1733741675
ავტორი
მეკო მეტრეველი
ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესია, რომელიც თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე მდებარეობს, რელიგიური ფუნქციისა და განსაკუთრებული სიმბოლური დატვირთვის მქონე ტაძარია. წლების განმავლობაში ის მნიშვნელოვან როლს ასრულებდა ქვეყნის პოლიტიკურ და სოციალურ ცხოვრებაში. გარდა იმისა, რომ ქაშვეთის ტაძარი დიდი ისტორიის მქონე მართლმადიდებლური სალოცავია, ეს არის ადგილი, რომელიც დემონსტრაციის დროს ერთგვარ თავშესაფრად იქცევა ხოლმე.
ქაშვეთის ტაძრის მნიშვნელობა განსაკუთრებულია მე-20 საუკუნის საქართველოს ეროვნული მოძრაობის პერიოდში, კერძოდ, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიისას, როდესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი საპროტესტო აქციის მონაწილეებმა, რუსული სადამსჯელო ჯარისგან თავდაცვის მიზნით, ქაშვეთის ეზოსა და ეკლესიას შეაფარეს თავი, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე იხსნა. დარბევა კი განსაკუთრებული სისასტიკით განახორციელეს, რამაც 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, 400-ზე მეტი კი დაშავდა.
ქაშვეთის ეკლესია თავისი ადგილმდებარეობითა და სიმბოლური დატვირთვის გამო მუდმივად მოვლენებისა და დემონსტრაციების ეპიცენტრშია. ის დღესაც თავშესაფრად ითვლება პროტესტისა და საზოგადოებრივი წინააღმდეგობის დროს ძალადობრივი დაპირისპირებისას საფრთხეში მყოფი დაუცველი ადამიანებისთვის. შესაბამისად, ქაშვეთის ეკლესია მხოლოდ დიდი კულტურული, ისტორიული და რელიგიური ძეგლი არ არის, არამედ საზოგადოებრივ ცნობიერებაში სიმბოლური დატვირთვის მქონე ადგილია.
საინტერესოა თავად ქაშვეთის ეკლესიის ისტორიაც, რომლის მიხედვით ამ ადგილას დავით გარეჯელის სახელთან დაკავშირებული უძველესი ტაძარი მდგარა. VI საუკუნის I ნახევარში, ქრისტიანული სარწმუნოების განსამტკიცებლად, ქართლში 13 ასურელი მამა შემოვიდა, რომელთაგან ერთ-ერთმა, დავითმა საქადაგებლად თბილისი შეარჩია. ლეგენდის თანახმად, მაზდეანებმა ასურელი მამის სახელის შელახვის მიზნით, მასთან მიაგზავნეს ფეხმძიმე ქალი, რომელიც მამა დავითს სიძვის ცოდვაში სდებდა ბრალს. თქმულების ერთი ვერსიის მიხედვით, მამა დავითის კვერთხის შეხების შემდეგ, მუცლად მყოფმა ბავშვმა მამის ვინაობა გაამხილა, ხალხმა კი ქალი ქვებით ჩაქოლა. მეორე ვერსიის თანახმად, ქალმა ბავშვის ნაცვლად ქვა შობა და ეკლესიის სახელწოდებაც სწორედ აქედან მომდინარეობს („ქვაშვეთი“).
დღევანდელი ქაშვეთის ტაძრის აღმოსავლეთით მდებარე უძველესი ეკლესია ბაზილიკის ტიპის, რიყის ქვით ნაგები ოთხკუთხა ტაძარი იყო, რომელსაც ორი შესასვლელი ჰქონდა, ხოლო იატაკი და სატრაპეზო სრულად ქვით ყოფილა მოპირკეთებული. XVIII საუკუნეში ეკლესია ვეღარ იტევდა მრევლს, ამიტომ თავადი ამილახვრის ხელშეწყობით წმინდა გიორგის ძველი ეკლესიის გვერდით ახალი, აგურით ნაგები ტაძარი აშენდა, რომელსაც კედლებში მუხის მორები ჰქონდა ჩადგმული, იატაკი აგურის, გადახურვა კი კრამიტისა იყო, ხოლო ტრაპეზი ქვისგან გამოეთალათ.
აღსანიშნავი ფაქტია ისიც, რომ ტაძრის ყელის ძირსა და სახურავს შორის გვირაბი იყო განთავსებული, რომელიც ომიანობის დროს თავშესაფრის ფუნქციას ასრულებდა, მშვიდობის დროს კი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსულ, უბინაოდ დარჩენილ მომლოცველებს იფარებდა. ცნობების თანახმად, გვირაბის ჭერი ისე იყო დაგეგმარებული, რომ ადამიანს თავისუფლად სიარული შესძლებოდა, ამიტომ ტაძრის სახურავს თითქმის არ ჰქონდა დაქანება, რაც არქიტექტურული თვალსაზრისით არცთუ ისე მომხიბვლელ შთაბეჭდილებას ტოვებდა.
ამილახვრების მიერ აშენებული ეკლესია ციხე-კოშკის ფუნქციასაც ასრულებდა. ტაძრის კედლებში არსებობდა სამალავი და სათოფურები, გარს ერტყა გალავანი და განთავსებული იყო ოთხი კოშკი, რის გამოც ეკლესია მტერთა თავდასხმების დროს დაცულ და გამაგრებულ საყრდენს ქმნიდა.
ქართლ-კახეთის სამეფოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ, ჯერ ქაშვეთის ტაძარში ქართული ღვთისმსახურება აიკრძალა, შემდეგ კი ის რუსულ ენაზე აღევლინებოდა. ამასთან, რუსულმა ადმინისტრაციამ ქაშვეთის ეკლესიის სამხრეთით სამხედრო წვრთნები და სასწავლო მოედანი მოაწყო, წმინდა გიორგის ეკლესიის ნაშთები კი საზოგადოებრივი ბაღის მშენებლობას შეეწირა. 1870-იანი წლებიდან, რუსების მიერ ტაძრის კედლებში გაჭრილმა კარებმა და სარკმლებმა, ასევე ქაშვეთის გვერდით მდგარმა ზარბაზნებმა ტაძარი დააზიანა. რემონტის მიუხედავად, მისი ავარიული მდგომარეობა ვერ გამოსწორდა და 80-იანი წლებიდან ეკლესიაში წირვა-ლოცვა შეწყდა.
XIX საუკუნის მიწურულს, მაშინდელი ეკლესიის წინამძღვრის, მარკოზ ტყემალაძის ხელშეწყობით და დავით სარაჯიშვილის დაფინანსებით ახალი ტაძრის მშენებლობა (და ძველი ეკლესიის დანგრევა) გადაწყდა, რომელიც ამილახვართა ოჯახის თანხმობის შემდეგ, სამთავისის ტაძრის გეგმის მიხედვით დაპროექტდა. პროექტის ავტორი არქიტექტორი ლეოპოლდ ბილფელდი გახლდათ. საინტერესო ფაქტია ისიც, რომ ორნამენტები არქიტექტორ ედუარდ ანდრეოლეტის ესკიზების მიხედვით, ცნობილმა ქვისმთლელებმა — ნეოფიტე, ლავრენტი და ნიკო აგლაძეებმა შეასრულეს. ქაშვეთის კანკელის ხატები და კარის ესკიზები კი ჰენრიხ ჰრინევსკის ეკუთვნის.
მშენებლობის დაწყებისას, ღრმა საძირკვლის გამო, პროექტი შეიცვალა და ორ სართულიანი ეკლესიის აშენება გადაწყდა: ერთი — ღრმა საძირკვლის შედეგად, მეორე კი პირველის თავზე, სამთავისის ეკლესიის მიხედვით და ბილფელდის პროექტის გათვალისწინებით.
1904 წელს დაწყებული ეკლესიის მშენებლობა 1910 წელს დასრულდა და ტაძარი საზეიმოდ ეკურთხა. ამ დღესასწაულთან დაკავშირებული ცნობების თანახმად, ზაქარია ფალიაშვილის გიმნაზიის და ფილარმონიის მომღერლებისგან შემდგარი გუნდი, მაშინდელი ეგზარქოსის რუსული გუნდის პროტესტის მიუხედავად, ტაძარში ქართულად გალობდა.
ეკლესიის მოხატვა მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ მოხერხდა, კალისტრატე ცინცაძის დავალებით, მხატვარ ლადო გუდიაშვილის მიერ, რაც საბჭოთა ხელისუფლების მხრიდან სხვადასხვა წინააღმდეგობის გამო ვერ დასრულდა. წლების შემდეგ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ კვლავ შესთავაზა ლადო გუდიაშვილს ტაძრის მოხატვა, თუმცა მხატვარმა ასაკის გამო ვეღარ შეძლო საქმის ბოლომდე მიყვანა.
თანამედროვე შენობა სამთავისის ეკლესიის გეგმით ნაგები, ჯვარგუმბათოვანი, სამნავიანი ტაძარია, რომელიც არატრადიციული კანკელის მდებარეობით ხასიათდება — კანკელი გამართულია არა წინა სვეტებს შუა, არამედ მათ უკან, რათა მეტი ადგილი დაეთმოს მლოცველებს. ტაძრის კედლები შემოსილია ალგეთისა და თეძმის მოთეთრო ქვით, ხოლო კანკელი და ინტერიერის ელემენტები — იტალიური მარმარილოთი. ქვედა და ზედა ეკლესიები ერთმანეთს სადიაკვნეში მოწყობილი კიბით უკავშირდება. ხოლო შესასვლელი მას დასავლეთის მხრიდან აქვს.
ქაშვეთის ეკლესიის მნიშვნელობა, როგორც უკვე ვახსენეთ, სცდება რელიგიურ საზღვრებს და სიმბოლურ დატვირთვას იძენს, რადგან შენობა სულიერების, ერთიანობის, იმედის გამომხატველია. ის არა მხოლოდ მნიშვნელოვანი კულტურული და რელიგიური მემკვიდრეობის ძეგლი, არამედ თანამედროვე საქართველოს არაერთი ისტორიული და პოლიტიკური მოვლენის მოწმეა, რომელიც დღესაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი ადამიანებისთვის და დარბეული დემონსტრანტებისთვის ზოგჯერ ერთადერთი თავშესაფარია.