1737548460

ქუჩა, როგორც პროპაგანდის და სამოქალაქო პროტესტის იარაღი

ჰედერი

ავტორი

მეკო მეტრეველი

საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, ბოლშევიკური რეჟიმის იდეოლოგიის გავრცელების ერთ-ერთ გზად ურბანული გარემო იქცა, რომელმაც სისტემის შესაბამისად დაიწყო ცვლილება. კომუნისტური მმართველობის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ქალაქისა და ქუჩების საბჭოურ ყაიდაზე გარდაქმნა იყო. ურბანული პოლიტიკის ყველაზე ეფექტური ხერხი კი ქუჩის გამოყენებით პროპაგანდის გავრცელება აღმოჩნდა. სწორედ ამის მანიშნებელია ქუჩა-მოედნების სახელების ცვლილება, ქუჩაში მოწყობილი მასშტაბური აღლუმები, საზეიმო ღონისძიებები და სააგიტაციო დეკორაციები.

ქუჩა, როგორც პროპაგანდის იარაღი

ქუჩა-მოედნების სახელწოდებების ცვლილება და მათთვის საბჭოთა ლიდერების, დამსახურებული „გმირებისა“ თუ საბჭოთა პოლიტიკასთან დაკავშირებული სახელების მინიჭება, მათდამი პატივისცემის გამოხატვასთან ერთად, სიმბოლურ დანიშნულებას ატარებდა. ეს იყო ერთგვარი აქტი, რომელიც ქალაქის „გასაბჭოებას" ხელს უწყობდა. ახალი მისამართები, სახელები, აბრები ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა. ის ადამიანთა ვიზუალურ მეხსიერებაში მჭიდროდ ჩაიბეჭდა და, შედეგად, მოსახლეობაც ახალ საბჭოთა რეალობას, ახალ სახელებსა და ცნებებს ეგუებოდა. სისტემა ქუჩის პროპაგანდის გზით წარმატებით ახერხებდა ქალაქის წარსულის გაფერმკრთალებას და ალტერნატიული საბჭოთა რეალობის შექმნას.

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

ამის მაგალითია საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში სოლოლაკის ქუჩების შეცვლილი სახელები, სადაც მხოლოდ ლერმონტოვის ქუჩამ შეინარჩუნა სახელწოდება. დანარჩენი კი ბოლშევიკი მოღვაწეების სახელებით ჩანაცვლდა — ამაღლების ქუჩა — დავითაშვილის ქუჩით, ლადო ასათიანის — ენგელსის, პაოლო იაშვილის — ჯაფარიძის (ჯუღაშვილის). ამასთან, თბილისის მასშტაბით გაჩნდა ტერორისტ-რევოლუციონერთა სახელები: ჯორჯიაშვილის (დღევანდელი გიორგი ჭანტურიას ქუჩა), ათარბეგოვის (დღევანდელი ძმები ზუბალაშვილების), პეროვსკაიას (დღევანდელი გიორგი ახვლედიანის), კამოს (დღევანდელი უზნაძის) ქუჩები.

გარდა საბჭოთა „სახელოვანი მოღვაწეების" სახელებისა, ქუჩებმა შეიძინა საბჭოური ცნებები, როგორიცაა: კოლმეურნეობის, საბჭოს, ოქტომბრის, ტრაქტორის, მექანიზაციის დასახელებები, რაც საბჭოთა იდეოლოგიისთვის მნიშვნელოვან საკითხებს — მუშათა კლასს, საერთო კოლექტიურ საქმიანობას, შრომის მნიშვნელობას უსვამდა ხაზს. ეს კი ნებსით თუ უნებლიეთ, საზოგადოების ახალი ცნობიერების, იდენტობის ჩამოყალიბებას უწყობდა ხელს.

ქალაქის გასაბჭოების, სისტემის ტერორისა და იდეოლოგიის გავრცელების კიდევ ერთ ეფექტურ გზად ქუჩაში გამართული მასშტაბური ზეიმები, მარშები და დემონსტრაციები ითვლებოდა, რომლებიც რევოლუციური დღესასწაულების დროს იმართებოდა და შთამბეჭდავი სანახაობებით მასებზე დიდ ზემოქმედებას ახდენდა. საბჭოთა ღონისძიებები, გრანდიოზული აღნიშვნები სისტემის ძლევამოსილების, სიდიადის ერთგვარი მაჩვენებელი იყო. კონკრეტული, საზეიმო ადგილები კი რიტუალურ ხასიათს ატარებდა და დეკორაციებით, სხვადასხვა ტიპის გაფორმებითა თუ ძეგლებით გამორჩეული სტატუსი ეკავა ურბანულ კონტექსტში.

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

იმ პერიოდის ნებისმიერი დემონსტრაცია, აღლუმი თუ მასობრივი მსვლელობა პოლიტიკურად მართული, საბჭოთა ხელისუფლებისგან მკაცრად ორგანიზებული იყო და წინასწარ დამტკიცებული ლოზუნგებითა და განრიგის მიხედვით იმართებოდა. შესაბამისად, საგანგებოდ ეწყობოდა ქუჩის დეკორაციები, საზეიმო მორთულობები და განათებები. ღონისძიებების გაფორმების სტილი განსაკუთრებით გამკაცრდა სტალინის პერიოდში და მისი შესრულების სპეციალური წესდება, დაკანონებული ნორმები დამტკიცდა.

ფოტო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა

საინტერესოა ისიც, რომ საბჭოთა ესთეტიკაში ცენტრალური ადგილი ეკავა წითელ ფერს, შესაბამისად ის საბჭოთა გაფორმებებში ჭარბად გვხვდებოდა — დროშების, ნორჩ პიონერთა ყელსახვევების, დემონსტრანტების წითელი ბაფთებისა თუ ტრანსპარანტების სახით. აღსანიშნავია ისიც, რომ დროშებისა და პლაკატების ზომები ქალაქში ქუჩებისა და უბნების ადგილმდებარეობის მიხედვით განისაზღვრებოდა. მაგალითად, ქალაქის ცენტრში ყველაზე მეტი, პერიფერიებში კი ყველაზე ცოტა დროშები, ბელადების დიდი პორტრეტები და პლაკატები გვხვდებოდა. ამიტომ ცენტრალური უბნები და ქუჩები საბჭოთა მორთულობების სიუხვით გამოირჩეოდა. ასეთი ადგილებს კი თბილისში, პირველ რიგში, რუსთაველის გამზირი და თავისუფლების მოედანი მიეკუთვნებოდა.

ფოტო: საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის საზოგადოებრივი არქივი

საბჭოთა სანახაობის ვიზუალური და ემოციური ეფექტის გასაზრდელად გამოიყენებოდა განათებებიც (ილუმინაცია). დემონსტრაციული მსვლელობები და ქუჩის განათებები მასებზე განსაკუთრებით ზემოქმედებას ახდენდა ომის შემდგომ პერიოდში, როდესაც ქალაქი ელექტროენერგიის დეფიციტს განიცდიდა. თუმცა 50-იანი წლებიდან, როდესაც მეტ-ნაკლებად ღამის საათებში ქუჩების განათება დაიწყეს, ილუმინაციამ თავისი შთამბეჭდაობა დაკარგა და აღლუმებშიც მას ნაკლები მნიშვნელობა მიენიჭა.

ქუჩების, როგორც აღლუმებისა და საბჭოთა მორთულობების მთავარი ადგილის როლი 50-იან წლებში შესუსტდა, რადგან დემონსტრაციებმა თავისი სახე ნელ-ნელა დაკარგა. 70-იანი წლებიდან კი ოფიციალური დღესასწაულები უფრო ფორმალურ ღონისძიებებად გარდაიქმნა და მთავარი სახალხო ზეიმი ახალ წელს დაუკავშირდა, რომელმაც ასევე შეისისხლხორცა საბჭოთა სიმბოლიკისა და იდეოლოგიის ელემენტები.

ქუჩა, როგორც სამოქალაქო პროტესტის იარაღი

საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების და საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ტრანსფორმაცია განიცადა ურბანულმა გარემომ, ახალ მოთხოვნებს მოერგო და ქვეყნის პოლიტიკური კურსის, ეროვნული ღირებულებების შესაბამისად გადაკეთდა. აქტიურად დაიწყო საბჭოთა წარსულისა და იდენტობის მატარებელი მნიშვნელობებისგან ქუჩების გათავისუფლება.

თავისუფალი საქართველოს პერიოდში ქუჩების დასახელებებიდან გაქრა საბჭოთა სახელები და ისინი ეროვნული კონტექსტის მატარებელი სახელწოდებებით ჩანაცვლდა, თუმცა რამდენიმე ქუჩამ ძველი, რუსული სახელი მაინც შეინარჩუნა. ამ პროცესს თან ახლდა საბჭოთა ეპოქის არაერთი ძეგლისა და მონუმენტის დემონტაჟიც, რომლებიც სისხლიანი წარსულის მემკვიდრეობასთან ასოცირდებოდა. მათი ადგილი დაიკავა დამოუკიდებელი საქართველოს სიმბოლურმა გამოხატულებებმა — ნაგებობებმა, სკულპტურებმა თუ მონუმენტებმა, რომლებიც ახალი, თავისუფალი იდენტობის განმსაზღვრელი გახდა.

მიუხედავად ამ ყველაფრისა დღეს, სისხლის ფასად მოპოვებული დამოუკიდებლობის შემდეგაც კი თავისუფლებისთვის ბრძოლა გვიწევს, რადგან ქვეყანა წარსულში დაბრუნების დიდი საფრთხის წინაშე დგას. არსებული კრიზისი ყველაზე უკეთ ქუჩებზე, საზოგადოებრივ სივრცეებზე აისახება, რომლებიც თანამედროვე საქართველოში სამოქალაქო პროტესტის მთავარ იარაღად იქცა.

წარსულისგან განსხვავებით, როდესაც ქუჩებს სახელმწიფო მართავდა და სივრცე მკაცრად ორგანიზებული აღლუმებით, წინასწარ განსაზღვრული დეკორაციებით იყო სავსე, დღეს ისინი ხალხმა დაიკავა — ადამიანებმა, რომლებიც თავისუფლებისთვის, დემოკრატიული სახელმწიფოსა და უკეთესი მომავლისთვის ქუჩაში პროტესტის სხვადასხვა ფორმით იბრძვიან.

თვითორგანიზებული, ერთი იდეის გარშემო გაერთიანებული მოქალაქეები უკვე 50 დღეზე მეტია, უწყვეტად იკრიბებიან რუსთაველის გამზირზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქში მდუმარე თუ ხმაურიან აქცია-მსვლელობებს მართავენ. ისინი ტრანსპარანტებითა და ბანერებით ხელში ორ მთავარ მოთხოვნას აჟღერებენ: „თავისუფლება რეჟიმის პატიმრებს", „ვითხოვთ ახალ არჩევნებს". ქუჩაში დგომით, ცეკვით, სიმღერით, ერთობის ჯაჭვით და ახალი წლისა თუ შობის ერთად შეხვედრით, ისინი ყოველ დღე ამტკიცებენ, რომ თავისუფლება პრივილეგიასთან ერთად პასუხისმგებლობაცაა. ურყევი ბრძოლისუნარიანობით კი ის მათ დამსახურებულად ეკუთვნით.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები