1734956040
ავტორი
მეკო მეტრეველი
„ხელოვნებაა თავად უკვდავება“ — ეს სიტყვები ქართული საზოგადოების უმეტესი ნაწილისთვის (თუ არა ყველასთვის) კარგად ნაცნობია და, შესაძლოა, ხელოვნების არსზე დაფიქრებისას ცნობიერად თუ არაცნობიერად სწორედ ეს ფრაზა გაგვახსენდეს. თუმცა რამდენადაა შესაძლებელი, ყველა „ხელოვნებად წოდებულმა“ ნამუშევარმა უკვდავება მოიპოვოს? კვლავ კონსტანტინე გამსახურდიას თუ დავესესხებით, „ხვლიკისფერი სვეტიცხოვლისგან" განსხვავებით, ხელოვნების უკვდავებაში დასარწმუნებლად ათასეული წლების გავლა და ყველაფრის წალეკვა არ დასჭირდა რუსთავის ცნობილ ქანდაკებას („პორტალი/ სამოთხის კარიბჭე"), რომელიც ქალაქის ერთ-ერთ ქუჩაზე განთავსებიდან რამდენიმე საათში ნაჩქარევად აიღეს. ამჟამად კი რუსთავის პარკის უკანა ჩასასვლელთან არის დადგმული.
რუსთავში, მესხიშვილის სახელობის ქუჩაზე ქანდაკების დემონტაჟი მას შემდეგ განხორციელდა, რაც სოციალურ ქსელში საზოგადოების მხრიდან მის გამოჩენას ნეგატიური შეფასება მოჰყვა. რუსთავის ქალაქის მერის, ნინო ლაცაბიძის თქმით, მერიამ საზოგადოების აზრი გაითვალისწინა, თუმცა ეს მისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შექმნილი ყველა ქანდაკება რუსთაველებს უკვე ნანახი ჰქონდათ.
ქანდაკება, რომელმაც საზოგადოების დიდ ნაწილში განსხვავებულ ასოციაციებს და სახალისო ინტერპრეტაციებს დაუდო საფუძველი, საინტერესო საკითხებზე გვაფიქრებს — სად უნდა ვეძებოთ პრობლემა: საზოგადოებაში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების არსს ვერ ჩასწვდა, კონტექსტისა და ადგილის გაუთვალისწინებლობასა თუ ნამუშევრის შესრულების ხარისხში?
„რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის შესახებ მეგობრისგან შევიტყვე და პროექტში მონაწილეობა გადავწყვიტე. ვიცოდი, რომ ეს იყო უძველესი ერი და კულტურა, მე კი ყოველთვის მაინტერესებდა მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონი. საქართველოში მყავდა მეგობრებიც, რომელთაგან ერთ-ერთი ჩინეთში იყო მოწვეული მოქანდაკეთა სიმპოზიუმზე 2017 წელს, რომელიც ჩემი ორგანიზებით ჩატარდა (რადგან ჩინეთში მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმის კურატორი გახლავართ). ასევე, ხელოვნების აკადემიის პედაგოგი ვარ (Central Academy of Fine Art). ვიცი, რომ თბილისში ხელოვნების განათლების დიდი სკოლა/ტრადიცია გაქვთ, რაც უფრო საინტერესოს ხდიდა ამ მოგზაურობას“, — გვიყვება „პორტალი/სამოთხის კარიბჭის“ ავტორი, ჩინელი ხელოვანი, ზაო ლეი (Zhao Lei) ურბან მედიასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში.
ზაო ლეი ჩინელი მოქანდაკე და პეკინის უნივერსიტეტის პროფესორია, რომელსაც 50-ზე მეტ საერთაშორისო სიმპოზიუმში აქვს მონაწილეობა მიღებული და რამდენიმე საერთაშორისო სახელოვნებო ორგანიზაციის წევრია.
ზაო ლეის „პორტალი/სამოთხის კარიბჭე“ 14 ქანდაკებას შორის ერთ-ერთია, რომელიც მოქანდაკეთა სიმპოზიუმის ფარგლებში შეიქმნა და ქალაქ რუსთავის ერთ-ერთ უბანში განთავსდა.
2024 წლის ზაფხულში რუსთავის მოქანდაკეთა საერთაშორისო სიმპოზიუმი წლების შემდეგ განახლდა და ქართველ თუ უცხოელ ხელოვანებს შემოქმედებითი ხედვის ახლებურად გამოვლენის შესაძლებლობა შესთავაზა. ის რუსთავში პირველად 1990 წელს ჩატარდა და ქართველ მოქანდაკეებთან ერთად იაპონელ, კუბელ და ამერიკელ ხელოვანებს უმასპინძლა. 1990-დან 1995 წლამდე სიმპოზიუმი სამჯერ გაიმართა და ამ პერიოდიდან რუსთავს სხვადასხვა ადგილზე განთავსებული 21 ქანდაკება შემორჩა. ხანგრძლივი პაუზის შემდეგ სიმპოზიუმი 2016 წელს განახლდა, რომელშიც 8 ქართველი და 3 უცხოელი სკულპტორი იღებდა მონაწილეობას. 2024 წელს კი მოქანდაკეთა შეკრების ტრადიცია კვლავ აღდგა. ქართველმა და უცხოელმა სკულპტორებმა, სიმპოზიუმის ფარგლებში, რუსთავის პარკის ტერიტორიაზე 21 დღის განმავლობაში 14 ქანდაკება შექმნეს, რომლებიც ქალაქის მასშტაბით ეტაპობრივად განთავსდება.
„რუსთავის მოქანდაკეთა სიმპოზიუმი ერთ-ერთია იმ საერთაშორისო სიმპოზიუმებს შორის, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ტარდება. პროექტი საკმაოდ კარგად იყო ორგანიზებული და მის უკან პროფესიონალი კურატორი იდგა, რომელიც თავადაც ხელოვანია და მსგავს სიმპოზიუმებში ადრეც მიუღია მონაწილეობა, რაც ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის. საინტერესო იყო სიმპოზიუმის პროგრამაც – უძველესი ადგილების მონახულება, ხინკლის ერთობლივად მომზადება…“, — გვიამბობს ზაო ლეი.
თანამედროვე ხელოვნების აღქმა სუბიექტურია და კონკრეტული ნამუშევრის მიმართ განსხვავებულ დამოკიდებულებებს გვიჩენს, თუმცა ნამუშევრის შეფასება დიდწილად კულტურული კონტექსტით, სივრცისა და ადგილის გააზრებით არის განპირობებული. ამიტომ ყოველთვის საინტერესოა, თავად ნამუშევარში რამდენადაა გათვალისწინებული ყოველივე ეს.
ხელოვნებათმცოდნე ქეთევან ცეცხლაძე სკულპტურულ ნამუშევარზე გვესაუბრება და კონტექსტის მნიშვნელობაზე მსჯელობს:
„პირველ რიგში, მსურს, აღვნიშნო, რომ ქანდაკება პირადად არ მინახავს ადგილზე, ამიტომ თავს შევიკავებ მკაფიო შეფასებებისგან. რთულია იმსჯელო ქალაქის ცენტრში განთავსებულ ნამუშევარზე ფოტომასალით, თუმცა ერთი უდავოა: ქანდაკება ნამდვილად არ შეესაბამებოდა იმ სივრცეს და გარემოს, სადაც ის განთავსდა. ეს, ვფიქრობ, ყველაზე მნიშვნელოვანი და უმთავრესი ასპექტია. ნებისმიერი ხელოვნების ნიმუში და მით უფრო ქანდაკება შეუძლებელია კონტექსტისა და გარემოსგან განცალკევებით განვიხილოთ. კონტექსტი არის ის, რაც ხელოვნების ნიმუშის მნიშვნელობას, მის შინაარსსა და ღირებულებას განსაზღვრავს.
როგორც ქალაქ რუსთავის მერის ერთ-ერთ ინტერვიუში წავიკითხე, ქალბატონი ნინო ლაცაბიძე გამოხატავდა გაკვირვებას, თუ რატომ გამოიწვია აჟიოტაჟი ქანდაკებამ, რომელიც თოდრიას მოედანზე განთავსებამდე ფართო საზოგადოებას უკვე ჰქონდა ნანახი. სწორედ აქ არის მთავარი პრობლემა, რომელიც, ერთი მხრივ, უკავშირდება გარემოსთან ძეგლის სრულ შეუსაბამობას, მეორე მხრივ კი მისი შესრულების დაბალ ხარისხს.
საინტერესოა, რომ ავტორს თითქმის იდენტური ნამუშევრები აქვს შესრულებული სხვადასხვა დროს და ადგილზე — 2011 წელს საფრანგეთში, 2013 წელს ისრაელში და 2013 წელს ჩინეთში. თუ კარგად დავაკვირდებით, ვნახავთ, სამივე შემთხვევაში შესრულების ხარისხი, ზომა, მასალა, განთავსების ადგილი არსად არ არის ისეთი შეუსაბამო, როგორც ეს რუსთავის შემთხვევაშია. ამდენად, დარწმუნებული ვარ, რომ მოწონება თუ არა, ისეთი რეაქციები არსად მოჰყვებოდა ამ ნამუშევარს, როგორც საქართველოში.
მაგალითისთვის რომ ავიღოთ საფრანგეთში, ბუნების წიაღში, სიმწვანეში დადგმული ქანდაკება, ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ მისი კონტექსტი აღვიქვათ. ახლა გავიხსენოთ, სად და რა გარემოში განთავსდა ის საქართველოში. ქანდაკება სახელწოდებით „პორტალი/სამოთხის კარიბჭე“ გვთავაზობდა „გასავლელს" ნაცრისფერ, უსახურ გარემოში, დაიდგა სრულიად არაპროფესიონალურად, სახელდახელოდ გაკეთებული ფილებით მოპირკეთებულ წრეზე. თავად ნამუშევარიც, რამდენადაც ეს ფოტოებში ჩანს, თითქოს ნაჩქარევად და ზედაპირულადაა შესრულებული...", — ამბობს ქეთევან ცეცხლაძე.
თავის მხრივ, „პორტალი/სამოთხის კარიბჭის“ ავტორი ნამუშევრის იდეურ მხარეზე, კონცეფციის შემუშავების პროცესზე გვესაუბრება:
„ნამუშევარს აქვს კონკრეტული წყარო, რომელსაც „უსასრულობის პორტალი" („Portal of Infinity“) ეწოდება და ჩემი ერთ-ერთი სერიის „სამოთხის ტბის/აუზის" („Heaven Pool") ნაწილია. ჩინეთის დასავლეთ ნაწილში, სინძიანის პროვინციაში მდებარე ტურისტული ადგილის — „ზეციური მთის" („Heaven Mountain“) მონახულებისას მწვერვალზე ვულკანური ტბის წინ აღმოვჩნდი, რამაც სრულიად გამაოგნა. სწორედ ამ ხედმა შთამაგონა „სამოთხის ტბის/აუზის“ პირველი ვერსიის შექმნა (ასე უწოდებს მას ხალხი, რადგან ის მაღალ მთაზე მდებარეობს), რომელიც მარმარილოსგან გავაკეთე 2009 წლის სექტემბერში პეკინის საერთაშორისო სიმპოზიუმზე. ამის შემდეგ, 2013 წელს, მქონდა შესაძლებლობა მემუშავა კიდევ ერთ ქანდაკებაზე ისრაელში. არ მგონია, რომ ერთი და იმავე ნამუშევრის მრავალჯერადად შესრულება არტისტისთვის სწორი ან მიზანშეწონილია. ცხადია, მე ვცვლი ფორმას, გამოხატვის მეთოდს რეალისტურიდან აბსტრაქტულამდე და ამას ვუწოდებ „ევოლუციის“ პროცესს. შესაბამისად, სხვადასხვა სიმპოზიუმზე განსხვავებული სტილის ნამუშევარს ვქმნი.
ხელოვანის ძირითადი როლია ახალი იდეების ძიება სულიერი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. „სამოთხის ტბის/აუზის“ ფორმა და სტილი შეიცვალა, რეალისტური მთის ფორმა წყლის ტალღების ფორმად იქცა, შემდეგ კი ენერგიის ფორმად, რადგან მე ენერგიას ფორმის მეშვეობით ვქმნი. ის თითქოს კარიბჭეა, თაღი, პორტალი სხვა სამყაროსა თუ სივრცეში. ამიტომ ახალ ნამუშევარს სახელი შევუცვალე და მას „უსასრულობის პორტალი“ ვუწოდე. ეს მაყურებელს მეტ სივრცეს სთავაზობს ფიქრისა და საკუთარი ამბის შესაქმნელად. მჯერა, რომ კარგი ხელოვნების ნიმუში ადამიანებს უკეთეს გრძნობებს აღუძრავს, უქმნის დიდ არეალს უცნობი სივრცეების წარმოსადგენად, რომლებიც საიდუმლოებებით, მოულოდნელობებითა და მრავალფეროვანი შესაძლებლობებით არის აღსავსე. ეს ყველაფერი თითოეული ადამიანის კულტურული წარსულიდან გამომდინარეობს. კონკრეტულად ჩემ მიერ შექმნილ (რუსთავის) ქანდაკებას რაიმე სიმბოლური მნიშვნელობა არ აქვს და არ ზღუდავს მაყურებლის აღქმასა თუ ინტერპრეტაციას“, — ზაო ლეი.
როგორც „სამოთხის კარიბჭის“ ავტორი, ზაო ლეი გვიხსნის, მან საქართველოში ჩამოსვლამდე შექმნა რამდენიმე ესკიზი, რომლებიც სიმპოზიუმის კომისიას გამოუგზავნა, მათ კი ერთ-ერთი შეარჩიეს. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ქანდაკება ქალაქის კონტექსტისა და სივრცის გათვალისწინებით არ შექმნილა, თუმცა ხელოვანის თქმით, ის კონკრეტულად რუსთავისთვის დამზადდა.
„პირველ რიგში, უნდა აღვნიშნო, სიმპოზიუმისთვის შექმნილი და შეკვეთით დამზადებული ნამუშევარი ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება. სიმპოზიუმის დროს არტისტს შემოქმედებითი თავისუფლება აქვს, შეკვეთის დროს კი ყველაფერი დამკვეთის მოთხოვნის მიხედვით სრულდება, რაც საკმაოდ ძვირადღირებულია. სიმპოზიუმის გამოყენება ქალაქისთვის ურბანული ხელოვნების შესაქმნელად გონივრული გადაწყვეტილებაა. შეიძლება ითქვას, ეს ეკონომიური გზაა კარგი ხარისხის ხელოვნების ნიმუშის მისაღებად. ხელოვნების ამგვარი ფორმა ქალაქს მაღალ კულტურულ დონეზე აყენებს. სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რატომაც სკულპტურული სიმპოზიუმები ბოლო 60 წლის განმავლობაში ასეთი პოპულარული გახდა“, — ამბობს ზაო ლეი.
ამასთანავე, ჩინელი მოქანდაკე განმარტავს, რომ მსგავსი თემატიკის ქანდაკება სხვადასხვა ადგილისთვის ნამდვილად შექმნა, მაგრამ არცერთი მათგანი არ ყოფილა ერთმანეთის იდენტური.
„სიმპოზიუმის დაწყებამდე ჩემი რამდენიმე ესკიზი სიმპოზიუმის კომისიას შევთავაზე, რომელმაც ერთ-ერთი მათგანი შეარჩია. თუ ამ სერიას დააკვირდებით, დაინახავთ მის ევოლუციას. როგორც თესლი, რომელიც იზრდება, ღვივდება და ხედ იქცევა. მისი ყოველი ვერსია სიცოცხლის ერთი საფეხურია, ეს საფეხური კი რუსთავშია", — აღნიშნავს ზაო ლეი.
არტისტის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ქანდაკების შექმნისას მნიშვნელოვანია ფონის, სივრცის, გარემოს გათვალისწინება, სიმპოზიუმის ფორმატიდან გამომდინარე, მას ამის შესაძლებლობა არ ჰქონდა, რადგან, როგორც წესი, სიმპოზიუმისთვის შექმნილ ნამუშევრებს წინასწარ განსაზღვრული ადგილმდებარეობა არ აქვს და ამას შემდგომ კურატორი წყვეტს. ასე მოხდა რუსთავის საერთაშორისო სიმპოზიუმის შემთხვევაშიც. ზაო ლეი ამბობს, რომ მან მხოლოდ ნამუშევარი შექმნა, სიმპოზიუმის დასრულების შემდგომ კი ობიექტისთვის კონკრეტული ადგილი კურატორს/კომისიას უნდა შეერჩია.
რუსთავში განთავსებული ნამუშევრის შეფასება ვთხოვეთ ხელოვნებათმცოდნე ხათუნა ხაბულიანს.
„ნამუშევარი იმდენად უინტერესო და არაფრის მთქმელია, თან სრულიად უპასუხისმგებლოდ, კონტექსტის ყოველგვარი გააზრების გარეშე დადგმული, რომ არც არაფერია მასზე სათქმელი. მსგავსი შემთხვევები ხდება უცოდინარობის, არაპროფესიონალიზმის გამო. კომისია, რომელიც ამ გადაწყვეტილებებს იღებს, პროფესიონალებით უნდა იყოს დაკომპლექტებული.
ეს არის სიმპტომი, რის უკანაც დგას ბევრად დიდი პრობლემა — კულტურის პოლიტიკის არარსებობა, რომლის მიხედვითაც უნდა ხორციელდებოდეს სხვადასხვა სახის სახელოვნებო პროექტი, მათ შორის, საჯარო სივრცის ხელოვნება. ეს პოლიტიკა გულისხმობს კონცეპტუალურ საფუძველს, რომელსაც დაეყრდნობა სხვადასხვა სახის აქტივობა. ეს ფაქტი კი აჩვენებს გადაწყვეტილებების მიმღებების უცოდინარობას, პროვინციალიზმს.
თავად ვერ ხსნიან, რატომ დადგეს ეს ობიექტი, მათი არგუმენტია, რომ ავტორი ცნობილი სკულპტორია, რაც არაფერს ნიშნავს ამ შემთხვევაში. საჯარო სივრცეში მხატვრული ფორმის შეტანას თავისი დანიშნულება და სტრატეგიები აქვს, ეს არ არის მხოლოდ რამის აღება და სადმე დადება, მის უკან შინაარსები იგულისხმება და ის აუდიტორიაც გასათვალისწინებელია, ვისაც ყოველდღიური შეხება მოუწევს ამ ფორმასთან.
შესაბამისად, ეს არის პროექტის განხორციელების კულტურის არქონა. როცა ქალაქში სიახლე უნდა გაჩნდეს, მას სჭირდება კვლევითი სამუშაო და ანალიზის შედეგად მიღებული გადაწყვეტილებები. ამ პროცესში პროფესიონალების — ხელოვნებათმცოდნეების, სახელოვნებო მენეჯერების, კურატორების ჩართულობა კი უმთავრესია“, — აღნიშნავს ურბან მედიასთან საუბრისას ხათუნა ხაბულიანი.
კითხვაზე, თუ რატომ გამოიწვია საზოგადოებაში ასეთი მძაფრი რეაქცია და კრიტიკა აღნიშნულმა ქანდაკებამ, ხელოვნებათმცოდნე ქეთევან ცეცხლაძე ამბობს:
„პირველ რიგში, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენი საზოგადოება არ არის გათვითცნობიერებული თანამედროვე ხელოვნებაში, ძალიან დაბალია ცოდნა და განათლება ამ მიმართულებით. მაყურებელი მიჩვეულია არქიტექტურული ძეგლებისა თუ ქანდაკებების ტრადიციულ ფორმებს და ყველაფერი, რაც ამას ცდება, იწვევს დაცინვას, აგრესიას ან მკაცრ კრიტიკას. ხშირად საზოგადოებიდან წამოსული რეაქციები არ არის რელევანტური.
ამდენად, როდესაც ქალაქის ცენტრალურ ადგილას ახალი ნამუშევარი იდგმება, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობით უნდა მიუდგეს საკითხს როგორც ავტორი, ისე ინიციატორი. საზოგადოებაში გაჩენილი რეაქციები ბუნებრივი იყო ჩემი აზრით, რადგან სათაური, ვიზუალური ფორმა, ადგილი — არაფერი იყო შესაბამისობაში და, გულწრფელად რომ ვთქვათ, სასაცილოდ გამოიყურებოდა“, — ქეთევან ცეცხლაძე.
ამბის დასაწყისს რომ დავუბრუნდეთ და პრობლემის სათავეს ჩავუფიქრდეთ, ზემოთ დასმულ კითხვებს — საზოგადოების, კონტექსტისა და ნამუშევრის შესრულების ხარისხთან დაკავშირებით, ალბათ, უნდა დაემატოს არაპროფესიონალიზმი და საქმისადმი უპასუხისმგებლო დამოკიდებულებაც. მათ შორის არჩევანის გაკეთება და ერთ-ერთისთვის უპირატესობის მინიჭება არცთუ ისე მარტივია, თუმცა საბოლოო ვერდიქტი მკითხველმა გამოიტანოს.
გარეკანის ფოტო - tv4.ge