთა სტანდარტიზაციის მძიმე შედეგები განსაკუთრებით აისახა. 1966 წლის მიწისძვრის შემდეგ, ქალაქის დიდი ნაწილი ხელახლა აშენდა. თუმცა საბჭოთა კონსტრუქტორებმა უგულებელყვეს ტრადიციული ისლამური ელემენტები და ქალაქი დაფარეს სტანდარტიზებული საცხოვრებელი მიკრორაიონებითა და მასიური ადმინისტრაციული ცენტრებით. ეს ტრანსფორმაცია სიმბოლურად წარმოადგენდა საბჭოთა რეჟიმის მცდელობას, ჩაეხშო რეგიონის რელიგიური და კულტურული მემკვიდრეობა.

რაც შეეხება თბილისს, ის თავის უნიკალურ იერსახეს ინარჩუნებდა სხვადასხვა ეპოქაში: მის ქუჩებში ერთმანეთს ერწყმოდა ევროპული, აზიური და ტრადიციული ქართული არქიტექტურა. თბილისი არა მხოლოდ ვიზუალურად იყო მრავალფეროვანი, არამედ სიმბოლურად გამოხატავდა ქართველი ხალხის მსოფლმხედველობასა და ეროვნულ იდენტობას.

საბჭოთა ოკუპაციამ სცადა „ქართველობა“ ბევრი სხვადასხვა გზით მოეპარა. მათი მიზანი იყო არა მხოლოდ ქალაქის ურბანული მოდერნიზაცია, არამედ მისი უნიკალური იდენტობის განადგურებაც. ქართულმა ტრადიციულმა არქიტექტურამ, რომელიც გამოიხატებოდა ხის ჩუქურთმებში, ვერანდიან სახლებსა და ვიწრო, ქვის ფილაქნებით მოკირწყლულ ქუჩებში, დაიწყო ჩრდილში გადანაცვლება და მის ადგილს მასიური ბეტონის მიკრორაიონები იკავებდა.

ერთფეროვანმა მიკრორაიონებმა ქალაქის ლანდშაფტი მთლიანად შეცვალა. ისინი აშენდა როგორც მასობრივი საცხოვრებელი კომპლექსები, სადაც თითოეული ბინა იყო ერთნაირი, უტილიტარული და ყოველგვარ ესთეტიკურ ღირებულებას მოკლებული. ამ უბნებში არაფერი გვახსენებდა თბილისის მრავალსაუკუნოვან ისტორიულ და კულტურულ სილამაზეს.

საჯარო და კულტურული სივრცეები

საბჭოთა არქიტექტურული პროპაგანდა არ შემოიფარგლებოდა მხოლოდ საცხოვრებელი კორპუსების სტანდარტიზაციით. საზოგადოებრივი და კულტურული სივრცეები, რომლებიც სახელმწიფოს იდეებს ემსახურებოდა, კიდევ ერთი ინსტრუმენტი იყო, რომელიც საბჭოთა იდეოლოგიას უშუალოდ გამოხატავდა.

კულტურული ცენტრები, თეატრები, სპორტული დარბაზები და ადმინისტრაციული ნაგებობები, რომლებიც ბრეჟნევის ეპოქაში აიგო, განკუთვნილი იყო სოციალისტური იდეალის განსახიერებისთვის — კოლექტიური ცხოვრების იდეალური მოდელის შექმნისთვის, სადაც ადამიანები არა ინდივიდებად, არამედ ერთი სისტემის ნაწილებად უნდა აღქმულიყვნენ. თუმცა ამ სტრუქტურებს, რომლებსაც ვიზუალურად გრანდიოზული და მასშტაბური იერი ჰქონდა, ხშირად აკლდა სული და შინაარსი. მათი ფორმა და ფუნქცია იმდენად შაბლონური და განმეორებადი იყო, რომ ემოციურად ცარიელ და იდენტობისგან დაცლილ სივრცედ იქცეოდა.

ეს ნაგებობები, რომლებიც ოფიციალურად კულტურული ცხოვრების ცენტრებს წარმოადგენდა, რეალურად მხოლოდ რეჟიმის ძლიერი კონტროლის ინსტრუმენტებად რჩებოდა. თეატრებისა და სპორტული კომპლექსების გრანდიოზული დარბაზები, რომელთა მასშტაბები სახელმწიფოს ყოვლისშემძლეობას უსვამდა ხაზს, ადამიანთა განცდებსა და პიროვნულ გამოცდილებებს მთლიანად ფარავდა. კულტურა და ხელოვნება, რომლებიც ადამიანების ინდივიდუალობას უნდა წარმოაჩენდნენ, ამ სივრცეებში მორგებული იყო საბჭოთა იდეოლოგიის ჩარჩოებს, რაც ამ ნაგებობებს უსულო დეკორაციებად აქცევდა.

მათი ცივი, მკაცრი არქიტექტურული ხაზები და ფუნქციურობაზე ორიენტირებული დიზაინი მთლიანად ახშობდა შთაგონებას, კრეატიულობასა და ინდივიდუალიზმს. თითოეული ასეთი შენობა ცარიელ კედლებში იტევდა მხოლოდ ერთს — ტოტალიტარულ მბრძანებლობას.

პროპაგანდა, რომელიც არასდროს ქრება

საბჭოთა პროპაგანდის არქიტექტურული ელემენტები იმდენად ღრმად არის გამჯდარი ქალაქების ქსოვილში, რომ მათი გავლენა დღემდე იგრძნობა. ბეტონის ერთნაირი ბლოკები და ცივი საზოგადოებრივი სივრცეები მხოლოდ საცხოვრებელი და ფუნქციური ნაგებობები კი არაა — ისინი წარსულის რეჟიმის სიმბოლოებია, რომლებიც კოლექტივიზმის იდეალს და ინდივიდუალობის ჩახშობის ისტორიას გვახსენებენ.

მაგრამ ამ სივრცეებში ცხოვრება გრძელდება. საბჭოთა ბლოკების კედლებს შორის ადამიანები ახლა ინდივიდუალური სივრცეების შექმნას ცდილობენ — ბინები, რომლებიც ერთ დროს ერთფეროვნებას გამოხატავდა, ახლა პირად გემოვნებასა და საჭიროებებსაა მორგებული.

ბრძოლა საბჭოთა მემკვიდრეობისგან გათავისუფლებისთვის დღესაც გრძელდება. ახალი თაობები ქმნიან შენობებს, რომლებიც თავისუფლებას გამოხატავს. თუმცა, მემკვიდრეობის ეს ტვირთი გვახსენებს, რომ წარსულის ჭრილობები მხოლოდ არქიტექტურაში კი არა, ადამიანთა ცნობიერებაშიც რჩება. და მიუხედავად იმისა, რომ ბეტონის კედლები შეიძლება დაიშალოს, მათი მნიშვნელობა ისტორიის ნაწილად რჩება — როგორც გაფრთხილება, რომ თავისუფლებასა და თვითმყოფადობის შენარჩუნებას მარადიული ბრძოლა სჭირდება.



მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები