1751908980

ხის კოტეჯების უპირატესობები და თავისებურებები

ჰედერი

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

ხის კოტეჯები დიდი ხანია სააგარაკე არეალს გასცდა. ის უკვე ყველგან გვხვდება — მთაშიც, სოფლადაც და დიდ ქალაქებშიც. მას ბევრი უპირატესობა აქვს. გარდა იმისა, რომ ეკოლოგიურად სუფთაა, გააჩნია ესთეტიკური მიმზიდველობა და თბოსაიზოლაციო თვისებები. ხის კოტეჯები ზამთარში სითბოს, ზაფხულში კი სიგრილეს ინარჩუნებს და ნაკლებ ენერგოდანახარჯიანია. ერთი სიტყვით, ის იდეალურია მათთვის, ვინც ეკოლოგიურ, მყუდრო და კომფორტულ გარემოს ირჩევს.

ხის კოტეჯების აშენება გაცილებით უფრო სწრაფად შეიძლება, სწორი მოვლის პირობებში საკმაოდ დიდხანს ძლებს, მარტივად არის შესაძლებელი მისი რეაბილიტაცია და გამოირჩევა სეისმომედეგობითაც.

ვინაიდან ხის მასალა ადვილად აალებადია, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა. ხე მუშავდება სპეციალური ხანძარსაწინააღმდეგო ხსნარებით, რაც ხის ზედაპირზე დამცავ ფენას ქმნის და ცეცხლის გავრცელებას ზღუდავს. რისკების მინიმუმამდე დასაყვანად ელექტრო გაყვანილობისთვის გამოიყენება სპეციალური იზოლაციები.

ბევრი უპირატესობის მიუხედავად, ხის კოტეჯებს გააჩნია უარყოფითი მხარეებიც, მაგალითად, ტენიანობის მიმართ ხე მგრძნობიარეა და ჩნდება მისი დაზიანებისა და ობის გაჩენის რისკი. ხის მასალები იზიდავს მავნე მწერებსაც, თუმცა როგორც სპეციალისტები ამბობენ, მოვლა და გამოყენებული მასალის კარგი დამუშავება ხის სტრუქტურას დაზიანებისა და გარემოს მავნე ზემოქმედებისგან იცავს.

ხის კოტეჯები განსაკუთრებით პოპულარულია ისეთ ქვეყნებში, სადაც ხე უფრო ადვილად ხელმისაწვდომია, მაგალითად, ჩრდილოეთ ევროპაში, სკანდინავიაში, რუსეთსა და ჩრდილოეთ ამერიკაში. თუმცა ეს ფაქტორი შემზღუდავი წინაპირობა ნამდვილად არ არის სხვა ქვეყნებისთვისაც, მით უმეტეს, როდესაც მსოფლიო ეკოლოგიური და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებაზეა ორიენტირებული.

შეთავაზებები, ფასები და გასათვალისწინებელი ფაქტორები

მსოფლიო ტენდენციას არც საქართველო ჩამორჩება. ისტორია ადასტურებს, რომ ჩვენს ქვეყანაში ხის სახლებს დიდი ტრადიცია აქვს. მაგალითად, დასავლეთ საქართველოში დღესაც დგას 150-200 წლის ხის სახლები და ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი ადამიანი ხვდება მათ უპირატესობას.

ბაზარზე მოთხოვნის ზრდის ფონზე გაზრდილია კონკურენცია მშენებელ კომპანიებს შორისაც, თუმცა ხშირია ფასითა და დაბალი ხარისხით მანიპულირების შემთხვევებიც.

ხის კოტეჯის აშენების მსურველმა, შეცდომა რომ არ დაუშვას, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს რას სთავაზობს მას მშენებელი — ფიცრულ სახლს თუ კაპიტალური ხის კარკასს. მათ შორის მნიშვნელოვანი სხვაობაა. პირველი, ძირითადად, საზაფხულო კოტეჯებს განეკუთვნება, კაპიტალური ხის კარკასი კი ყველა სეზონზეა გათვლილი და მუდმივ საცხოვრებლად გამოიყენება. მათი აშენების ღირებულებაც რადიკალურად განსხვავებულია. თუ ფიცრული სახლის ღირებულება კვადრატულ მეტრზე, დაახლოებით, 350 დოლარია, კაპიტალური ხის კარკასული სახლის შემთხვევაში ფასი 500 დოლარიდან იწყება. პროექტის ჩაბარებას კი სულ რაღაც 2-3 თვე სჭირდება.

ხის მასალა საქართველოში ძირითადად იმპორტირებულია. ხის კოტეჯების მშენებელ კომპანიებში ამბობენ, რომ ადგილზე ხარისხიანი პროდუქტის მოძიება რთულია და სტანდარტებს ვერ აკმაყოფილებს. კოტეჯებისთვის უმეტესად გამოიყენება წიწვოვანი, ფიჭვის და ნაძვის მასალა.

Kohi.ge-ს დირექტორი, მალხაზ უგრეხელიძე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში ხის სახლებზე მოთხოვნა მნიშვნელოვნად იზრდება, უფრო მეტი ადამიანი აანალიზებს მის უპირატესობას, თუმცა მდგომარეობა მაინც განსხვავებულია ევროპის ქვეყნებისგან.

„ევროპაში ხის სახლებში უფრო მეტ თანხას იხდიან, მაგრამ საქართველოში 10 მომხმარებლიდან, ფასის გაგების შემდეგ, 7-8 ამბობს, რომ ამ ფასად ბლოკის სახლსაც აიშენებს. მიაჩნიათ, რომ ხის სახლი დროებითი ნაგებობაა და ის იაფი უნდა ღირდეს. ეს ცალსახად მცდარი შეხედულებაა. კაპიტალური ხის სახლები არა მხოლოდ აგარაკად, არამედ მუდმივ საცხოვრებლადაც გამოიყენება და ამას კარკასული ტექნოლოგია უზრუნველყოფს“, — განმარტავს მალხაზ უგრეხელიძე.

ეს ტექნოლოგია ხის 15 სანტიმეტრიან მძლავრ კარკასს მოიცავს, რომელშიც განთავსებულია შესაბამისი მოცულობის ქვაბამბა და როგორც გარედან, ასევე შიგნიდან შეფუთულია ხის მასალით. იგივე მასალაა გამოყენებული იატაკისა და ჭერის გასაკეთებლად და სწორედ ეს აქცევს მას ენერგოეფექტურ შენობად.

საცხოვრებელი სახლები, შესაძლოა, იყოს როგორც მცირე კვადრატულობის (30 კვ²-დან), ასევე 200-300 მ²-ის ვილა. ქართველი მომხმარებელი ყველაზე მეტად 60 მ²-ის ხის კოტეჯებს ირჩევს, ლოკაციები უმეტესად თბილისის შემოგარენშია (წყნეთი, კიკეთი, წავკისი, საგურამო, კოჯორი), თუმცა დიდი მოთხოვნაა რაჭაში, აჭარასა და გურიაში. დამკვეთებს შორის კი არიან როგორც კერძო პირები, ასევე სასტუმროები, ტურისტული ობიექტები და სხვა კატეგორიის ბიზნესი.

შესაძლებლობები მთავრობებისთვის

ხის სახლების საცხოვრებლად გამოყენება ათასწლეულებს ითვლის. ადრე ის ხელმისაწვდომობასთან იყო დაკავშირებული. გასული საუკუნის ბოლოდან მისი პოპულარობა კიდევ უფრო მეტად გაიზარდა და თუ ამ დროს ერთსართულიანი, მოგვიანებით კი მანსარდიანი კოტეჯები იყო პოპულარული, ახლა კომპანიები მომხმარებლის ფანტაზიას ემორჩილებიან და უკვე აქტიურად ვხვდებით რამდენიმე სართულიან, პრემიუმ კლასის ხის კოტეჯებს.

ხეს არქიტექტორებმა და დიზაინერებმა „მომავლის მასალა“ უკვე უწოდეს, რადგან მიიჩნევენ, რომ ის სრულად შეესაბამება თანამედროვე მდგრადობის, ეკომეგობრულობისა და ესთეტიკის მოთხოვნებს. ხის პოპულარობა განსაკუთრებით იზრდება ისეთ მომხმარებელთა შორის, რომლებიც ეძებენ „მწვანე“ გადაწყვეტილებებს, თუმცა კერძო პირების გარდა ამ მიმართულებით აქტიურობენ სახელმწიფოებიც.

მაგალითად, ნიდერლანდების მთავრობამ რამდენიმე წლის წინ საცხოვრებელი სახლების დეფიციტის შევსების მიზნით კონკრეტული პროექტის განხორციელებაზე განაცხადა. ამ შემთხვევაში საქმე ეხება ხელმისაწვდომი საცხოვრებლების შექმნას კონკრეტული სამიზნე ჯგუფებისთვის, როგორიცაა მოხუცები. მთავრობა გეგმავს, 2030 წლისთვის, მთლიანობაში, 900 000 ახალი სახლის აშენებას, უპირატესობა მდგრადი და ენერგოეფექტური მასალების, მათ შორის ხის გამოყენებას მიენიჭება. მთავრობა სწავლობს რამდენად შეძლებს სამშენებლო ინდუსტრია მშენებლობაში ხის სახლების წილის გაზრდას და რა ბარიერები არსებობს დასახული მიზნების მიღწევის გზაზე.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები