1735214446

არქიტექტურა, როგორც მეტყველება და გამოხატვის ფორმა — ინტერვიუ „Lampino"-ს დამფუძნებელ ქეთი ნოზაძესთან

ჰედერი

ავტორი

მეკო მეტრეველი

ქართული არქიტექტურული სანათებისა და სუვენირების ბრენდი — Lampino — არქიტექტურისა და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს საინტერესო ფორმით აცოცხლებს. ის ერთ-ერთია იმ მცირე და საშუალო მეწარმეთა შორის, რომელმაც სოლიდარობის ნიშნად უარი თქვა საშობაო ბაზრობაში მონაწილეობაზე და ამ ფორმით გამოხატა პროტესტი ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე. დღევანდელ სტატიაში „Lampino"-ს დამფუძნებელი, ქეთი ნოზაძე თავის შემოქმედებაზე, არქიტექტურაზე, როგორც მეტყველებისა და გამოხატვის ფორმაზე გვესაუბრება და მისი დაკვირვების, სიღრმისეული გააზრების საინტერესო ხედვას გვთავაზობს.

— პირველ რიგში, მოგვიყევით, როგორ გაჩნდა „Lampino"? საიდან დაიწყო ყველაფერი?

— „Lampino" 2019 წელს გაჩნდა, თუმცა განსხვავებული ფორმით. თავდაპირველად ბრენდი სხვადასხვა ფორმის სანათებს აერთიანებდა, თუმცა შემდეგ მას არქიტექტურული სახე მიეცა „Lampino“-ს მთავარი ხაზი სწორედ არქიტექტურული სანათები და არქიტექტურული დიზაინის სუვენირებია.

პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, ამიტომ არქიტექტურა, განსაკუთრებით კი თბილისის არქიტექტურა, ყოველთვის მაინტერესებდა. გარკვეული პერიოდი ვსწავლობდი გრაფიკულ დიზაინს და ინტერიერის დიზაინსაც. როდესაც დიზაინის შექმნის პროცესში გავერკვიე და ნახაზების გაკეთებაც შევძელი, თითქოს გონებაში ყველაფერი თავისით დალაგდა, ფაზლივით აეწყო. ჩემი ცოდნა და არქიტექტურისადმი დამოკიდებულება გაერთიანდა და საბოლოოდ, „Lampino“-ს ეს სახე მივეცი.

პირველი იყო ბეთლემის ქუჩის სადარბაზოს ფერადი ვიტრაჟი. მსურდა, ეს სიფერადე და ჩემი ემოცია მინიატიურაში გადმომეტანა. შემდეგ ნელ-ნელა მივყევი და გავაკეთე სადარბაზოების კარები. ეტაპობრივად დავაპატარავე ნამუშევრები, ნელ-ნელა მოვერგე მომხმარებლის მოთხოვნებს. დიზაინს ჩემით ვქმნი, თუმცა პრაქტიკული თვალსაზრისით, ვცდილობ, ყველა სეგმენტის მომხმარებელი გავითვალისწინო. ასე გაჩნდა მაგნიტის მოდელებიც. თავიდან ამ ყველაფერზე არ მიფიქრია, თუმცა აღმოჩნდა, რომ კარგი იდეა გამოვიდა.

— როგორია თქვენი სამუშაო პროცესი?

— ყველაფერი იწყება იდეით, შეიძლება მე მომეწონოს რაღაც შენობა, ფოტო გადავუღო ან ვინმემ გამომიგზავნოს, შემდეგ კი დაკვირვების პროცესთან ერთად შემოქმედებითი ეტაპი იწყება. ყველაზე მეტად დეტალების გამოყვანა, მათზე მუშაობა მომწონს. აქედან უკვე არქიტექტურის შინაარსზე, მის საინტერესო მხარეზე ვიწყებ ფიქრს. ტექნიკური ნაწილი მოიცავს ხის მასალის დაჭრას ლაზერულ დანადგარზე, შეღებვას, ხელით დამუშავებას, დაფერვას, შუქის ეფექტის მიცემას და განათების გაყვანილობას. განათება მაგიური წერტილივითაა, აცოცხლებს ნამუშევარს. ყველაზე სასიამოვნო საბოლოო შედეგის ხილვაა, როდესაც ეს ნივთი ზუსტად იმ განცდას გიტოვებს, რასაც რეალური ძეგლი.

— არქიტექტურა თქვენი გამოხატვის ფორმაა, როგორ გახდა ის თქვენთვის სამეტყველო ენა და რა არის „Lampino“-ს ნამუშევრების სათქმელი?

— რადგან პროფესიით ხელოვნებათმცოდნე ვარ, ხელოვნების ნებისმიერი გამოხატულება და, ზოგადად, ხელოვანი ადამიანი ჩემთვის ყოველთვის საინტერესო იყო, თუმცა ამ ჭრილში საკუთარ თავს ვერ ვხედავდი, მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის მიყვარდა რაღაცის შექმნა, ხატვა, კეთება. „Lampino“-ს ნამუშევრების ნახვისას ყველა სილამაზეზე ამახვილებდა ყურადღებას, თუმცა ყოველთვის მქონდა შინაგანი მოთხოვნილება, სილამაზესთან ერთად, მათი მეშვეობით რაღაც მეთქვა. მართალია, არქიტექტორი არ ვარ, მაგრამ არქიტექტურას სულ სხვა ფორმით მოვუძებნე როლი თვითგამოხატვისთვის. არქიტექტურა მეტყველების საშუალება გახდა ჩემთვის, ენა, რითაც განცდებს გადმოვცემ და მათ გარკვეულ ფორმას ვძენ.

მაგალითად, 4 GB ფესტივალის სანათი მაშინ გავაკეთე, როდესაც შარშან მარტის აქციების გამო ფესტივალი გაუქმდა. დიდი ხანი მქონდა ამის იდეა, მაგრამ ამ ამბებმა, ფესტივალის სიყვარულმა, მათმა სწორმა პოზიციამ და ემოციამ, რომელიც ამის გამო დამეუფლა, ერთ დღეში გამაკეთებინა ნამუშევარი, თითქოს ის ემოცია ამ პატარა საგანში გავაცოცხლე. ასე შეიქმნა პარლამენტის შენობის მოდელიც. აქციების პერიოდში, როდესაც წარწერა „ეს ქვეყანა ჩვენია" კეთდებოდა იქ ვიდექი, მინდოდა ჩემი დამოკიდებულება, პროტესტი რაღაცნაირად ამესახა და მინიატიურის დახმარებით გადმომეცა. ყველას თავისი გამოხატვის ფორმა აქვს, ჩემთვის ეს ფორმა არქიტექტურა აღმოჩნდა.

— ვისაუბროთ უფრო ვრცლად არქიტექტურის მეტყველებაზე, რამდენად ასახავს ის ქვეყნისა თუ ქალაქის ისტორიას, კულტურას და რა როლი აქვს მას მეხსიერების შენახვისა თუ ისტორიის გაცოცხლების პროცესში?

— ქალაქები არქიტექტურის, ძეგლების, ადამიანების გამო გვიყვარდება. არქიტექტურა მუდამ დაკვირვების ობიექტია და ძალაუნებურად, თავისთავად ამბებს გიყვება. ჩემთვის არქიტექტურა ძალიან მეტყველია. ზუსტად გიყვება, რა გაუვლია და ყველაზე უკეთ ასახავს ისტორიას, კულტურას. ძეგლის რესტავრაციის დროს ეს განსაკუთრებით ჩანს, სხვადასხვა ფენა წარსულის სხვადასხვა პერიოდზე მეტყველებს. არქიტექტურა ძალიან მარტივი, მე ვიტყოდი, გლობალური ენაა, რომელსაც არ სჭირდება რომელიმე სალაპარაკო ენის ცოდნა, ის ყველას ესმის.

საინტერესოა ისიც, რომ გარდა საერთო სამეტყველო ენისა, არქიტექტურა ინდივიდუალური მეტყველებითაც ხასიათდება. კონკრეტული ძეგლი ადამიანებში განსხვავებულ ემოციებს აღძრავს და მიჯაჭვულობასაც იწვევს. გარკვეული ადგილი შენს ბავშვობას, ცხოვრების რომელიმე პერიოდს უკავშირდება და ამიტომ გიყვარს.

მაგალითად, საბჭოთა ე. წ. „ხრუშჩოვკებს" შეიძლება არქიტექტურული თვალსაზრისით არანაირი ღირებულება არ აქვს, მაგრამ კარგი დაკვირვების ობიექტია. საბჭოთა პერიოდთან დისტანცირება, მისი გააზრება გვიჭირს, თუმცა ის ჩვენი წარსულის, იდენტობის ნაწილია. არქიტექტურა, მით უმეტეს მისი მინიატიურული ფორმა, მთლიანობაში აღქმის შესაძლებლობას გაძლევს, დიდ სურათში გააზრებინებს როგორც ნამუშევარს, ისე წარსულს და დისტანცირების, მასზე დაკვირვების კარგი საშუალებაა.

არქიტექტურა, რომელიც არსაიდან, ბლოკიდან თუ აგურიდან იქმნება, იძენს რაღაც ფორმას, ემოციურ დატვირთვას, გიყვება ამბავს და ეს ყველაფერი შენზე გავლენას ახდენს, შენს განწყობებზე მოქმედებს. ვფიქრობ, ასეა ჩემი ნამუშევრებიც, თითქოს არსაიდან მოდის, ძეგლის ფორმას იმეორებს და მერე ვიღაცისთვის საყვარელი, გარკვეული ემოციის მატარებელი ხდება.

— შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ცხოვრებისეული რეალობის გამოძახილი, ისტორიის გაცოცხლების ერთგვარი მცდელობაა თქვენი ნამუშევრები? რომლებსაც, როგორც უკვე ვახსენეთ, ესთეტიკურ ღირებულებასთან ერთად, ინფორმაციის გადაცემის, შენარჩუნების, კულტურული მემკვიდრეობის უკვდავყოფის, მასზე დაკვირვების ფუნქცია აქვს.

— კი, ზუსტად, ვცდილობ მათი მეშვეობით ისტორია გავაცოცხლო, რომელსაც მნიშვნელოვანია, შორიდან შევხედოთ, არქიტექტურა კი ამაში გვეხმარება. ის დროს უძლებს, თუმცა სამწუხაროა, რომ ხშირად ამას არ ვუფრთხილდებით.

ჩემი ნამუშევრების ერთ-ერთი ფუნქცია ისიცაა, რომ მას თვალის გამახვილების უნარი აქვს, როგორც ჩვენთვის, ისე მნახველისთვის. შეიძლება ამ ნამუშევარმა ბიძგი მოგცეს, რომ მეტად დააკვირდე, ყურადღება მიაქციო შენს გარე სამყაროს, სივრცეს. სკოლის პერიოდში ყოველ დღე ზუბალაშვილების ქუჩაზე მიწევდა გასვლა, რა თქმა უნდა, მომწონდა ქუჩა, მაგრამ არ ვაკვირდებოდი დეტალებს, ვერ ვამჩნევდი, ახლა კი სხვანაირადაა, მეტად ვამახვილებ თვალს საგნებზე.

ამას გარდა, ვფიქრობ, ამ ნამუშევრით ინფორმაციისა და იდეის შენარჩუნებასთან ერთად, ხდება ამ ყველაფრის გადაცემა მომავალი თაობებისა თუ სხვა კულტურებისთვის. შეიძლება წლების შემდეგ რომელიმე არქიტექტურული თუ კულტურული ძეგლი ფიზიკურად აღარ არსებობდეს, მაგრამ ეს იდეა იარსებებს და ჩემს ნამუშევარში განაგრძობს ცხოვრებას. რასაც ვაკვირდები, მუდმივად ინფორმაციის, მემკვიდრეობის შენარჩუნებასა და გადაცემაში ვართ. დღესაც ეს ხდება ჩვენს ქვეყანაში, ვიბრძვით იმისთვის, რაც ღირებულია, რაც ჩვენმა წინაპრებმა გადმოგვცეს და, გვსურს, მომავალ თაობას გავუზიაროთ. სიმართლე გითხრათ, თავიდან ამ ყველაფერზე არ ვფიქრობდი, ეს მერე, თანდათან, მუშაობის პროცესში მოვიდა.

ამასთან, ჩემი ნამუშევრების მომხმარებლები ტურისტებიც არიან, ბევრი ნამყოფიც კი არ არის საქართველოში, ისე ვგზავნი შეკვეთებს, ამიტომ მგონია, არქიტექტურული სუვენირებით მე მათ ქვეყნის ისტორიას, ტრადიციას, კულტურას ვაცნობ, ინფორმაციას გადავცემ და თითქოს ამ ნამუშევრებით სხვადასხვა კულტურები ერთმანეთს უკავშირდება.

— თქვენ იყავით ერთ-ერთი იმ მრავალი მცირე და საშუალო ბიზნესიდან, რომელმაც საშობაო ბაზრობაში მონაწილეობაზე უარი თქვა, რაც დიდი ფინანსური დანაკლისია. გაგვიზიარეთ თქვენი პოზიცია, რისი თქმა გსურდათ ამ ნაბიჯით? როგორ ფიქრობთ, რამხელა მნიშვნელობა და ძალა აქვს მსგავს პოზიციას საერთო პროტესტში?

— სიმართლე გითხრათ, ამ მოვლენებიდან გამომდინარე არც კი მიფიქრია საშობაო ბაზრობაზე, რომ რაიმე ფორმით მე იქ ვიდგებოდი, გავიღიმებდი და ამ ფარსში მივიღებდი მონაწილეობას. ჩვენ, მეწარმეებსა და ხელოვანებს საერთო საკონტაქტო სივრცე გვაქვს, სადაც ერთმანეთს აზრებს ვუზიარებთ და მხარში ვუდგავართ. თავიდან სწორედ იქ აღმოვაჩინეთ, რომ ყველა ერთ აზრზე ვიყავით. შემდეგ კი ეს უფრო ხმამაღლა განვაცხადეთ. ამას მოჰყვა ძლიერი უკუკავშირი, შეიქმნა ონლაინ პლატფორმაც და ხალხმა ამ ფორმით მხარი დაგვიჭირა.

მართალია, მე არ მქონდა კრიტიკული მომენტი გაყიდვებისა და შეკვეთების მხრივ, რომ სრულად საშობაო ბაზრობაზე ვყოფილიყავი დამოკიდებული, მაგრამ ჩემ გარშემო არიან ადამიანები, რომელთათვისაც ეს ღონისძიება შემოსავლის ერთადერთი წყაროა და ამისთვის მთელი წელი ემზადებოდნენ. მაგრამ, როდესაც ადამიანები ქვეყნის დაცვისა და სიყვარულის გამო ისჯებიან, იქ დგომა შეუძლებელია. ამ ადამიანებს ზურგი ხომ სჭირდებათ, რა უნდა იფიქრონ, რომ ამ ვითომ სადღესასწაულო ფარსში ვმონაწილეობთ? ეს არის მინიმალური, რისი გაკეთებაც შეგვეძლო, მათ უნდა ეგრძნოთ ჩვენი მხარდაჭერა, რომ ჩვენც ვამბობთ უარს რაღაცაზე.

ვფიქრობ, მეწარმეთა გადაწყვეტილებამ მეტად გააძლიერა პროტესტი. როდესაც ერთი იღებს ხმას, მეორეს ძალა ეძლევა, უფრო ხმამაღლა გააჟღეროს სიტყვა. ეს ჯაჭვისებური პროცესია, რომელიც დიდ ტალღაში გადაიზარდა. როდესაც ამას დიდი ბიზნესებიც ხედავენ ეს მათთვის შეიძლება ბიძგიც იყოს, საბოლოო ჯამში კი საპროტესტო მუხტი იზრდება. ამიტომ ამ დროს ყველა ხმა მნიშვნელოვანია. ამ ნაბიჯმა ერთმანეთისადმი თანადგომაც უფრო განამტკიცა. სწორი პოზიციის გამო ხალხი ჩვენს პროდუქტს ყიდულობს. ესაა სწორედ მხარდაჭერა, რითაც აქამდე მოვედით.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები