1743342840
ავტორი
ბაკურ გაბუნია
თანამედროვე არქიტექტურაში ლიფტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ელემენტია. ასე ვთქვათ, ის ურბანული შენობების ფუნქციონალურ კომფორტს განსაზღვრავს და ბუნებრივია, ლიფტის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მრავალსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსების, ოფისების, სასტუმროებისა თუ სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება. ამიტომაც სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ლიფტი არა მხოლოდ გადაადგილების საშუალება, არამედ უდიდესი ტექნოლოგიური მიღწევაცაა, რომელიც რთულ მექანიკურ, ელექტრონულ და პროგრამულ სისტემებს აერთიანებს.
მაგრამ როგორ იქმნება ეს სისტემა, როგორ იმართება და რა გზას გადის ლიფტი იმისათვის, რომ უსაფრთხო, კომფორტული და საიმედო გახდეს?
ლიფტის აწყობა ჯერ კიდევ შენობის პროექტირების ეტაპზე იწყება. არქიტექტორები და კონსტრუქტორები განსაზღვრავენ, რამდენი ლიფტი იქნება საჭირო შენობაში, რამდენ სართულს მოემსახურება თითოეული, რა ტვირთამწეობა და სიჩქარე ექნება კაბინას, როგორ მოხდება მისი ენერგიით მომარაგება და სად განთავსდება ლიფტის შახტი — სივრცე, სადაც თავად კაბინა მოძრაობს. ეს ყველაფერი ძალიან დეტალურად ითვლება, რადგან პატარა შეცდომაც კი შეიძლება პოტენციურ საფრთხედ იქცეს.
როდესაც შენობის კონსტრუქცია უკვე მზადაა, იწყება ლიფტის მექანიკური ნაწილების მონტაჟი. პირველ რიგში, მონტაჟდება შახტი — ეს შეიძლება იყოს რკინა-ბეტონის კონსტრუქცია ან მეტალის ჩარჩოებით გამაგრებული ვერტიკალური სივრცე. შახტში თავსდება ლიფტის მთავარი ელემენტები: ელექტროძრავა, საკაბელო სისტემა, ბრუნვის მექანიზმები, დამაბალანსებელი წონა და დამამუხრუჭებელი მოწყობილობები. ყოველი ნაწილი უაღრესად ზუსტი და ხარისხიანი მასალებისგან მზადდება, რადგან მათზეა დამოკიდებული არა მხოლოდ ლიფტის ფუნქციონირება, არამედ ადამიანების უსაფრთხოებაც.
ხოლო ლიფტის კაბინის აწყობა შედარებით შემოქმედებითი ეტაპია. ეს არის ის ნაწილი, რომელსაც მომხმარებელი ყოველდღიურად ხედავს. კაბინა შედგება მეტალის ჩარჩოსგან, კედლებისა და იატაკის საფარისგან, განათების სისტემისგან, სარკეებისა და სხვადასხვა დეტალისგან, იმის მიხედვით, თუ როგორ იყენებენ ვიზუალურ ან ფუნქციურ დეტალებს კონკრეტული შენობის კონცეფციაში. ამასთან, ყველა კაბინაში სავალდებულოა მართვის პანელის, სიგნალიზაციის ღილაკის, ინფორმაციული ეკრანებისა და ხმოვანი სიგნალის დამონტაჟება.
დღეისათვის ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვე ელემენტი ლიფტის სისტემაში არის მისი პროგრამული მართვა. უფრო დეტალურად, ლიფტების უმეტესობა კომპიუტერული სისტემით იმართება, რომელიც აკონტროლებს კაბინის მოძრაობას, გაჩერების სიზუსტეს, სიჩქარესა და საჭიროების შემთხვევაში — საგანგებო სიტუაციებზე რეაგირებასაც. როდესაც ადამიანი ლიფტის გამოძახების ღილაკს აჭერს, სისტემა აფიქსირებს მოთხოვნას, აფასებს ყველა სხვა სართულზე არსებულ მდგომარეობას, განსაზღვრავს, რომელ კაბინას დასჭირდება უმოკლესი დრო ამ სართულზე მისასვლელად და ავტომატურად აძლევს შესაბამის დავალებას. თუ შენობაში რამდენიმე ლიფტია, სისტემა თითოეულს უნაწილებს სართულებს ისე, რომ მაქსიმალურად ეფექტური იყოს მოძრაობის სქემა და შემცირდეს ლოდინის დრო.
რაც შეეხება უსაფრთხოებას, ეს არის სფერო, რომელიც ლიფტის აწყობისა და ექსპლუატაციის პროცესში უმნიშვნელოვანესია. სანამ ლიფტი ექსპლუატაციაში შევა, მას სხვადასხვა ეტაპზე ამოწმებენ. პირველ რიგში, მოწმდება,სწორად მუშაობს თუ არა ძრავის მექანიზმები და საკაბელო სისტემა. შემდეგ მოწმდება კაბინის მოძრაობა — იწყება გამოცდა ცარიელი კაბინით, რათა შეფასდეს მისი სიჩქარე, შეჩერების სიზუსტე და მუხრუჭების მოქმედება. ამის შემდეგ ხდება დატვირთვით ტესტირება — ლიფტში თავსდება გარკვეული წონა (ხშირად სტანდარტებზე მეტი), რათა ინჟინრებმა შეაფასონ, როგორ რეაგირებს სისტემა, როცა მაქსიმალურ დატვირთვაზე მუშაობს.
შემოწმება მოიცავს ასევე სიგნალიზაციის სისტემას, კარების ავტომატურ გაღებას და დახურვას, კაბინის სწორ პოზიციონირებას, ელექტრო მომარაგების ალტერნატიულ წყაროებსა და იმ სიტუაციებს, როცა შეიძლება მოხდეს ავარიული გაჩერება. ამ დროს ტესტირება აფასებს, რამდენად ეფექტიანად მუშაობს სამაშველო მექანიზმი, რამდენად ხელმისაწვდომია კაბინიდან ადამიანების გამოყვანა და რამდენ ხანში რეაგირებს სისტემა.
საბოლოო ეტაპზე, სპეციალური ტექნიკური ექსპერტები ატარებენ სრულ ინსპექტირებას და თუ ყველა მოთხოვნა შესრულებულია და ყველა ტესტმა წარმატებით ჩაიარა, ლიფტი იღებს უსაფრთხოების სერტიფიკატს. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მისი ექსპლუატაციაში ჩაშვება.
როდესაც ლიფტის გამოცდაზე ვსაუბრობთ, განსაკუთრებით საინტერესოა იმის გაცნობა, როგორ ტარდება ეს პროცესი მსოფლიოში ცნობილი შენობების შემთხვევაში. მაგალითად, ბურჯ-ხალიფაში — მსოფლიოში ყველაზე მაღალ ცათამბჯენში — ლიფტების სისტემა მრავალსაფეხურიანი, კოორდინირებული ქსელია, რომელიც არა მხოლოდ სართულებს ემსახურება, არამედ სხვადასხვა ზონასა და ტრანზიტულ პუნქტს შორის გადაადგილებას უზრუნველყოფს. აქ არსებული ლიფტები სპეციალური წნევისგან დამცავი კაბინებითაა აღჭურვილი და მათი გამოცდა მოიცავს იმიტირებულ მიწისძვრებს, რადიოკავშირის დარღვევებს, ელექტროენერგიის უეცარ გათიშვასა თუ სხვა კრიტიკულ სიტუაციებს. თითოეული სცენარის მიზანი იმაში დარწმუნებაა, რომ ადამიანების ევაკუაცია შესაძლებელია მინიმალურ დროში.
ამრიგად, ერთი შეხედვით მარტივი ლიფტის უკან იმალება სერიოზული ტექნოლოგიური ორგანიზება, რთული ინჟინერია და მკაცრი რეგულაციები. ეს არის სფერო, სადაც ადამიანის უსაფრთხოება პირველ ადგილზე დგას.