1737036300
ავტორი
მეკო მეტრეველი
თავისუფლების მოედანი საუკუნეების განმავლობაში ქალაქის კულტურული და პოლიტიკური ცხოვრების ცენტრი იყო, რომელიც ამავდროულად სხვადასხვა ეპოქისა და რეჟიმის გავლენებს საინტერესოდ ირეკლავდა. ეს სივრცე ჯერ კიდევ მეფის რუსეთის დროს წარმოადგენდა სამხედრო, ადმინისტრაციული, კულტურული მნიშვნელობის ადგილს, საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში კი სისტემის იდეოლოგიის პროპაგანდის ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი აღმოჩნდა. საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა ძველი, ისტორიული სახელი და ქვეყნის თავისუფლების, დამოუკიდებლობის, ეროვნულობის გამომხატველი გახდა. მის შუაგულში აღმართულმა წმინდა გიორგის მონუმენტმა კი თავისუფლებისთვის მებრძოლი ქართველი ხალხის, ბოროტებაზე გამარჯვების, რწმენისა და სიმამაცის სიმბოლური სახე შეითვისა.
თავისუფლების მოედანი დღეს ქალაქის ერთ-ერთი ცენტრალური ნაწილია, საიდანაც სათავეს იღებს რუსთაველის გამზირი, ლეონიძის, გალაკტიონის, დადიანისა და აფხაზის ქუჩები. თუმცა 1801 წლამდე ეს ტერიტორია ქალაქის გარეუბანს წარმოადგენდა. ის ძველი ქალაქის (კალას) გალავნის გარეთ მდებარეობდა და გარეუბნის სახელწოდებით იყო ცნობილი. ადგილობრივები ამ ადგილს შეშის მოედანსაც უწოდებდნენ, რადგან სოფლის მცხოვრებლები შეშას სწორედ აქედან ყიდდნენ. მოედნის ინტენსიური განაშენიანება XIX საუკუნის პირველი ნახევრიდან დაიწყო. 1824 წელს კი აქ ერთ-ერთი პირველი შენობა, კლასიციზმის სტილში გადაწყვეტილი, ამიერკავკასიის სამხედრო შტაბი აშენდა, შესაბამისად მოედანს ხშირად შტაბის მოედნადაც მოიხსენიებდნენ. დღევანდელ თავისუფლების №4-ში მდებარე ნაგებობაში თავდაპირველად ქალაქის თვითმმართველობა მდებარეობდა და მას „საქალაქო სახლს" ეძახდნენ, თუმცა მოგვიანებით ის „ამიერკავკასიის სამხრეთ ოლქის ჯარების შტაბად" გადაკეთდა. საგულისხმოა ისიც, რომ შენობა საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში სამხედრო პროკურატურის დაწესებულებას წარმოადგენდა.
1825 წელს თავისუფლების მოედანზე აშენდა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაგებობა — შვეიცარიელი არქიტექტორის, ჯუზეპე ბერნადაცის პროექტით კლასიცისტურ სტილში მოწყობილი იაკობ ზუბალაშვილის სახლი, რომელიც მოგვიანებით სასულიერო სემინარიად გადაკეთდა. 1953 წლიდან კი აქ ხელოვნების მუზეუმი განთავსდა. შეიძლება ითქვას ისიც, რომ ყოფილი სასულიერო სემინარიის შენობა მჭიდროდაა დაკავშირებული ბოლშევიკებთან, რადგან სწორედ აქ სწავლობდნენ ბოლშევიკური პარტიის გამოჩენილი სახეები და ლიდერები — იოსებ ჯუღაშვილი, ლადო კეცხოველი, ფილიპე მახარაძე და მიხა ცხაკაია.
თავისუფლების მოედნის ტერიტორიაზე მდებარეობდა 1851 წელს საზეიმოდ გახსნილი იტალიელი არქიტექტორის, ჯოვანი სკუდიერის პროექტით აშენებული თეატრისა და ქარვასლას შენობაც. რენესანსული არქიტექტურული ტიპის ნაგებობა დღევანდელი მოედნის შუაში იდგა და ის ცნობილ თბილისელ ვაჭარსა და მეცენატს, გაბრიელ თამამშევს ეკუთვნოდა. 1874 წელს თეატრი დაიწვა (როგორც ამბობდნენ, ხანძარი განზრახ გააჩინეს), თეატრი აღარ აღდგენილა, ქარვასლის შენობამ კი ფუნქციონირება 1934 წლამდე გააგრძელა, სანამ მოედნის რეკონსტრუქციას არ შეეწირა.
თავისუფლების მოედნის ცენტრალურ ნაწილში მდებარე თბილისის საკრებულოს შენობა მე-19 საუკუნის 40-იანი წლებით თარიღდება და ის პოლიციის შენობის ფუნქციას ითავსებდა, ხოლო 1879 წლიდან ქალაქის სათათბიროსა და გამგეობის ადგილს წარმოადგენდა. 2010 წლამდე აქ თბილისის მერია იყო განთავსებული, შემდეგ კი მისი ადგილი თბილისის საკრებულომ დაიკავა. შენობების მოკლე მიმოხილვაც საკმარისია იმის მისახვედრად, თუ რამხელა კულტურული და პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა მოედანს ჯერ მეფის რუსეთის, შემდეგ კი საბჭოთა მმართველობის დროს.
თავისუფლების მოედანი იმითაც არის საინტერესო, რომ ის ზუსტად ირეკლავდა ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს და არსებულ პოლიტიკურ ვითარებას, რის შედეგადაც მას ორი საუკუნის განმავლობაში სახელი 8-ჯერ შეეცვალა.
მოედანს ოფიციალური სახელი 1828 წელს ეწოდა, როდესაც რუსეთის არმიამ კავკასიის მთავარმართებლის — გენერალ პასკევიჩის მეთაურობით ერევანი სპარსული გარნიზონისაგან გაათავისუფლა. ამ გამარჯვების აღსანიშნავად შტაბის მოედნად წოდებულ სივრცეს პასკევიჩ-ერევანსკის სახელი უწოდეს. მოგვიანებით ხალხმა პასკევიჩი მიივიწყა და ტერიტორიას მხოლოდ ერევნის მოედნად მოიხსენიებდნენ. სწორედ ამ სახელს ატარებდა მოედანი მეფის რუსეთის პერიოდში, თუმცა აღსანიშნავია, რომ 1851 წელს, როდესაც თავისუფლების მოედანზე თეატრისა და ქარვასლას შენობა ააგეს, მოედანს „თეატრალურსაც“ ეძახდნენ.
1917 წელს, ნიკოლოზ მეორის ჩამოგდების შემდეგ, რევოლუციური პარტიის ლიდერებმა მოედანს თავისუფლების სახელი მიანიჭეს. თუმცა საქართველოს საბჭოთა ოკუპაციის შემდგომ, კომუნისტებმა ამიერკავკასიის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის პატივსაცემად მას „ზაკფედერაციის მოედანი“ შეარქვეს.
მოედანი პროპაგანდის იარაღად ყველაზე ეფექტურად საბჭოთა სისტემის დროს გამოიყენებოდა და ნათლად ასახავდა ეპოქის პოლიტიკურ ამინდს. მაგალითად, სისხლიანი რეჟიმის დროს, 1940 წელს საქართველოს დედაქალაქის მთავარმა მოედანმა ლავრენტი ბერიას სახელი შეიძინა. 1953 წელს, ბერიას დახვრეტის შემდგომ კი სტალინისტური კულტის დაგმობის მიზნით, ტერიტორიას სახელი სასწრაფოდ შეუცვალეს და დიდი პროლეტარიატის ბელადის, ვლადიმერ ლენინის სახელი უწოდეს.
თავისუფლების მოპოვების შედეგად, 1990 წლიდან, საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით მოედანს ძველი დასახელება — თავისუფლების მოედნის სახელწოდება დაუბრუნდა და დღემდე ამ სახელს ატარებს.
თავისუფლების მოედანი არა მხოლოდ სახელწოდებების თვალსაზრისით იყო საბჭოთა პოლიტიკური იდეოლოგიის იარაღი, არამედ იქ აღმართული ძეგლებითა და ბოლშევიკებთან დაკავშირებული ისტორიებით.
თავისუფლების მოედანს უკავშირდება XX საუკუნის გახმაურებული ძარცვა, რომელიც 1907 წელს, სტალინის ორგანიზებით და მისი მოკავშირის, რევოლუციონერი კამოს (სიმონ ტერ-პეტროსიანი) ხელით შესრულდა. მძარცველებმა ბომბი ესროლეს სახელმწიფო ბანკის კუთვნილ ეტლს, რომლითაც ფული გადაჰქონდათ. თავდასხმის დროს დაიღუპა სამი ადამიანი, ათეული პირი კი დაშავდა. როგორც ცნობილია, კამომ 250 ათასი რუსული რუბლი გაიტაცა და ეს თანხა პირადად ლენინს ჩააბარა. საქმე იმდენად გახმაურებული აღმოჩნდა, რომ ამ ამბავმა უცხო ქვეყნების ყურადღებაც მიიქცია, რაც თავდასხმის ფაქტთან ერთად, დანაშაულის ადგილმდებარეობამ განაპირობა. იმ პერიოდის ერევნის მოედანი ქალაქის ერთგვარ ძარღვს, ცენტრალურ სივრცეს წარმოადგენდა, სადაც სამხედრო შტაბი, მის სიახლოვეს კი მეფისნაცვლის სასახლე მდებარეობდა. ამის გამო ტერიტორია კარგად იყო დაცული და ძარცვისთვის ყველაზე სახიფათო, შეიძლება ითქვას, ნაკლებ სავარაუდო ადგილს წარმოადგენდა.
საგულისხმო ფაქტია ისიც, რომ კამოს უცნაური და საეჭვო სიკვდილის შემდეგ, ის თავისუფლების მოედნის მიმდებარედ, პუშკინის სკვერის ტერიტორიაზე დაკრძალეს, სადაც სამ წელიწადში მისი ძეგლიც კი დადგეს, რომელიც გარკვეული პერიოდის შემდეგ ფილიპე მახარაძის ბრძანებით აიღეს.
ბოლშევიკებს თავისუფლების მოედნის მიმართ განსაკუთრებული ლტოლვა ამოძრავებდათ. ამის ერთ-ერთი გამოხატულებაა 1934 წლის გაზეთში გავრცელებული ესკიზები, რომლებიც ძველი იტალიური ოპერის ადგილას მარმარილოს ტრიბუნისა და ტრიბუნის შუაგულში ლენინის ქანდაკების დადგმას იუწყებოდა. თუმცა 1943 წელს მხოლოდ მარმარილოს ტრიბუნა აშენდა, ძეგლი კი დავიწყებას მიეცა. 1950 წელს მარმარილოს ტრიბუნა მოშალეს, თუმცა მივიწყებული ლენინის ძეგლი თავისუფლების მოედანზე 1956 წელს საზეიმოდ აღმართეს.
ნამუშევარს, რომელიც საბჭოთა სისხლიანი რეჟიმის გამოხატულება და ტოტალიტარული მმართველობის სახე იყო, 1990-იან წლებში დემონტაჟი ჩაუტარეს. 2006 წელს კი მის ადგილას ზურაბ წერეთლის წმინდა გიორგის 40-მეტრიანი მონუმენტი აღმართეს, როგორც დამოუკიდებელი, ერთიანი, ძლიერი და თავისუფალი საქართველოს ახალი სიმბოლო.
1736429640
1737378462
1737110160
1737036300