1730469000
ავტორი
ბაკურ გაბუნია
ხმაური ქალაქის განუყოფელი ნაწილია — მანქანების, სამშენებლო სამუშაოების, ფეიერვერკების, მეზობელი სახლიდან გამომავალი მუსიკის ჰანგებისა თუ უბანში ღამეული შეკრებების ხმები ჩვენს ცხოვრებას მუდმივ აკომპანემენტად გასდევს. ეს „აუდიო ქაოსი“ კი ხშირად აღემატება უბრალო დისკომფორტს და დროთა განმავლობაში, შესაძლოა, ჯანმრთელობის სერიოზულ საფრთხედაც მოგვევლინოს. თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ მუდმივი ხმაური სტრესის მთავარი წყაროა. ის აძლიერებს დაძაბულობას, ამცირებს კონცენტრაციის უნარს და ხელს უშლის სრულფასოვან დასვენებას.
ხმაური სხვადასხვა ინტენსივობისა და სიხშირის არაპერიოდული ბგერების ერთობლიობაა, რომლის ინტენსიურობაც ადამიანის ორგანიზმში გარკვეულ ცვლილებებს იწვევს. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის შეფასებით, ხმაურმა, შესაძლოა, გამოიწვიოს რამდენიმე სახის პრობლემა: სმენის დაზიანება, ყურადღების დაქვეითება, სტრესულ სიგნალებზე ფიზიოლოგიური რეაქციების შეცვლა, ფსიქიკური და სომატური ჯანმრთელობის დარღვევა.
ხმაური მოქმედებს ტვინის სტრუქტურაზეც. განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი გავლენა ნერვულ სისტემაზე და იწვევს თავის ტკივილს, თავბრუსხვევას, მეხსიერების დაქვეითებას, დაღლილობის შეგრძნებას, ემოციურ არამდგრადობას, ტკივილს გულ-მკერდის არეში, სუნთქვისა და პულსის სიჩქარის ცვლილებას, ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლის დარღვევას და ა. შ.
ზოგიერთი ტიპური ხმაური:
85 დეციბელზე მაღალი ხმაური მავნეა ხანგრძლივი ზემოქმედების შემთხვევაში, ხოლო ხმაური თუ 120 დეციბელს აღემატება, სმენას, შესაძლოა, დაუყოვნებლივი ზიანი მიაყენოს.
ხმაური და თბილისი
თბილისში, ისევე როგორც სხვა დიდ ქალაქებში, ხმაური მრავალფეროვნებითა და განსხვავებული ინტენსივობით გამოირჩევა, რაც დამოკიდებულია კონკრეტულ ადგილებსა და აქტივობებზე. ხმაურის დონე იცვლება იმის მიხედვით, თუ სად იმყოფება ადამიანი — უფრო დატვირთულ და ცენტრალურ უბნებში ის უფრო ინტენსიურია, ვიდრე რეკრეაციულ ზონებსა თუ გარეუბნებში.
თუ ბოლო წლების სიტუაციას დავაკვირდებით, ნათლად დავინახავთ, რომ დედაქალაქის მოსახლეობისთვის ხმაური მუდმივ დისკომფორტად იქცა. ხშირია აკუსტიკური ხმაურის დასაშვებ ნორმაზე გადაჭარბების შემთხვევები და აქედან გამომდინარე, იმატებს მოქალაქეთა მხრიდან შესაბამის უწყებებში მიმართვიანობაც ხმაურის სხვადასხვა კერის აღმოსაფხვრელად, მაგრამ პრობლემა მაინც გადაუჭრელი რჩება.
საქართველოს მთავრობის 2017 წლის დადგენილებით, დღისა და ღამის საათებში საცხოვრებელი სახლებისა და საზოგადოებრივი დაწესებულებების ხმაურის დასაშვებ ნორმებზე გადაჭარბების გამო, ფიზიკურ და იურიდიულ პირებს, პირველ შემთხვევაში, გააფრთხილებდნენ, ხოლო დარღვევის გამეორებისას, ფიზიკურ პირს 150 ლარით, იურიდიულს კი — 500 ლარით დააჯარიმებდნენ. ჯარიმა იზრდებოდა მომდევნო დარღვევების შემთხვევაშიც. თუმცა პრაქტიკამ გვაჩვენა, რომ ეს მიდგომა არაეფექტური გამოდგა. ობიექტების დიდი ნაწილი მოქმედი რეგულაციის დაცვას მცირე ჯარიმების გადახდას ამჯობინებდა. სხვადასხვა დაწესებულების მხრიდან შეზღუდვების ხშირი დარღვევის გამო, 2024 წლიდან კანონმდებლობის გამკაცრება გახდა საჭირო და ამჯერად თუ ობიექტი (რესტორანი, კაფე-ბარი) ხმაურის დასაშვებ ზღვარს გადაამეტებს, გაფრთხილების გარეშე 1 500 ლარით დაჯარიმდება, განმეორებების შემთხვევაში კი სანქცია 10 000 ლარამდე შეიძლება გაიზარდოს.
ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით აკუსტიკური ხმაურის დასაშვები ნორმები განსხვავებულია დღის (08:00 სთ-დან 23:00 სთ-მდე) და ღამის (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პერიოდებისთვის. ასევე, სხვადასხვა ზღვარია დაწესებული სხვადასხვა ტიპის ობიექტისთვის, რაც, ძირითადად, 30-დან 55 დეციბელს შორის მერყეობს. ღამის საათებში ყველაზე დაბალი ზღვარი საცხოვრებელ სივრცეებშია დაწესებული, ხოლო რესტორნებს, ბარებსა და კაფეებს 50 დეციბელის დაცვა მართებთ.
თუმცა, როგორც ყველა კანონს, აღნიშნულ ტექნიკურ რეგლამენტსაც თავისი გამონაკლისი შემთხვევები გააჩნია, რაც, შეიძლება ითქვას, რომ მოსახლეობისთვის ერთ-ერთ ყველაზე პრობლემატურ საკითხს მოუგვარებელს ტოვებს. კერძოდ, მოქალაქეების განსაკუთრებული წუხილი უკავშირდება დასახლებულ პუნქტებთან ახლოს მდებარე ღამის კლუბებიდან თუ რესტორნებიდან მომავალ ხმაურს. ზემოთ აღვნიშნეთ, რომ მათ კანონის მიხედვით 55 დეციბელიანი ზღვრის დაცვლა მოეთხოვებათ, მაგრამ საქმე ასე მარტივად არ არის. დოკუმენტში ვკითხულობთ: ადგილობრივი მუნიციპალიტეტები უფლებამოსილნი არიან, განსაზღვრონ სპეციალური ზონები (მაგ.: ტურისტულად აქტიური ზონები და გასართობი ზონები, სადაც განთავსებულია რესტორნები, კაფეები, ბარები, ღამის კლუბები და ა.შ.), რომელთა მიმართ შეუძლიათ დააწესონ ამ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებისაგან განსხვავებული რეჟიმი. რაც იმას ნიშნავს, რომ რიგი ობიექტები კანონის ფარგლებში უგულებელყოფენ მოსახლეობის ჯანმრთელობას.
ღამის საათებში (23:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე) პიროტექნიკის გამოყენებაც კანონის მიხედვით დასჯადია, მაგრამ ეს პუნქტი, პრაქტიკაში თითქმის განუხორციელებელია. გამონაკლისია სადღესასწაულო დღეები: ახალი წელი, 26 მაისი და 9 აპრილი.
ამასთან, ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნები არ ვრცელდება:
ისიც აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რეგულაციის დარღვევის შემთხვევაში სანქციების გამკაცრებასთან ერთად, თბილისის მერიის მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტომ წამოიწყო პროექტი, რომელიც კონკრეტულ ლოკაციებზე დამონტაჟებული დეტექტორების მეშვეობით სატრანსპორტო საშუალებების ხმაურის დონის დადგენას ითვალისწინებს. თბილისის მერიის ოფიციალური განცხადების თანახმად, აღნიშნული დეტექტორები უკვე დამონტაჟებულია სხვადასხვა ლოკაციაზე. მათი საშუალებით, შესაძლებელი იქნება ხმაურის დონის რეგულაციის დამრღვევი სატრანსპორტო საშუალებების გამოვლენა, რაც ღამის საათებში მკვეთრად შეამცირებს ხმაურიანი ავტომობილებით გადაადგილებასა და მოსახლეობის შეწუხებას.
ურბანული ხმაურის მართვა
ხმაურის შესამცირებლად აუცილებელია მრავალმხრივი და კომპლექსური ზომების მიღება, რაც მოითხოვს როგორც შესაბამის პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ასევე ტექნოლოგიურ ინოვაციებსა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას. ასევე, სხვადასხვა ქვეყანაში დამკვიდრებული პრაქტიკის გათვალისწინებით, ელექტრომობილებისა და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაცია ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ნაბიჯია ხმაურის შესამცირებლად.
ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია ქალაქის მწვანე სივრცეების განვითარება. პარკები, სკვერები და მწვანე ზონები არა მხოლოდ აუმჯობესებს ჰაერის ხარისხს, არამედ მნიშვნელოვან როლს თამაშობს ხმაურის შთანთქმაში.
თანამედროვე არქიტექტურაში სახლებისა და შენობების კონსტრუქციებში იზოლაციის სისტემების გამოყენება მნიშვნელოვნად ამცირებს ხმაურის ზემოქმედებას შიდა სივრცეში.
დაბოლოს, ყველაზე მნიშვნელოვანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. მოქალაქეებს უნდა ჰქონდეთ ინფორმაცია ხმაურის მავნე გავლენების შესახებ და იცოდნენ, როგორ შეამცირონ ეს პრობლემა ყოველდღიურ ცხოვრებაში.