1731406140
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
ექსტრემი, რისკი, კონტროლი, ადრენალინი — ეს ის საერთო მოცემულობაა, რომელიც დრიფტის მოყვარულებს აერთიანებს. ნახევარი საუკუნის წინ ამ იატაკქვეშა კულტურის სულის ჩამდგმელი, კუნიმიცუ ტაკაშიმი ვერც კი წარმოიდგენდა ავტომობილების მართვის მისეული ტექნიკა ასეთ საერთაშორისო აღიარებას თუ მოიპოვებდა და საბოლოოდ პროფესიულ სპორტად ჩამოყალიბდებოდა. არადა მაშინ მისი მიზანი მხოლოდ იაპონიის მთიანი, მკვეთრი მრუდეებიანი გზების სწრაფად გავლა იყო.
პიონერად კი კუნიმიცუ ტაკაშიმია აღიარებული, მაგრამ „დრიფტის მეფის“, კეიჩი ცუჩიას სტილმა, გასული საუკუნის 80-იან წლებში სრულიად ახალი კულტურა ჩამოაყალიბა და მალევე მოიცვა მთელი მსოფლიო.
მას შემდეგ დრიფტერებისთვის ბევრი საერთაშორისო პლატფორმა შეიქმნა და ყველა ქალაქი, სადაც შესაბამისი არენაა მოწყობილი, თავს უყრის მოყვარულებისა და პროფესიონალების დიდ არმიას. დრიფტ შეჯიბრებებისა და ფესტივალების მოწყობა იზიდავს ტურისტებს და ზრდის არა მხოლოდ ქალაქების შემოსავლებს, არამედ სასტუმროებისა და რესტორნების დატვირთულობას, თავად დრიფტის მოედნის ირგვლივ კი ჩნდება ინფრასტრუქტურისა და სხვა სერვისების განვითარების შესაძლებლობაც, მათ შორის, ავტოსერვისები, ავტონაწილების მაღაზიები, ტექნიკური მომსახურება თუ სარემონტო ცენტრები, რაც მთლიანობაში ეკონომიკის სტიმულირების ერთგვარ გზად შეიძლება მივიჩნიოთ. ამას ემატება ისიც, რომ არენის ფუნქციონირებისთვის საჭიროა ტექნიკური პერსონალი, რაც ახალი სამუშაო ადგილების შექმნის შესაძლებლობას იძლევა.
ამავდროულად, ცნობილი ავტომრბოლელები და დრიფტერები აღიარებენ, რომ არენაზე ორგანიზებული შეჯიბრებები ხელს უშლის სახიფათო „ქუჩის დრიფტებს“ და ნებისმიერ ქალაქში ასეთი სივრცეების არსებობა არალეგალური დრიფტის რაოდენობას ამცირებს, რაც პირდაპირ კავშირშია ავტოავარიების რისკების შემცირებასთან.
საქართველოს აქვს შანსი დრიფტების მსოფლიო რუკაზე მოინიშნოს, — ეს არის ქართველი მრბოლელისა და საქართველოს საავტომობილო ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის, მევლუდ მელაძის ძირითადი მიზანი. მიზნის მისაღწევად კი ჯერ კიდევ 2021 წელს დაიწყო სპორტული კომპლექსის მშენებლობა.
კომპლექსი, რომლის საინვესტიციო ღირებულება 5 მილიონი ლარია, 9 ჰექტარ ტერიტორიას მოიცავს და სარბოლო ტრასასთან ერთად, ოფროუდ ტრასას, საბავშვო ოფროუდ ზონას, იმიტირებულ საავტომობილო ქალაქსა და საპარკინგე ზონას აერთიანებს.
ამ დროისთვის დრიფტის არენა დასრულებულია და როგორც პროექტის ავტორი, მევლუდ მელაძე ამბობს, უნიკალურია ტრასის დიზაინი. სხვა ქვეყნებში ნანახი ქართულ რეალობაში მრბოლელების გულის მოსაგებად და საერთაშორისო ჩემპიონატების ჩასატარებლად გადმოიტანა.
„ძირითადი მოსახვევები, რომელსაც თითქოს ოვალური ფორმები აქვს, არც ოვალურია და არც იდეალური წრე. კითხვის ნიშანს ჰგავს, გაწელილია, აღმართია, დაღმართია... თუ რამე ოდესმე მსოფლიოში ყოფილა ყველა ავაგროვე, ცოტა მოდიფიკაცია გავუკეთე და ყველა აქ არის თავმოყრილი,“ — ამბობს მევლუდ მელაძე.
მიუხედავად იმისა, რომ „ლილო არენას“ კომპლექსის სრულად მოწყობა 2025 წელს დასრულდება, დრიფტის ევროპის ჩემპიონატის ჩასატარებლად გამოცხადებულ ტენდერში მონაწილეობა უკვე დაგეგმილია. წესების მიხედვით, ჩემპიონატი რამდენიმე ქვეყანაში ერთად გაიმართება. აქამდე გარკვეული გზაა გასავლელი, მათ შორის დღის წესრიგში დგას ტრიბუნების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობა. როგორც მევლუდ მელაძე ამბობს, ამ მხრივ მოლაპარაკებების წარმოება შესაძლებელია მეზობელ ქვეყნებთანაც. უფრო რთული ლოგისტიკური პრობლემებია, მაგალითად, დრიფტერები, რომლებიც ჩემპიონატში მიიღებენ მონაწილეობას მათი ავტომობილების, ავტონაწილების გადაყვანა და ქვეყნის ტერიტორიაზე შემოტანა-გატანის საკითხი.
არადა ჩემპიონატის საქართველოში გამართვა ქვეყანას დიდ შესაძლებლობას მისცემს.
„სპორტული ტურიზმის დარტყმითი ტალღა იქნება ტურნირის საქართველოში ჩატარება. ჩვენს ქვეყანაში დრიფტის მსოფლიო თუ ევროპის ჩემპიონატის გამართვა ნიშნავს, რომ დრიფტერებთან ერთად ის ტურისტებიც ჩამოვლენ, რომლებიც ამ ღონისძიებებს აქტიურად „დაჰყვებიან“. ამისთვის კი მონაწილეებისა და სტუმრების განსათავსებელი ადგილები, რაც საქართველოშია, შესაძლოა, სულაც არ იყოს საკმარისი, რადგან ამ ყველაზე სწრაფად მზარდ სპორტულ სახეობას 30 000 გულშემატკივარი მაინც ჰყავს და მნიშვნელოვანია აეროპორტების გამტარუნარიანობაც“, — განმარტავს მევლუდ მელაძე.
პროექტის ავტორი ამბობს, რომ „ლილო არენა“ ყველა ავტომოყვარულის საოცნებო წერტილად უნდა იქცეს, მსურველს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა კომპლექსში მივიდეს, დაიხარჯოს, საკუთარი ავტომობილი მოსინჯოს, მონაწილეობა მიიღოს სხვადასხვა სამოყვარულო შეჯიბრში, ან თუნდაც ისწავლოს ავტომობილისა და მოტოციკლის მართვა.
უკვე საყოველთაოდ აღიარებულია, რომ დრიფტის არენები ხშირად იზიდავს სხვადასხვა კომპანიას, სპონსორსა თუ ინვესტორს, რომლებიც ჩართულნი არიან ავტომობილების ინდუსტრიაში ან სპორტულ ღონისძიებებში. ასეთი მოლოდინია „ლილო არენას“ განვითარებასთან დაკავშირებითაც. მაგალითად, კომპლექსში მოწყობილი იმიტირებული საავტომობილო ქალაქი სწორედ ამის შესაძლებლობას იძლევა.
დრიფტის არენები, ძირითადად, ზომითა და სირთულით ფასობს. ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი იაპონიაში — Ebisu Circuit — ფუკუსიმას პრეფექტურაში არსებობს. პოპულარულია Tsukuba-ს არენაც. მართალია, ის უფრო მცირე ზომისაა, თუმცა გამოირჩევა მკვეთრი მოსახვევებით, რაც დრიფტის პროფესიონალებისთვის მიმზიდველობას ზრდის. ცნობილი არენებია აშშ-სა და ევროპაშიც, მაგალითად, კალიფორნიაში არსებული Irwindale Speedway დრიფტის მექად მიიჩნევა და მასპინძლობს პოპულარულ და ცნობილ შეჯიბრებებს. ირლანდიის Mondello Park ევროპის დრიფტ არენის საინტერესო პლატფორმად მიიჩნევა. ჩამოთვლილებს არ ჩამორჩება არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში არსებული Dubai Autodrome.