1735220576
ავტორი
მეკო მეტრეველი
ისტორიას ადამიანები ცვლიან, რომლებიც თავიანთი გავლენით სამყაროს ოდნავ უფრო უკეთესს ხდიან, ვიდრე არის და დიადი იდეებისთვის მებრძოლ არქეტიპულ პერსონაჟებად ყალიბდებიან ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებაში. ერთი ადამიანის განზრახვამ და ქმედებამ, შესაძლოა, მასშტაბური სასიკეთო ცვლილება მოახდინოს როგორც მის სოციუმსა და თანამედროვეობაზე, ისე მომავალ თაობებზე. ასეთი ქმედებები კი უკვდავ იდეებად იქცევა, რომლის წაშლა და განადგურება, დიდი მცდელობების მიუხედავად, შეუძლებელია. ელდარ შენგელაიას უკვდავი პერსონაჟის, ქრისტეფორე მგალობლიშვილის არ იყოს, რომელიც ცნობილ ფრაზას წარმოთქვამს: „აქედან ვერ ამოშლით, ვერა"-ო — აზრი, იდეა, თუ ის მართალია, რაც არ უნდა განდევნონ, მეტად ხმამაღლა, მტკიცედ გაჟღერდება და მაინც პოვებს თავისუფალ გამოვლინებას.
შთამაგონებელი ამბები ჩვენს სივრცეში იბადება, გმირები კი ჩვენს გვერდით თანაცხოვრობენ და ხშირად შეუმჩნევლად, ზედმეტი ყურადღების გარეშე კეთილი საქმეების კეთებას განაგრძობენ. დღეს გიყვებით ამბავს შენობასა და იმ ადამიანებზე, რომლებმაც ნაგავსაყრელად, საპირფარეშოდ ქცეული მიტოვებული სივრცე საკუთარი ხელებით აღადგინეს და ქალაქისთვის ახალი იდენტობის, თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლურ სახედ აქციეს. თუმცა თავისუფალი გამოხატვისა და საკუთარი ხმის გაჟღერებისთვის მათ შენობიდან გაძევება ემუქრებათ...
„ყველაფერი დაიწყო იმით, რომ გორში შევიკრიბეთ ფოტოგრაფიით დაინტერესებული ადამიანები ერთმანეთისთვის ცოდნისა და შეხედულებების გაზიარების მიზნით. თავიდან უბრალოდ მოყვარულები ვიყავით, შემდეგ რამდენიმე გამოფენაში მივიღეთ მონაწილეობა და გადავწყვიტეთ ამ ყველაფრისთვის უფრო სერიოზული სახე მიგვეცა, ამიტომ 2015 წელს ორგანიზაცია ჩამოვაყალიბეთ. შესაბამისად დადგა სივრცის საჭიროების საკითხი. დიდხანს ვეძებდით ადგილს ჩვენი ორგანიზაციისთვის, ბოლოს ამ მიტოვებულ, ნაგავსაყრელად ქცეულ შენობას მივაკვლიეთ, რომელიც სახელმწიფოს ბალანსზე იყო და დროებით გადმოგვეცა სარგებლობაში.
„ხელოვნების სახლი" არ არის სახელმწიფოს მიერ დაფუძნებული ორგანიზაცია, ამიტომ ორ წელიწადში ერთხელ ვაახლებდით ხელშეკრულებას და მერიას წარვუდგენდით გეგმას, დეტალურ აღწერას იმისა, თუ რას ვაპირებდით. შენობას მიეცა საგამოფენო და არაფორმალური განათლების ცენტრის ფუნქცია და ამ მიმართულებით უამრავ პროექტს ვაკეთებდით. ბოლოს კონტრაქტი 2024 წლის სექტემბერში განვაახლეთ, შემდეგი განახლება კი 2026 წელს გვიწევდა, თუმცა მუნიციპალიტეტმა მოულოდნელად ხელშეკრულება ცალმხრივად გაწყვიტა", — გვიყვება „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის" ხელმძღვანელი და „ხელოვნების სახლის" დამფუძნებელი ოთო გვრიტიშვილი.
საინტერესოა თავად შენობის ისტორიაც, რომელიც უფუნქციობის გამო ანტისანიტარიის ბუდედ იყო ქცეული. „გორელ ფოტოგრაფთა კლუბის" წევრებმა მოხალისეების დახმარებით, საკუთარი და დონორი ორგანიზაციების ფინანსური რესურსის მეშვეობით, მოახერხეს შენობის აღდგენა, დასუფთავება, გარემონტება და მისთვის ახალი სიცოცხლის მინიჭება, რამაც როგორც ქალაქის, ისე მცხოვრებლების ყოველდღიურობა შეცვალა და ჩაკეტილ ქალაქში ერთადერთი ნათელი, თავისუფალი, თანამედროვე წერტილი გააჩინა.
„ეს შენობა გორის ცენტრალურ ნაწილში, „ლომჭაბუკის", იგივე „გამარჯვების" მემორიალის სიახლოვეს მდებარეობს. ის 1987 წელს გაიხსნა და საქართველოში არსებული ციხესიმაგრეების 3D მაკეტების მუზეუმად იყო ჩაფიქრებული, თუმცა იმის გამო, რომ მაკეტების დამზადება ძვირი ჯდებოდა, პროექტი ვერ შედგა. შენობაში მხოლოდ ერთი — ხერთვისის ციხის ნიმუში ინახებოდა, დანარჩენი კი კედლებზე ფოტოების სახით იყო განთავსებული. შემდეგ შენობა სახელმწიფო გაზეთის რეგიონულმა ოფისმა დაიკავა, აქ ხდებოდა გადაღებული ფირების, მასალების დამუშავება და თბილისში გაგზავნა, თუმცა 90-იანი წლებიდან, მძიმე დაპირისპირებისა და არეულობის ფონზე, შენობამ ფუნქცია დაკარგა, ნელ-ნელა დაინგრა და ნაგავსაყრელ, საპირფარეშო ადგილად იქცა. იმდენად საშინელი მდგომარეობა იყო, რომ ტერიტორიის სიახლოვეს ვერც კი გაივლიდით. 2016 წლიდან, როდესაც ჩვენ ამ შენობაში შემოვედით, 4 დიდი სატვირთო მანქანით მხოლოდ ორგანული ნარჩენი გავიტანეთ, სივრცეს დეზინფექცია ჩავუტარეთ, დაობებული ფენები მოვხსენით და ჩვენი ხელებით გავარემონტეთ, შევაკეთეთ სახურავი და კარ-ფანჯარა დავამონტაჟეთ.
ნებისმიერი პროექტიდან შემოსულ თანხას შენობის აღდგენას ვახმარდით, გვეხმარებოდნენ მოხალისეები და დონორი ორგანიზაციებიც. საბოლოოდ მივედით იმ მდგომარეობამდე, რომ სივრცეში შესვლა შეიძლებოდა. შემდეგ ქალაქ გორის სტრატეგიული განვითარების სააგენტოსთან ერთად შევადგინეთ პროექტი, რომელიც ევროკავშირმა დააფინანსა. მიღებული თანხის შედეგად მოხდა ქალაქის ინფრასტრუქტურის განახლება, მიმდებარე სკვერის გარემონტება, „ლომჭაბუკის" ძეგლის კვარცხლბეკის განახლება, ახალი ტურისტული საინფორმაციო ცენტრის აშენება, ტრადიციული მრეწველობის წახალისება, გორის ციხის საფეხმავლო გზისა და ველობილიკის მოპირკეთება. საბოლოოდ, ინფრასტრუქტურული სამუშაოების შემდეგ, „ხელოვნების სახლი" 2021 წელს გაიხსნა და მიუხედავად კოვიდ პანდემიისა, აქტიურად წარიმართა სხვადასხვა სოციალური, საგანმანათლებლო, კულტურული პროექტის ორგანიზება. იმ პერიოდიდან დღემდე 500-ზე მეტი გამოფენა და პროექტი მოეწყო, ჩვენს აქტივობებში კი ყოველწლიურად 1000-ზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული. ეს აქტივობები მოიცავს: საგამოფენო ღონისძიებებს, კინოჩვენებებს, არაფორმალურ და პროფესიულ განათლებას, დაინტერესებულ პირებს ვასწავლით ფოტოგრაფიასა და გრაფიკულ დიზაინსაც. ეს ყველაფერი კი სრულიად უსასყიდლოდ კეთდება, რადგან ჩვენ მოხალისეობრივი ორგანიზაცია ვართ", — ამბობს ოთო გვრიტიშვილი.
„ხელოვნების სახლის" რეზიდენტების ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი იყო ინსტალაცია, რომელიც მიმდინარე პროტესტებისა და მოვლენების ერთგვარ რეფლექსიას წარმოადგენდა და თეთრ ფონზე წითელი საღებავით დაწერილ, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიის მანძილზე პროტესტის მონაწილეების მიერ გამოყენებულ ფრაზებს აერთიანებდა. განსაკუთრებით თვალშისაცემი აღმოჩნდა ფრაზა — „ნაომარი ქალაქი ბოდიშს არ იხდის", რომელიც, როგორც ჩანს, ადგილობრივი ხელისუფლებისთვის სენსიტიურ თემას შეეხო და ამ გამოფენის საპასუხოდ, შემოქმედთა დასჯის მიზნით რეზიდენტებისთვის შენობის წართმევა განიზრახა.
„ხელოვნების სახლის რეზიდენტებმა 16 ნოემბერს გავხსენით გამოფენა, რომელიც ჩვენი მხრიდან მიმდინარე მოვლენების ერთგვარი გამოძახილი იყო. ინსტალაციის სახით გავაერთიანეთ 90-იანი წლებიდან დღემდე პროტესტებისა და წინააღმდეგობების დროს გამოყენებული ფრაზები, სლოგანები. თავისთავად ცხადია, ეს განსაკუთრებულად მოხვდათ გულზე და გამოფენის გახსნიდან ხუთ დღეში გორის მერიისგან მივიღეთ წერილი, რომელშიც ორი თვის წინ განახლებული უზუფრუქტის ხელშეკრულების შეწყვეტას ითხოვდნენ. თითქოს მუნიციპალიტეტს აღნიშნული სივრცის საჭიროება გაუჩნდა და მერიას სხვა შესაბამისი ქონება არ აღმოაჩნდა. ეს, ცხადია, აბსურდული მიზეზია, რადგან სახელმწიფოს ბალანსზე ბევრი ცარიელი და აუთვისებელი შენობაა ქალაქში".
ოთო გვრიტიშვილის თქმით, „ხელოვნების სახლი" არის ერთადერთი თავისუფალი სივრცე ქალაქში, რომელიც არ არის სახელმწიფოს დაქვემდებარებაში და ერთადერთი ადგილია ურბანულ გარემოში, რომელიც თანამედროვე ხელოვნების ხელშეწყობას, ახალგაზრდებისთვის შემოქმედებითი ხედვის განვითარებას ისახავს მიზნად. „ხელოვნების სახლის" რეზიდენტები ტექნიკური თუ ადამიანური რესურსით ყოველთვის მზად არიან, ხელი შეუწყონ ახალგაზრდების თვითრეალიზებას და მათი თვალსაწიერის გაფართოებას.
„რუსულ კანონამდე ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობდით მერიასთან. ამ შენობის მიმდებარედ, ძველი ბაზრის ტერიტორიაზე, ვგეგმავდით თანამედროვე ხელოვნების მუზეუმის აშენებას, რომელიც გვსურდა, რომ რესპუბლიკისა და კავკასიის მასშტაბით ერთ-ერთი პირველი თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი ყოფილიყო. ამაში მხარს გვიჭერდა ადგილობრივი ხელისუფლებაც. ნებისმიერ სხვა პროექტშიც ჩართულები ვიყავით, რადგან ამის კეთების დიდი გამოცდილება გვაქვს. ამით იმის თქმა მინდა, რომ მათ კარგად იციან ვინც ვართ და რას ვაკეთებთ ქალაქისთვის. ამ ხნის განმავლობაში მოვაწყვეთ არაერთი ღონისძიება, გამოფენა, საჯარო ლექცია, კინოჩვენება, ფესტივალი. წელს პირველად საქართველოში ჩავატარეთ ვიდეომაპინგის ფესტივალი, რომელმაც თანამედროვე ხელოვნებისა და ტექნოლოგიების მოყვარულები გააერთიანა. ყოველთვის ვცდილობთ, ქალაქში ისეთ ღონისძიებებსა და პროექტებს დავუდოთ საფუძველი, რომელიც გორს განსხვავებულ სახეს, ახალ იდენტობას შესძენს და სხვა ქალაქებისგან განსხვავებული იქნება", — აცხადებს ოთო გვრიტიშვილი.
„ხელოვნების სახლი" იქცა ქალაქის ხმად, სიმბოლურ სახედ, რომელიც, ერთი მხრივ, აცოცხლებს ურბანულ გარემოს, ნათელი სხივი შეაქვს ქალაქში, მეორე მხრივ კი მისთვის ახალი იდენტობის ფორმირებას უწყობს ხელს, რომელიც სტალინის კულტისა და ომგამოვლილი ქალაქის სევდისგან დაცლილი იქნება და თანამედროვე, დამოუკიდებელი, ძლიერი საქართველოს სიმბოლური გამოხატულება გახდება.
„ორი წლის წინ, როდესაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, ჩვენ ვიყავით ერთ-ერთი პირველები, რომლებმაც მეორე დღესვე უკრაინის დროშის ფერებში გავანათეთ „ხელოვნების სახლის“ შენობა და „ლომჭაბუკის" ძეგლი, რამაც სოციალურ ქსელებსა თუ ადგილობრივ წრეებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია. „ქალაქის სინდისიაო" ეს სივრცე, ხშირად უთქვამთ. გორს ყოველთვის სხვანაირად აქცევენ ყურადღებას: ერთია, რომ ეს ომგამოვლილი ქალაქია, მეორე კი სტალინის ბიოგრაფიასთან მჭიდროდაა დაკავშირებული. ამ ადგილით ვცდილობთ, ქალაქს განსხვავებული იდენტობა მივანიჭოთ და ეს სივრცე ახალგაზრდებზე ორიენტირებული, თანამედროვე, განვითარებული, ახალი საქართველოს იდეის მატარებელი გავხადოთ", — ამბობს ოთო გვრიტიშვილი.
დასასრულს გიზიარებთ გორის ერთ-ერთი მკვიდრის ფრაზას, რომელიც ზედმეტ კომენტარს აღარ საჭიროებს და ალბათ ყველაზე უკეთ გამოხატავს პატარა ქალაქებში მცხოვრები ახალგაზრდების სათქმელს, რომლებსაც განვითარებისა და კულტურის ერთადერთ კერას უსპობენ.
„ამ ადგილმა და ამ ხალხმა ჩემი ქალაქი ჩემს გულში დააბრუნა, ის ქალაქი, რომელზედაც ძალიან დიდხანს ხელი მქონდა ჩაქნეული. ქალაქი, რომელშიც მეგონა, რომ არ იყო ჩემი ადგილი და ვერავინ გაიგებდა ჩემს ხმას. ყველაფერი, რაც არტ ჰაუსში ვნახე, გავიგე და ვისწავლე, უმნიშვნელოვანესია ჩემთვის, როგორც რიგითი გორელისთვის, რომელსაც ეგონა, რომ გორი და ხელოვნება შეუთავსებელი იყო. არტ ჰაუსმა ჩემს ქალაქში ხელოვნება გააცოცხლა და მთელს საქართველოს გააგებინა, რომ ამ პატარა, ყველასგან მივიწყებულ ქალაქს ძალიან ბევრი აქვს სათქმელი და საკეთებელი".