1737466752
ავტორი
ნინი მეტრეველი
ევროპასა და ამერიკაზე რომ არაფერი ვთქვათ, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, თბილისში ეგვიპტიდან ჩამოტანილი ჭაღები ან ინდოეთიდან ჩამოტანილი ხალიჩები დიდ ფუფუნებად მიიჩნეოდა. თბილისელები, და არა მარტო, ცდილობდნენ, თავიანთი სახლების ინტერიერი ისეთი ნივთებით გაემრავალფეროვნებინათ, რომლებიც არა საბჭოთა კავშირში ან სოციალისტურ ქვეყნებში, არამედ მის საზღვრებს გარეთ იყო წარმოებული. და ეს საკმაოდ რთული გამოწვევა იყო.
ამ სტატიაში არ ვსაუბრობთ ჯინსებზე ან აკრძალული მუსიკის ვინილის ფირფიტებზე. ვსაუბრობთ ისეთ ნივთებზე, რომელთა ჩანაცვლებაც დიდ ხარჯებს უკავშირდება, ამიტომ დროს უფრო მეტად გაუძლო — შპალერი, ავეჯი, ჭაღები, ხალიჩები, ჭურჭელი.
ახლა ასეთი ნივთები ან კედლის სათავსოების უკანა თაროებზეა შეტენილი ან მშრალ ხიდზეა გამოფენილი, მაგრამ თბილისში მაინც არსებობს ისეთი ბინები, რომელთა კარიც დროის პორტალია და შესვლისთანავე საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში გაბრუნებთ.
ამ ნივთებს სახელებიც კი მაშინდელი აქვთ შერჩენილი: „ბუფეტი“, „სერვანდი“, „სტელაჟი“ და ა. შ. იმ პერიოდში, თავისუფლად შეიძლებოდა, თქვენ და ნებისმიერ თქვენს ნაცნობს ერთნაირი დივანი, სამზარეულოს კარადა ან საძინებლის ავეჯი გქონოდათ. ცხადია, არ ვლაპარაკობთ მსგავს სტილზე. საუბარია აბსოლუტურად იდენტურ ნივთებზე. ზუსტად ამ ფაქტს დასცინიან იმ ცნობილ საბჭოთა ფილმშიც, რომელსაც ყოველ ახალ წელს ინერციით ვუყურებდით ხოლმე რუსებზე გაბრაზებული ქართველები. კარგია, რომ ეს ტრადიციაც, ბოლო პერიოდში, შეიცვალა.
ბევრ ოჯახში შეხვდებოდით ისეთ ნივთებს, როგორიცაა რუმინული „სტენკა“, ავეჯი „ტულპანი“, ჩეხური ჭაღები, ბროლის ლარნაკები და ჭიქები, მელქიორის დანა-ჩანგალი. ზოგს წინაპრებისგან ერგო კედელზე დასაკიდი ანტიკვარული თეფშები, ძველებური საათები, მაგიდის სანათი მწვანე აბაჟურით, შაქარყინულის სამტვრევი ან ძველებური სამოვარი.
მაშინ ინდივიდუალიზმის გამოხატვა არც ყოფილა ინტერიერის დიზაინის მიზანი. არჩევანი მხოლოდ რამდენიმე მასობრივ წარმოებას შორის იყო: შპალერი — ზოლიანი ან ყვავილებიანი; ჭაღი — უმეტესად ბროლის; კარადები — გაპრიალებული ხის ზედაპირით, ალაგ-ალაგ შუშით დაფარული სათავსოთი; დივანი — ფუნქციური, მაგრამ ელეგანტურობისგან შორს მდგომი; ჭურჭელი — იდენტური ან ძალიან მსგავსი ნახატებით; ეს ყველაფერი, თითქოს, საბჭოთა ოფიციალური დეკორი იყო. და მაინც, ზოგიერთი ადამიანი ახერხებდა, გადამყიდველებისგან რაღაც განსხვავებული შეეძინა ან მოგზაურობისას ხელისთვის რამე გამოეყოლებინა.
თუმცა აქაც შეზღუდვას აწყდებოდნენ. საბჭოთა ტურისტს, ოფიციალურად, მხოლოდ, დაახლოებით, 30 დოლარის გადახურდავება შეეძლო. ამიტომაც აქედან მიჰქონდათ ფოტო და კინოაპარატები, თეთრეული და ხიზილალაც კი, რომ საზღვარგარეთ განსხვავებულ ჭურჭელში, სანათებში ან დეკორაციებში გადაეცვალათ.
ესეც ხომ ერთგვარი პროტესტია, წინააღმდეგობის მშვიდი აქტი სისტემის საპასუხოდ. ახლა, საბჭოთა ინტერიერი ნოსტალგიაზე მეტად იმ მოგონებებს აღვიძებს, რომელიც ჩაკეტილი საზღვრების რღვევისა თუ რაღაც განსხვავებულის შეცნობის სურვილს უკავშირდება.
1736429640
1737378462
1737110160
1737036300