1727769180
ავტორი
ბაკურ გაბუნია
წარმოიდგინეთ დღე, რომელიც ჩვეულებრივ იწყება: სამსახურში მიიჩქარით, მაღალი კორპუსის სადარბაზოში ხართ და ლიფტს იძახებთ. კარი იღება და თავდაჯერებულად შედიხართ. ყველაფერი რიგზეა, როგორც ყოველთვის. მაგრამ რამდენჯერ გიფიქრიათ, რომ ამ ლიფტმა, რომელსაც ყოველდღე ენდობით, შესაძლოა, ერთხელაც შუა გზაზე გიმტყუნოთ და სრულიად მოულოდნელად საფრთხე შეგიქმნათ? ალბათ, მსგავსი ფიქრი იშვიათად თუ მოგსვლიათ გონებაში. მართალია, ბევრი უბედური შემთხვევის შესახებ იცით, თქვენივე ქალაქში თქვენი თანამოქალაქეების ტრაგიკულად დასრულებული სიცოცხლის ცნობას თქვენამდეც მოუღწევია, გაუმართავ ლიფტებს რომ ვერ გადაურჩნენ, მაგრამ რატომღაც უმრავლესობას მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენს კორპუსში არასდროს მოხდება და ჩვენი ლიფტი სამუდამოდ უპრობლემოდ მოგვემსახურება.
რეალობა კი სულ სხვა, სამწუხარო სცენარს გვთავაზობს. გაუმართავ ლიფტებში, რომლებიც არაერთხელ გამხდარა ტრაგედიის მიზეზი, ყოველდღიურად ათასობით ადამიანის სიცოცხლე კიდია გასაწყვეტად განწირულ ძაფზე. ლიფტის მექანიზმი ძალიან კომპლექსური სისტემაა, რომელიც მუდმივ მონიტორინგსა და ტექნიკურ განახლებას საჭიროებს. თუმცა, სამწუხაროდ, ხშირად ხდება ისე, რომ, არასწორი მოვლის, დაუდევრობის ან ხანგრძლივი ექსპლუატაციის გამო, ლიფტი ზიანდება და სათანადოდ ვეღარ ფუნქციონირებს. შედეგად თანამედროვე ტექნოლოგია, კომფორტის სიმბოლოდ რომ მიიჩნევა, უეცარ საფრთხედ გადაიქცევა, რაც კიდევ უფრო ამყარებს იმ უტყუარ ჭეშმარიტებას, რომ უსაფრთხოების ნორმების უგულებელყოფა სიკვდილ-სიცოცხლის საკითხია.
ამ მხრივ თბილისში განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა. დედაქალაქში დაახლოებით 15 000 ლიფტი მოძრაობს, რომელთაგან დღეს მხოლოდ 10%-ია სრულიად გამართული. ძველი კორპუსების ლიფტების აბსოლუტური უმრავლესობის შესახებ კონკრეტული ცნობები არ მოიპოვება, შეესაბამება თუ არა თანამედროვე სტანდარტებსა და უსაფრთხოების თუნდაც ელემენტარულ მოთხოვნებს. რაც დრო გადის, სულ უფრო საშიში ხდება ამ კორპუსებში ლიფტით მგზავრობა, მაგრამ საფრთხეს მხოლოდ მაშინ ვგრძნობთ, როდესაც უბედური შემთხვევის შესახებ გავიგებთ.
ყველა უბანში და თითქმის ყველა კორპუსში ერთი ამორტიზებული ლიფტი მაინც „ემსახურება“ მოსახლეობას. საქმე ის არის, რომ მათი ექსპლუატაციის ვადა დიდი ხნის წინ ამოიწურა, ხოლო შეცვლას ჯერ კიდევ არავინ ჩქარობს — არც თავად მობინადრეები და არც ქალაქის ხელმძღვანელობა არ იღებს შესაბამის ზომებს. ერთი სიტყვით, ქალაქი სავსეა „მკვლელი ლიფტებით“. ასეთი მოწყობილობების არსებობა კი ადამიანების სიცოცხლისთვის რეალურ საფრთხეს წარმოადგენს.
სამწუხაროდ, ლიფტებს ხშირად სათანადო შემოწმების გარეშე ვიყენებთ და ყურადღების გარეშე გვრჩება წვრილმანი გაუმართაობით დაწყებული, ამორტიზებული მექანიზმების მთელი წყება, რაც, ადრე თუ გვიან, კატასტროფული შედეგით დასრულდება. ეს პრობლემები, როგორც წესი, რიგითი მომხმარებლებისთვის უჩინარია მანამ, სანამ ტრაგიკული შემთხვევის წინაშე არ აღმოვჩნდებით, რაც კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რაოდენ მნიშვნელოვანია დროული და სრულყოფილი ტექნიკური მონიტორინგი.
ისმის კითხვა – ვინ უნდა აიღოს საკუთარ თავზე არსებული პრობლემის მოგვარება და იყოს პასუხისმგებელი თბილისელების უსაფრთხოებაზე?
რა თქმა უნდა, ერთი კონკრეტული პასუხი არ არსებობს და პასუხისმგებლობა თანაბრად ნაწილდება როგორც მოსახლეობაზე, ისე დედაქალაქის მთავრობაზეც. ლიფტის მოვლა და, მით უმეტეს, ახლით შეცვლა, დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომაც, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებითა და ფინანსური რესურსების სიმცირის გამო, მოსახლეობა სათანადო ყურადღებას ძალიან გვიან, უკიდურეს შემთხვევაში იჩენს, რაც, თავის მხრივ, დიდი შეცდომაა. ლიფტის ხელოსნის მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოძახებამ, როდესაც ტექნოლოგია მოცემულ მომენტში ვერ გვემსახურება, შესაძლოა, გამოუსწორებელ შედეგებამდე მიგვიყვანოს, რადგან ლიფტის უბრალოდ „გაჭედვა“ მხოლოდ ერთ-ერთი სიმპტომია გაუმართაობის და შეგვიძლია ვიფიქროთ, რომ ძალიან იღბლიანებიც აღმოვჩნდით ამ უეცარი გაჩერებით, რადგან ბევრად უარეს შედეგს გადავურჩით.
ამასთანავე, რადგან კორპუსები კერძო საკუთრებაა, მთავრობის პირდაპირი მოვალეობა არ არის ლიფტების კეთილმოწყობა, მაგრამ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვა ნამდვილად შედის მის მოვალეობებში. ამიტომაც, როგორც ამ საკითხზე მომუშავე სპეციალისტები მიიჩნევენ, საჭიროა გარკვეული რეგულაციები, მათ შორის ლიფტების სავალდებულო მოვლის მოთხოვნა კორპუსის ამხანაგობებისთვის და ამორტიზებული ლიფტების უბრალოდ დალუქვა, რაც არაპოპულარული, მაგრამ აუცილებელი ნაბიჯია ადამიანების სიცოცხლის გადასარჩენად. ერთი რამ კი ცხადია, რომ თბილისის „მკვლელი ლიფტების“ პრობლემის მოსაგვარებლად კომპლექსური მიდგომაა საჭირო, რაც მთავრობის პირდაპირი ჩარევის გარეშე ძნელად შესასრულებელი ამოცანაა.
ლიფტების ისტორია ათასწლეულებს ითვლის და უკავშირდება ადამიანის საჭიროებას, გადაადგილდეს სიმაღლეში უფრო სწრაფად და მარტივად. პირველი ლიფტების იდეა უძველესი დროიდან მოდის, თუმცა ისინი დიდად განსხვავდებოდა თანამედროვე მოდელებისგან. პირველი ცნობები ლიფტების პრიმიტიულ ფორმებზე ძველ ეგვიპტეში, რომსა და საბერძნეთში გვხვდება. თანამედროვე ლიფტების ისტორია კი 1850-იანი წლებიდან იწყება, როდესაც ელიშა გრეივს ოტისმა პირველი უსაფრთხო მოწყობილობა გამოიგონა სიმაღლეში გადასაადგილებლად. მან შეიმუშავა მექანიზმი, რომელიც ლიფტს დაცემისგან იცავდა იმ შემთხვევაში, თუ მისი საკიდი თოკი გაწყდებოდა. 1853 წელს ოტისმა თავისი გამოგონება ნიუ-იორკში გამართულ გამოფენაზე წარადგინა, სადაც პრეზენტაციის დროს სპეციალურად გაწყვიტეს ლიფტის თოკი, მაგრამ ის არ ჩამოვარდა, რამაც საზოგადოებაზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა.
მე-19 საუკუნის ბოლოს დაიწყო ელექტროენერგიაზე მომუშავე ლიფტების შექმნა, რაც ამ ტექნოლოგიაში ნამდვილი გადატრიალება იყო. 1880 წელს გერმანელმა ინჟინერმა ვერნერ ფორ სიმენსმა შექმნა პირველი ელექტროძრავიანი ლიფტი. ეს ინოვაცია ლიფტებს უფრო საიმედო, სწორ და ეფექტიან სატრანსპორტო საშუალებად აქცევდა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მზარდი ქალაქების ინფრასტრუქტურაში.
მე-20 და 21-ე საუკუნეებში ლიფტების განვითარება სწრაფი ტემპით გაგრძელდა. ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით ისინი უფრო კომფორტული და უსაფრთხო გახდა. დღეისათვის იყენებენ კომპიუტერული მართვის სისტემებსაც, რაც კიდევ უფრო ზრდის მათ ეფექტურობასა და სანდოობას.
თანამედროვე ურბანული ცხოვრება წარმოუდგენელია ლიფტების გარეშე და ის ადამიანის ტექნიკური განვითარებისა და ინჟინერიის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული შედეგია.
ლიფტების ექსპლუატაციის ვადა დაახლოებით 25 წელია. ვადის ამოწურვის შემდეგ აუცილებელია, ლიფტს ჩაუტარდეს დიაგნოსტიკა და ტექნიკური კონტროლი. ლიფტის სავალი ნაწილის ცვეთის დამახასიათებელი ნიშნებია: ლითონის ნაწილების ზედაპირების ხახუნის ხმა, კაბინის გამოსვლა შვეული მდგომარეობიდან (გადახრა), კაბინის გადაადგილების (მოძრაობის) უთანაბრობა, ვიბრაცია კაბინის მოძრაობისას, სართულებზე გაჩერების საპროექტო დონის დარღვევა (არ უნდა აღემატებოდეს 35 მმ-ს), კაბინის ან შახტის მთლიანობის დარღვევა და სხვ.
ლიფტში უსაფრთხოების დასაცავად მნიშვნელოვანია გარკვეული წესებისა და რეკომენდაციების დაცვა. აქ არის რამდენიმე რჩევა, რომლებიც დაგეხმარებათ, გაუფრთხილდეთ საკუთარ და სხვა ადამიანების სიცოცხლეს ლიფტით მგზავრობისას. ყოველთვის უნდა დაიცვათ მწარმოებლის მითითებები და რეკომენდაციები, მაგრამ თბილისის „მკვლელი ლიფტების“ შემთხვევაში, რომლებსაც არანაირი მიმანიშნებლები არ გააჩნია, აუცილებელია შემდეგი წესების ზედმიწევნით დაცვა:
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიფტების გაუმართაობა და მათი სავალალო მდგომარეობა მნიშვნელოვანი გამოწვევაა თანამედროვე შენობების უსაფრთხოების სისტემებში, ამიტომაც მოითხოვს რეგულარულ შემოწმებას, თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებასა და ექსპლუატაციის წესების ზედმიწევნით შესრულებას. დროული ტექნიკური მომსახურება და უსაფრთხოების ნორმების დაცვა უმთავრესი გზაა ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად.
დაბოლოს, ლიფტების უსაფრთხოება თითოეული ჩვენგანის ერთობლივი პასუხისმგებლობაა. რეგულარული შემოწმებები და უსაფრთხოების წესების დაცვა მნიშვნელოვნად შეამცირებს გაუმართავი ლიფტებით გამოწვეულ ტრაგედიებს.