1727956544

საცობები თბილისში — გზა, რომელიც არსად მიდის

ჰედერი

ავტორი

ბაკურ გაბუნია

აგვისტო-სექტემბრის მიჯნაზე, როდესაც საზაფხულო არდადეგების შემდეგ თბილისი ჩვეულ რიტმს ნელ-ნელა უბრუნდება, სულ უფრო ხშირად გაიგონებთ ფრაზას: „ახლა დაიწყება საცობები“. ქალაქის პირველი მასშტაბური და ყოვლისმომცველი „გაჩერება“ სასწავლო წლის დადგომის პირველივე დღეს ფიქსირდება — ყველა კერძო მანქანა, ყველა საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ყველა მგზავრი დაგუბებული მდინარის მსგავსად დგას გზაზე, რომელიც თითქოს არსად მიდის. თუმცა არც მომდევნო დღეები გამოირჩევა ნაკლები დატვირთვით. ერთი რამ ნათელია, რაც დრო გადის, ქალაქში გადაადგილება სულ უფრო რთულდება და არაკომფორტული ხდება. თითქოს ქარწყლდება „პიკის საათის“ მნიშვნელობაც, რადგან შუადღისას, ღამის საათებში და უქმე დღეებშიც კი ძალიან ხშირად მოხვდებით მოულოდნელად წარმოქმნილ საცობში, რაც თუნდაც რამდენიმე წლის წინ თბილისს არ ახასიათებდა.

საცობები თანამედროვე თბილისის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოწვევაა. სწრაფი ურბანიზაცია, მოსახლეობის ზრდა, მოუწესრიგებელი, სათანადოდ დაურეგულირებელი გზები და ავტომობილების რაოდენობის მატება სერიოზულ პრობლემებს ქმნის სატრანსპორტო სისტემისთვის. საცობები ასობით ათას მოქალაქეს აკარგვინებს ძვირფას დროს. თითქოს, ერთი შეხედვით, უმნიშვნელოა რამდენიმე წუთით დაგვიანება, მაგრამ როდესაც ეს წუთები საათებში გადაიზრდება და ყოველდღიურ რუტინად იქცევა, პრობლემა ბევრად მწვავე ხასიათს იღებს. გარდა იმისა, რომ საცობები ნერვულ დაძაბულობას ქმნის, ქალაქებში არსებული სატრანსპორტო პრობლემები პირდაპირ აისახება ეკოლოგიაზე, ჯანმრთელობასა და ეკონომიკაზე. გადატვირთული გზები ნიშნავს ერთად თავმოყრილი ავტომობილების ჭარბ რაოდენობას, რაც, თავის მხრივ, ჰაერის დაბინძურებას იწვევს. არაეფექტური მოძრაობის პირობებში საწვავის მოხმარებაც იზრდება, რაც გარემოს სერიოზულ ზიანს აყენებს. ამავდროულად ზარალდება საქალაქო ბიზნესებიც, რადგან პროდუქტების მიწოდება შეფერხებულია, ხოლო თანამშრომლები დროულად ვერ მიდიან სამუშაო ადგილებზე.

ამ სტატიაში შევეცდებით, ჩავწვდეთ საცობების წარმოშობის ღრმა ფესვებს. რატომ ხდება ეს ყოველდღიურად და რატომ არ ჩანს გამოსავალი? არსებობს თბილისისთვის კონკრეტული მიდგომა, რომელიც საშუალებას მოგვცემს, ვიპოვოთ ამ გაუთავებელი ქაოსისგან თავის დაღწევის გზა?

საქსტატს თუ დავეყრდნობით, დედაქალაქში, 2024 წლის მონაცემებით, 685 034 ავტომობილია რეგისტრირებული. რთულია იმის თქმა, რეალურად რამდენი მანქანა მოძრაობს და შესაძლოა, ეს რიცხვი ბევრად ნაკლები იყოს, მაგრამ საკმარისია იმისთვის, რომ ქალაქში ყოველდღიურად უზარმაზარი საცობები შეიქმნას. თუმცა ეს მთავარი და ერთადერთი მიზეზი ნამდვილად არ არის. თბილისში საცობები მრავალი ფაქტორის გამო წარმოიქმნება, რომელთა კომბინაციაც გადატვირთულ საგზაო ქსელს ქმნის. მოსახლეობის რაოდენობა სწრაფად იზრდება. ყველა მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო ობიექტი თუ სახელმწიფო ინსტიტუტი დედაქალაქშია თავმოყრილი, რაც მოქალაქეების მასობრივ შიდა მიგრაციას განაპირობებს თბილისისკენ. ბოლო დროს ამას ემატება უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ საქართველოში გადმობარგებული უცხოელების დიდი რაოდენობაც. შედეგად გამუდმებით იმატებს ავტომობილების რიცხვიც, ამას ცუდი ურბანული დაგეგმარება, ვიწრო ქუჩები და სარეზერვო გზების ნაკლებობაც ემატება, რასაც ქალაქის ინფრასტრუქტურული განვითარება ვერ ეწევა. საბოლოო ჯამში, მივიღეთ არასაკმარისი გზები, ხიდები, სატრანსპორტო ქსელი, სატრანსპორტო „ძაბრები“ და დაურეგულირებელი საკვანძო გზაჯვარედინები, რაც მოძრაობის მნიშვნელოვან შეფერხებას იწვევს.

საცობების გამომწვევი კიდევ ერთი მიზეზი საზოგადოებრივი ტრანსპორტის არაეფექტიანობაა. თბილისის საგზაო ინფრასტრუქტურა ათწლეულების განმავლობაში მხოლოდ კერძო ავტომობილების გადასაადგილებლად ეწყობოდა, რამაც ერთგვარი პარადოქსული სიტუაცია გამოიწვია - დღეისათვის ვერც კერძო და ვერც საზოგადოებრივი ტრანსპორტი ვერ გადაადგილდება თავისუფლად. მოსახლეობას ალტერნატივად თითქოს მეტროს ხაზი აქვს, მაგრამ ბაქნები და ვაგონები იმდენად არის გადატვირთული მგზავრებით, რომ ხშირად „ქვეითების საცობებიც“ კი წარმოიქმნება. შესაბამისად, ზუსტად იმ დებულებას მივყვებით, რომ იმ ქალაქებში, სადაც საზოგადოებრივი ტრანსპორტი სუსტად არის განვითარებული ან მისი მენეჯმენტი არაეფექტურია, ადამიანები იძულებულნი არიან, პირადი ავტომობილებით ისარგებლონ.

ყოველივე ზემოხსენებულს კი ამძაფრებს პარკირების პრობლემა, რადგან თბილისში რეგისტრირებულ ავტომობილებთან შედარებით ძალიან დაბალია საპარკინგე ადგილების რაოდენობა. არასწორად გაჩერებული ავტომობილები, გასაჩერებელი სივრცეების ძებნაში ნელი სვლით გადაადგილება და მოულოდნელი გაჩერებები ქალაქში მოძრაობას კიდევ უფრო აფერხებს. ამ პრობლემის კიდევ ერთი მიზეზია ის, რომ გზების დაგეგმარება და მართვა სათანადოდ არ ითვალისწინებს ტრანსპორტის ნაკადების სწორად გადანაწილებას. სარემონტო სამუშაოები, მოძრაობის შემთხვევითი შეზღუდვები ან არასწორად დაგეგმილი კვანძები ხელს უშლის გადაადგილებას.

სატრანსპორტო კოლაფსის უმთავრესი და ყველაზე პრობლემური მიზეზი თბილისის ქაოსურად განაშენიანების ტენდენციაა, რაც ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს საცობების წარმოქმნის პროცესში. ქალაქის ქაოსურად ზრდის დროს არ მიმდინარეობს სათანადო დაგეგმარება და არ მუშავდება მოძრაობის მართვის მექანიზმები. არსებული გზები ვერ ატარებს მანქანების გაზრდილ რაოდენობას, რომელიც რამდენჯერმე აჭარბებს იმ რიცხვს, რაზედაც თავის დროზე იყო გათვლილი თბილისის გზები. მცირდება გამტარუნარიანობა და იზრდება დრო, რომელსაც ამ გზის გავლისას მგზავრები ხარჯავენ. თავის მხრივ, ეს ხალხი უმეტესწილად ცენტრალური უბნებისკენ მიიჩქარის, სადაც, არასწორი ურბანული დაგეგმარების გამო, თავმოყრილია ოფისების, სავაჭრო ცენტრებისა და სასწავლო დაწესებულებების უმრავლესობა.

სამწუხაროდ, დედაქალაქში ახალ შენობებს გენერალური გეგმის გარეშე აგებენ. იგნორირებულია ინფრასტრუქტურის სწორად განვითარება, მაგალითად, ისევ ვუბრუნდებით საპარკინგე ადგილების უკმარისობას, გზების გამტარუნარიანობისა და სატრანსპორტო კვანძების შეუსაბამობას გაზრდილი მოთხოვნის საპასუხოდ. მოკლედ რომ შევაჯამოთ, საცობების წარმოქმნის რამდენიმე მთავარი ფაქტორი გამოიკვეთება: ქაოსური განაშენიანება, ავტომობილების დიდი რაოდენობა, მოსახლეობის მზარდი სტატისტიკა, სატრანსპორტო რეფორმის დაბალი ტემპი, ნაკადების სამართავი „ჭკვიანი“ სისტემების არარსებობა, არათანმიმდევრული ურბანული პოლიტიკა და ინფრასტრუქტურა, რომელიც საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე არ არის მორგებული. ეს ფაქტორები ერთმანეთთან მჭიდროდაა გადაჯაჭვული და იწვევს მუდმივ პრობლემებს ქალაქის ტრანსპორტის მენეჯმენტში.

თბილისში საცობების პრობლემის გადასაჭრელად საჭიროა სისტემური და მრავალმხრივი მიდგომა, რომელიც მოიცავს როგორც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, ისე მენეჯმენტის ეფექტურობასა და საზოგადოების ჩართულობას. ამ კუთხით განვითარებული ქალაქების მაგალითებით თუ ვიხელმძღვანელებთ, ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი გზა ძლიერი და სანდო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემაა. მეტრო, ტრამვაი, ავტობუსების ხაზები (BUS LANE), რომელთა საშუალებითაც მოსახლეობა დროულად და კომფორტულად გადაადგილდება. დიდი აქცენტი უნდა გაკეთდეს ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტზე, მათ შორის ველოსიპედებზე. ისეთი ტექნოლოგიების დანერგვა, როგორებიცაა „ჭკვიანი“ შუქნიშნები, მობილური აპლიკაციები ტრანსპორტის მონიტორინგისთვის და GPS-ის ინტეგრაცია, ხელს უწყობს მოძრაობის ნაკადის უფრო ეფექტიან მართვას.

აუცილებელია, რომ თბილისში გამოინახოს ადგილი და რესურსები ახალი გზების, ხიდების, გვირაბების, ესტაკადებისა და გზაჯვარედინების შესაქმნელად. აქვე შეგვიძლია ვახსენოთ მტკვარი, რომელსაც ძალიან დიდი სატრანსპორტო პოტენციალი აქვს. თუ გავითვალისწინებთ სეულის მაგალითს, დავრწმუნდებით, რომ მტკვრის რესურსს სათანადოდ ვერ ვიყენებთ. სამხრეთ კორეის დედაქალაქმა განახორციელა პროექტი, რომელიც გულისხმობდა ქალაქის ერთ-ერთი გადატვირთული ავტომაგისტრალის დაშლას და მის ნაცვლად მდინარის აღდგენას, რამაც არა მხოლოდ გადაადგილების სისტემის გამართვას, არამედ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებასაც შეუწყო ხელი.

ეს ყველაფერი გრძელვადიან გეგმასა და სხვადასხვა სახელმწიფო და კერძო უწყებებს შორის მჭიდრო კოორდინაციასა და, რაც მთავარია, მოსახლეობის ჩართულობის მაღალ დონეს მოითხოვს. მაგრამ მანამდე თბილისელების ყოველდღიური ცხოვრების რამდენიმე საათი საცობების გრძელ და მდორე ნაკადში იკარგება.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები