1745859540
ავტორი
მეკო მეტრეველი
თბილისის ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ყოველდღიური საცობია, რომელიც ქალაქის მცხოვრებლებს დიდ დისკომფორტს უქმნის. გარდა იმისა, რომ ქალაქში პიკის საათებში ავტომობილით გადაადგილება თითქმის წარმოუდგენელია, ბოლო წლებში ამ დისკომფორტს მეტროს შესასვლელებთან ხალხის დაუსრულებელი ნაკადი და მეტროში გადაადგილების პრობლემაც დაემატა. ამ მხრივ განსაკუთრებით დატვირთულია მეტროსადგურები გლდანი, ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი და თავისუფლების მოედანი, რაც მიწისქვეშა ტრანსპორტის ეფექტურობას ამცირებს.
სატრანსპორტო პოლიტიკის გაუმჯობესების, მდგრადი ურბანული გარემოს განვითარების და ქალაქის მცხოვრებლებისთვის სტაბილური, კომფორტული სივრცის შექმნის ერთ-ერთი გზა საბჭოთა პერიოდში დაპროექტებული, დაუსრულებელი მეტროს უფუნქციო ამოსასვლელების დამთავრება და მათთვის ახალი სიცოცხლის მინიჭებაა. მათი განახლება პიკის საათებში საგრძნობლად განტვირთავდა მოძრაობას, ხელს შეუწყობდა უყურადღებოდ დარჩენილი უბნების განვითარებას, სატრანსპორტო სისტემის მოდერნიზებას და ავტომობილების მოხმარების შემცირებას.
„ურბანული ლაბორატორიის“ კვლევის თანახმად, ქალაქში არსებობს რამდენიმე დასრულების ეტაპზე მყოფი მეტროს ამოსასვლელი, რომელთა კეთილმოწყობა ბევრად ნაკლები დაუჯდება ქალაქის მერიას, ვიდრე სრულიად ახალი სადგურის წერტილების შექმნა. ასეთი ამოსასვლელები გვხვდება: „ახმეტელის თეატრის“, „თავისუფლების მოედნის“, „მარჯანიშვილისა“ და „ავლაბრის“ მეტროს ტერიტორიებზე. ექსპერტების მოსაზრებით, აღნიშნული ობიექტების ამოქმედება მიწისქვეშა ტრანსპორტს ბევრად უფრო მოხერხებულს გახდის და მეტროპოლიტენში მგზავრთა დამატებით ნაკადს მოიზიდავს.
„ახმეტელის თეატრის“ ამოსასვლელი
გლდანი ქალაქის ერთ-ერთი ყველაზე დიდი რაიონია, ამიტომ „ახმეტელის თეატრის“ სადგური ხალხმრავლობით გამოირჩევა, რაც პიკის საათებში მეტროს შესასვლელთან და ესკალატორებთან მგზავრთა გადაადგილების შეფერხებას განაპირობებს. ახმეტელის მეტროს მეორე ამოსასვლელი შეშელიძის ქუჩაზე, გლდანი-მუხიანის დამაკავშირებელი ახალი გზის დასაწყისიდან 150 მეტრში მდებარეობს. მისი მშენებლობა საბჭოთა კავშირის პერიოდში, 1980-იანი წლების მიწურულს დაიწყო, თუმცა ფინანსების დეფიციტის გამო პროექტი 1993 წელს შეჩერდა. „ურბანული ლაბორატორიის“ ცნობით, ამჟამად მეორე ამოსასვლელი მთლიანად კონსტრუირებულია საპროექტო სიღრმემდე. მისი დასრულებისთვის კი საჭიროა სადგურ „ახმეტელის თეატრის“ ცენტრალურ დარბაზთან შეერთება, დამჭიმი კამერის მოწყობა, ესკალატორების მონტაჟი, სამანქანო დარბაზის მოწყობა, ზედა ვესტიბიულის ინსტალაცია და ობიექტის ტექნიკური აღჭურვა, რაშიც სალაროებისა და საესკალატორო დაღმართის მოპირკეთება იგულისხმება.
„მეორე ამოსასვლელის ამოქმედება მნიშვნელოვნად განტვირთავდა სადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე სატრანსპორტო კვანძს. აღნიშნული სადგური ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული სადგურია თბილისის მეტროპოლიტენში მასზე გამავალი მგზავრნაკადის მხრივ. იგი ემსახურება გლდანის, გლდანულას დასახლების, მუხიანის და ნაწილობრივ თემქის მიკრორაიონების მოსახლეობას. სადგურის ამოსასვლელთან განლაგებულია როგორც აღნიშნული მიმართულებების მომსახურე ავტობუსებისა და სამარშრუტო ტაქსების გაჩერებები, ისე სავაჭრო ცენტრები და სხვა კომერციული ობიექტები, რაც იწვევს ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეთა მაღალ კონცენტრაციას, აძნელებს მოძრაობას და ზრდის ავტოსაგზაო შემთხვევების რისკს“, — ვკითხულობთ „ურბანული ლაბორატორიის" კვლევაში.
ამასთან, პროექტის განხორციელების შემთხვევაში უფუნქციოდ დარჩენილი ამოსასვლელი გლდანისა და მუხიანის მგზავრთა ნაკადს ორ თანაბარ ნაწილად გადაანაწილებს და სიტუაციას განმუხტავს. მეორე ამოსასვლელთან დამატებით სატრანსპორტო გაჩერების მოწყობა კი გადაადგილებას გაამარტივებს და მას ბევრად ხელმისაწვდომს გახდის. შედეგად, მეორე ამოსასვლელისა და მუხიანის ახალი გზის ტერიტორია საცხოვრებლად კომფორტული, ინვესტორებისთვის მიმზიდველი ადგილი გახდება, გაჩნდება ახალი სამუშაო ადგილები, ქალაქის ეს ნაწილი გამოცოცხლდება და უძრავი ქონების ფასიც გაიზრდება, რაც ურბანული სივრცის განვითარებას შეუწყობს ხელს.
„მარჯანიშვილის“ მეორე ამოსასვლელი
ახმეტელის მეტროსგან განსხვავებით, მარჯანიშვილის მეორე ამოსასვლელი უკეთეს მდგომარეობაშია და თითქმის დასრულების ეტაპამდეა მიყვანილი. ამიტომ მისი სრული მოპირკეთება ნაკლებ დროსა და ხარჯებს მოითხოვს. უფუნქციო ამოსასვლელი მდებარეობს მარჯანიშვილისა და უზნაძის ქუჩების კუთხეში, მაღალსართულიანი კორპუსის ეზოს ტერიტორიაზე. „ურბანული ლაბორატორიის“ მონაცემებით, გვირაბი სადგურის კედელთან მიყვანილია, მაგრამ შეერთება გაჭრილი არ არის. გვირაბში დამონტაჟებულია ჰერმეტული კარი, დასრულებულია ტექნიკური დანიშნულების მქონე დარბაზი. თუმცა დასამთავრებელია ზედა ვესტიბიული და ქუჩიდან ჩასასვლელები, ასევე დასამონტაჟებელია ესკალატორი. შეცვლას საჭიროებს ჰერმეტული კარის მამოძრავებელი კოროზირებული მექანიზმიც.
მარჯანიშვილის სადგურზე ორი ამოსასვლელის ამოქმედება ხალხის ნაკადის გადანაწილებასთან ერთად, შესაძლო სატრანსპორტო კოლაფსისგან დაიცავს აღმაშენებლის გამზირსა და მიმდებარე ქუჩებს. რადგან პირველ ამოსასვლელში დამონტაჟებულია ყველაზე ძველი, 1958 წელს გამოშვებული ЭМ-4 მოდელის ესკალატორები, რომელთა მომსახურება ყოველწლიურად სულ უფრო რთულდება. მათი გამოცვლის შემთხვევაში პირველი ამოსასვლელით სარგებლობას მგზავრები დროებით ვეღარ შეძლებენ, რაც მეორე ამოსასვლელის არარსებობის გამო მარჯანიშვილის მეტროს დაკეტვას და აღმაშენებლის გამზირის გადატვირთვას გამოიწვევს.
„თავისუფლების მოედნის“ მეორე ამოსასვლელი
„ურბანული ლაბორატორიის“ კვლევა იუწყება, რომ ბარათაშვილის ქუჩაზე არსებულ მიწისქვეშა ამოსასვლელში საბჭოთა კავშირის პერიოდში მეტრო „თავისუფლების მოედნის“ მეორე ამოსასვლელის მშენებლობა იგეგმებოდა. აღსანიშნავია, რომ სადგურ „თავისუფლების მოედანზე“ უკვე არსებობს მეორე ამოსასვლელისკენ მიმავალი კიბეები, რომლებიც გადადის სადგურის ცენტრალური დარბაზის ბოლოდან ხელმარცხნივ, I ლიანდაგის თავზე და ბარათაშვილის ქუჩისკენაა მიმართული. ხოლო ბარათაშვილის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა გადასასვლელი გათვალისწინებულია მგზავრთა მაღალ ნაკადსა და დიდ დატვირთვაზე, ამიტომ ის ოთხი ამოსასვლელით არის აღჭურვილი, რომლებიც ბარათაშვილის ქუჩაზე, თაბუკაშვილის ქუჩასა და ორბელიანის მოედანზე მდებარე პარკს მოიცავს.
ბარათაშვილის ქუჩაზე სადგურის მეორე ამოსასვლელის ამოქმედება, ერთი მხრივ, განტვირთავს სატრანსპორტო სისტემას და მგზავრთა ნაკადს მეტროსადგურისკენ მიმართავს, რაც შეამცირებს მიწისზედა საცობს. მეორე მხრივ კი, თავისუფლების მოედნის პირველ ამოსასვლელს გაანეიტრალებს, რომელიც პიკის საათებსა თუ საპროტესტო აქციების პერიოდში განსაკუთრებით დატვირთულია. ამასთან, იუსტიციის სახლთან მეორე ამოსასვლელის სიახლოვე ბევრად ხელმისაწვდომს გახდის ამ ადგილს მგზავრებისთვის, მიმდებარე ტერიტორიას კი, რომელზედაც სავაჭრო ცენტრებსა და კულტურულ ღირსშესანიშნაობებს ვხვდებით, მეტად გაააქტიურებს და ინვესტორებისთვის მიმზიდველად წარმოაჩენს.
„ავლაბრის" მეორე ამოსასვლელი
მსგავსად „თავისუფლების მოედნისა“, საბჭოთა პერიოდში იგეგმებოდა „ავლაბრის“ მეორე ამოსასვლელის აშენებაც გორგასლის ქუჩაზე ბალნეოლოგიურ კურორტთან. „ურბანული ლაბორატორიის“ თანახმად, ამოსასვლელ სადგურს შეიძლება შეუერთდეს II ლიანდაგზე გადამავალი კიბის სახით, რომლის შემდეგ 280 მეტრის სიგრძის მქონე ჰორიზონტალური გვირაბით გაივლის მტკვრის ქვეშ და საესკალატორო ხაზით ზედაპირზე ამოვა. აღნიშნული პროექტი დააკავშირებს კრწანისის რაიონს მეტროს ქსელთან და ადვილად ხელმისაწვდომს გახდის ამ უბანს როგორც ქალაქის მცხოვრებლებისთვის, ისე ტურისტებისთვის.
ამგვარად, ზემოთ ჩამოთვლილი მეტროს უფუნქციო ამოსასვლელების მოწყობა და ამუშავება უზრუნველყოფს მგზავრთა ნაკადის ეფექტურ გადანაწილებას, ცალკეულ ამოსასვლელებთან ხალხის სიმრავლის შემცირებას, დააჩქარებს ადამიანთა გადაადგილებასა და მგზავრობის დროს. გააუმჯობესებს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემას და მას ბევრად უფრო ფუნქციურს, კომფორტულსა თუ მოსახერხებელს გახდის. შეამცირებს მანქანით მოსარგებლეთა რიცხვს, რაც თავის მხრივ განმუხტავს საავტომობილო გზას და ხელს შეუწყობს ჯანსაღი, ეკოლოგიურად სუფთა გარემოს ჩამოყალიბებას. ამასთან, უფუნქციო ამოსასვლელები მიმდებარე ტერიტორიას ბევრად მიმზიდველს, მობინადრეებისთვის პრაქტიკულს, ინვესტორებისთვის კი საინტერესოს გახდის, რაც უძრავი ქონების ფასს გაზრდის და ახალი ობიექტებისა და სამუშაო ადგილების გაჩენას შეუწყობს ხელს.