1730469420

თბილისის ზღვა, როგორც რეკრეაციული და საცხოვრებელი ზონა

თბილისის ზღვა

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

თბილისი — ქალაქი, რომელიც ზღვიდან რამდენიმე ასეული კილომეტრით არის დაშორებული, თუმცა საკუთარი ზღვა მაინც აქვს. თბილისის ზღვა, რეალურად კი ხელოვნური წყალსაცავი, დედაქალაქის ჩრდილო-აღმოსავლეთში, ივრის ზეგანზე მდებარეობს.

თბილისის მიმდებარედ წყალსაცავის აშენების პროექტი გასული საუკუნის დასაწყისში გაჩნდა, მაშინ მის განხორციელებას მეორე მსოფლიო ომმა შეუშალა ხელი, თუმცა ომის დასრულების შემდეგ, იდეა რეალობად იქცა და 1953 წელს გრანდიოზულად გაიხსნა.

თბილისის ზღვის მთავარი დანიშნულება დედაქალაქის სასმელი წყლით მომარაგება და მის შემოგარენში კლიმატის გაუმჯობესება იყო. გარდა ამისა, ის უნდა ყოფილიყო დასასვენებელ-რეკრეაციული ზონა. შესაბამისად, ტურისტებისა თუ ადგილობრივების მიზიდულობის ერთ-ერთი ცენტრი.

მართალია, პროექტით გაწერილი გეგმის ნახევარი განუხორციელებელი დარჩა, თუმცა ზღვად ქცეული წყალსაცავი თავის ფუნქციას ნაწილობრივ მაინც ასრულებდა. მუშაობდა რესტორანი, საიალქნო კლუბი, მოწყობილი იყო საწყლოსნო ინფრასტრუქტურა, დაცურავდა კატერი, განვითარებული იყო იქთიოფაუნა.

თბილისის ზღვა დღეს ფაქტობრივად აუთვისებელი აქტივია, სადაც მხოლოდ რამდენიმე ობიექტი, იახტკლუბი, თბილისის ზღვის კლუბი, ჯინო აკვაპარკი და თბილისის ზოოპარკის ნაწილი ფუნქციონირებს.

2017 წელს, მერიის დაკვეთით, მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი საკონსულტაციო კომპანიის, PwC-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თბილისის ამ მნიშვნელოვან ნაწილს დედაქალაქში 2 მილიარდი დოლარის მოზიდვის შესაძლებლობა აქვს და მიზანშეწონილია ტერიტორიის რეკრეაციული, სპორტულ-გამაჯანსაღებელი, დასასვენებელი ზონებითა და კომერციული ფუნქციებით დატვირთვა.

ზღვის დონიდან 650 მეტრ სიმაღლეზე მდებარე წყალსაცავის სიგრძე 9 კმ, სიგანე – 1.85 კმ-ია, წყლის სარკის გარშემოწერილობა კი 26 კილომეტრს აღწევს. აქვეა თბილისის დენდროლოგიური პარკი, რომლის პროექტირებაზე, 2021 წლის ივნისში, მერიამ ტენდერი გამოაცხადა. გამარჯვებული კომპანიის, არტსტუდიო-პროექტის გეგმის მიხედვით, დენდროლოგიური პარკი, სხვადასხვა ფუნქციური ზონებით, 170 ჰექტარზე უნდა აშენდეს, თუმცა ამ დროისთვის პროექტის განხორციელების დრო უცნობია.

უცნობია ასევე ვარაზის ხევიდან თბილისის ზღვაზე მიგრირებული ზოოპარკის საბოლოოდ დასრულების ვადებიც. როგორც ზოოპარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ არაერთხელ განაცხადა, ზოოპარკის ინფრასტრუქტურის სრულად გამართვასა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისობაში მოყვანას 40-50 მილიონი დოლარი სჭირდება. ფინანსურ რესურსს ზოოპარკი სახელმწიფოსგან და რამდენიმე საერთაშორისო ორგანიზაციიდან იღებს. გურიელიძის თქმით, კერძო სექტორის ინტერესი ამ შემთხვევაში ფაქტობრივად ნულის ტოლია.

ერთ-ერთი გამორჩეული ობიექტი, რომელიც თბილისის ზღვაზე გამართულად და სრული დატვირთვით მუშაობს „ჯინო აკვაპარკია“, რომელმაც პირველი სტუმრები 2013 წელს მიიღო. როგორც აკვაპარკის მფლობელი, სლოვაკურ-ქართული საინვესტიციო ჯგუფის, „ჯინო ჰოლდინგის“ დამფუძნებელი, ნოდარ გიორგაძე აცხადებს, წლის განმავლობაში აკვაპარკში ვიზიტორთა რაოდენობა 200 ათასს აჭარბებს. ნაწილობრივ სწორედ ამ გარემოებას უკავშირდება თბილისის ზღვაზე „ჯინო ჰოლდინგის“ გაფართოებაც, თუმცა ტერიტორიის განვითარება-განაშენიანება აკვაპარკის გახსნის დღიდანვე დაიგეგმა.

მეორე ეტაპზე ჯგუფმა სასტუმრო „ჯინო სისაიდ თბილისი“ გახსნა, დასკვნითი პროექტი კი „თბილისის ბულვარია“. გეგმის მიხედვით, ეს იქნება 30 ჰექტარზე გაშენებული მინი ქალაქი, სადაც თავს მოიყრის სასტუმროები და საცხოვრებელი ბინები, სავაჭრო ცენტრი, ბიზნესცენტრი, სკოლა, საბავშვო ბაღი, პოლიკლინიკა, საკონფერენციო დარბაზები და ა. შ.

პროექტი ეკოლოგიურია და ის ლანდშაფტთან იქნება შერწყმული. ყველა შენობაზე განთავსდება მზის პანელები და გამოიყენებენ ქარის ენერგიასაც. გათვალისწინებულია 850 მანქანაზე გათვლილი მიწის ზედა, 8 სართულიანი პარკინგის აშენება, შიდა ტერიტორიაზე კი მომხმარებელს მხოლოდ ელექტრომობილები მოემსახურება.

პროექტი ითვალისწინებს 8 000 კვ. მ-ის სანაპირო ზოლის განვითარებას, სადაც იქნება პრომენადა, რომელიც ადამიანებს დასვენებისა და გართობის შესაძლებლობას წელიწადის ნებისმიერ დროს აძლევს.

„თბილისის ბულვარის“ სანაპირო ზოლის მშენებლობა 2029 წელს დასრულდება.

თბილისის მთავრობის გეგმები

თბილისის მერიამ თბილისის ზღვის სანაპირო ზოლის მოწესრიგება უკვე დააანონსა, პროექტის მომზადება-განხორციელება კახა კალაძემ მოადგილეებს, ანდრია ბასილაიასა და ირაკლი ბენდელიანს დაავალა.

მერმა თქვა, რომ თბილისის ზღვა, წყლის რეზერვუარის დანიშნულების გარდა, მოქალაქეებისთვის დასასვენებელი ზონის ფუნქციასაც ასრულებს. სანაპიროზე ხალხმრავლობა განსაკუთრებით ზაფხულის ცხელ დღეებში შეინიშნება და საჭიროა სანაპირო ზოლის სათანადოდ მოწყობა, რადგან არსებული მდგომარეობა არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება.

„რაც შეიძლება სწრაფად უნდა დავიწყოთ მუშაობა ამ მიმართულებით, რათა მოეწყოს ერთ-ერთი საუკეთესო დასასვენებელი სივრცე, სადაც ყველა საჭირო შენობა-ნაგებობა იქნება. როგორც ეს განვითარებულ ქვეყნებშია, იმავე ფორმით და კონცეფციით უნდა მივუდგეთ აღნიშნულ საკითხს და ეს ადგილი გავხადოთ ერთ-ერთი საუკეთესო დასვენებისთვის, როგორც ოჯახებისთვის, ისე ახალგაზრდებისთვის“, — განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, მოქალაქეებს ტერიტორიაზე უნდა ჰქონდეთ პარკირებისა და სივრცის შესაბამისად გამოყენების შესაძლებლობაც.

ხელოვნური წყალსაცავები მსოფლიოში

თბილისის ზღვის მსგავსი ხელოვნური წყალსაცავი მსოფლიოს ბევრ ქვეყანაშია. საბოლოო ჯამში, ისინი დიდი ტბების ან ზღვის მსგავს ბუნებრივ წარმონაქმნებს ჰგვანან. უმრავლეს შემთხვევაში ქალაქების მმართველები შანსს არ უშვებენ ხელიდან და მათ განვითარებაზე მუდმივად ზრუნავენ. ეს ერთი მხრივ, ხელს უწყობს ქალაქის ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებასა და ბუნებრივი რესურსების უკეთ გამოყენებას, მეორე მხრივ კი არის ინვესტიციების განხორციელების, ინფრასტრუქტურის განვითარებისა და შემოსავლების მიღების კარგი შესაძლებლობა.

ამის მაგალითია, ნიუ იორკში, ჰამილტონის მახლობლად მედისონის წყალსაცავი. მიუხედავად იმისა, რომ მისი ძირითადი დანიშნულება ჩენანგოს არხისთვის წყლის მიწოდება იყო, რეკრეაციული განვითარების შემდეგ და მყინვარული მორენის (მყინვარების დანატოვარი ქვები) აღიარების მიზნით, მას მორენის ტბა დაერქვა. ახლა ის ერთ-ერთი პოპულარული ტურისტული ადგილია, სადაც ვიზიტორებს შეუძლიათ დაისვენონ, ისეირნონ ნავით, ითევზაონ, იცურაონ და ისიამოვნონ ბუნებით. უკვე დაგეგმილია თავად წყალსაცავის რეკონსტრუქცია, რომლის ძირითადი მიზანი წყალსაცავის კაშხლის უსაფრთხოების გაზრდაა.

პოლონეთის უდიდესი სოლინას ხელოვნური ტბა ორი მდინარის — სანისა და სოლინკას — ხეობის დატბორვის შედეგად შეიქმნა. მიზანი ენერგეტიკული და სამელიორაციო საჭიროებები იყო, თუმცა ულამაზეს მთებს შორის მოქცეული ტბა უკვე დიდი ხანია პოპულარობით სარგებლობს ადგილობრივ და უცხოელ ვიზიტორებში, განსაკუთრებით ხიბლავს ეს ადგილი ნავით გასეირნებისა და კაიაკინგის მოყვარულებს. ტბის გარშემო მოწყობილია კოტეჯები, დასასვენებელი და კვების ობიექტები, რაც ტურიზმის განვითარებასთან ერთად ადგილობრივი მოსახლეობისთვის დამატებითი შემოსავლის მიღების წყაროს ქმნის.

თბილისის ზღვას რომ დიდი პოტენციალი აქვს ამას კვლევაც ადასტურებს, მსოფლიოს მაგალითები კი აჩვენებს, როგორ შეიძლება იქცეს ის ტურისტული მიზიდულობის ცენტრად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი წყალსაცავში არსებული წყლის ეკოლოგიური მდგომარეობაა და ის შესწავლას საჭიროებს. როგორც ურბანისტები ამბობენ, სანაპიროს განვითარება მრავალი კუთხით არის შესაძლებელი, თუმცა თბილისის გენგეგმაში თბილისის ზღვის სანაპირო ზოლისა და მიმდებარე ტერიტორიის განვითარებაზე არაფერი წერია.



ურბანული ამბები

სრულად ნახვა
მტკვარი ძველ თბილისში

მტკვარი ძველ თბილისში

1730802878

ხიდები ძველ თბილისში

ძველი თბილისის ხიდები

1730702433

მეტისმეტად ხმაურიანი ქალაქი

მეტისმეტად ხმაურიანი ქალაქი

1730469000

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები