1730639429
ავტორი
ნინი მეტრეველი
ქალაქებში, სადაც უძრავი ქონების ყიდვაც და ქირაობაც საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება, მიკრო ბინების კონცეფცია დღითიდღე პოპულარული ხდება. ასეთ საცხოვრებელ ფართებს შეხვდებით ტოკიოს ცათამბჯენებშიც და ლონდონის ტრადიციულ კორპუსებშიც. როგორც წესი, ასეთი ბინების მაქსიმალური ფართი, კარგ შემთხვევაში, 30 კვადრატული მეტრია. ტენდენცია იმდენად მზარდია, რომ ინტერიერის დიზაინერებიც და რეზიდენტებიც ადაპტირდნენ. მთავარი სივრცის ეფექტური გამოყენება და ინტერიერის სწორი დიზაინია - მიკრო ბინებში სრულფასოვნად და კომფორტულად ცხოვრება სავსებით შესაძლებელია.
რატომ იზრდება მოთხოვნა მიკრო ბინებზე?
მოსახლეობის ზრდასთან ერთად, იზრდება მოთხოვნა საცხოვრებელ სივრცეზეც. მიკრო ბინების კონცეფცია, პირველ რიგში, ტერიტორიის ოპტიმიზაციის მიზნით შემუშავდა. ამ თვალსაზრისით, იაპონია მოწინავედ შეიძლება ჩაითვალოს. სწორედ იაპონიაში განვითარდა ეს მიდგომა და ასეთ საცხოვრებელ სივრცეებს ახლა მსოფლიოს ბევრ ქალაქში, მათ შორის, საქართველოშიც შეხვდებით.
მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია ისეთ ქალაქებში როგორიცაა პარიზი, ბერლინი, სტოკჰოლმი და ა.შ. აქ ბინის ქირაობა საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა. მიკრო ბინების არსებობა კი საშუალებას აძლევთ სტუდენტებს, ახალგაზრდა წყვილებსა თუ დამწყებ პროფესიონალებს, ქალაქის ცენტრთან, უნივერსიტეტებთან და სამუშაო ადგილებთან ახლოს, ოპტიმალურ ფასად იცხოვრონ.
რა ეტევა მიკრო ბინაში?
მიკრო ბინებში ხშირად შეხვდებით ავეჯს, რომელიც ფორმას იცვლის - იკეცება, სხვა ფუნქციებს ითავსებს, ან სათავსოში იმალება. ასეთი ტიპის ავეჯს, რა თქმა უნდა, სივრცის დაზოგვისთვის იყენებენ. იაპონურ მიკრო ბინებში, უმეტესად, განთავსებულია საწოლი, დივანი ან მაგიდა, რომელიც შეგიძლიათ აკეცოთ და კედელზე დაამაგროთ. ამ ტენდენციით ავეჯის მწარმოებელმა ბრენდებმაც ისარგებლეს და გამორჩეული კოლექციებიც გამოუშვეს.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა სათავსოა. დიზაინერები გვირჩევენ, სივრცის მაქსიმალურად ათვისებისთვის, ტანსაცმლის კარადები და სხვა სათავსოები საწოლის ქვეშ, კედლებს შორის ან მაღლა, ჭერისკენ განვათავსოთ.
ცხადია, კომპაქტური უნდა იყოს ტექნიკაც. მიკრო ბინაში ვერ დადგამთ ორკამერიან მაცივარს, სრულფასოვან ღუმელს, ან 9 კგ-იან სარეცხ მანქანას. დიზაინერები გვირჩევენ, აქაც სივრცის დაზოგვაზე ვიზრუნოთ და ტექნიკა არა ფუნქციონალით, არამედ - ზომით შევარჩიოთ.
მიუხედავად იმისა, რომ ინტერიერის დიზაინერებმა მოახერხეს და 15-20 კვადრატული მეტრის სივრცეები სრულფასოვან საცხოვრებელ ბინებად აქციეს, ასეთ პირობებში ცხოვრებას მაინც უფრო საქმიან, დაკავებულ ადამიანებს ურჩევენ. მიკრო ბინები კომფორტულია მათთვის, ვინც სახლში მინიმალური კომფორტისთვის ბრუნდება, ნაკლებად ელოდება სტუმრებს და მისთვის გადამწყვეტი ფაქტორი ბინის ადგილმდებარეობაა.