1739971320
ავტორი
ბაკურ გაბუნია
დიდი ქალაქების ცენტრებსა თუ გარეუბნებში სეირნობისას, დაკვირვებული თვალი ხშირად შეამჩნევს მიტოვებული ინდუსტრიული ობიექტების ნანგრევებს, რომლებიც ქალაქის თანამედროვე, ერთიან სისტემასთან შეუსაბამო კონტრასტს ქმნის. ათწლეულების წინათ ეს შენობები ქვეყნის ეკონომიკური აქტივობის მნიშვნელოვან რგოლი იყო, ახლა კი ძველი ქარხნები, თავიანთი წყობიდან გამოსული ინვენტარითა და დაბინძურებული ეზოებით პოსტაპოკალიფსური ფილმების კადრებს მოგვაგონებს.
ეს ტერიტორიები, რომლებსაც ბრაუნფილდებს (Brownfield) უწოდებენ, ჩვენი ქალაქების ურბანული ისტორიებისა და ეკონომიური ცვლილებების ნაწილი და შედეგია. დღეს კი ის არა მხოლოდ ვიზუალური ესთეტიკის ბნელ ლაქებს წარმოადგენს, არამედ რეალური საფრთხე და მოულოდნელი სიურპრიზებით სავსე ლანდშაფტია, რადგან ადამიანები შეუიარაღებელი თვალით ვერ ვამჩნევთ წარსულის იმ ტვირთს, თითოეული ბრაუნფილდი რომ ატარებს. მათი ნიადაგი, ხშირ შემთხვევაში, გაჟღენთილია მძიმე მეტალებით, ქიმიური ნაერთებით, ტოქსიკური ნივთიერებებითა და მავნე ნარჩენებით, რაც საშიში მოცემულობაა ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის და აუცილებლად საჭიროებს დასუფთავებას, გამართვასა და რეგენერაციას. თუმცა ბრაუნფიდების დიდ ნაწილს, მსგავს დაბინძურებასთან კავშირი არ აქვს მათი თავდაპირველი დანიშნულების გამო. მათ შორისაა კომერციული შენობები, ყოფილი საწყობები, ავტოსადგომები და ა. შ.
ვიდრე ბრაუნფილდების გამოყენების გზებსა და არსებულ პრაქტიკებზე ვისაუბრებთ, სჯობს, თავიდან დავიწყოთ და განვიხილოთ ქალაქში მსგავსი ობიექტების გაჩენის უმთავრესი მიზეზები, რაც ინდუსტრიული, ეკონომიკური, ტექნოლოგიური და სოციალური ფაქტორების ფართო სპექტრს მოიცავს. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან დიდ ქალაქებში მთლიანად შეიცვალა ინდუსტრიული ეკონომიკის მოდელები. სხვადასხვა სექტორის წარმომადგენლებმა წარმოების პროცესების შემცირება, პერიფერიებში გადანაცვლება ან იმ ქვეყნებში გადატანა გადაწყვიტეს, სადაც იაფი მუშახელი და უფრო დაბალი საოპერაციო ხარჯები იყო. შედეგად, ძველი შენობები დაცარიელდა და უკაცრიელი გახდა. თანდათან დაიხურა ის ქარხნებიც, რომლებიც უკვე აღარ იყვნენ ეკონომიკურად კონკურენტუნარიანი. ამას ემატება ახალი ტექნოლოგიები და ავტომატიზაციის პროცესები, რომლებიც მთლიანად ცვლის ინდუსტრიული წარმოების მოდელებს. მოძველებული ინფრასტრუქტურის მქონე ქარხნები, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ თანამედროვე ტექნოლოგიურ მოთხოვნებს, იხურება ან წარმოების გადატანა უფრო დახვეწილი და ენერგოეფექტური სისტემებისკენ ხდება, რაც ძველი ტერიტორიის უფუნქციოდ დარჩენას იწვევს.
ერთ-ერთი უმთავრესი ფაქტორი გარემოსდაცვითი რეგულაციების გამკაცრება იყო, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა ინდუსტრიული ობიექტების ფუნქციონირებაზე. ადრე ფაბრიკა-ქარხნები, ძირითადად, ქალაქის ცენტრში იყო თავმოყრილი. იქიდან გამომდინარე, რომ მსგავსი დაწესებულება რეგულარულად გამოყოფს ტოქსიკურ ნარჩენებსა და მავნე გამონაბოლქვებს, ახალმა მიდგომამ ხელმძღვანელობა აიძულა მინიმუმამდე დაეყვანათ გარემოს დაბინძურების დონე ან მთლიანად შეეწყვიტათ საქმიანობა. ეს მოთხოვნა დამატებით ინვესტიციებს ან ტექნოლოგიურ ცვლილებებს ნიშნავდა და ხშირ შემთხვევაში წარმოების პერიფერიაში გადატანა ნაკლებ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ასე რომ, გარემოს დაცვის მოთხოვნებმა და რეგულაციებმა საფუძვლიანი ცვლილებები მოახდინა ქალაქური ინდუსტრიული პეიზაჟის გარდაქმნასა და ჯანსაღი გარემოს უზრუნველყოფის მიმართულებით.
ბრაუნფილდები არ გამოიყენებოდა ათწლეულების განმავლობაში, რადგან ინვესტორისთვის მათი დასუფთავების ღირებულება უფრო მაღალი იყო, ვიდრე მიწის ხელახალი განვითარების შემდეგ მიღებული სარეალიზაციო ფასი. თუმცა 21-ე საუკუნის პირველი ათწლეულიდან, როდესაც დასახლებულ რაიონებში მიწა, რომელზედაც სახლის აშენება შეიძლებოდა ნაკლებად ხელმისაწვდომი გახდა, ბრაუნფილდების რეგენერაცია დაიწყო. დღეისათვის კი ბრაუნფილდების ტრანსფორმაცია ახალი გამოყენების მიზნით აქტუალური გამოწვევა ხდება თანამედროვე ურბანული განვითარების პროცესში. მათი დანიშნულება მრავალფეროვანია და დამოკიდებულია იმაზე, როგორ შეიძლება მათთვის განსხვავებული სიცოცხლის მინიჭება ქალაქის საჭიროებებსა და გარემოს პირობებზე მორგებით.
ბრაუნფილდები ხშირად გარდაიქმნება საცხოვრებელ რაიონებად, რადგან ძველი ინდუსტრიული ობიექტების ადგილებზე შენდება ახალი საცხოვრებელი კომპლექსები, რაც ურბანული ტენდენციების შესაბამისად ქალაქების სიღრმისეული განახლების ნაწილი ხდება. ასევე, ხშირად აშენებენ სავაჭრო სივრცეებს, საოფისე შენობებსა და ბიზნესის განვითარების ცენტრებს. ეს არამარტო ეკონომიკური აქტივობის ზრდას უწყობს ხელს, არამედ ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის და ძველ უბნებს ეკონომიკურ აქტივობას მატებს. ხშირია ბრაუნფილდების საზოგადოებრივ სივრცეებად ტრანსფორმირების შემთხვევებიც, როგორებიცაა პარკები, მოედნები და სპორტული დარბაზები. სხვადასხვა ქალაქში ბრაუნფილდები გარდაიქმნა კულტურულ და შემოქმედებით კლუბებად, გალერეებად, თეატრებად და საკონცერტო დარბაზებად. აქედან გამომდინარე, დიდი ხნის განმავლობაში მიტოვებული და გამოუყენებელი ადგილი ამჟამად ქალაქის კულტურული ცხოვრების გაფართოებას უზრუნველყოფს.
სხვადასხვა ქვეყანას განსხვავებული მიდგომები აქვს ბრაუნფილდების განვითარებასთან დაკავშირებით. მაგალითად, ამერიკის შეერთებულ შტატებში ბრაუნფილდის რეგენერაცია და განვითარება დიდწილად რეგულირდება სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გარემოს დაცვის სააგენტოსთან (EPA) თანამშრომლობით. 1995 წელს EPA-მ წამოიწყო ბრაუნფილდის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ადგილობრივ და ფედერალურ მთავრობებთან ერთად, მას შეუძლია უზრუნველყოს ტექნიკური დახმარება და გარკვეული დაფინანსება შეფასებისა და დასუფთავების კუთხით. ამისთვის 2002 წლიდან გასცა თითქმის 1000 გრანტი, რაც საერთო ჯამში, დაახლოებით, $190 მილიონს შეადგენდა.
საინტერესოა, ამ კუთხით რა მოცემულობა გვაქვს თბილისში. ბოლო წლების განმავლობაში რამდენიმე მიტოვებული შენობის ახალი სიცოცხლე დაიწყო, მათ შორის აღსანიშნავია გასართობი მულტიფუნქციური სივრცე ,,ფაბრიკა“, რომელიც საბჭოთა დროინდელი სამკერვალო ფაბრიკის ტერიტორიაზე შეიქმნა, ასევე, ახლახან დაბადებული ,,რადიო ქალაქი“ მუხიანში და ა. შ. ამ საკითხზე საუბრისას, არქიტექტორი, შპს „არსის“ დამფუძნებელი, ირაკლი როსტომაშვილი აღნიშნავს: ,,მართალია, ბოლო წლებში, საქართველოში ბრაუნფილდების ათვისების ტენდენცია შეინიშნება, მაგრამ ამას პროგრამული მიმართულება არ აქვს. ძველი წარმოებების ტერიტორიებზე გარკვეული ობიექტები აშენდა, მაგალითად, საცხოვრებელი კომპლექსი „შენი სახლი ჯიქიაზე“, რომელიც ერთ-ერთი ნათელი მაგალითია თუ როგორ უნდა განვითარდეს ბრაუნფილდი. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ამ მიწებს ვინც ყიდულობს, ყველა თავისი სურვილის მიხედვით განკარგავს, ცალ-ცალკე, ერთიანი სისტემის გარეშე, რომელიც ქალაქის განაშენიანების გეგმის ნაწილი იქნებოდა“.
რაც შეეხება სახელმწიფოს მიდგომას, როგორც ჩანს, სხვა განვითარებულ ქვეყნებში არსებულ პრაქტიკას ხელისუფლება არ ითვალისწინებს. არ მოქმედებს საგადასახადო შეღავათები ან გრანტები ამ ტერიტორიების ასათვისებლად. ,,ბრაუნფილდები თბილისში საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ გაჩნდა. უკვე 33 წელია გასული, მაგრამ ამ თემაზე სახელმწიფოს მხრიდან აქტიურობა არ მახსოვს. ამ ადგილების ათვისება კი მნიშვნელოვანი და, ამასთანავე, აუცილებელი წინაპირობაა ქალაქის განვითარებისთვის. უნდა ითქვას, რომ ამ ტერიტორიებზე, როგორც წესი, არის გზა, საინჟინრო კომუნიკაციები, წყალი, გაზი, დენი, კანალიზაცია, ხშირ შემთხვევაში არის გამწვანებაც. ერთი სიტყვით, ნახევარი საქმე გაკეთებულია. აქედან გამომდინარე, ამ ადგილების განაშენიანება ბევრად უფრო ეფექტურია, ვიდრე ახალი კორპუსების აშენება ქალაქის ისტორიულ ზონებში ან უკვე ჩამოყალიბებულ და ათვისებულ უბნებში, რომლებიც ისედაც გადატვირთულია“. — ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.
ბრაუნფილდების ათვისება გრძელვადიანი და კომპლექსური პროცესია, რომელიც მრავალ ფაქტორს მოიცავს, მოითხოვს სტრატეგიულ მიდგომას და კარგად შემუშავებული გეგმების განხორციელებას. თითოეული ბრაუნფილდი უნიკალურია თავისი ისტორიული კონტექსტით, რაც ამ პროცესს კიდევ უფრო მეტ გამოწვევასა და შესაძლებლობას მატებს. მათი თანამედროვე გამოყენების მიდგომები მოიცავს ინოვაციურ დიზაინსა და შემოქმედებით ხედვებს, რომლებიც უზრუნველყოფს არა მარტო მიწის ეფექტიან გამოყენებას, არამედ საზოგადოების კეთილდღეობის ზრდასაც.
დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბრაუნფილდების გამოყენებას ქალაქების განვითარებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ისინი არა მხოლოდ ტერიტორიული განახლების საშუალებას გვაძლევს, არამედ გარემოს დაცვის, ეკონომიკური და სოციალური კეთილდღეობის მიზნების განხორციელების გზებსაც გვთავაზობს. სწორედ აქ, ბრაუნფილდების ფარდაგქვეშ, ახალი შესაძლებლობების მთელი წყება იმალება. მათი ტრანსფორმაცია სტიმულს მისცემს ადგილობრივ ეკონომიკას, შექმნის ახალ სამუშაო ადგილებს და გააუმჯობესებს ცხოვრების ხარისხს.