1730367781
როდესაც ისტორიის გაცრეცილი ფურცლებისკენ გავიხედებით, აღმოვაჩენთ ადამიანებს, რომლებიც დროსა და სივრცეში ვარსკვლავებივით ანათებენ, რადგან დაარღვიეს სამყაროში არსებული უძველესი წესები და ახალი ჰორიზონტები აღმოაჩინეს კაცობრიობისთვის. მათი იდეები, დღევანდელი გადმოსახედიდან, თითქოს უბრალო ჩანს, სინამდვილეში ეს იყო ამბოხება ტრადიციული აზროვნების მიმართ და განუწყვეტელი ძიება სიახლეების, ფარული კანონზომიერებებისა და ჭეშმარიტებების, რომლებსაც ადამიანების ცხოვრება უნდა შეეცვალა.
საქართველოს ისტორიას ბევრი ასეთი დიდებული ადამიანი ახსოვს. მათ შორის, არა მარტო ქართველები, არამედ მსოფლიოში ცნობილი პიროვნებები, რომლებმაც განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს ქვეყანაში სხვადასხვა დარგის განვითარებასა თუ ჩამოყალიბებაში. ამ სტატიაში კი, გვსურს, ვისაუბროთ მსოფლიოში ცნობილ ადამიანებზე, რომელთა შემოქმედების კვალი საქართველოშიც შეგვიძლია აღმოვაჩინოთ.
ძმები სიმენსები
საქართველოში ძმები სიმენსების (ვერნერი, ვალტერი და ოტო) საქმიანობა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში დაიწო. ეს სწორედ ის გვარია, რომელიც მსოფლიოში ყველა ადამიანისთვის კარგად არის ცნობილი ტექნოლოგიური გიგანტის წყალობით, 1847 წელს ვერნერ სიმენსმა და იოჰან ჰალსკემ რომ დააარსეს. კომპანიამ, მე-19 საუკუნის 50-იან წლებში, გადაწყვიტა, ლონდონი და კალკუტა ტელეგრაფის მეშვეობით დაეკავშირებინა ერთმანეთთან. ტელეგრაფის ხაზს კავკასიაზეც უნდა გაევლო და სწორედ ამ მისიისას გაჩნდა საქართველო ძმები სიმენსების ცხოვრებაში.
სიმენსების თაოსნობით განხორციელდა თბილისი-ქუთაისი-ფოთის დამაკავშირებელი ტელეგრაფის ხაზის გაყვანა. მოგვიანებით კი თბილისი-მოსკოვის, თბილისი-ერევნისა და თბილისი-ბაქოს დაკავშირება მოხდა ერთმანეთთან. ძმებ სიმენსებთან ასოცირდება საქართველოში (დედოფლისწყარო და მირზაანი) ნავთობის მოპოვების მწირი, მაგრამ იმ დროისათვის მნიშვნელოვანი ინდუსტრია. 1903 წელს კომპანიამ ნავთობსადენიც გაიყვანა ბათუმიდან აზერბაიჯანის დედაქალაქამდე. ამის შემდეგ, სიმენსები ერთვებიან სპილენძის მოპოვების საქმეში. სხვადასხვა წყაროს ცნობით, ბეშუმისა და ქვარცხანას საბადოებში 1,5 მილიონი კილოგრამი მადნის მოპოვება შეძლეს.
სიმენსებს ეკუთვნით ზესტაფონის ფერომანგანუმის ქარხნის პროექტი, თავად ქარხანაში კი Siemens-ის წარმოების ღუმელები გამოიყენებოდა. მათ სახელთანაა დაკავშირებული თბილისის ქუჩების ელექტროფიკაცია და ქალაქში იმ დროინდელი ევროპის მოწინავე ტრანსპორტის — ტრამვაის მოწყობა, რომელმაც უკვე მოძველებული „კონკა“ ჩაანაცვლა.
გარდა ტექნოლოგიური და ინფრასტრუქტურული პროექტებისა, Siemens-ის საქმიანობა საქართველოში ეკონომიკური განვითარების კონტექსტშიც უნდა განვიხილოთ. მათ მიერ შემოტანილი ტექნოლოგიები და ინოვაციები დაეხმარა ქვეყანას მრეწველობის განვითარებაში. სიმენსების მიერ საქართველოში განხორციელებული პროექტები მრავალმხრივი და ყოვლისმომცველი იყო. მათი საქმიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა ქვეყნის ეკონომიკურ და ტექნოლოგიურ განვითარებაზე.
1866 წლიდან ვალტერ სიმენსი თბილისში პრუსიის კონსული იყო და სიცოცხლის ბოლომდე სოლოლაკში ცხოვრობდა. ძმები ვალტერ და ოტო სიმენსები ვერის სასაფლაოზე არიან დაკრძალულნი.
ალფრედ ნობელი
შვედი ინჟინერი, ქიმიკოსი, გამომგონებელი და ბიზნესმენი, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიის დამაარსებელი და დინამიტის შემქმნელი, ერთხანს ბათუმში ცხოვრობდა და ბიზნესით იყო დაკავებული. ისტორია იმით დაიწყო, რომ 1873 წელს, მისი ძმა, რობერტ ნობელი ეწვია საქართველოს. აქ ჩამოსვლის მიზანი მარტივი და პრაგმატული იყო — თავიანთი ქარხნისთვის, რომელიც სხვადასხვა სამხედრო ხელსაწყოს ამზადებდა, ნედლეულის იაფად შესყიდვა სურდათ. მოგვიანებით, ბაქოში მოგზაურობის შემდეგ, ნობელებმა ნავთობკომპანიის შექმნა გადაწყვიტეს, რომელიც იმ დროისთვის უმსხვილეს საწარმოდ ჩამოყალიბდა.
ნობელებმა ბათუმში ააგეს ნავთობტერმინალი, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებდა ნედლეულის ტრანსპორტირების ხარჯებს. მონაწილეობას იღებდნენ რკინიგზის — ბაქო-თბილისი-ბათუმი — მშენებლობის პროცესში და თითქმის 900 კილომეტრის სიგრძის ნავთობსადენი გაიყვანეს.
2007 წელს, იმ სახლში, სადაც ძმები ცხოვრობდნენ, ნობელების მუზეუმი გაიხსნა.
გუსტავ ეიფელი და მისი ხიდი ბაკურიანში
მართალია, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ არქიტექტორს საქართველოში არასოდეს უმოგზაურია, მაგრამ მის მიერ დაპროექტებული ხიდი დღესაც ამშვენებს ბორჯომის ხეობას. ხიდი მდინარე ცემისწყალზეა გადებული და მასზე ბორჯომ-ბაკურიანის ვიწროლიანდაგიანი რკინიგზა გადის.
გუსტავ ეიფელს მისი დაპროექტება მიხეილ რომანოვმა შეუკვეთა. დაშლილი კონსტრუქცია საქართველოში 1902 წელს ჩამოიტანეს და ადგილზე მისი მონტაჟი კონსტრუქტორმა, ბესარიონ ქებურიამ ითავა. იმავე წლის იანვარში, ვიწროლიანდაგიანი რკინიგზის ხაზზე პირველად გაიარა უკვე ისტორიულ არტეფაქტად ქცეულმა მატარებელმა „კუკუშკამ“.