1734084565
ავტორი
ნინი მეტრეველი
ერთი შეხედვით, რეჟიმის ცვლილებას ურბანულ გარემოზე თვალსაჩინო გავლენა არ აქვს. შესაძლოა, თვალის შევლებით ვერ მივხვდეთ, რომ ქალაქი დიქტატურიდან დემოკრატიაზე, ან პირიქით გადაეწყო. ცოტა მეტი დაკვირვებაა საჭირო, რომ თითქოს უმნიშვნელო, მაგრამ ძალიან საინტერესო დეტალები შევამჩნიოთ.
ავიღოთ, მაგალითად, თბილისი. ზოგს ჯერ კიდევ ახსოვს ან გადმოცემით სმენია, როგორ ჩამოაგდეს საქართველოს დედაქალაქში საბჭოთა კავშირის ბელადებისა და „გმირების“ ძეგლები კვარცხლბეკებიდან. მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ პირველი გადაწყვეტილება რუსული ძეგლის დემონტაჟის შესახებ საქართველოს რესპუბლიკამ 1919 წლის 25 დეკემბრის დადგენილებით მიიღო. დადგენილებაში აღნიშნული იყო, რომ დემოკრატიული რესპუბლიკის დედაქალაქში, ძველი რეჟიმის მოხელეთა პატივსაცემი ძეგლების არსებობა მიუღებელი იყო. მაშინ თბილისის ურბანული გარემო მეფის რუსეთის სიმბოლიკისგან გათავისუფლდა, თუმცა, ამის შემდეგ, დამოუკიდებელი სახელმწიფოს დედაქალაქის სტატუსი მხოლოდ 3 წელს ატარა. 1921 წლის შემდეგ, მეფის რუსეთის მოხელეთა ძეგლები საბჭოთა კავშირის „გმირებმა“ ჩაანაცვლეს.
სხვა ქალაქებშიც, თუმცა თბილისში განსაკუთრებით, ბევრ ადგილას შეხვდებოდით სტალინისა და ლენინის ძეგლებს, ბიუსტებსა თუ ბარელიეფებს. დედაქალაქში იდგა ფელიქს ძერჟინსკის, ბორის ძნელაძის, ვასილ კიკვიძის, სერგო ორჯონიკიძისა და სხვათა ძეგლები. მას შემდეგ, რაც საქართველოში დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ახალი ტალღა დაიწყო, ასეთი ძეგლების ნაწილი დედაქალაქიდან დემონსტრაციულად ჩამოაგდეს, ნაწილი კი უბრალოდ გააქრეს.
„ქალაქის ცვლილებები, სიმბოლოების ცვლილებები ყოველთვის არის ხოლმე ნიშანი იმისა, რომ რაღაც დაინგრა. ამის ნათელი მაგალითი იყო ის, რომ საბჭოთა კავშირი როცა დაინგრა, დაინგრა ყველა ის მონუმენტი, რომელიც, სხვათა შორის, ხელოვნების თვალსაზრისით, შეიძლება, ძალიანაც კარგი იყო. მაგრამ, რადგან იყო სიმბოლო, ჩვენ ვთქვით, რომ ასეთი სიმბოლოები აღარ გვინდა. ასე იყო ლენინის ძეგლი, ორჯონიკიძის ძეგლი და ა. შ.,“ — გვესაუბრება ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი და ძეგლების დემონტაჟთან დაკავშირებულ ისტორიებსაც იხსენებს.
სტალინის ძეგლი თბილისში სანაპიროზე, მშრალ ხიდთან, სკვერში იყო აღმართული. მისი დემონტაჟი პირველად ნიკიტა ხრუშჩოვის დროს, 1956 წელს სცადეს, რასაც ქართველების მხრიდან სერიოზული პროტესტი მოჰყვა. რამდენიმედღიანი აქციების შემდეგ, მიტინგი ტანკებით დაშალეს, რასაც, ცხადია, მოჰყვა მსხვერპლიც.
„სტალინის ძეგლის მოხსნა ხრუშჩოვმა გადაწყვიტა და ძალიანაც კარგი, თუმცა მიზეზი იყო არასწორი. მათ გადაწყვიტეს, რომ სტალინი ქართველი იყო და ყველა ქართველი ცუდია. რეალურად 1956 წელს ადამიანები სტალინის ძეგლს კი არ იცავდნენ, ქართველობას იცავდნენ. მამაჩემისგანაც მახსოვს, როგორც კი სტალინი გარდაიცვალა, მაშინვე ქართველებს დაუწყეს შევიწროება. მანამდე ვერ ავიწროებდნენ, გასაგები მიზეზების გამო. შესაბამისად, სტუდენტების პროტესტის მიზეზი, რომელიც 56 წელს, სანაპიროზე, სტალინის ძეგლის ამბავს მოჰყვა, არ იყო „სტალინი კაი კაცია“. ეს იყო პროტესტი, რომ ქართველებს ავიწროებდნენ. გადაუარეს კიდეც, არავინ იცის დღემდე, რამდენი დაიღუპა. ასე რომ, ხალხს ვერაფერი გააჩერებს, თუ მათ მხარეს სიმართლეა და რაღაც ზღვარი გადალახულია,“ — ამბობს გურამ წიბახაშვილი.
საბოლოოდ, სტალინის ძეგლი 1961 წელს აიღეს.
გასაკვირი არაა, რომ საბჭოთა კავშირის დროს, თბილისში ლენინის ძეგლებიც მრავლად გვქონდა.
„ერთი, ხელგაშვერილი იდგა ტექნიკურ უნივერსიტეტთან. ერთი - მთავრობის სახლის წინ, დამჯდარი. ერთი - თავისუფლების მოედანზე, ლენინის მოედანი ერქვა მაშინ. ერთიც პატარა - არამიანცის საავადმყოფოში. ბოლოსაც კი, საბჭოთა კავშირის ლიდერებს არ ეგონათ, რომ სსრკ ინგრეოდა. დაიწყეს ძეგლების შემოღობვა, იქნებ გადაერჩინათ, რომ როცა დამშვიდდებოდა ყველაფერი, მოხსნიდნენ ღობეებს. მაგრამ არ გამოვიდა. ხან საღებავებს ესროდნენ და ხან რა. როცა ზღვარს სცილდება რაღაც, იქ ვეღარაფერი გიშველის,“ — იხსენებს ფოტოხელოვანი.
თავისუფლების (მაშინდელი ლენინის) მოედანზე 1956 წელს, 11,5 მეტრის სიმაღლის კვარცხლბეკზე, საბჭოთა კავშირის ლიდერის 7,5 მეტრიანი ბრინჯაოს სკულპტურა საზეიმო ვითარებაში გაიხსნა. ქანდაკება 1991 წელს, ამწეს დახმარებით ჩამოაგდეს და პროცესს ფონად ქართველი ხალხის სიხარულის შეძახილები გასდევდა. დღეს ამ მოედანს თავისუფლების მოედანი ჰქვია და იქ წმ. გიორგის ქანდაკება დგას.
თბილისში არც სერგო ორჯონიკიძის ძეგლების ნაკლებობა გვქონდა, თუმცა ყველაზე დასამახსოვრებელი გაბაშვილის ქუჩაზე იდგა. ეს ქანდაკებაც 90-იანი წლების დასაწყისში ჩამოაგდეს, თუმცა პროცესი ნაკლებ პომპეზური იყო.
„ორჯონიკიძის ძეგლი როცა იდგმებოდა, მაშინაც არავის უნდოდა. ეს ძალით დადგმული ძეგლი იყო. როგორც კი საშუალება მიეცა ხალხს, დამთავრდა. ჯერ საღებავები ესროლეს და მერე ჩამოაგდეს. იგივე მოხდა ლენინის ძეგლზე და ასე მოხდება ყველაფერზე. ნებისმიერი რამ, რაც ძალით გაკეთებულია, ცვლილებას ექვემდებარება,“ — ამბობს გურამ წიბახაშვილი ურბან მედიასთან საუბრისას.
ლეონიძის ბაღში (ყოფ. ალექსანდრეს ბაღი), მიხაი ზიჩის ძეგლის ადგილას, ქართული კომკავშირის ერთ-ერთი დამფუძნებლის, ბორის ძნელაძის ბრინჯაოს ქანდაკება იდგა. ძეგლი საზეიმო ვითარებაში, 1930 წელს გაიხსნა. 90-იანი წლების დასაწყისში კი - ჩამოაგდეს.
„ძეგლის ჩამოგდებას მაშინ აქვს აზრი, თუ ადამიანები ტვინში ჩამოაგდებენ ამ ძეგლს. მერე, გინდა იდგეს, გინდა - არა, ფუნქცია აღარ აქვს. უბრალოდ, სიმბოლოა. მთავარია, ადამიანმა თავის თავში მოიშოროს კერპები. იმიტომ, რომ კერპები არის საშუალება, შენი პასუხისმგებლობა სხვას გადააბარო. რეალურად, შენს გასაკეთებელს არავინ არ გააკეთებს. შენ უნდა აიღო პასუხისმგებლობა, შენ უნდა თქვა, რომ ხარ ადამიანი და შენი გასაკეთებელია,“ — ამბობს გურამ წიბახაშვილი.
დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, საქართველოში საბჭოთა ძეგლების დემონტაჟი ერთგვარი განაცხადი იყო, რომ ქვეყანა ახალ ეპოქას იწყებს და წარსულში დაბრუნებას არ აპირებს. ცხადია, ამ პროცესმა თბილისის ურბანული ლანდშაფტი შეცვალა და განვითარების საშუალებაც მისცა. მეტიც, 2011 წლიდან, საქართველოს პარლამენტმა არა მხოლოდ ძეგლების, არამედ - საბჭოთა ნებისმიერი სიმბოლიკის საჯაროდ გამოყენება კანონით აკრძალა. მყისიერად არა, მაგრამ ქალაქში ეტაპობრივად გაქრა ნამგალი და ურო, საბჭოთა ვარსკვლავი და სხვა მსგავსი სიმბოლიკა. არა იმიტომ, რომ მძიმე ისტორია დავივიწყოთ. იმიტომ, რომ რუსული გავლენა საქართველოში აღარასდროს დაბრუნდეს.
1736429640
1737378462
1737110160
1737036300