1747663320

თბილისი — არასაბავშვო ქალაქი

ჰედერ

ტურისტებისთვის თბილისი ცნობილია, როგორც სტუმართმოყვარე და არაკრიმინალური ქალაქი, მაგრამ არის თუ არა საქართველოს დედაქალაქი უსაფრთხო მოსახლეობისთვის და, მით უმეტეს, ბავშვებისთვის? თბილისელებისთვის ყოველდღიურ საფრთხედ იქცა ძველი, საეჭვო ლიფტები, ნახევრად დანგრეული ან ცუდად რესტავრირებული შენობები და ჩამოტეხილი კიბის საფეხურები, დაულუქავი ჭები და ა. შ. რომლებმაც უკვე უამრავი სიცოცხლე შეიწირა. თბილისის არქიტექტურა ძველისა და ახლის საოცარი მიქსია. ამბობენ, რომ ეს უნიკალური ბალანსი დედაქალაქს ხასიათსა და ხიბლს სძენს, თუმცა გვავიწყდება, რომ ქალაქი საცხოვრებლად უნდა იყოს კომფორტული, კეთილმოწყობილი და რაც მთავარია, უსაფრთხო.

დღეისათვის თბილისში, დაახლოებით, ათი ათასი ავარიული შენობაა. ეს რიცხვი თბილისის ვიცე მერმა 2021 წელს დაასახელა და წარადგინა გეგმა, რომლის მიხედვითაც ბევრი მათგანი თავიდან უნდა აშენებულიყო. ეს პროცესი მეტად რთული აღმოჩნდა, რადგან, ფაქტია, დედაქალაქი ისევ სავსეა სარესტავრაციო ნაგებობებით. პრობლემა იმდენად მძაფრ ხასიათს იღებს, რომ ინტერნეტში რუკასაც კი წააწყდებით, რომელზედაც მონიშნულია უკვე გამაგრებული, ავარიული და საცხოვრებლად საშიში, მიტოვებული შენობები.

თუმცა რუკამ ვერ გადაარჩინა იმ არასრულწლოვნების სიცოცხლე, რომლებიც ქალაქში გაუმართავ ინფრასტრუქტურასა თუ უყურადღებოდ დატოვებულ სახიფათო ადგილებს შეეწირნენ. 2025 წლის იანვარში, რიყის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე, ე. წ. „რიყის დოქების“ ახლოს მდებარე მიტოვებულ შენობა-ნაგებობაში, 16 წლის მოზარდი გარდაიცვალა უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფით გამოწვეული უბედური შემთხვევის შედეგად; 2022 წლის 12 ოქტომბერს, თბილისის ცენტრში, ვაკის პარკში, საზეიმოდ გაიხსნა შადრევანი, რომლის რეკონსტრუქციისთვის ექვსი მილიონი ლარი დაიხარჯა. შადრევანმა გახსნიდან მეორე დღეს 13 წლის გოგონა იმსხვერპლა. თბილისელი დაუცველი ბავშვების ტრაგიკულ სიმბოლოდ, ვაკის პარკის ეს ნაწილი დღემდე უფუნქციოდ რჩება; 2025 წლის 12 აპრილს ავჭალაში, ე. წ. „ტიტანიკის კორპუსის“ სახელით ცნობილ ავარიულ შენობაში, 13 წლის მოზარდი მეგობრებთან ერთად სკეიტბორდით სათამაშოდ იყო შესული, რა დროსაც შენობის სახურავიდან გაუმართავი ლიფტის შახტში ჩავარდა. ბიჭი სასწრაფოდ გადაიყვანეს კლინიკაში, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. სამწუხაროდ, მსგავსი შემთხვევები მრავლადაა. მომავალში ტრაგედიების თავიდან აცილების გზების ძიება კი ჯერჯერობით არ შეინიშნება.

თბილისში ხშირია ეკოლოგიური ნორმების დარღვევებიც. მაგალითად, რამდენიმე წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა კადრები, სადაც ჩანდა როგორ წვავდნენ სამშენებლო ნარჩენებს. თუმცა მთავარი ის არის, რომ ამ მშენებლობის გარშემო საცხოვრებელი კორპუსები და საბავშვო ბაღი მდებარეობდა. კადრებში ჩანს როგორ მოიცვა კვამლმა სათამაშო მოედანი, სადაც ბავშვები ყველაზე მეტ დროს ატარებენ. ეს სამშენებლო კომპანია დაჯარიმდა, თუმცა არ ვიცით კიდევ რამდენი მსგავსი შემთხვევა მოხდა ისე, რომ სოციალურ ქსელში დარღვევის ამსახველი ჩანაწერი არ გამოქვეყნებულა. ფაქტი ფაქტად რჩება, არაკეთილსინდისიერი კომპანიები არ იცავენ რეგულაციებს, კანონის გვერდის ავლით მოქმედებენ და ამით, პირველ რიგში, მომავალი თაობა ზიანდება. ტრაგიკული შემთხვევა მოხდა 2019 წლის ივლისში, დოლაბაურის ქუჩაზე. 16 წლის მოზარდი მშენებლობაზე მუშაობდა, როცა გაუმართავმა და შეუმოწმებელმა ტექნიკამ, კერძოდ, დამჭერი ბაგირის გაწყვეტამ იმსხვერპლა. შრომის ინსპექციის სამსახურმა მხოლოდ ამ ტრაგედიის შემდეგ გადაამოწმა და აღმოაჩინა, რომ სამშენებლო კომპანია კიდევ მრავალ რეგულაციას არღვევდა.

აუცილებლად უნდა შევეხოთ საბავშვო ბაღებისა და სკოლების რესტავრაციის ფაქტებსაც. თბილისი ცნობილია ისტორიული შენობებით. სასწავლო დაწესებულებების დიდი ნაწილი კი ასეთ ნაგებობაშია განთავსებული. მომავალი თაობა რომ უზარმაზარი წარსულის ამსახველ კედლებში იზრდება, ერთის მხრივ, მშვენიერია, თუმცა ეს კედლები, ხშირ შემთხვევაში, დანგრევის პირასაა მისული.

თბილისი რომ არასაბავშვო ქალაქია ამის დასტურად რამდენიმე ფაქტის მოყვანა ან პრობლემის წერტილოვანი გამოსწორება სასურველ შედეგამდე ვერ მიგვიყვანს. პრობლემა კომპლექსურია და მის სათავეს დედაქალაქის ურბანულ გეგმაში ვიპოვით.

როგორია იდეალური ქალაქი ბავშვებისთვის?

ქალაქის დაგეგმარებისას პრიორიტეტი უნდა მიენიჭოთ ფეხით მოსიარულეებს. სიჩქარის ლიმიტი მკაცრად უნდა გაკონტროლდეს, ტროტუარები კი გაფართოვდეს იმდენად, რომ თავისუფლად იტევდეს საბავშვო ეტლებსა და მცირეწლოვან ბავშვებს მშობლებთან ერთად. ბაღები, სკოლები და სათამაშო მოედნები ისე უნდა იყოს განლაგებული, რომ მისასვლელად მაგისტრალის გადაჭრა არ იყოს საჭირო. საცხოვრებელ უბნებს ფეხის სავალ მანძილზე უნდა ჰქონდეთ გამწვანებული სივრცეები. საჭიროა სათამაშო მოედნების ეკოლოგიურად სუფთა მასალისგან დამზადება, რათა ბავშვებს ყოველდღე პლასტმასასთან არ ჰქონდეთ შეხება.

10 ქალაქი, რომლის დაგეგმარებისას ბავშვების საჭიროებები გაითვალისწინეს

უსაფრთხო ქუჩები და სატრანსპორტო სისტემა, მწვანე სივრცეები და ჯანსაღი გარემო, სათამაშო მოედნები და დაწესებულებები საგანმანათლებლო აქტივობებისთვის – ეს არის ის, რაც ქალაქს ბავშვებისადმი მეგობრულად აქცევს. განვითარებულ ქვეყნების დიდი ქალაქებიც სწორედ ამ პრინციპებს ეფუძნება და მზარდი ურბანიზაციის მიუხედავად, ცდილობს შექმნას გარემო, რომელიც ბავშვის ჯანსაღ განვითარებას შეუწყობს ხელს. ამ მხრივ განსაკუთრებით რამდენიმე ქალაქი გამოირჩევა, რომლებსაც ქვემოთ უფრო დეტალურად გაგაცნობთ.

კოპენჰაგენი, დანია

კოპენჰაგენში ბავშვების საჭიროებები მრავალი მიმართულებით არის გათვალისწინებული. ქალაქში მოწყობილია ისეთი ველობილიკები და ტროტუარები, რომლებზეც მშობლებს შვილებთან ერთად გადაადგილება უსაფრთხოდ და კომფორტულად შეეძლებათ.

კოპენჰაგენი ასევე ცნობილია თავისი პარკებითა და სათამაშო მოედნებით. მათგან ყველაზე გამორჩეულია ფრედერისკბერგის ბაღები და საზოგადოებრივი პარკი Fælledparken, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამწვანებული სივრცეებია დანიაში. ცალკე უნდა გამოვყოთ ტივოლის ბაღებიც – გასართობი პარკი, რომელიც ბავშვებს არა მხოლოდ გასართობ, არამედ საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობს.

ბარსელონა, ესპანეთი

ბარსელონაში ყველგან გადააწყდებით მცირე თუ დიდი ზომის პარკებს. გარდა ამისა, აქ იპოვით ე. წ. Superblock-ებსაც, ზონებს, სადაც შეზღუდულია მანქანების მოძრაობა და წარმოადგენს ფეხითმოსიარულეთა და ველოსიპედის მძღოლებისთვის განკუთვნილ სივრცეებს. Superblock-ები განსაკუთრებით კომფორტულია მშობლებისა და ბავშვებისთვის, რადგან არის უსაფრთხო და ჯანსაღი გარემო და, როგორც წესი, ახლოს მდებარეობს ქალაქის სხვადასხვა სამეზობლოსთან.

ამასთან ერთად, ბარსელონაში მრავლად შეხვდებით კულტურულ დაწესებულებებს, სადაც ბავშვებს მრავალფეროვან აქტივობებს სთავაზობენ. მათ შორისაა, სამეცნიერო CosmoCaixa და პიკასოს მუზეუმები, რომლებიც ხშირად ეთმობა ბავშვებისთვის განკუთვნილ შემეცნებით ღონისძიებებს.

ჰელსინკი, ფინეთი

ჰელსინკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ბავშვების უსაფრთხოებაა, ამიტომ ქალაქში მარტივად მისაწვდომი საზოგადოებრივი ტრანსპორტი და უსაფრთხო ქუჩებია. ის ცნობილია მოწინავე საგანმანათლებლო სისტემითაც, რომელიც უფასო და ხარისხიან განათლებას უზრუნველყოფს სხვადასხვა ასაკის ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის. ქალაქის მცხოვრებლები უფასოდ სარგებლობენ მრავალფეროვანი კლასგარეშე პროგრამებით.

ჰელსინკის ცენტრსა თუ გარეუბნებში მრავლად არის პარკები, ტყეები და ტბები, რაც იდეალურ გარემოს ქმნის ბავშვებისთვის ბუნების შემეცნებისა და გარე აქტივობებისთვის.

ვენა, ავსტრია

ვენა რეკრეაციული ზონებით არის დაფარული, მათ შორის გამოირჩევა Stadtpark, Prater და Augarten, სადაც სათამაშო მოედნებს, გასართობ და ოჯახური აქტივობებისთვის გამოყოფილ უსაფრთხო და ინტერაქციულ სივრცეებსაც იპოვით.

ვენა ასევე ცნობილია მაღალი ხარისხის საზოგადოებრივი სკოლებითა და ბავშვთა ზრუნვის სერვისებით. გარდა ამისა, ქალაქში უხვადაა მუზეუმები, თეატრები და ინტერაქციული საგამოფენო სივრცეები, სადაც ბავშვებისთვის ხშირად ეწყობა შემეცნებითი ღონისძიებები.

ოსლო, ნორვეგია

ქალაქი ცნობილია პარკებითა და რეკრეაციული ზონებით, როგორებიცაა Frogner Park და Ekebergparken. ისინი განკუთვნილია ჯანსაღ გარემოში დასვენებისა და გარე აქტივობებისთვის. ოსლოს შიგნით ნახავთ მანქანებისგან თავისუფალ ზონებსაც, რომლებიც მხოლოდ ფეხითმოსიარულეთა და მსუბუქი ტრანსპორტის მძღოლებისთვის არის განკუთვნილი. მის გარეუბნებში კი გაშენებულია ტყეები, სადაც მშობლებს შვილები ხშირად მიჰყავთ ლაშქრობაში.

ოსლო უპირატესობას ანიჭებს მდგრად ურბანულ დაგეგმარებას, რაც რეკრეაციული ზონების სიუხვესთან ერთად, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შენარჩუნებას განაპირობებს.

ამსტერდამი, ნიდერლანდები

ამსტერდამი იდეალური ქალაქია ველომოყვარულთათვის, რადგან სრულად არის აღჭურვილი ველოგადაადგილებისა და პარკირებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურით. ეს კი უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოს ქმნის მისი მცხოვრებლებისთვის.

ნიდერლანდების დედაქალაქი ცნობილია მწვანე სივრცეებითაც, რომელთაგან გამოირჩევა Vondelpark და Westerpark. ამასთანავე, პარკები ხშირად მასპინძლობენ საბავშვო ღონისძიებებს.

მრავალფეროვან საგანმანათლებლო აქტივობებს სთავაზობენ ახალგაზრდა ვიზიტორებს ამსტერდამში მდებარე მუზეუმებიც. მათ შორის გამოირჩევა Nemo-ს სამეცნიერო მუზეუმი, ვან გოგის მუზეუმი და Rijksmuseum.

სტოკჰოლმი, შვედეთი

სტოკჰოლმი ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქია. რეკრეაციული დანიშნულების ზონებიდან აუცილებლად უნდა გამოვყოთ ზოოპარკი Skansen და Djurgården, სადაც განთავსებულია რამდენიმე მუზეუმი და გასართობი პარკი. სწორედ ამიტომ ეს უკანასკნელი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი ადგილია სტოკჰოლმელი ბავშვებისთვის.

სტოკჰოლმი ქალაქის მდგრად განაშენიანებაზეა ორიენტირებული, რის გამოც აქ უპირატესობა ენიჭება ენერგოეფექტური ნაგებობის მშენებლობას და მწვანე ტრანსპორტს. ასევე, დიდი ყურადღება ექცევა ნარჩენების მართვას. შესაბამისად, ის საცხოვრებლად ერთ-ერთ ყველაზე ჯანსაღ ქალაქად მიიჩნევა.

ეს ყველაფერი არ არის – შვედეთის დედაქალაქში ხელმისაწვდომია ბავშვთა ზრუნვისა და მრავალფეროვანი საგანმანათლებლო პროგრამებიც, რაც ახალგაზრდებს მრავალმხრივი განათლების შესაძლებლობას აძლევს.

მელბურნი, ავსტრალია

ქალაქი ცნობილია საზოგადოებრივი სივრცეებითა და პარკებით, რომელთაგანაც გამოირჩევა მელბურნის ზოოპარკი, სამეფო პარკი და Fitzroy-ის ბაღები. აქ ბავშვებს შესაძლებლობა აქვთ არა მხოლოდ ბუნებაში ყოფნით ისიამოვნონ, არამედ დაკავდნენ მრავალფეროვანი გარე აქტივობებით.

მელბურნში კარგად არის განვითარებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი. რაც მთავარია, ის სრულად მისაწვდომია ბავშვებისა და მშობლებისთვის, რომლებიც საბავშვო ეტლებით გადაადგილდებიან.

ქალაქი მრავალფეროვან კულტურულ ღონისძიებებს სთავაზობს ბავშვებსა და ახალგაზრდებს. საბავშვო გამოფენები და ღონისძიებები განსაკუთრებით ხშირად იმართება მელბურნისა და Scienceworks-ის მუზეუმებში, ასევე, ვიქტორიას ნაციონალურ გალერეაში.

მიუნხენი, გერმანია

მიუნხენში ბევრგან შეხვდებით უსაფრთხო სათამაშო მოედნებსა და მწვანე სივრცეებს. განსაკუთრებით ცნობილია ქალაქში არსებული Englischer Garten, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე დიდი პარკია არათუ გერმანიაში, არამედ მსოფლიოში. მიუნხენში ასევე შექმნილია უსაფრთხო გარემო ფეხითმოსიარულეებისა და ველოსიპედის მძღოლებისათვის. კომფორტულობითა და მისაწვდომობით გამოირჩევა, ასევე, ქალაქის საზოგადოებრივი ტრანსპორტი.

მიუნხენი ცნობილია მაღალი ხარისხის განათლების სისტემითაც, რომელიც ფორმალური განათლების გარდა, ახალგაზრდებს სთავაზობს მრავალფეროვან კლასგარეშე პროგრამებსაც.

სინგაპური

სინგაპური გამოირჩევა სისუფთავითა და უსაფრთხო საზოგადოებრივი ტრანსპორტით. რაც მთავარია, ის ძალიან კომფორტულია საბავშვო ეტლით გადაადგილებისთვის.

ქალაქის უბნებში ყველგან შეხვდებით მცირე ზომის პარკებს, ასევე საშუალო და დიდი ზომის რეკრეაციულ ზონებს, სადაც ბავშვებისთვის გამოყოფილია სათამაშო მოედნები და განთავსებულია ატრაქციონები. სინგაპურში მცხოვრებ ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ აქ არსებული ზოოპარკი და ArtScience მუზეუმი. ორივე მათგანი ხშირად სთავაზობს ბავშვებს შემეცნებით და გასართობ აქტივობებს.

სინგაპური ცნობილია ბავშვთა ზრუნვის სერვისებითა და მსოფლიო დონის საგანმანათლებლო პროგრამებითაც, რაც ახალგაზრდებს მრავალმხრივი და მაღალი ხარისხის განათლების მიღების შესაძლებლობებს აძლევს.



მსგავსი სიახლეები

საცობი 6

რა ეშველება გაჭედილ ქუჩებს?!

1731589800

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები