1727177100

თანამედროვე არქიტექტურის გამორჩეული ნიმუშები მსოფლიოში

ჰედერი

ავტორი

ბაკურ გაბუნია

არქიტექტურული ნაგებობები, რომლებიც თავისი დიზაინით, განსხვავებული სტილითა და მიმზიდველობით გამოირჩევა, ქუჩაში გამოფენილ ხელოვნების ნიმუშებს ჰგავს, თითოეული მათგანი ერთმანეთისგან დამოუკიდებლად რომ არსებობს და ერთი დიდი, საერთო ლანდშაფტის ნაწილია. ასე ვთქვათ, ქუჩებში ეპოქების მსვლელობა ვიზუალურად ჩანს შენობებში, რომელთაც ყოველდღიურობაში სხვადასხვა დანიშნულებით ვიყენებთ.

ვინაიდან ეპოქები ვახსენეთ, იმაზეც უნდა ვისაუბროთ, რომ კაცობრიობის ისტორიაში, ჩვენს შეხედულებებთან, გემოვნებასთან თუ საჭიროებებთან ერთად, არქიტექტურის მიმართ დამოკიდებულებაც იცვლებოდა. ეს ცვლილებები ისე ბუნებრივად მოდიოდა, რომ თითქოს არქიტექტურული განვითარების მთელი პროცესი ერთ დიდ ხაზს მიჰყვებოდა. თუმცა ამჯერად მხოლოდ თანამედროვე არქიტექტურას შევეხებით — კერძოდ, ჩვენს ეპოქაში შექმნილ რამდენიმე გამორჩეულ არქიტექტურულ ნიმუშს.

ბურჯ ხალიფა

დუბაიში მდებარე „ბურჯ ხალიფა“ მსოფლიოს ყველაზე მაღალი შენობაა — ის 828 მეტრს აღწევს. თუმცა ეს არქიტექტურული შედევრი არა მხოლოდ სიმაღლით გამოირჩევა, არამედ აღსანიშნავია მისი დიზაინი, ინოვაციური ტექნოლოგიები და ინჟინერიის მიღწევები. სწორედ ამ ყველაფრის კომბინაცია აქცევს „ბურჯ ხალიფას“ თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ნიმუშად.

მისი მშენებლობა 2004 წელს დაიწყო და 2010-ში, როგორც კი დასრულდა, დაუყოვნებლივ გლობალურ საოცრებად აღიარეს. „ბურჯ ხალიფას“ დიზაინი არქიტექტორმა ედრიან სმიტმა შექმნა — მან შენობის ფორმა ისლამურ არქიტექტურულ ტრადიციას დაუკავშირა, შთაგონება კი ჰიმალაის ყვავილების ფორმებისგან მიიღო. უფრო კონკრეტულად, ნაგებობის სტრუქტურა სამგანზომილებიანი „Y“-ის ფორმისაა, რაც მაქსიმალურად ზრდის შენობის სტაბილურობას და ამცირებს ქარის ზეგავლენას.

ბუნებრივია, მსგავსი ნაგებობის მშენებლობა ტექნოლოგიურ განვითარებასა და ინოვაციური გადაწყვეტილებების დანერგვას მოითხოვდა. ამიტომაცაა, რომ შენობის კონსტრუქცია სპეციალურად შექმნილ ბეტონის ნარევს ეყრდნობა — ეს უკანასკნელი მაღალი სიმკვრივითა და სიმტკიცით გამოირჩევა. ამასთანავე, ინჟინრებმა უნიკალური საძირკველი შექმნეს, რომელიც 200 მეტრის სიღრმეზეა მიწაში, რათა სტრუქტურული მდგრადობისთვის მიეღწიათ. ნაგებობა აღჭურვილია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მოწინავე ლიფტის სისტემით, რომელიც მაღალი სიჩქარით მოძრაობს.

გარდა ამისა, „ბურჯ ხალიფა“ იდეალურად ეხმიანება თანამედროვეობის ერთ-ერთ ყველაზე აქტუალურ თემას — ენერგოეფექტურობასა და ეკოლოგიურ მდგრადობას. კერძოდ, მიუხედავად მისი გიგანტური ზომებისა, შენობაში მრავალფეროვანი სისტემებია განთავსებული, რომლებიც ენერგიის მოხმარებას ამცირებს; მაგალითად, მზის ენერგიაზე დაყრდნობით მუშაობს გათბობა-გაგრილების ჭკვიანი სისტემა.

ამავდროულად ბურჯ ხალიფა დუბაის ურბანული განვითარებისა და მომავლის ხედვის სიმბოლოა. მისი აშენება არა მხოლოდ არქიტექტურული მიღწევაა, არამედ ეკონომიკური და ტურისტული წარმატების ნათელი მაგალითიც.

მთლიანობაში „ბურჯ ხალიფა“ თანამედროვე არქიტექტურის მწვერვალია, რომელიც არა მხოლოდ სიმაღლით, არამედ ტექნოლოგიური მიღწევებითა და დიზაინით გამოირჩევა. უნიკალური სტრუქტურა, ინოვაციური ტექნოლოგიები და ეკოლოგიური მდგრადობისადმი მიძღვნა მას მსოფლიო არქიტექტურის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ნაგებობად აქცევს. ის არის, ასე ვთქვათ, მომავლის ხედვა, რომელიც აერთიანებს ფუნქციურობას, ესთეტიკასა და გარემოსდაცვით პასუხისმგებლობას.

სიდნეის ოპერის თეატრი

სიდნეის ოპერის თეატრს ხშირად თანამედროვე არქიტექტურის საოცრებასაც უწოდებენ, როგორც მსოფლიოს უნიკალურ ნაგებობას. ეს არაჩვეულებრივი შენობა არა მხოლოდ ავსტრალიის სიმბოლოდ იქცა, არამედ თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევადაც. სიდნეის ოპერის თეატრის არქიტექტურა მსოფლიო მასშტაბით ცნობილია თავისი საოცარი დიზაინით, რომელიც დანიელ არქიტექტორს, იორნ უტზონს ეკუთვნის. კერძოდ, შენობის ფორმა გემის ტივტივითა და ნიჟარებითაა შთაგონებული. თეატრის „ნიჟარები“ გეომეტრიულად ასახავს სფეროებს, რაც არქიტექტურულად შთამბეჭდავი კონცეფციაა. ასე ვთქვათ, უტზონის ინოვაციურმა ხედვამ შექმნა ისეთი ფორმა, რომელიც იმ დროისთვის არქიტექტურულ და ინჟინრულ შესაძლებლობებს სცდებოდა.

სიდნეის ოპერის თეატრის პროექტი არქიტექტურულად ისეთი რთული აღმოჩნდა, რომ ამ იდეის სრულყოფა მრავალი ტექნიკური გამოწვევის წინაშე დადგა. მაგალითად, ნიჟარების კონსტრუქცია ისეთ ინჟინერიასა და მასალებს საჭიროებდა, რომლებიც იმ დროისთვის ჯერ კიდევ არ არსებობდა. მშენებლობისას აუცილებელი იყო ახალი მასალებისა და ტექნოლოგიების განვითარება, რაც არქიტექტორებისა და ინჟინრებისგან მაქსიმალურ კრეატიულობას მოითხოვდა. საბოლოოდ, დაწყებიდან 14 წლის შემდეგ, 1973 წელს, ოპერის თეატრი დასრულდა და მისმა მშენებლობამ არქიტექტურულ სამყაროში ახალ ეპოქას გაუღო კარი.

აღსანიშნავია, რომ 2007 წელს სიდნეის ოპერის თეატრი იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში შეიტანეს, ხოლო 2018 წელს ეკოლოგიური მდგრადობის მიმართულებითაც განვითარდა. სწორედ ამ პერიოდში დაიწყო მასშტაბური რემონტი, რომლის მიზანიც შენობის ენერგოეფექტურობის გაუმჯობესება და ეკოლოგიურად უფრო მდგრადი გადაწყვეტების დანერგვა იყო. ამგვარი მუდმივი განვითარების შედეგია ის, რომ თეატრი ყოველთვის თანამედროვე მოთხოვნებს ეხმიანება და კვლავ ინოვაციური ნაგებობის ტიტულს ინარჩუნებს.

გუგენჰაიმის მუზეუმი

ნიუ-იორკში მდებარე სოლომონ გუგენჰაიმის მუზეუმი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არქიტექტურული ნაგებობაა. ეს მუზეუმი არა მხოლოდ თანამედროვე ხელოვნების უდიდესი კოლექციების საცავად მიიჩნევა, არამედ არქიტექტურული სიახლისა და ინოვაციების სიმბოლოდაც.

ზოგადად, გუგენჰაიმის მუზეუმის არქიტექტორი ფრენკ ლოიდ რაიტი ცნობილია თავისი უნიკალური ხედვითა და ბუნებასთან ჰარმონიულად შერწყმული არქიტექტურული სტილით. 1997 წელს გახსნილი მუზეუმის უნიკალური სპირალისებური ფორმა სრულიად განსხვავდება იმ დროისთვის გავრცელებული ტრადიციული დიზაინებისგან. რაიტის მიზანი იყო, შეექმნა ისეთი სივრცე, რომელიც მნახველებს საშუალებას მისცემდა, ხელოვნების ნიმუშები დინამიკურად დაეთვალიერებინათ. სწორედ ამიტომ გალერეის შიდა სივრცე სპირალისებურ ფორმას მიჰყვება.

რეალურად გუგენჰაიმის მუზეუმის შიდა სივრცე არქიტექტურულად იმდენად არატრადიციულია, რომ მასში ხელოვნების ნიმუშების დათვალიერება სრულიად განსხვავებულ გამოცდილებას სთავაზობს სტუმრებს. კერძოდ, ერთი მარშრუტით მოძრაობენ და ეტაპობრივად აღიქვამენ ექსპონატებს.

ამიტომაცაა, რომ მუზეუმის სივრცე იდეალურად ერწყმის ხელოვნების ნიმუშებს…

გუგენჰაიმის მუზეუმის დიზაინმა გახსნის დღიდანვე გლობალური აღიარება მოიპოვა მსოფლიო არქიტექტურულ საზოგადოებაში. ის თანამედროვე არქიტექტურის ერთ-ერთ პირველ ნიმუშად მიიჩნევა, რომელიც დიზაინისა და სტრუქტურის ახლებურად გადააზრების შთაგონების წყაროდ იქცა ხელოვანებისთვის.

ეს გავლენა დღემდე იგრძნობა თანამედროვე არქიტექტურაში…

ლოტოსის ტაძარი

„თანამედროვე არქიტექტურის სულიერი სიმბოლო“ — ხშირად ასე მოიხსენიებენ ლოტოსის ტაძარს, რომელიც ინდოეთის დედაქალაქ ნიუ-დელიში 1986 წელს აიგო და ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნიმუშია.

ლოტოსის ტაძრის დიზაინი შთაგონებულია ლოტოსის ყვავილით, რომელიც ინდური კულტურისა და სულიერების მნიშვნელოვანი სიმბოლოა. ტაძარი შედგება 27 დამოუკიდებელი „ფურცლისგან“, რომლებიც ჯგუფებადაა განლაგებული და უზარმაზარი ლოტოსის ყვავილის სახეს ქმნის. ეს დიზაინი არა მხოლოდ არქიტექტურულადაა შთამბეჭდავი, არამედ სიმბოლურადაც გამოხატავს სიწმინდეს, სიმშვიდესა და კავშირს ადამიანებსა და ღმერთს შორის საგულისხმოა, რომ ლოტოსის ტაძრის მშენებლობისას უახლესი ტექნოლოგიები და მასალები გამოიყენეს, რათა ტაძრის უნიკალური დიზაინი რეალობად ქცეულიყო. უშუალოდ „ფურცლები“ დაფარულია თეთრი მარმარილოთი, რომელიც ასევე სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელია და სიწმინდეს გამოხატავს. ტაძრის სტრუქტურა კი ინჟინრული საოცრებაა — კომპლექსური ფორმები ერთ მთლიანობადაა ქცეული.

ალბათ, ბუნებრივია, რომ ლოტოსის ტაძარი ასევე გამოირჩევა ეკოლოგიური მდგრადობით. ტაძრის არქიტექტურული დიზაინი მაქსიმალურად იყენებს ბუნებრივ შუქს, რაც ამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას. ამასთანავე, გამოყენებულია ბუნებრივი ვენტილაციის სისტემები. მოგეხსენებათ, ეკოლოგიური მდგრადობა თანამედროვე არქიტექტურის მნიშვნელოვანი ასპექტია და ლოტოსის ტაძარი ამ თვალსაზრისითაც გამორჩეულია.

შანხაის კოშკი

შანხაის კოშკი, რომელიც ჩინეთში მდებარეობს, გასაოცარი და მნიშვნელოვანი თანამედროვე არქიტექტურული ნაგებობაა. ეს 632 მეტრის სიმაღლის ცათამბჯენი არა მხოლოდ შანხაის, არამედ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შენობაა. მისი ინოვაციური დიზაინი, ეკოლოგიური მდგრადობა და ტექნოლოგიური მიღწევები კი კოშკს თანამედროვე არქიტექტურის განსაკუთრებულ ნიმუშად აქცევს.

კოშკის სპირალისებური ფორმა, ერთი მხრივ, ვიზუალურადაა შთამბეჭდავი, მეორე მხრივ კი, პრაქტიკულ ფუნქციასაც ასრულებს — კერძოდ, ამგვარი დიზაინი შენობაზე ქარის ზეწოლას ამცირებს, რაც კოშკის სტაბილურობასაც ზრდის. ეს ინოვაციური გადაწყვეტა შანხაის კოშკს ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ ცათამბჯენად აქცევს ქარის მიმართ მდგრადობის თვალსაზრისით.

მდგრადობის თემას უკავშირდება ისიც, რომ შენობაში გამოყენებულია ორმაგი საფარის მქონე ფასადი — ასე მაქსიმალურად არის შესაძლებელი ბუნებრივი ვენტილაციის ათვისება. გარდა ამისა, შენობაში დამონტაჟებულია ენერგიის აღმდგენი სისტემები. მსგავსი მიდგომა შანხაის კოშკს არა მხოლოდ თანამედროვე არქიტექტურის, არამედ მწვანე არქიტექტურის მნიშვნელოვან ნიმუშადაც აქცევს.

აღსანიშნავია, რომ შანხაის კოშკი გლობალურად აღიარებული ნაგებობაა, რომელმაც მრავალი არქიტექტურული ჯილდო მოიპოვა. მისი ინოვაციური დიზაინი და ეკოლოგიური მიდგომები სხვა ქვეყნებსა და ქალაქებსაც შთააგონებს, შექმნან უფრო მდგრადი და ტექნოლოგიურად განვითარებული ცათამბჯენები.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები