1727302200

დახვეწილი შპალერი სახანძრო უსაფრთხოების ნაცვლად

ჰედერი

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

გიფიქრიათ რამდენად უსაფრთხოდ ცხოვრობთ ახალაშენებულ ან ახლაგარემონტებულ სახლში? რას მიანიჭეთ უპირატესობა კომფორტული გარემოს შესაქმნელად? რა გაითვალისწინეთ დაგეგმარებისას და რა გამოგრჩათ?

ხშირ შემთხვევაში ვარჩევთ შპალერის ფერს, სახლის დიზაინს, ჭაღის ფორმას, ყურადღებას ვაქცევთ ათას წვრილმანს, მაგრამ გვავიწყდება ყველაზე მნიშვნელოვანი - უსაფრთხოება.

რისკები კი გარემოში უამრავია. მისგან სრულად დაზღვეული ვერასოდეს ვიქნებით, მაგრამ, ფაქტია, არსებობს უსაფრთხოების სტანდარტები, რომელიც რისკებს არ გამორიცხავს, თუმცა მათ შემცირებას უწყობს ხელს.

მარტივი დაკვირვებით, ქართული ოჯახების უმრავლესობაში (რამდენად ძვირადღირებული სახლი და ევრორემონტიც არ უნდა იყოს) მაქსიმუმ გაზის დეტექტორი არსებობს და მხოლოდ ამაზე გადის ჩვენი უსაფრთხოებაც.

ძველ აშენებულ სახლებში სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტები რომ სრულად მორყეულია ამას ნებისმიერ კურპუსსა თუ უბანში შეამჩნევთ. ვერცერთ სადარბაზოში ნახავთ ვერც სახანძრო სტენდს, ვერც დეტექტორს, ვერც წყალმაქრს და სხვა საშუალებას. არ არსებობს ავარიული გასასვლელი ან კიბე, და თუ ჯერ კიდევ სადმე შემორჩენილია, ისიც სხვადასხვა მიზეზის გამო ჩახერგილი, ან ჩაკეტილია.

უკეთესი მდგომარეობა არც 90-იანი წლების შემდეგ აშენებულ საცხოვრებელ სახლებშია. არც მარეგულირებელ-მმართველებს და არც მშენებლებს გასჩენიათ ელემენტარული სტანდარტების მოთხოვნა-დაცვის სურვილი.

წლების განმავლობაში ქაოსური დაგეგმარების პირობებსა და დახვავებულ პრობლემებთან გამკლავება მხოლოდ ახლა გვიწევს, ისიც ევროკავშირთან ნაკისრი ვალდებულებებით.

ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის მიზნით შენობა-ნაგებობების უსაფრთხოების შესახებ 2016 წელს მიღებულ ტექნიკურ რეგლამენტში ცვლილებები 2 წლის წინ შევიდა. ის მშენებლებს სახანძრო უსაფრთხოების დანერგვას ავალდებულებს. მოთხოვნები დაუყოვნებლივ უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა ის რამდენჯერმე გადავადდა, საბოლოოდ ნორმები ძალაში ვერც 2024 წლის იანვრიდან შევიდა და ხელისუფლებამ ბიზნესთან კონსულტაციის საფუძველზე 2025 წლის 1-ლი იანვრისთვის კიდევ ერთხელ გადაავადა.

ახალი რეგულაციებით დეველოპერებს მშენებლობის დაგეგმარებისას მთელი რიგი რეგულაციების დაცვა მოუწევთ. ტექნიკური რეგლამენეტის მიხედვით, განაშენიანების რეგულირების გეგმის ან მიწის სამშენებლოდ გამოყენების პირობების შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს სახანძრო და საავარიო-სამაშველო ტექნიკის გადაადგილებისა და შენობა-ნაგებობასთან მისასვლელი გზის დაგეგმარება. ამავდროულად ის ითვალისწინებს დროული ევაკუაციისთვის გასასვლელების, სახანძრო ავტოკიბეებისა და ავტოამწეების მოწყობას, გაწერილია გარე კედლებისა და გადახურვის სტანდარტები. რეგლამენტი მკაცრ მოთხოვნებს უწესებს 23 მეტრზე მაღალ შენობებს, მათ შორის მოთხოვნლია კვამლშეუღწევადი კიბის არსებობა, 2 სახანძრო-სამაშველო ლიფტი სამაშველო დანაყოფის მისადგომად და ეს სტანდარტები მკაცრდება შენობის გამაღლებასთან ერთად. გარდა ამისა, გათვლილია კონკრეტული კრიტერიუმები სახანძროს სისტემების მოწყობაზე.

სპეციალისტები მიიჩნევენ, რომ ახალი მოთხოვნები მშენებლობების თვითღირებულებას გააძვირებს, თუმცა მათი უმრავლესობა აღიარებს, რომ მშენებლობის პროცესში ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების უზრუნველყოფა უსაფრთხოებისთვის მნიშვნელოვანია. მათი მთავარი ფუნქცია ხანძრის ან დაკვამლიანების დროული აღმოჩენა, მისი შეზღუდვა და კონტროლია და ის პირველადი რეაგირების დაწყებას და ადამიანების ევაკუაციის შესაძლებლობას იძლევა. ამავდროულად ხანძრის ან დაკვამლიანების შემთხვევაში ავტომატურად ირთვება წყლის სისტემები, რაც ხელს უშლის ხანძრის გავრცელებას და ამცირებს ზარალს.

საცხოვრებელ შენობებში სახანძრო სისტემების გათვალისწინებას პრიორიტეტად მიიჩნევს არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი. საკითხი, რომელიც გასული საუკუნისთვის ნაკლებ პრიორიტეტულობით გამოირჩეოდა, თანამედროვე მსოფლიოში აუცილებელ გასათვალისწინებელ ნორმად იქცა და ამ სტანდარტებზე ჩვენც უნდა გადავიდეთ. ირაკლი როსტომაშვილისთვის მნიშვნელოვანია, რომ ეს სტანდარტები ძველ საცხოვრებელ სახლებზეც გავრცელდეს და ასევე აუცილებლად მიიჩნევს მკაცრ სახელმწიფო კონტროლს.

არქიტექტორის არგუმენტი პროპორციულ თანაფარდობას ემყარება და განმარტავს, რომ ახალაშენებული სახლების წილი 2%-ია, დანარჩენი კი ძველი სახლების ფონდია და ასეთ შემთხვევაში მოქალაქეებზე ზრუნვა თანაბარი უნდა იყოს. ირაკლი როსტომაშვილი ეჭვობს, რომ ეს სტანდარტები მოქმედებდეს ისეთ მნიშვნელოვან დაწესებულებაში, როგორიცაა საბავშვო ბაღები, სკოლები, კინოთეატრები, სავაჭრო ცენტრები და საზოგადოებრივი თავშეყრის სხვა დაწესებულებები. განსაკუთრებით რთული მდგომარეობა კი ამ თვალსაზრისით რეგიონებშია.

პრობლემაა მშენებლის მიერ რეგლამენტით გათვალისწინებული შესრულებული ვალდებულების აღსრულების თვალსაზრისითაც. ერთია კანონის შემოღება და მეორე, მისი აღსრულება.

„მხოლოდ იმის კონტროლი რამდენად შეასრულა მშენებელმა ნაკისრი ვალდებულება საკმარისი არ არის“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი და ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული ხარვეზის საილუსტრაციოდ პირობითი მაგალითიც მოჰყავს.

წარმოვიდგინოთ, რომ X მენაშენემ საცხოვრებელი სახლი ააშენა, კანონით გათვალისწინებული ყველა პირობა ზედმიწევნით შეასრულა, გააკეთა სახანძრო სიგნალიზაცია, მოაწყო ტუმბოები, გაყვანილობა, დეტექტორები, მაჩვენებლები, აკუმულატორები, წყლის გამფრქვევები... დაასრულა მშენებლობა, ექსპლუატაციაში მიიღო მარეგულირებელმა და შესაბამისად, სახლი გადააბარა ბინის მფლობელს. აი, ამ დროიდან იწყება პრობლემები. რა ხდება ამის შემდეგ? ვინ ახორციელებს სახანძრო სისტემებზე ზედამხედველობას?

„სახანძრო სისტემები არის ისეთი მექანიზმი, რომელსაც ჭირდება მუდმივი მოვლა. მისი მთავარი დანიშნულება ისაა, რომ უწყვეტ რეჟიმში, 24 საათის განმავლობაში მწყობრში უნდა იყოს და მას სჭირდება მონიტორინგი, მუდმივად ხელის შევლება. ეს დაახლოებით ისეთივე რამაა როგორც ავტომობილისთვის ტექნიკური დათვალიერება და სწორედ ეს აუცილებელი მექანიზმი არ არის გათვალისწინებული. შესაბამისად, გამოდის, რომ მშენებელმა რა სამუშაოც შეასრულა და რაზეც რამდენიმე ათეული ან რამდენიმე ასეული ათასი ლარი გადაიხადა ფუნქციას ვერ ასრულებს და ამ მექანიზმის გარეშე წყალში გადაყრილია“, - განმარტავს ირაკლი როსტომაშვილი.

ამ ლოგიკური მსჯელობის შემდეგ მივდივართ კითხვამდე - ვინ უნდა აიღოს თავის თავზე ევროპული სტანდარტების შესაბამისი სახანძრო სისტემების მონიტორინგი? პასუხი ცალსახაა. სპეციალისტმა.

„ეს საკმაოდ რთული საქმეა, საკმაო პასუხისმგებლობით. სპეციალისტს უნდა ჰქონდეს გეგმა რას, როგორ და როდის ამოწმებს. პერიოდულად სჭირდება სატესტო შემოწმება, გაწმენდა და მას ამისთვის უნდა ჰქონდეს ანაზღაურება და მისი ხელფასი უნდა შეაგროვოს მოსახლეობამ, თუმცა თუ ლიფტების მაგალითს გავიხსენებთ, ეს მარტივად მოსაგვარებელი საკითხი არ იქნება. ის რაც საქართველოში ლიფტებში ხდება მსგავსი მაგალითი მსოფლიოში არ მოიძებნება. ერთ სადარბაზოში მცხოვრები ადამიანები ვერ შეთანხმდნენ მათი ყოველდღიურობისთვის მნიშვნელოვან საკითხზე რომ ლიფტის მომსახურებისთვის საჭირო თანხა უნდა შეგროვდეს და ამის გამო ლიფტში ყუთის ჩამოკიდება გახდა საჭირო. ამ რეალობიდან გამომდინარე, როგორ ფიქრობთ, სახანძრო სისტემის მომსახურების საფასურის გადახდაზე შეთანხმდებიან? არადა, ძალიან ბევრ ოჯახს გარეთ ძვირადღირებული ავტომობილი უყენია და სახლში მაღალი ხარისხის რემონტი აქვს“, - ამბობს ირაკლი როსტომაშვილი.

მას მიაჩნია, რომ კონკრეტული მექანიზმი მოსაფიქრებელია და ეს პასუხისმგებლობა საკრებულომ თავის თავზე უნდა აიღოს. მექანიზმი, შესაძლოა, გამოყენებული იყოს როგორც საერთაშორისო გამოცდილებიდან, ასევე უკვე არსებული, სხვა კომუნალურ გადასახადთან სახანძრო სისტემების მომსახურების ტარიფის მიბმა.

გასათვალისწინებელი და მნიშვნელოვანი ციფრები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს 10 564 სახანძრო შემთხვევას 48 ადამიანი ემსხვერპლა, 205 დაშავდა. კონკრეტული კვლევა ხანძრების გამომწვევი მიზეზების შესახებ არ არსებობს, თუმცა ოფიციალური მონაცემებით, ხანძრების შედეგად განადგურდა 380 შენობა.

სახანძრო უსაფრთხოების სტანდარტების საერთაშორისო კოალიციის მონაცემებით, ყოველწლიურად 150 000 ადამიანი კვდება და 7 მილიონზე მეტი შავდება სხვადასხვა კატეგორიის ხანძრის დროს. ხანძრისა და სამაშველო სამსახურის საერთაშორისო ასოციაციის მონაცემებით კი ხანძრების 24% საცხოვრებელ კორპუსებში ხდება და ამ მაჩვენებლით ტყის ხანძრების შემდეგ მეორე ადგილზეა. სწორედ საცხოვრებელ სახლებში მომხდარ ხანძრებზე მოდის გარდაცველებისა და დაშვების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი.

არაერთ კვლევაში მითითებულია, რომ განვითარებულ ქვეყნებში ხანძრის ინციდენტები შედარებით დაბალია, რადგან ხანძარსაწინააღმდეგო სისტემები და რეგულაციები უკეთესად არის დაცული.

საერთაშორისო გამოცემამ IFSJ-იმ ხანძრის გამომწვევ მიზეზთა ნუსხა გამოაქვეყნა, რომელშიც პირველ ხუთეულშია სამზარეულოს ტექნიკა და აღჭურვილობა, გასათბობი სისტემები, ელექტრონული აღჭურვილობა, სიგარეტი და სანთელი.

სიახლეები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

ინოვაცია

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები