1737110160
ავტორი
მეკო მეტრეველი
შენობები ისტორიებს მოგვითხრობენ, კარგად ნაცნობ თუ უკვე დავიწყებულ ამბებს ჰყვებიან. ისინი ადამიანურ განცდებსა და ემოციებს ყველაზე უკეთ იმახსოვრებენ და ჩვენს მოგონებებს ინახავენ. შენობებს აქვთ მაგიური ძალაც და ხატოვნად, ნათლად აცოცხლებენ წარსულის სურათებს. ისინი სხვადასხვა პერიოდის მიმდინარე მოვლენებს ირეკლავენ და არაერთი ტრაგიკული თუ სასიხარულო პროცესების მოწმედ გვევლინებიან. ასეთი შენობები, ერთი მხრივ, ისტორიის შესახებ გვაწვდიან ცნობებს, მეორე მხრივ კი გვახსენებენ, როგორები გვსურს ან არ გვსურს რომ გავხდეთ. წარსულის გადააზრებით კი ახალი, თავისუფალი იდენტობის ფორმირებაში გვეხმარებიან.
საბჭოთა ოკუპაცია საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე, ტრაგიკული და ტრავმირებული მოვლენაა, რომელმაც ქვეყანას მძიმე კვალი დაატყო. მის მიერ დატოვებულ ნაშთებთან ბრძოლა კი დღემდე გვიწევს. თბილისში ამჟამად არსებული არაერთი შენობა სისხლიან რეჟიმთან მჭიდროდ არის დაკავშირებული, რომელთა კედლები იმ პერიოდის იდეოლოგიის, პოლიტიკური, სოციალური მდგომარეობის, ტერორისა და რეპრესიების ამსახველია. დღეს უმეტესობა მათგანის ფუნქცია შეცვლილია და ახალი, თანამედროვე, დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლური გამომხატველია, ნაწილს კი კვლავ ეტყობა რეჟიმის სახე და სამარცხვინო წარსულის ჩამორეცხვას ვერ ახერხებს.
მოდერნისტული არქიტექტურის ერთ-ერთი საინტერესო ნიმუში, რომელიც დღესაც მნახველის აღფრთოვანებას იწვევს, მჭიდროდაა დაკავშირებული ბოლშევიკურ ტერორთან და იმ სისხლიან რეპრესიებთან, რომლებიც განსაკუთრებული სიმძაფრით 1937 წელს გამოვლინდა. ქიქოძის №11-ში მდებარე სახლი ქალაქის მცხოვრებლებისთვის „იტალიური ვილის" სახელითაცაა ცნობილი, რადგან სახლი მოდერნიზმის სტილთან ერთად, რენესანსის პერიოდის არქიტექტურული ელემენტებითაც იქცევს ყურადღებას და მაღალი ჭერით, მასიური კარ-ფანჯრებით, თაღოვანი, მონუმენტური ფასადითა და სახასიათო აივნით ურბანულ გარემოში გამორჩეულ ნიშას იკავებს.
ისტორიული სახლი 1917 წელს ნავთობით მოვაჭრე ბიზნესმენი ძმების, არკადი და არშაკ მილოვების დაკვეთით აშენდა, არქიტექტორი კი გაბრიელ ტერ-მიქელოვი გახლდათ. სახლთან ერთად საინტერესოა თავად ქუჩის ისტორიაც, რომელიც ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისა და პერიოდების მიხედვით იცვლიდა სახელებს. თავდაპირველად მას კეთილშობილ ქალთა ინსტიტუტის სახელით მოიხსენიებდნენ, შემდეგ — გენერალ პასკევიჩის, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში მას ბოლშევიკების ლიდერის — ფილიპე მახარაძის სახელი ეწოდა, ბოლოს კი საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრისა და დამოუკიდებლობის აქტის ხელმომწერის, გერონტი ქიქოძის სახელი დაერქვა.
1921 წლიდან მილოვებს შენობა ჩამოართვეს და სახლი კომუნისტური რეჟიმის პარტიულმა ელიტამ დაიკავა. სწორედ აქედან იწყება "ტერორის სახლის" ისტორიაც, რადგან ერთ სივრცეში თანაარსებობდნენ, ერთი მხრივ, კომპარტიის ელიტის შიდაპარტიული წმენდის მსხვერპლები, მაღალი რანგის მოხელეები, მეორე მხრივ კი მათ განაჩენზე ხელმომწერი რეჟიმის მეხოტბეები.
ამ სახლს უკავშირდება გახმაურებული ტრაგედიაც. მისი ერთ-ერთი მკვიდრი იყო (ოჯახთან ერთად) მამია (ივანე) ორახელაშვილი — საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ერთ-ერთი შემოქმედი, საქართველოს კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის პირველი მდივანი. როგორც ცნობილია, მამია ორახელაშვილს დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა ბერიასთან, იმასაც ამბობდნენ, რომ ბერიას მამია ორახელაშვილის შვილი და ევგენი მიქელაძის მეუღლე, ქეთევან ორახელაშვილი მოსწონდა და ოჯახი ბერიას პირად შურისძიებას ემსხვერპლა. 1937 წელს ამ სახლში მცხოვრები მამია, მისი მეუღლე მარიამი, ქალიშვილი ქეთევანი და სიძე, ცნობილი ქართველი დირიჟორი, ევგენი მიქელაძე დააპატიმრეს. ქეთევან ორახელაშვილი გადაასახლეს, დანარჩენები კი სასტიკად აწამეს და დახვრიტეს.
ამ სახლში დაიდო ბინა ახალმა პარტიულმა ლიდერმაც, ფილიპე მახარაძემ, რომელიც საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის ერთ-ერთი მოთავე და საქართველოს რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. მის სახელს უკავშირდება ილია ჭავჭავაძის მკვლელობაც, თუმცა დადასტურებული ცნობები ამის შესახებ არ მოიპოვება. დღეს ეს სახლი ფილიპე მახარაძის სახელით უფრო არის ცნობილი და მის შთამომავლობას ეკუთვნის, თუმცა მისი წარსული სისხლიან ისტორიას ინახავს. ეს შენობა ერთგვარად გვახსენებს რეჟიმის სასტიკ ანგარიშსწორებას, თუ როგორი დაუნდობლობით უსწორდება სისტემა საკუთარ მომხრეებსა თუ მოწინააღმდეგეებს და როგორ მარტივად ივიწყებს საკუთარ თავდადებულ მეხოტბეებს.
დღევანდელი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობა ალბათ ყველაზე მჭიდროდ უკავშირდება საბჭოთა ოკუპაციის პერიოდსა და სისხლიან რეჟიმს საქართველოში. ეს ადგილი საბჭოთა პოლიტიკისა და იდეოლოგიის მთავარი საყრდენი იყო, სადაც საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი (ცეკა) მდებარეობდა. სწორედ აქედან იმართებოდა სისტემა, რომლის მარწუხები ყველა ორგანოსა თუ დაწესებულებას სწვდებოდა.
ადმინისტრაციის შენობა 1981 წელს, საგანგებოდ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტისთვის აიგო. ის საბჭოთა არქიტექტურის ერთ-ერთი პომპეზური გამოვლინება აღმოჩნდა და თავისი მასშტაბურობითა და სახასიათო ელემენტებით იმ პერიოდში დიდი ყურადღება მიიქცია. ფასადი კვადრატული ფორმის, თანაბარი ზომის ღიობებით არის დანაწევრებული. შენობა კი ორ დონეზეა განლაგებული. ქვედა დონეზე დეკორატიული შადრევანი და სტელაა განთავსებული, ზედა დონეზე კი ლენინის მონუმენტი იყო დადგმული, რომელიც 1991 წელს აიღეს.
აღნიშნული ადგილი საბჭოთა ოკუპაციის პერიოდის ერთ-ერთი საკვანძო ინსტიტუტი, სისტემის ტერორისა და რეპრესიული პოლიტიკის შემოქმედი იყო. „ცეკა" ხელმძღვანელობდა პარტიულ საქმიანობას და ადგილობრივ პარტიულ ორგანოებს. მას ექვემდებარებოდა ცენტრალური სახელმწიფო თუ საზოგადოებრივი ორგანიზაციები. სწორედ საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტი იყო პასუხისმგებელი საქართველოში საბჭოთა პოლიტიკურ და იდეოლოგიურ კონტროლზე, რაც მოიცავდა „ხალხის მტრის" გამოვლენას, მასობრივ რეპრესიებსა და სადამსჯელო ღონისძიებებს.
1937-38 წლების „დიდი ტერორის" შემოქმედებიც სწორედ ამ შენობიდან გასცემდნენ განკარგულებებს, რამაც ათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ნაგებობას უკავშირდება საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის ლიდერების, პირველი მდივნების სახელებიც, როგორებიცაა — ფილიპე მახარაძე, ლავრენტი ბერია, კანდიდ ჩარკვიანი და ედუარდ შევარდნაძე.
მიუხედავად იმისა, რომ ისტორიული შენობა საბჭოთა წარსულის ერთ-ერთი მატიანე და სისხლიანი რეჟიმის სიმბოლური გამომხატველია, ის ამავდროულად თანამედროვე საქართველოს დემოკრატიული მმართველობის სიმბოლოცაა. დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, შენობამ ფუნქციური და სიმბოლური ტრანსფორმაცია განიცადა და დემოკრატიული სახელმწიფოს მმართველობის მთავარი ორგანო გახდა. თუმცა ეს მეტამორფოზი ბოლომდე ვერ მოხერხდა, მიუხედავად შენობის ახალი ფუნქციისა და დატვირთვისა, მან საბჭოთა წარსულისგან სრულად ვერ დააღწია თავი, რადგან დღევანდელი მმართველობა, მისი მესვეურები წარსულისკენ ჯიუტად გვექაჩებიან.
ყოფილი სასტუმრო „ივერიის" შენობა 1960-იან წლებში აშენდა არქიტექტორ ო. კალანდარიშვილისა და ი. ცხომელიძის მიერ. ეს იყო 22-სართულიანი ნაგებობა, რომლის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია საბჭოთა პოლიტიკური ელიტის წევრების მასპინძლობა იყო. შენობა იმ პერიოდის არქიტექტურის განსხვავებული სტილისტიკით ხასიათდებოდა. ის გრანიტით, მარმარილოთი, თეძმის ფირუზისფერი ტუფით, ხით, ალუმინის ვიტრაჟებითა და პოლირებული მინით იყო მოპირკეთებული. ვერტიკალური მოცულობის მომწვანო-ფირუზისფერი ფასადი კი ღია აივნებით ჰორიზონტალურად იყო დანაწევრებული. სასტუმროს ზონა და რესტორნის სივრცეები ერთმანეთს შიდა ეზოთი უკავშირდებოდა, ხოლო სასტუმროს ნომრებიდან და რესტორნიდან ქალაქის ხედები იშლებოდა.
შენობა ჩვენს ტრაგიკულ წარსულს, მის პოლიტიკურ და სოციალურ მდგომარეობას სიმბოლურად გამოხატავს. ერთი მხრივ, ის საბჭოთა ელიტის, ტურისტებისა და მაღალი რანგის პირების საყვარელი ადგილი იყო, მეორე მხრივ კი აფხაზეთის ომის შემდეგ, 90-იან წლებში, 200 000-მდე იძულებით გადაადგილებული პირის ერთადერთი თავშესაფარი.
ვარდების რევოლუციის შემდგომ, 2004 წელს, შენობიდან დევნილები გამოასახლეს, 2009 წელს კი აქ ახალი, თანამედროვე სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერია" გაიხსნა, რომელიც სასტუმროსთან ერთად რესტორნებს, საკონფერენციო და საბანკეტო დარბაზებს, ბარებსა და ბიზნეს-ცენტრებს აერთიანებს.
ვაკეში, ჭავჭავაძის №75-ში მდებარე სახლი საბჭოთა მთავრობის წევრებისთვის, მეცნიერებისა და სპორტსმენებისთვის საგანგებოდ აშენდა 80-იან წლებში, რის გამოც მას „ცეკას სახლი" ეწოდა. განსხვავებით სხვა საბჭოთა საცხოვრებელი სახლებისგან, ასეთი ტიპის შენობები განსაკუთრებული სიფრთხილით შენდებოდა, რადგან ის „საბჭოთა სოციალისტურ თანასწორ საზოგადოებაში" გამორჩეული და ელიტური ფენის საცხოვრებელი გახლდათ.
გარდა პარტიული მუშაკების საცხოვრებლისა, ეს შენობა საბჭოთა წარსულთან კიდევ ერთი მოვლენით არის დაკავშირებული. როგორც ცნობილია, აქ 1984-85 წლიდან შვილთან ერთად ცხოვრობდა სტალინის ქალიშვილი — სვეტლანა ალილუევა, რომელიც ცნობების თანახმად, 1984 წელს მოსკოვიდან თბილისში გადმოვიდა. სსრკ კომპარტიის ცენტრალური კომიტეტის გენმდივნის, კონსტანტინე ჩერნენკოს დავალებით, საქართველოს კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის მაშინდელმა პირველმა მდივანმა, ედუარდ შევარდნაძემ, მათ თბილისში საცხოვრებლად ყველა საჭირო პირობა შეუქმნა და ვაკეში ბინა გადასცა, სადაც სვეტლანა ქალიშვილთან ერთად ორი წელი ცხოვრობდა. ამჟამად შენობას საცხოვრისის ფუნქცია შენარჩუნებული აქვს, თავდაპირველ მობინადრეთა შთამომავლები კი დღემდე ცხოვრობენ.
რუსთაველის გამზირზე მდებარე მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის, იგივე „იმელის" შენობა 1938 წელს აიგო. როგორც ცნობილია, საბჭოთა რუსეთში 1918 წელს მარქსისა და ენგელსის სამეცნიერო მემკვიდრეობის შესასწავლი საგანგებო ინსტიტუტი დაარსდა, შემდეგ მას ლენინის ინსტიტუტიც შეემატა, 1933 წელს კი ლავრენტი ბერიას მეთაურობით სტალინის ინსტიტუტი შეიქმნა, რათა სტალინი ბოლშევიკური მოძრაობის მთავარ ლიდერად წარმოეჩინათ და მისი ძალაუფლება განემტკიცებინათ.
შენობა, რომელიც საბჭოთა იდეოლოგიის ერთგვარი ცენტრი, რეჟიმის ძალისა და იდეების გამომხატველი უნდა ყოფილიყო, არქიტექტორ ალექსეი შჩუსევის პროექტით აშენდა. ის სტალინის ინსტიტუტის სახელით იგებოდა, თუმცა მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტის თბილისის ფილიალად გადაკეთდა. იმ პერიოდიდან დამკვიდრდა ამ შენობის რუსული აბრევიატურაც „ИМЭЛ".
შენობა სტალინისტური არქიტექტურის ტიპური ნიმუშია და კონსტრუქტივიზმის ელემენტებით ხასიათდება. ცნობილია ისიც, რომ „იმელი" კავკასიაში იყო პირველი საზოგადოებრივი ნაგებობა, რომელშიც ახალი სამშენებლო მასალა — არმირებული პემზობეტონი გამოიყენეს, ფასადი კი ადგილობრივი მასალით - ბოლნური ტუფით მოაპირკეთეს.
სივრცეში განთავსდა სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება, პარტიული არქივი და ლენინის მუზეუმის თბილისის ფილიალი. გადმოცემის თანახმად, შენობით მოხიბლულმა რეჟიმის მესვეურებმა, საბჭოთა „სიდიადის" გამომხატველი ნაგებობის არქიტექტორი, მშენებლობიდან სამი წლის თავზე კვლავ დააჯილდოვეს.
შენობას გარკვეული პერიოდი „მარქს-ენგელს-ლენინ-სტალინის ინსტიტუტი" ეწოდებოდა, სტალინის კულტის დაგმობის შემდეგ კი მას მარქსიზმ-ლენინიზმის ინსტიტუტი დაერქვა. 1991 წლიდან მარქსიზმ-ლენინიზმის სამეცნიერო დაწესებულება სოციალურ და ეროვნულ პრობლემათა დამოუკიდებელ ინსტიტუტად ჩამოყალიბდა, ინსტიტუტის ბიბლიოთეკა კი სახელმწიფო საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ბიბლიოთეკად გადაკეთდა.
ყოფილი „იმელის" შენობაში, 1992-1995 წლებში, საქართველოს პარლამენტი იყო განთავსებული. სწორედ აქ მიიღეს დამოუკიდებელი საქართველოს კონსტიტუციაც. 1995 წლიდან შენობა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაეცა. 1997 წელს მას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა, რამდენიმე წელში კი მოეხსნა. შენობას ფუნქცია 2007 წლიდან შეეცვალა, როდესაც ის კერძო საკუთრებაში გადავიდა, მოგვიანებით მის უკან ცათამბჯენის მშენებლობა დაიწყო და აქ სასტუმრო „ბილტმორი" განთავსდა.
შენობები ისტორიებს მოგვითხრობენ და წარსულსა და აწმყოს შორის დამაკავშირებელ ხიდს ქმნიან. ისინი გვახსენებენ განვლილ პერიოდს, წარსულს, რომელში დაბრუნებაც სიკეთეს ვერასდროს მოგვიტანს, ამავდროულად კი გვიჩვენებენ გზას მომავლისკენ და გვმატებენ ძალას წინ, უფრო მტკიცე, მყარი ნაბიჯის გადასადგმელად.
1736429640
1737378462
1737110160
1737036300