1734011100

მწერალთა სახლი, როგორც ქვეყნის კულტურული და პოლიტიკური პროცესების პროექცია

ჰედერი

ავტორი

მეკო მეტრეველი

„ჩემი სიკვდილის მიზეზია პოეტის სახელის დაკავშირების შეუძლებლობა იმ შეურაცხყოფებთან, რაც მე მომაყენეს ადამიანებმა, ვისთანაც ვმეგობრობდი და რომლებიც (ამაში სავსებით დარწმუნებული ვარ) ქართველი ხალხის მტრები აღმოჩნდნენ“, — თქვა პაოლო იაშვილმა სიკვდილის წინ ცოლისადმი (თამარ იაშვილი) მიწერილ წერილში, 1937 წლის 22 ივლისს, როდესაც მწერალთა კავშირის შენობაში, პრეზიდიუმის სხდომის მიმდინარეობისას, ჯაშუშობასა და კონტრრევოლუციონერობაში ბრალდებულმა პაოლო იაშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ამ ამბავს კი ლავრენტი ბერია შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: „მისი თვითმკვლელობა მწერალთა სახლში, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომის მიმდინარეობის დროს წარმოადგენს პროვოკაციულ აქტს, რომელიც ზიზღსა და აღშფოთებას იწვევს ყოველ პატიოსან საბჭოთა მწერლის შეგნებაში".

პაოლო იაშვილის სიკვდილი და საბჭოთა პერიოდის 1937-1938 წლების მასობრივი რეპრესიები საზოგადოების კოლექტიურ მეხსიერებაში მაჩაბლის N13-ში მდგარ „მწერალთა სახლის“ შენობას მჭიდროდ დაუკავშირდა. რის გამოც ის არაერთი მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენის, მოგონებების და ეროვნული იდენტობის შენარჩუნების ადგილად იქცა. შენობა სხვადასხვა პერიოდის მიმდინარე პროცესების ერთგვარ პროექციად წარმოგვიდგა და შეიძლება ითქვას, სისტემის სახის გამომხატველი, ქვეყნის ბედის ამრეკლავი გახდა. მისი ისტორია კი 1903-1905 წლებში დაიწყო.

დავით სარაჯიშვილის მემკვიდრეობა

ცნობილმა მეცენატმა და ქართული კონიაკის წარმოების ფუძემდებელმა, ქიმიისა და ფილოსოფიის მეცნიერებათა დოქტორმა, დავით სარაჯიშვილმა, მამისეული სახლის ადგილას, 1903-1905 წლებში, დღევანდელი „მწერალთა სახლის“ შენობა ააგო. საცხოვრებელი გერმანელი არქიტექტორის — კარლ ცაარის პროექტის მიხედვით შეიქმნა, რომელთან ერთად მშენებლობაში თბილისელი არქიტექტორები ალექსანდრე ოზეროვი და კორნელი ტატიშჩევიც მონაწილეობდნენ. ხის ინტერიერი კი ცნობილმა თბილისელმა ხელოსანმა, ილია მამაცაშვილმა შეასრულა. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ საცხოვრებელი სახლის გახსნა დავით სარაჯიშვილმა ეკატერინე ფორაქიშვილთან ქორწინების 25 წლის იუბილეს დაამთხვია. მალევე ეს შენობა იმ პერიოდის ქალაქის კულტურული ცხოვრების მნიშვნელოვან ცენტრად იქცა. აქ იმართებოდა სხვადასხვა ტიპის კულტურული ღონისძიება, შეხვედრები, ლიტერატურული და სამხატვრო საღამოები, ქართული ნადიმები და მეჯლისები. ამ სახლს ხშირად სტუმრობდნენ ქართველი და უცხოელი მოღვაწეები, მწერლები და ხელოვანები, შესაბამისად, შენობა იმ ეპოქის, კერძოდ კი თბილისის კულტურული აღმავლობისა და განვითარების პროცესებს ნათლად ირეკლავდა.

„მწერალთა სახლის შენობას უცნაური ბედი აქვს, ზუსტად ირეკლავს იმ ყველაფერს, რაც კონკრეტულ პერიოდში ქვეყანაში ხდება. ის დავით სარაჯიშვილმა 1905 წელს ააშენა და გახსნისთანავე სახლი ქვეყნის კულტურული ცხოვრების ეპიცენტრად იქცა. დავით სარაჯიშვილი არ იყო მხოლოდ მეცენატი და კონიაკის მწარმოებელი, არამედ უდიდესი მასშტაბის მოღვაწე, რომლის გარშემო ყველა მნიშვნელოვანი ეროვნული თუ კულტურული პროცესები ერთიანდებოდა. მის მიერ წამოწყებულ ნებისმიერ საქმიანობას ჰქონდა ეროვნული მოტივი, იმ პერიოდის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენის ინიციატორი ან მხარდამჭერიც სწორედ ის იყო. დავით სარაჯიშვილი წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების აქტიური შემწირველი და ხელშემწყობი გახლდათ. ის იყო პირველი ქართული უნივერსიტეტის დამფინანსებელი, რომლის აშენებას, სამწუხაროდ, ვერ მოესწრო. მატერიალურად ხელს უწყობდა ექვთიმე თაყაიშვილის ეთნოგრაფიულ ექსპედიციებს, ეკლესია-მონასტრების მშენებლობას. უდიდესი წვლილი აქვს შეტანილი ქაშვეთის ტაძრის აგებაში, სადაც მეუღლესთან ერთად არის დაკრძალული. ის აფინანსებდა ახალგაზრდების სწავლა-განათლებას და არაერთ მეცნიერსა თუ ხელოვანს მატერიალურად ეხმარებოდა", — გვიყვება „მწერალთა სახლის“ ყოფილი ხელმძღვანელი და პენცენტრის ამჟამინდელი აღმასრულებელი დირექტორი, ნატა ლომოური.

სარაჯიშვილის ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი თბილისური და ევროპული არქიტექტურის სინთეზის იდეალურ ნიმუშს წარმოადგენს, რომელიც მოდერნის სტილს განეკუთვნება და მისთვის დამახასიათებელი არქიტექტურული გადაწყვეტებით ხასიათდება. ფასადზე გამოყენებულია ტალღოვანი ფრონტონები, ნაძერწი ნიჟარები, მცენარეული ორნამენტები. სახლის ვერანდა მოპირკეთებულია ცნობილი ბრენდის „ვილეროი და ბოხის" კერამიკული ფილებით. გვხვდება უნიკალური ხის ნიმუშები და ინტერიერის ელემენტები.

1911 წელს, დავით სარაჯიშვილის გარდაცვალების შემდეგ, სახლი მის მეუღლეს, ეკატერინე ფორაქიშვილს გადაეცა. მოგვიანებით შენობა ცნობილმა ქართველმა მრეწველმა და მეცენატმა, აკაკი ხოშტარიამ შეიძინა, რომელმაც სახლს იტალიიდან ჩამოტანილი ლომის ქანდაკებები და ანტიკური ნივთები შესძინა, ეზოში კი საზაფხულო და ზამთრის ბაღები მოაწყო.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდში შენობას ახალი მნიშვნელობა მიენიჭა და ის იმ დროის პოლიტიკური ცენტრი გახდა. აქ იმართებოდა მთავრობის წევრების შეხვედრები, ნოე ჟორდანიას, ევგენი გეგეჭკორის, ნოე რამიშვილის საუბრები. „მწერალთა სახლის“ შენობაში ცხოვრობდა გაერთიანებული სამეფოს უმაღლესი წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკაში ოლივერ უორდროპიც. თუმცა 1921 წელს ყველაფერი შეიცვალა და საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ქვეყანასთან ერთად ამ სახლის ბედიც ტრაგიკულად წარიმართა.

სისხლიანი რეჟიმი

1921 წელს აკაკი ხოშტარია იძულებული გახდა საქართველო დაეტოვებინა და ემიგრაციაში წასულიყო. ამავე წლის 28 თებერვალს საქართველოს რევოლუციურმა კომიტეტმა, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის დადგენილებით, ქართველ მწერლებსა და ხელოვანებს დავით სარაჯიშვილის სახლი გადასცა. 20-იანი წლებიდან შენობას ხელოვანთა სასახლე ეწოდა, 1923 წელს კი ხელოვანთა კავშირს მწერალთა კავშირი ცალკე გამოეყო და ორგანიზაციამ ამ შენობაში დაიდო ბინა 2007 წლამდე.

„1921 წლის 28 თებერვალს, გასაბჭოებიდან მესამე დღეს, რევოლუციური კომიტეტის დადგენილებით სახლი მწერალთა კავშირს გადაეცა, რაც ძალიან სიმბოლურია, რადგან ავტორიტარული რეჟიმი თბილისში ერთ-ერთ საუკეთესო შენობას ქართველ ხელოვანებს აჩუქებს, არა იმიტომ, რომ მათი გულშემატკივარია, არამედ რეჟიმს სჭირდება საყრდენი, ინტელექტუალური ძალის მხარდაჭერა. 1921 წელსვე იყო ფაქტები, როდესაც მწერლებს იჭერდნენ მათი ტექსტების გამო. შემდეგ წლებში გარკვეული ტიპის თანამშრომლობა მართლაც მიმდინარეობდა რეჟიმსა და მწერლებს შორის, თუმცა ყოველთვის არსებობდნენ მწერლები, რომლებიც იბრძოდნენ და არ ეგუებოდნენ ამ რეალობას. საბჭოთა რეპრესიები განსაკუთრებული სისასტიკით 30-იანი წლებიდან, 1937-1938 წლებში გამოვლინდა. ამ შემთხვევაშიც შენობა მიმდინარე მოვლენებს ზუსტად ირეკლავდა. ამის კულმინაციური მომენტი იყო პაოლო იაშვილის თვითმკვლელობა, რომელიც, პრინციპში, ერთადერთი საჯარო პროტესტი აღმოჩნდა მწერლების მხრიდან. მომდენო წლებში ამას მოჰყვა სხვა მწერლების, მათ შორის ტიციან ტაბიძის, ივანე ჯავახიშვილის, ვახტანგ კოტეტიშვილის დახვრეტა", — აღნიშნავს ნატა ლომოური.

დასმენები, საგანგებო კრებები, ყრილობები, ინტრიგები – იმჟამად მწერალთა კავშირის შენობა კვლავ ქვეყანაში მიმდინარე სოციალური, პოლიტიკური, კულტურულ პროცესების სარკედ იქცა.

სარაჯიშვილის ყოფილ სახლში საგანგებო შეკრებებზე, მწერალთა კავშირის პრეზიდიუმის სხდომებზე მწერლებს მწერალთა კავშირიდან რიცხავდნენ და ერთმანეთს დასახვრეტად სწირავდნენ. მწერალთა კავშირში არსებობდა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ქართველ მწერალთა შემოქმედებას აკონტროლებდა. ტექსტები პარტიისა და ბელადის ხოტბის შემსხმელი და საბჭოთა იდეოლოგიის მატარებელი უნდა ყოფილიყო, წინააღმდეგ შემთხვევაში „დაუმორჩილებელ“ ხელოვანებს კავშირის რიგებიდან აძევებდნენ.

ე. წ. პროლეტარი მწერლები, რომლებიც ბოლშევიკური ხელისუფლების საყრდენად და მათი ინტერესების გატარების იარაღად იქცნენ, დაუპირისპირდნენ: გიორგი ლეონიძეს, კონსტანტინე გამსახურდიას, მიხეილ ჯავახიშვილს, პაოლო იაშვილს, ტიციან ტაბიძეს, ნიკოლო მიწიშვილს და არაერთ ავტორს, რომელთა უმეტესობაც საბჭოთა ხელისუფლების ღალატის, კონტრრევოლუციური მოძრაობის ბრალდებით დახვრიტეს.

მწერლების მიმართ ტერორი და რეპრესიები მე-20 საუკუნის 60-იან წლებში შეჩერდა, ხოლო მწერალთა კავშირმა ფუნქციონირება 2007 წელს შეწყვიტა. 2008 წლის 23 ოქტომბერს, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების საფუძველზე, ახალი ორგანიზაცია — „მწერალთა სახლი“ შეიქმნა, რა დროსაც ამ შენობის ახალი, თანამედროვე ისტორია დაიწყო.

თავისუფლება და თანამედროვეობა

„მწერალთა სახლის ხელმძღვანელად 2011 წელს დავინიშნე. შენობა ფაქტობრივად განადგურებული, მოუვლელი და მიტოვებული დამხვდა. მისი გარემონტების, რესტავრაციის შემდეგ მუშაობა 2013 წელს დავიწყეთ და მწერლების, შემოქმედებისა და საზოგადოებისათვის „მწერალთა სახლის“ კარი კვლავ გავხსენით. იმის გამო, რომ ბოლო წლებში მწერალთა კავშირი კარჩაკეტილი ინსტიტუცია იყო, ბევრი თანამედროვე მწერალი შენობაში ნამყოფიც არ იყო. მახსოვს, ამ ადგილის მიმართ საზოგადოებაში არსებულ სხვადასხვა დამოკიდებულებას ვგრძნობდი: ერთის მხრივ ის უყვარდათ, პატივს სცემდნენ, მეორეს მხრივ კი მას ეჭვის თვალით უყურებდნენ და წითელი ტერორის ადგილად მიიჩნევდნენ, თუმცა დროთა განმავლობაში ეს სივრცე ყველასათვის სასურველ ადგილად იქცა“, — ამბობს ნატა ლომოური.

ნატა ლომოურის და მისი გუნდის მუშაობის პერიოდში „მწერალთა სახლი" განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა და ის კვლავ თანამედროვე, წინსვლის გზაზე მყოფი ქვეყნის კულტურულ პროცესებს ირეკლავდა. ადგილობრივი თუ საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალების, მწერალთა რეზიდენციის, კულტურული პროექტების, საგანმანათლებლო პროგრამების, მუზეუმების, ლიტერატურული საღამოების, საჯარო ლექციების, დისკუსიების, თარგმანთა ხელშეწყობისა და ლიტერატურული პრემიების დამსახურებით ამ შენობამ კვლავ ცენტრალური ადგილი დაიკავა ქართული საზოგადოების კულტურულ ცხოვრებაში და არაერთი ინტელექტუალის, ხელოვანის, შემოქმედისა თუ რიგითი სტუმრის ერთ-ერთ საყვარელ სივრცედ იქცა ქალაქში.

„გარდა იმისა, რომ ჩვენ ეს შენობა განვაახლეთ და მას თავდაპირველი იერსახე დავუბრუნეთ, ვფიქრობ, ყველაზე მთავარი, რაც შევძელით, მისთვის შინაარსის და ფუნქციის მიცემა იყო. რომელიც ერთი მხრივ წარსულის მატიანეა, მეორე მხრივ კი — თანამედროვე, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ადგილი. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ტრადიციების დაცვა, ამიტომ გავაკეთეთ — დავით სარაჯიშვილის მემორიალური მუზეუმი და რეპრესირებული მწერლების მუზეუმი, რათა ხაზი გაგვესვა, რამდენად ვცემთ პატივს ჩვენს წარსულს, ამ ისტორიას და იმ ადამიანებს, რომლებმაც საქართველო აქამდე მოიყვანეს. რეპრესირებული მწერლების მუზეუმი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბჭოთა პერიოდის გასაანალიზებლად და მის სწორად შესაფასებლად. ამასთან, ამ სახლში რეპრესირებული მწერლების მუზეუმის არსებობა სიმბოლურიცაა, რადგან პაოლო იაშვილის თვითმკვლელობით ეს ადგილი გახდა საჯარო პროტესტის სივრცე და საბჭოთა რეპრესიების სიმბოლო. ჩემი აზრით, ამ მუზეუმს აქვს როგორც მემორიალური დანიშნულება, ამ ადამიანებისთვის პატივის მიგების მცდელობა, ასევე საგანმანათლებლო მიზანი, რათა ახალგაზრდებმა, და არა მარტო, ზუსტად იცოდნენ, რეალურად რა ხდებოდა იმ პერიოდში, რისი გადატანა უწევდათ მწერლებს რეჟიმთან წინააღმდეგ ბრძოლაში. ასევე გვქონდა ერთგვარი პრევენციული მიზანიც, იმიტომ რომ ამ ყველაფრის გადააზრების შემდეგ საზოგადოებამ იმავეს გამეორება არ დაუშვას", — აღნიშნავს ნატა ლომოური.

ნატა ლომოური „მწერალთა სახლის" როლზეც გვესაუბრება და თავის ხედვას გვიზიარებს მის ფუნქციასთან დაკავშირებით.

„ვფიქრობ, „მწერალთა სახლი" უნდა იყოს კულტურული, ლიტერატურული ცხოვრებისა და განათლების ცენტრი. საგანმანათლებლო ნაწილი ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო და ყოველთვის ხაზს ვუსვამდით მის აუცილებლობას, ამიტომ ამ მიმართულებით არაერთ პროექტს ვახორციელებდით. ამასთან ერთად ვფიქრობ, „მწერალთა სახლი" ავანგარდში უნდა იყოს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან, მათ შორის პოლიტიკურ კონტექსტთან. როდესაც ქვეყანაში რაღაც მნიშვნელოვანი ხდება, ხელოვნება განზე ვერ გადგება, ვითომ ეს პროცესები მას არ ეხება, რადგან ხელოვნება უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ისტორიას რომ გადავხედოთ, მწერლებიც ქვეყნის სოციალურ-პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული და მათმა ჩართულობამ ამ ქვეყნის ბედი მეტწილად განსაზღვრა კიდეც", — აცხადებს ნატა ლომოური.

2019 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს განკარგულებით „ქართული წიგნის ეროვნული ცენტრი" და „მწერალთა სახლი" გაუქმდა, მათ ნაცვლად კი ახალი ორგანიზაცია — ქართული ლიტერატურის ეროვნული ფონდი ჩამოყალიბდა, რასაც მწერლების, მთარგმნელების, გამომცემლობის დიდი ნაწილის მხრიდან პროტესტი და წინააღმდეგობა მოჰყვა. ისინი სტრუქტურულ ცვლილებას სახელმწიფოს უხეშ ჩარევად და მათი დასჯის მცდელობად მიიჩნევდნენ. ორთვიანი მუშაობის შემდეგ ლიტერატურის ეროვნული ფონდი გაუქმდა, მის ნაცვლად კი ახალი ორგანიზაცია ჩამოყალიბდა, რომელსაც „მწერალთა სახლი" დაერქვა, ორგანიზაციის ხელმძღვანელად კი ნატა ლომოური, მწერალთა სახლის ყოფილი დირექტორი, დაინიშნა.

„მწერალთა სახლი“ დღეს

2023 წელს „მწერალთა სახლის" ხელმძღვანელი პარტია „ქართული ოცნების" წევრი, ქეთევან დუმბაძე გახდა. მწერლების უმრავლესობის საერთო განცხადების საფუძველზე, ისინი ეწინააღმდეგებოდნენ კულტურის სამინისტროს პოლიტიკას, რომელიც მათი აზრით, საბჭოთა და არადემოკრატიულ ხასიათს ატარებდა და ქეთევან დუმბაძის, როგორც ე. წ. „რუსული კანონის" მხარდამჭერის, დანიშვნას აპროტესტებდნენ. მწერლების წინააღმდეგობა ბოიკოტში გადაიზარდა და უმრავლესობამ „მწერალთა სახლთან" ყოველგვარი თანამშრომლობა შეწყვიტა.

დღეს „მწერალთა სახლი" მწერლების, მთარგმნელებისა და გამომცემლების დიდი ნაწილის გარეშეა დარჩენილი, ისინი ღიად ეწინააღმდეგებიან ორგანიზაციის ახალ მმართველობას და მის პოლიტიკას. ბოლო პერიოდში ქვეყანაში განვითარებულ პროცესებზე, საპროტესტო აქციებზე, მწერლებსა და კულტურის სფეროს წარმომადგენლების მიმართ ძალადობასა და დაკავებებზე „მწერალთა სახლს" ჯერ ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. ამ დუმილს ხელოვნების სფეროს წარმომადგენლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა, ისინი ქეთევან დუმბაძისგან პოზიციის გამოხატვას და ძალადობის დაგმობას მოითხოვენ, რაზეც „მწერალთა სახლის" ოფიციალური წარმომადგენლობა კომენტარს არ აკეთებს.

თუ „მწერალთა სახლის" ისტორიას და ჩვენს წარსულს გავიხსენებთ, რომელიც რატომღაც ხშირად მითოსური დროის მსგავსად ციკლურია, მიუხედავად რეჟიმისა და კონკრეტული სისტემების გავლენების მცდელობისა, მიუხედავად იმისა, რომ ეს ადგილი გარკვეული ინტერესების და იდეოლოგიის გამტარი ხშირად გამხდარა, ის თავის იდენტობას არასდროს კარგავს და მუდმივად იბრუნებს დავით სარაჯიშვილისეულ მემკვიდრეობას — თავისუფალი, ღია, დამოუკიდებელი იდეის მატარებელ სივრცის სტატუსს, სადაც კულტურული, საგანმანათლებლო, სოციალური პროცესები ცენტრალურ ადგილს იკავებს და რომელიც მუდამ ავანგარდშია ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან და პოლიტიკურ კონტექსტთან.






ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები