1733227620

არქიტექტურა, როგორც პროპაგანდა — ტოტალიტარული რეჟიმების შენობები

ჰედერი

ტოტალიტარიზმი არის პოლიტიკური სისტემა, რომელიც მაქსიმალურ კონტროლს ამყარებს საზოგადოებრივ და კერძო ცხოვრებაზე. მსგავსი რეჟიმი ეფუძნება იდეოლოგიურ პროპაგანდას, რომელიც ხალხის ყოველდღიურობის ყველა ასპექტში აღწევს. არქიტექტურა და ურბანული დაგეგმარება კი ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს თამაშობს, რადგან ისინი ფიზიკური საშუალებაა, რომლითაც რეჟიმი საკუთარ იდეებსა და ძალაუფლებას გამოხატავს. ტოტალიტარული არქიტექტურა გვაჩვენებს, როგორ შეიძლება ნაგებობა არა მხოლოდ ფუნქციური სივრცე, არამედ რეჟიმის სიმბოლიზმისა და იდეოლოგიური მიზნების მატარებელი იყოს.

ტოტალიტარული ლიდერები კარგად აცნობიერებდნენ არქიტექტურის ძალას და მას აქტიურად იყენებდნენ მოსახლეობის ფსიქოლოგიური კონტროლისთვის. მისი დახმარებით ზემოქმედებდნენ როგორც საკუთარ მოქალაქეებზე, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაზეც. მიუხედავად რეჟიმების დაცემისა, ბევრი ასეთი ნაგებობა დღემდე დგას ისტორიულ მემკვიდრეობად, რაც საშუალებას გვაძლევს, დავაკვირდეთ და შევისწავლოთ, როგორ იყენებდა ხელისუფლება არქიტექტურას ძალაუფლების გასამყარებლად.

საბჭოთა კავშირი — სოციალისტური რეალიზმის ეპოქა

საბჭოთა კავშირში არქიტექტურა გახდა კომუნისტური იდეოლოგიის ვიზუალური გამოხატულება. სტალინის პერიოდში, სოციალისტური რეალიზმის სტილი დომინირებდა, რომელიც მოიცავდა გრანდიოზულ, სიმეტრიულ და მძლავრ ფორმებს, რასაც საბჭოთა სახელმწიფოს სიდიადის ხაზგასასმელად მიმართავდნენ. მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის შენობა, რომელიც 1949-1953 წლებში აშენდა, ამის გამორჩეული მაგალითია. ომი სშემდგომ პერიოდში, სტალინის ბრძანებით, ქალაქში აიგო შვიდი უზარმაზარი ნეოკლასიკური ცათამბჯენი, რომელთაგან უნივერსიტეტი ყველაზე დიდი იყო. შენობა სიმაღლეში 240 მეტრს აღწევს და 5000 ოთახისგან შედგება. მისი ფასადის მთავარი ორნამენტებია უზარმაზარი საათები, ბარომეტრები, თერმომეტრები, მონუმენტური ძეგლები და საბჭოთა სიმბოლიკა.

შენობა ასახავდა ქვეყნის ტექნოლოგიურ პროგრესს და კულტურულ მისწრაფებებს. მისი მასშტაბი, სიმაღლე და მდებარეობა ხაზს უსვამდა რეჟიმის სიმტკიცეს და მოსახლეობის ყურადღების ცენტრში აქცევდა საბჭოთა იდეოლოგიას.

ლენინის მავზოლეუმი კიდევ ერთი გამორჩეული მაგალითია. გრანიტის ნაგებობის მინიმალისტური დიზაინი შთაგონებული იყო საბჭოთა რეჟიმისადმი პატივისცემისა და ლენინის, როგორც იდეოლოგიური ლიდერის მნიშვნელობის ხაზგასმით.

ნაცისტური გერმანია — ჰიტლერის არქიტექტურული ხედვა

ნაცისტურ გერმანიაში არქიტექტურას იდეოლოგიური იარაღის როლი ჰქონდა. ჰიტლერიც კარგად აცნობიერებდა არქიტექტურის ძალას და მას იყენებდა ნაცისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციისთვის. ნიურნბერგის მოედანი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პროექტია. მოედნის დიზაინი, რომელიც ალბერტ შპეერმა შექმნა, მიზნად ისახავდა მასობრივი შეკრებების ორგანიზებას და ნაცისტური პარტიის ერთიანობის დემონსტრირებას. მოედნის გიგანტური მასშტაბები და სიმეტრიული ფორმები მოქალაქეებს რეჟიმის ძლიერებისა და წესრიგის განცდას უჩენდა.

ბერლინის ახალი რაიხკანცელარია, რომლის მშენებლობაც 1939 წელს დასრულდა, ნაცისტური რეჟიმის სიმბოლო იყო. მისი გრანდიოზული, 146 მ. სიგრძის მარმარილოს გალერეა შეიქმნა დიპლომატებზე შთაბეჭდილების მოსახდენად და გერმანიის ძლიერების საილუსტრაციოდ.. ახალი რაიხკანცელარია მდებარეობდა ვილჰელმშტრასეზე, ბერლინის ცენტრში და წარმოადგენდა ნაცისტური არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ნიმუშს. 1945 წელს, ბერლინის ბრძოლების დროს, ახალი რაიხკანცელარია სერიოზულად დაზიანდა. ომის შემდეგ, საბჭოთა ძალებმა შენობის ნაშთები მთლიანად დაანგრიეს, ხოლო მარმარილოს ნაწილები ბერლინის მეტროს ზოგიერთი სადგურის მოსართავად გამოიყენეს. დღეს ახალი რაიხკანცელარიის ადგილას განთავსებულია თანამედროვე შენობები, ხოლო მისი არსებობის შესახებ მხოლოდ ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალა მოგვითხრობს.

ახალი რაიხკანცელარია იყო ნაცისტური არქიტექტურის სიმბოლო, რომელიც გამოხატავდა რეჟიმის გრანდიოზულ ამბიციებს, თუმცა, მისი მხოლოდ რამდენიმე წლიანი არსებობა და შემდგომი განადგურება ასახავს ნაცისტური გერმანიის დაცემის ისტორიას.

ფაშისტური იტალია — რომაული დიდების აღორძინება

მუსოლინის ფაშისტურ იტალიაში არქიტექტურა და ურბანული დაგეგმარება გამოიყენებოდა იტალიის ისტორიული და იმპერიული წარსულის აღორძინებისთვის. EUR რაიონი, რომელიც რომში მდებარეობს, ფაშისტური არქიტექტურის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნიმუშია. მისი მთავარი ნაგებობა აერთიანებს კლასიკურ რომაულ ელემენტებსა და მოდერნისტულ დიზაინს, რაც ხაზს უსვამს იტალიის ისტორიულ წარსულსა და, ამასთანავე, ფაშიზმის ხედვებს.

Foro Italico, სპორტული კომპლექსი, ასევე მუსოლინის რეჟიმის ერთ-ერთი მთავარი პროექტია. მარმარილოს სტადიონი და ობელისკი, რომელზეც ფაშისტური სიმბოლოებია გამოხატული, წარმოადგენენ ფიზიკურ ძალასა და დისციპლინას, რომლებიც ფაშისტური იდეოლოგიის ცენტრალური ელემენტები იყო.

ჩრდილოეთ კორეა — ტოტალიტარიზმი და სიმბოლიზმი

ჩრდილოეთ კორეაში არქიტექტურა კვლავაც გამოიყენება რეჟიმის პროპაგანდისთვის. რიუგიონგის სასტუმრო, რომელიც ფხენიანში მდებარეობს, ამ ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაგებობაა. მისი 105 სართული ჩრდილოეთ კორეის ტექნოლოგიური და ეკონომიკური ამბიციების სიმბოლოდ აიგო. კიმ ირ სენის მოედანი კი, რომელიც სამხედრო მარშებისა და მასობრივი შეკრებების ადგილია, მასშტაბებითა და სიმეტრიული განლაგებით მოსახლეობაში რეჟიმის ძალაუფლების განცდას ამყარებს.

ტოტალიტარული რეჟიმების არქიტექტურა ნათლად აჩვენებს, როგორ შეიძლება ნაგებობები გამოიყენებოდეს პოლიტიკური პროპაგანდის ნაწილად. ამ შენობების უმრავლესობა დღეს კულტურულ მემკვიდრეობად იქცა და მათი შესწავლა არა მხოლოდ წარსულის გააზრებას უწყობს ხელს, არამედ გვახსენებს, რამდენად ძლიერია არქიტექტურა როგორც პოლიტიკური და სოციალური ინსტრუმენტი.



მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები