1738239240

„ევროპული ბაზარი ერთადერთი გადარჩენაა“ — ავეჯის მწარმოებლების მოლოდინი

ჰედერი

ავტორი

მაია დემეტრაშვილი

ახალ სახლს ახალი ავეჯი უხდება. სწორედ ამიტომ, როგორც კი უძრავი ქონების მფლობელები გავხდებით, ვიწყებთ ფიქრს, როგორ მოვაწყოთ, რა ტექნიკით და ავეჯით აღვჭურვოთ ჩვენი ბინა.

აქედან გამომდინარე, სამშენებლო სექტორში არსებული მდგომარეობა მალევე აისახება საყოფაცხოვრებო ტექნიკისა და ავეჯის ინდუსტრიის განვითარებაზე. რაც უფრო მეტია უძრავი ქონების გაყიდვების მაჩვენებელი, მით უფრო მეტად იზრდება საყოფაცხოვრებო ტექნიკასა და ავეჯზე მოთხოვნა, ბინების გაყიდვების შემცირების შემთხვევაში კი, პირიქით, იკლებს.

ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე, უძრავი ქონების ბაზარზე წინასაახალწლო პერიოდი, მართლაც, უძრავი გამოდგა. ყველაზე აქტიურ თვეში, დეკემბერში გაყიდვები თითქმის არ ყოფილა და მოტივაცია მომხმარებელს ვერც კომპანიების მიმზიდველმა აქციებმა შეუქმნა.

ავეჯის ქართველი მწარმოებლების მოლოდინები და გამოწვევები

სამშენებლო და დეველოპერული ბიზნესი კრიზისის პირველ ნიშნებს უკვე ხედავს, ვერ გეგმავს საინვესტიციო პროექტებს და მოლოდინის რეჟიმშია. მსგავსი მოლოდინია ავეჯის ინდუსტრიაშიც, თუმცა როგორც „ქართული ავეჯის კლასტერის“ გამგეობის თავმჯდომარე და კომპანია „ავანგარდის“ დირექტორი, ბესიკ ვერძეული ამბობს, უძრავი ქონების ბაზარზე დაწყებული კრიზისი, როგორც წესი, ავეჯის ინდუსტრიაზე 2-3 თვეში აისახება, შესაბამისად, ეს ნიშნები ჯერ არ ჩანს, მაგრამ იმ პირობებში, როდესაც ბიზნესი პოლიტიკური მოვლენებისადმი მგრძნობიარეა, ქვეყნის მდგომარეობიდან გამომდინარე, არსებობს რისკები.

„ქართული ავეჯის ინდუსტრია რთულად განვითარებადი მიმართულებაა. კომპანიები მუშაობენ როგორც დასავლეთის, ასევე აღმოსავლეთის ბაზრებზე, მაგრამ ისინი, ვისაც სურთ, გახდნენ უფრო ცივილური და განვითარებული, მთავარ აქცენტს ევროკავშირის ბაზარზე აკეთებენ. ქართული ბაზარი უნდა იყოს დაკავშირებული ევროპულთან, ეს არის ერთადერთი გადარჩენა და თუკი ევროპული ბაზრის მიმართ შეიცვალა დამოკიდებულება, რისკის ქვეშ ვდგებით“, — ამბობს ვერძეული.

ავეჯის ინდუსტრია ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. სექტორში ამბობენ, რომ გარკვეული ხელშეწყობის პირობებში დარგს განვითარების გაცილებით უფრო მეტი პოტენციალი აქვს.

„ქვეყნის აყვავება არ შეუძლია, მაგრამ საინტერესო დარგია. ღვინის ბიზნესი რაც არის ქვეყანაში, იმაზე 10-ჯერ მეტი შეუძლია ავეჯის ინდუსტრიას, მისი ბრუნვა დაახლოებით 2 მლრდ. ლარია და მცირედი ხელშეწყობის პირობებში კიდევ უფრო მეტად განვითარების შესაძლებლობა აქვს“, — ამბობს ბესიკ ვერძეული.

ოფიციალური სტატისტიკით, სექტორი 1600 ადამიანს ასაქმებს, თუმცა „ქართული ავეჯის კლასტერში“ განმარტავენ, რომ თუ თვითდასაქმებულებსა და წვრილ-წვრილ დაურეგისტრირებელ კომპანიებს ჩავთვლით, დასაქმებულთა რაოდენობა 8000-საც კი აღწევს. მნიშვნელოვანია საბიუჯეტო შენატანებიც. მაგალითად, მხოლოდ კომპანია „ავანგარდს“, რომელიც ავეჯის კომპონენტებს აწარმოებს, ყოველწლიურად ბიუჯეტში 900 000 ლარი (დღგ-ს ჩათვლის გარეშე) შეაქვს და 40 ადამიანს ასაქმებს.

პოტენციალი დიდია, თუმცა ბევრია გამოწვევებიც. ისეთი ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა საფრთხეს წარმოადგენს დიდი ქვეყნების — ჩინეთი, რუსეთი, თურქეთი — იაფიანი პროდუქცია და კონკურენციის გაწევა ასეთ შემთხვევაში, ფაქტობრივად, აზრს კარგავს.

„ქართული ავეჯის კლასტერის“ გამგეობის თავმჯდომარეს მარტივი მაგალითიც მოჰყავს. როდესაც ქართულ ბაზარზე ჩინეთში წარმოებული მაგიდა, 4 სკამით, 120 ლარი ღირს, გაუგებარი ხდება, როგორ ან რა ფასად შეიძლება გაყიდოს ქართველმა მწარმოებელმა პროდუქცია, რომ მას კონკურენციაც გაუწიოს, გადასახადიც გადაიხადოს და დასაქმებულს ანაზღაურებაც მისცეს.

ბესიკ ვერძეული მიუთითებს ბევრი ქვეყნის არჩეულ სტრატეგიაზეც, რომელიც უხარისხო, იაფიანი პროდუქციის შეზღუდვას ცდილობს. ამ შემთხვევაში სულაც არ იგულისხმება აკრძალვა.

სახელმწიფოთა გარკვეული ნაწილი, მწარმოებელებს მოტიაციისთვის ბევრ ხელშემწყობ პროგრამას სთავაზობს, მათ შორისაა, „ქეშბექი“, წარმოების ხელშეწყობა და სხვ. მაგალითად, თურქეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2020 წელს, შიდა ავეჯის ინდუსტრიის მხარდასაჭერად, დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) 18-დან 8%-მდე შემცირდა.

გამოწვევაა კვალიფიციური კადრებიც. 2024 წელს კომპანია „ავანგარდი“ 4-მა თანამშრომელმა დატოვა, მიზეზი უცხოეთში დასაქმება იყო. ვერძეული ამბობს, რომ ამ ადამიანების დაკარგვა ადვილი არ იყო.

„5 წელი მუშაობდნენ ჩვენს კომპანიაში. ძალიან ძნელია... ხელფასს კი ვუმატებთ, 3000 ლარამდე ვუხდით თანამშრომელს, ვთავაზობთ დაზღვევას, სარგებლობენ ანაზღაურებადი შვებულებით, მკაცრად ვიცავთ კვირაში 40 საათიან განაკვეთს, მაგრამ ძალიან დიდ გადასახადებს ვიხდით. ახალგაზრდებზეა საუბარი, ალბათ პერსპექტივას ვერ ხედავენ, რადგან უცხოეთში 3000 დოლარს სთავაზობენ“.

კლასტერში ამბობენ, რომ ინდუსტრია ამ რთულ საკითხებთან გამკლავებას, სახელმწიფოს მხარდაჭერის გარეშე ვერ შეძლებს.

მნიშვნელოვანია პროფესიული განათლების გაძლიერება კადრების გადასამზადებლად. კლასტერში აცხადებენ, რომ ბიზნესი მზად არის მხარდასაჭერად და გარკვეული რესურსით პროექტში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა სრული ინფრასტრუქტურის (მაგალითად, სასწავლებლის შენობის რეკონსტრუქცია) საკუთარ თავზე აღება ბიზნესს გაუჭირდება.

ბესიკ ვერძეული ამბობს, რომ სააგენტოს — „აწარმოე საქართველოში“ — პროგრამები მწარმოებლებისთვის მნიშვნელოვანია, მაგრამ აუცილებელია მათი გაფართოება და გამარტივებაც. ხშირ შემთხვევაში მწარმოებლები ცდილობენ განვითარებას, სტაბილური წარმოების შექმნას, მაგრამ მცირე კომპანიებმა ხშირად ბიზნესგეგმის დაწერაც კი არ იციან და ხელმისაწვდომობა მათთვის ამ პროგრამებზე ნაკლებია.

„დამწყები მცირე ბიზნესი არ არის პროფესიონალი, არ არის მზად და რაღაციდან უნდა დაიწყოს... პროგრამებში ჩართვა მარტივი უნდა იყოს, რომ ობიექტი გამართოს. ეს რთული პროცესია და წამახალისებელი მექანიზმები სჭირდება. საჭიროა ინდუსტრიული ზონები, რომლებიც ამ ბიზნესებს წაახალისებს. თურქეთში საამისო ბევრი შესაძლებლობაა, ჩვენ კი ამ მიმართულებით გვიჭირს“, — ამბობს ვერძეული და აფასებს სახელმწიფო სტრუქტურებთან კომუნიკაციას, მაგრამ აღიარებს, რომ უფრო მეტია საჭირო...

სექტორს საექსპორტო პოტენციალიც აქვს. 2024 წლის არასრული მონაცემებით, ქვეყნიდან ექსპორტზე 12 მლნ. დოლარის ავეჯი გავიდა, წლიურად მაჩვენებელი თითქმის 200%-ით გაიზარდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი კი მეზობელი სომხეთი და აზერბაიჯანია. ექსპორტიორებს შორის მესამე ადგილზე აშშ, მეოთხეზე — რუსეთი, მეხუთე პოზიციაზე კი იტალიაა (მონაცემები არასრულია, რადგან საქსტატი ავეჯის სხვადასხვა კომპონენტსა და ნაწილს ცალ-ცალკე აქვეყნებს). ევროკავშირის არც ერთი ქვეყანა პირველ სამეულში არ არის.

ავეჯის იმპორტი ქართულ ბაზარზე

საქსტატის მონაცემებით, ავეჯის იმპორტი ამავე პერიოდში გაცილებით შთამბეჭდავია. ამავე პერიოდში, საქართველოში 97 მლნ. დოლარის ავეჯია იმპორტირებული (მონაცემები ამ შემთხვევაშიც არასრულია საქსტატის მიერ ცალკეული კომპონენეტების დათვლის გამო). იმპორტიორ ქვეყნებს შორის, ოფიციალური მონაცემებითაც, თურქეთი, ჩინეთი და რუსეთი ლიდერობენ.

ავეჯის სახლის — „ნიტას“ — დირექტორი, მირანდა ხეცურიანი ამბობს, რომ 2024 წელი წარმატებული იყო. დეკემბერი არ გამოდგა ისეთი, როგორც სხვა წლებში, თუმცა საქართველოში არსებული რეალობის ფონზე, მაინც დამაკმაყოფილებლად შეიძლება ჩაითვალოს.

კომპანიას ავეჯი კოვიდის შემდეგ, ძირითადად, თურქეთიდან შემოაქვს, იგეგმება ძველი ბაზრებიდან არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, ეგვიპტიდან, ჩინეთიდან პროდუქციის შემოტანის აღდგენა, თუმცა ამჟამად მიმდინარე მოვლენებს აკვირდება.

„მიმდინარე მოვლენებისა და ლარის გაუფასურების ფონზე, პროდუქციაზე ფასები შევინარჩუნეთ, აქციებიც შევთავაზეთ მომხმარებელს. დანარჩენ გეგმებს რაც შეეხება, გრძელვადიან პერსპექტივაში ვგეგმავთ გაფართოებას, მათ შორისაა, „ნიტას“ ბრენდით ავეჯის წარმოების დაწყება, ახლო მომავალში კი უცხოელ პარტნიორებთან ერთად „ნიტა ჰოუმის“ გაფართოება, სადაც მომხმარებელს ავეჯის გარდა შესაბამისი ჭურჭლის, განათებისა თუ სხვა ბევრი წვრილმანი საოჯახო ნივთის შეძენა შეეძლება“, — განმარტავს მირანდა ხეცუარიანი და აღნიშნავს, რომ გეგმების რეალობად ქცევა მიმდინარე მოვლენებზეა დამოკიდებული.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები