1732872621

რამდენად არის მზად თბილისი სტიქიებისთვის

რამდენად არის მზად თბილისი სტიქიური უბედურებისთვის

ავტორი

ნინი მეტრეველი

ბოლო რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში, თბილისმა საკუთარ თავზე არაერთი სტიქიური უბედურების შედეგები გამოცადა. ეს შედეგები ზოგ შემთხვევაში მეტად თვალსაჩინო იყო და მსხვერპლი ან სერიოზული ეკონომიკური ზარალი მოჰყვა. თითოეული შემთხვევის შემდეგ, იწყება საუბარი, რომ ქალაქი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას, რომ სახეზეა უამრავი დარღვევა და რომ თბილისი, რეალურად, საშუალო სიმძლავრის სტიქიასაც ვერ გაუძლებს.

ავიღოთ, მაგალითად, მიწისძვრა. ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი შემთხვევა 2002 წლის 25 აპრილს დაფიქსირდა. 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის სტიქიამ სერიოზული ნგრევა გამოიწვია და 8 ადამიანი შეიწირა. როგორც წესი, ასეთი მძიმე შემთხვევების შემდეგ, მიდგომები იცვლება, პრევენციის ზომები ძლიერდება, კანონმდებლობა მკაცრდება. თუმცა, თბილისის შემთხვევაში, როგორც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი თეა გოდოლაძე გვეუბნება, სიტუაცია გაუარესდა.

„მარტივად რომ ავხსნათ - თუ მიწისძვრა უკაცრიელ კუნძულზე მოხდება, იქ მსხვერპლი ვერ იქნება, რადგან არ არის ინფრასტრუქტურა და მჭიდრო დასახლება. მსხვერპლი არის იქ, სადაც ურბანული განაშენიანება, მოსახლეობის სიმჭიდროვე და ინფრასტრუქტურაა. თუ ინფრასტრუქტურა სეისმოლოგიური მედეგობის სტანდარტებს შეესაბამება, მსხვერპლის გამოწვევის შანსიც ნაკლებია. რომ შევადაროთ სპიტაკისა და რაჭის მიწისძვრა, სპიტაკში 6,9 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრით, დაახლოებით, 25 000 ადამიანი დაიღუპა და 25 წამში რამდენიმე ქალაქი განადგურდა. რაჭის მიწისძვრა 7 მაგნიტუდის სიმძლავრის იყო, თუმცა მსხვერპლი, დაახლოებით, 200 ადამიანი და ნაკლებად მასშტაბური ნგრევა. რაჭა არის მეჩხრად დასახლებული, იქ არის დაბალი 2 სართულიანი შენობები, რომლებიც ნაკლებად მოწყვლადია მიწისძვრის პირობებში. თბილისში მრავლადაა საბჭოთა მაღალსართულიანი, უხარისხო კორპუსები. ზოგადად, თბილისი მრავალსაუკუნოვანი ქალაქია და აქ, ბოლო ორი საუკუნის ყველა ტიპის შენობაა. მათ შორის, ბევრია ამორტიზებული, გაცვეთილი. მართალია, 2002 წელს თბილისი არ იყო ისეთი გადატვირთული მაღალსართულიანი კორპუსებით, როგორც ახლაა, თუმცა 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრამ მაინც გამოიწვია მსხვერპლი. 4,5 მაგნიტუდის სიმძლავრესა 7-ს შორის ძალიან დიდი სხვაობაა, დაახლოებით 18 000-ჯერ მეტი ენერგია გამოიყო რაჭის მიწისძვრის დროს. წარმოიდგინეთ, 2002 წლის მიწისძვრით 8 ადამიანი დაიღუპა, შენობები დაზიანდა, სკოლებში სწავლა შეწყდა. და ამ ყველაფრის მიუხედავად, არ გაგვაჩნია კანონი. ამ დროისთვის არსებულ სამშენებლო კანონს მე ვერ დავარქმევდი კანონმდებლობას. 2002 წელს იყო საბჭოთა მოძველებული კანონი, მაგრამ ახლა საბჭოთა გადმონაშთიც კი არ არის, ამორფულადაა შეზავებული ევროპულთან, თან ევროპულიც არ არის და საბოლოო ჯამში, საოცრებებს აკეთებენ,“ - ამბობს თეა გოდოლაძე.

დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელმა ჩვენთან საუბრისას ისიც ახსენა, რომ საქართველოში არსებობენ კომპანიები, რომლებიც ყალბ სეისმოლოგიურ დასკვნებს გასცემენ და სამშენებლო კომპანიებს ნებართვების მოპოვებაში ეხმარებიან.

„რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთმა მშენებელმა დამირეკა. როგორც ჩანს, ფული იშოვა და მარნეულში მაღალი კორპუსის აშენებას აპირებს. მესაუბრა მშენებლობაზე და სეისმურ მედეგობაზე და როგორც გაირკვა, ამ საკითხების შესახებ არაფერი იცოდა. ისიც კი არ იცოდა, რომ სეისმოლოგიური დასკვნა სავალდებულო იყო. ასევე მესაუბრა კომპანიაზე, რომელიც დასკვნებს არასწორად არიგებს. ამ ყველაფერზე ჯავახიშვილის „ჯაყოს ხიზნები“ მახსენდება.“ ეს ადამიანი მეუბნებოდა, გარკვეულ თანხას გადაგიხდი და დასკვნა დამიწერეო. საუბარი იყო მისთვის სასურველ დასკვნაზე. ანუ, ეძებდა კომპანიას, რომელსაც თანხას მისცემდა და დაუწერდა მისთვის სასიკეთო დასკვნას. ვუხსნიდი, რომ არსებობს სტანდარტები, რომლებიც უნდა დაეკმაყოფილებინა, უნდა ჩაებარებინა, როგორც გამოცდა, მაგრამ არ აინტერესებდა. სრული განუკითხაობაა. ეს იგივეა, ქირურგს ჰქონდეს ოპერაციის ჩატარების უფლება, ლიცენზია,“ - აღნიშნავს თეა გოდოლაძე.

ურბანულ გარემოს საფრთხეს მიწისძვრის გარდა სხვა ბუნებრივი კატასტროფებიც უქმნის. თბილისს მძიმედ ახსოვს 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობა. შემთხვევამ 21 ადამიანი იმსხვერპლა, 2 კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ინფრასტრუქტურას, თბილისის ზოოპარკსა და მის ბინადრებსაც.

შემთხვევის გამომწვევ მიზეზებზე, დაშვებულ შეცდომებსა და გამოუსწორებელ ზიანზე საუბარი ერთია, თუმცა, რა გაკეთდა, ან კეთდება იმისთვის, რომ მსგავსი შემთხვევა აღარ განმეორდეს, ბუნდოვანია. თეა გოდოლაძე განმარტავს, რომ ასეთი მასშტაბის ტრაგედიის შემდეგაც, თბილისში ვითარება გაუარესებულია.

„ვერეს ხეობაში რა ხდება? მე აღვმართე 13 ივნისის მერე იქ მაღალი შენობები? კი, რეგულაციები და რეკომენდაციები გაიცა, ჩამოსულები იყვნენ საერთაშორისო ექსპერტებიც, სამეცნიერო საზოგადოებაც და ყველა ერთსა და იმავეს იმეორებდა - ეს ორჯერ ორია ჩვენს დარგში. მაგრამ მერიაში საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა აქვთ. განათლება რომ არ გაქვს და გგონია, რაღაც იცი, შემდეგ კი ძალაუფლებასაც იღებ, ეს ძალიან ცუდი კომბინაციაა. იმდენად ბევრი ცუდი გაკეთდა, ამის გამოსწორებას დასჭირდება წლები, ათწლეულები. ვერეს ხეობაში სახლები რომ დგას, ის დასანგრევია და გამოსასახლებელია ხალხი. ჟვანიას ქუჩას რა უნდა ვუყოთ? მდინარის ხევში დგას კორპუსები. ამ ქვეყანაში საბუთის პრობლემა არ დგას, ნებისმიერი რამის დოკუმენტირება შეიძლება. რეალურად კი მთავარია შინაარსი. 8 წელია დიდი დაპირისპირება მაქვს, მაგრამ შედეგს ვერ ვიღებთ. თუ მუნიციპალიტეტში დარჩებიან გადაწყვეტილების მიმღები ის პირები, ვინც დღეს არიან, გამოსავალს ვერ ვხედავ,“ - განმარტავს დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის ხელმძღვანელი.

ინტერვიუს ბოლოს კი თეა გოდოლაძეს მთავარი კითხვა დავუსვით - რა სიმძლავრის სტიქიას გაუძლებს თბილისი და რამდენად მდგრადია ის შენობები, რომლებშიც ვცხოვრობთ. როგორც აღმოჩნდა, ამ საკითხზე პასუხს სწორედ დოკუმენტირებული ინფორმაციის არქონის, ან ყალბი დოკუმენტების არსებობის გამო ვერ ვიღებთ.

„ამ კითხვაზე სწორი პასუხი იქნება „არ ვიცი“. ჩვენთვის ცნობილია სეისმური საფრთხე, ვიცით, რა ტიპის მიწისძვრები შეიძლება მოხდეს აქ. თბილისი სეისმურად აქტიურია და ტექტონიკურად არის ურთულესი რეგიონი, გეოგრაფიულად ურთულესი ადგილმდებარეობა აქვს. რისკი, თუ რა შეიძლება მოხდეს, გაზომვადი და დათვლადია, მაგრამ ჩვენ შენობების ტექნიკური აღწერაც არ გვაქვს. ასევე, მითია, თითქოს ბინის შეძენა ძველ კორპუსში ჯობია. პირიქით, ძველი შენობა უფრო ცუდიც შეიძლება იყოს და ექსპლუატაციის ვადაც გასული ჰქონდეს,“ - აცხადებს თეა გოდოლაძე.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები