1727360400

ევროპული ქალაქებიდან თბილისში - ჩვევები, რომლებიც ურბანულ განვითარებაში დაგვეხმარება

სურათი 1

ავტორი

ნინი მეტრეველი

ამ დროის მონაცემებით, ევროპის 20-ზე მეტი ქალაქის მონახულება მოვასწარი. აქედან, ორში ვიცხოვრე, ერთში კი სტანდარტულ ტურისტთან შედარებით, მეტ ხანს გავჩერდი. „ეს რომ თბილისში ყოფილიყო“, „ეს რომ ჩვენთან გაკეთდეს“, „ასე რომ თბილისელები ვაკეთებდეთ“ ბევრჯერ გავიფიქრე. საბოლოოდ, გადავწყვიტე, ისეთი „ეს რომ“-ები შემეკრიბა, რომლის გაკეთებაც არა მხოლოდ ქალაქის მთავრობაზე, არამედ - მოქალაქეებზეც მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვა

ევროპულ ქალაქებს ერთი დიდი უპირატესობა აქვთ - მათი უმეტესობის ძველ უბნებს, ანუ ე.წ. Old Town-ებს UNESCO იცავს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ტერიტორიები მიჩნეულია მსოფლიოს კულტურულ მემკვიდრეობად მათი კულტურული, ისტორიული, ან არქიტექტურული მნიშვნელობიდან გამომდინარე, შესაბამისად, ღირებულია არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქვეყნისთვის, არამედ - მთელი მსოფლიოსთვის. იმისათვის, რომ ასეთი ტერიტორიები, შენობები თუ მონუმენტები უცვლელ მდგომარეობაში შენარჩუნდეს, რესტავრაციაც კი მკაცრი კონტროლით ხორციელდება, რომ აღარაფერი ვთქვათ რაიმეს დამატებაზე, ან სახეცვლილებაზე.

თავისთავად, ევროპაში ქალაქდაგეგმარებას მხოლოდ UNESCO არ განსაზღვრავს. თითოეულ ქალაქს სჭირდება განვითარება, თანამედროვეობასთან ადაპტირება და ადგილობრივების მოთხოვნების დაკმაყოფილება. იმისათვის, რომ განვითარების პარალელურად ქალაქების იერსახე არ დამახინჯდეს, მოქმედებს შიდა რეგულაციები და კანონებიც, რომელთა გათვალისწინებითაც, თითოეული ახალი შენობა თუ რენოვაცია კულტურულ მემკვიდრეობასთან ჰარმონიაშია. ცხადია, პროცესი იდეალურად არც ევროპაში მიმდინარეობს. მაგალითად, მოსახლეობის დიდი უკმაყოფილება და პროტესტო მოჰყვა პოლონეთის ერთ-ერთ ქალაქში, ვროცლავში ახალი სავაჭრო და ბიზნესცენტრის - Sky Tower-ის მშენებლობას. ადგილობრივებს დღემდე მიაჩნიათ, რომ შენობა სრულადაა ამოვარდნილი ქალაქის სტილიდან.

საქართველოში UNESCO მხოლოდ მცხეთას, გელათის მონასტერსა და ზემო სვანეთს იცავს. ძველი თბილისი, ჯერჯერობით, სიაში არ არის, მაგრამ ჩვენთან მოქმედებს კანონი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა დაცვის შესახებ. როგორ ენიჭება და ეხსნება შენობას კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი, ეს ცალკე სტატიის თემაა. ის, რაც შეგვიძლია ევროპული პრაქტიკიდან გადმოვიტანოთ - გამორჩეული შენობების მოვლა-პატრონობის საკითხია. ევროპის ქალაქებში, უმეტესად, შენობების მოვლა-პატრონობა და იერსახის შენარჩუნებაზე ზრუნვა მეპატრონის პასუხისმგებლობაა. ამ შემთხვევაში, არ ვსაუბრობთ კაპიტალურ რესტავრაციაზე, ან ძვირადღირებულ სამუშაოებზე. მაგალითისთვის, შეგვიძლია მოვიყვანოთ თბილისში არსებული ძველი სახლების სადარბაზოების მდგომარეობა. ევროპაში შიდა სივრცეებზე პასუხისმგებლობა მოსახლეობას აკისრია და ამას ამხანაგობის პრინციპით კარგადაც ახერხებენ. თუ თბილისშიც იგივე პრაქტიკას გადმოვიტანთ, შესაძლებელია, უნიკალური სადარბაზოები უკეთ შენარჩუნდეს.

მწვანე ურბანული დაგეგმარება

ვილნიუსს, პოტსდამსა და სტოკჰოლმს ერთი საინტერესო მახასიათებელი აერთიანებს - თუ ამ ქალაქებს, თუნდაც ზედხედით, კარგად დააკვირდებით, შეამჩნევთ, რომ თითქმის ნებისმიერი ა პუნქტიდან ბე პუნქტამდე მისვლა ჩვეულებრივი ქუჩების მინიმალური კვეთით, სულ სკვერების გავლით შეგიძლიათ. ალბათ, ქალაქდაგეგმარებისას, ჩანაფიქრიც ასეთი იყო: მოსახლეობას ჰქონოდა კომფორტულად და მშვიდად ფეხით გადაადგილების საშუალება.

ახლა, როცა თბილისი უკვე აშენებულია და კორპუსების ჩამატება აქტიურად (ქაოტურადაც) გრძელდება, ამის გამოსწორება რთულია, მაგრამ არა შეუძლებელი. ცხადია, ყველა ა პუნქტს ყველა ბე პუნქტთან მწვანე დერეფნებით ვერ დავაკავშირებთ, თუმცა, შესაძლებელია, ახალი კორპუსების, ან თუნდაც დასახლებების პროექტირებისას ეს ნიუანსი როგორც პროექტის ავტორებმა, ისე - გადაწყვეტილების მიმღებმა პირებმაც გაითვალისწინონ.

ველოსიპედი, როგორც ყველაზე სწრაფი ტრანსპორტი

იშვიათად მინახავს ევროპელი სტუდენტი, რომელსაც საკუთარი მანქანა ჰყავს. კამპუსებთან ველოსიპედის პარკინგის პრობლემაზე კი ჩემთან ბევრს უწუწუნია. ევროპელი მაღალი თანამდებობის პირების მიერ ველოსიპედის მთავარ ტრანსპორტად გამოყენებაზე მედიაში საკმაოდ ბევრი იწერება, მაგრამ მაინც გაოგნებული ვუყურებდი უჟუპისის რესპუბლიკაში ველოსიპედით მოსეირნე ვილნიუსის მერს.

ყველანი ვთანხმდებით, რომ ზოგადად, მეტრო და ტრამვაი მრავალათასიანი ქალაქისთვის ყველაზე სწრაფი ტრანსპორტია. ახალი მეტროსადგურების აშენება და ისედაც დავიწროებული სამანქანო გზების ტრამვაის ლიანდაგით დავიწროება არა მგონია, ეფექტური გადაწყვეტილება იყოს. საცობების პრევენციისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთივს, ქალაქის ველოსიპედებზე ადაპტირება ბევრად რეალურად მეჩვენება.

სიახლეები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

ინოვაცია

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები