1740146760

მეტეხის ციხე — სამი განსხვავებული სისტემის მთავარი საპატიმრო

ჰედერი 1

ავტორი

მეკო მეტრეველი

მეტეხის ციხე წლების განმავლობაში სამი განსხვავებული სახელისუფლებო რეჟიმის ანგარიშსწორების ადგილი და მთავარი საპატიმრო იყო, რომელსაც კონკრეტული სისტემა პოლიტიკური ოპონენტების დასასჯელად იყენებდა. მეტეხის ციხის თითქმის 110-წლიანმა ისტორიამ არაერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ბევრი უდანაშაულო, უკანონოდ დაპატიმრებული მოქალაქის თავისუფლება შეზღუდა. მართალია, დღეს მეტეხის საპყრობილიდან აღარაფერია შემორჩენილი, თუმცა ეკლესიის ფასადზე ახლაც შეხვდებით პატიმრების მიერ ამოკაწრულ წარწერებს, რომლებიც ამ ადგილის მძიმე წარსულის ერთადერთი აღმნიშვნელია.

ფოტო: რადიო თავისუფლება

დღევანდელი მეტეხის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარი ერთ-ერთი უძველესი ისტორიის მქონე ნაგებობაა, რომლის თავდაპირველი ვერსია, დაახლოებით, VI საუკუნეში აუშენებიათ. გადმოცემის თანახმად, ის მეფე ვახტანგ გორგასალმა ააგო და ეკლესიასთან ერთად მეფის რეზიდენციას წარმოადგენდა. მას შემდეგ ტაძარი არაერთხელ დაზიანდა და დაინგრა, დღევანდელი სახე კი ეკლესიამ მეფე დემეტრე II თავდადებულის დროს მიიღო. რაც შეეხება ციხეს, პირველი ცნობები მეტეხის ეკლესიის გარშემო ციხესიმაგრის არსებობის შესახებ არაბთა მმართველობის პერიოდიდან გვხვდება და IX-XII საუკუნეებს უკავშირდება. მოგვიანებით ეს ადგილი სამეფო სასახლესაც წარმოადგენდა, რომელსაც პერიოდულად დამპყრობლები არბევდნენ. 1748 წელს ერეკლე მეორემ მეტეხის ციხე სპარსელებისგან გაათავისუფლა, რაც დღემდე შემონახული აღმოსავლეთ ფასადის წარწერით დასტურდება. თუმცა ამის შემდგომაც მეტეხის ეკლესია და ციხე არაერთხელ დაზიანდა. საბოლოოდ, რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში, 1819 წელს, გენერალ ერმოლოვის ბრძანებით, ძველი ციხესიმაგრე დაანგრიეს და მის ნაცვლად კლდის გარშემო ორიარუსიანი შენობა, საპატიმრო ააშენეს. სწორედ ამ დროიდან იწყება მეტეხის ციხის, როგორც სისტემის მთავარი სადამსჯელო ორგანოს ისტორია.

მე-19 საუკუნის ფოტომასალის მიხედვით ირკვევა, რომ მეტეხის საპყრობილე თანდათან ფართოვდებოდა. მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი კი ციხის ეზოში იყო მოქცეული და სატუსაღოს შიდა ეკლესიას წარმოადგენდა. ცნობების თანახმად, მეტეხის ციხეს ორი შესასვლელი ჰქონდა: ერთი აღმოსავლეთის მხრიდან — მძიმე, რკინის ალაყაფის კარი, საიდანაც პატიმრები საპყრობილეში შეჰყავდათ; მეორე კი დასავლეთის მხრიდან, კლდის ძირში, რომელიც მეტეხის ხიდის მშენებლობის დროს ამოქოლეს.

საპყრობილე განკუთვნილი იყო პოლიტიკური, სამოქალაქო და სამხედრო პატიმრებისთვის, სასჯელის მიხედვით კი მათ განსხვავებულ საკნებში ათავსებდნენ. მაგალითად, მე-2 საკანი განკუთვნილი იყო სისხლის სამართლის დამნაშავეებისთვის, მე-5 საკანში კი აწესებდნენ მრავალწლიანი პატიმრობითა და და 270-ე მუხლით ბრალდებულ ადამიანებს, რომლებსაც უმაღლესი სასჯელი — ჩამოხრჩობა ელოდათ.

ფოტო: რადიო თავისუფლება

პატიმრების მოგონებებიდან ირკვევა, რომ ციხეში გაუსაძლისი პირობები და საშინელი ანტისანიტარია იყო. 10-15-კაციან საკნებში 40 პატიმარს ათავსებდნენ, საპყრობილეში არ არსებობდა ცენტრალური კანალიზაცია, ამიტომ საკნებში მუდმივად აუტანელი სუნი იდგა. პატიმრებს ცუდად კვებავდნენ და ციხის უფროსის თუ ბადრაგების ნება-სურვილით სასტიკად უსწორდებოდნენ, კარცერში კეტავდნენ და ოჯახის წევრების ნახვის უფლებას არ აძლევდნენ.

საბჭოთა ოკუპაციის პერიოდამდე თბილისში მხოლოდ ორი საპატიმრო არსებობდა — მეტეხის და საგუბერნიო ციხე (ორთაჭალის ციხე). რუსეთის იმპერიის მმართველობის პერიოდში, სასიკვდილო განაჩენის აღსრულება ავლაბრის მაღლა მდებარე, ე. წ. თხემის გორაზე ხდებოდა. თუმცა მოგვიანებით, რევოლუციური მოძრაობების დაწყებისას, ტერორისტთა თავდასხმის შიშით, სასიკვდილო განაჩენის აღსრულების ადგილს მეტეხის საპყრობილის შიდა ეზო წარმოადგენდა.

მეფის რუსეთის დროს, მეტეხის ციხე სისტემის წინააღმდეგ მებრძოლი ადამიანების მთავარი სადამსჯელო დაწესებულება იყო. ციხის ერთ-ერთი პირველი პატიმარი დეკაბრისტი ბესტუჟევ-მარლინსკი გახლდათ. სატუსაღოში სასჯელს იხდიდნენ მაქსიმ გორკი, ბოლშევიკები: კალინინი, კურნატოვსკი, კამო, ბერია და თვით სტალინიც.

1910 წელს მეტეხის ციხის ტყვე იყო სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი სიკო ფურცელაძე, რომელიც პოლიციის მკვლელობისთვის იხდიდა სასჯელს. გარკვეული პერიოდის საპატიმროში გატარება მოუწია მწერალ მიხეილ ჯავახიშვილს და გერონტი ქიქოძეს, რომელმაც აქ რამდენიმე თვე დაყო. სწორედ გერონტი ქიქოძის მოგონებებშია ნახსენები ცნობილი რევოლუციონერი, ბოლშევიკი ლადო კეცხოველი, რომელიც 27 წლის ასაკში დარაჯმა დერგილოვმა მეტეხის ერთ-ერთ საკანში მოკლა. მეტეხის ციხეში ჩამოხრჩობით დაასრულა სიცოცხლე რევოლუციონერმა, კავკასიის სამხედრო შტაბის უფროსი გენერლის, გრიაზნოვის მკვლელობაში ბრალდებულმა არსენა ჯორჯიაშვილმაც. 1909 წელს რევოლუციური საქმიანობის გამო დააპატიმრეს მწერალი იროდიონ ევდოშვილიც, რომელმაც ათი თვე გაატარა საპატიმროში, შემდეგ კი სასჯელი გადასახლებით შეუცვალეს.

ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი

1918-21 წლებში მეტეხის საპყრობილეს აქტიურად იყენებდა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობაც. მენშევიკების დროს მეტეხის ციხე ბოლშევიკებით გაივსო, თუმცა საპყრობილეში სასჯელს იხდიდნენ სისხლის სამართლის დამნაშავეებიც. 1921 წლიდან, საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ უკვე ბოლშევიკებმა გამოიყენეს ციხე ოპონენტთა დასასჯელად. მეტეხის საპყრობილე უშუალოდ „ჩეკას" ექვემდებარებოდა და არაერთი ყოფილი მთავრობის წევრის საპყრობილეს წარმოადგენდა.

მეტეხის ციხეში „სასჯელს“ იხდიდა პოლიტიკური დევნის მსხვერპლი, ეროვნული გმირი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ამბროსი ხელაია.

ამბროსი ხელაია კათოლიკოს-პატრიარქი 1921 წლიდან გახდა. ის აქტიურად იყო ჩართული ეროვნულ-განმათავისუფლებელ მოძრაობაში და მხარს უჭერდა საქართველოს დამოუკიდებლობას. 1922 წელს გენუის მსოფლიო სამშვიდობო კონფერენციაზე გაგზავნილი მიმართვის გამო, სადაც საქართველოს გათავისუფლებასა და კანონიერი უფლებების აღდგენას ითხოვდა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი „ჩეკამ“ დააპატიმრა და მისი სასახლის კონფისკაცია მოახდინა. მასთან ერთად დააპატიმრეს საკათალიკოსო საბჭოს წევრებიც და ისინი მეტეხის ციხეში მოათავსეს. სასამართლომ ამბროსი ხელაია დამნაშავედ ცნო, მას 7 წლით და 9 თვით მიუსაჯა პატიმრობა, თუმცა 1925 წელს ამნისტიის შედეგად გათავისუფლდა.

რაც შეეხება მეტეხის ციხეს, მისი ისტორია კომუნისტების დროს, ბერიას მმართველობის პერიოდში დასრულდა. 1933 წელს გამოქვეყნდა დადგენილება, რომლის თანახმადაც მეტეხის ციხე გაუქმდა, შენობა კი განათლების კომისარიატს გადაეცა. მალევე, ყოფილი სატუსაღო ხელოვნების მუზეუმად გადაკეთდა და განათლების სახალხო კომისარიატმა სამსართულიან კომპლექსში ეროვნული მუზეუმი გადაიტანა, რომელიც 1952 წლამდე ფუნქციონირებდა. 1952 წელს მეტეხის ხელოვნების მუზეუმი ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობაში გადავიდა. ხოლო 1958 წელს, თბილისის 1500 წლის საიუბილეო აღნიშვნასთან დაკავშირებით, ყოფილი ციხის, შემდეგ კი მუზეუმის კორპუსი დაანგრიეს. ტაძრის წინ კი საფუძველი ჩაეყარა ვახტანგ გორგასლის ძეგლის მოწყობას, რომელიც 1967 წელს გაიხსნა.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები