1727350020

თბილისის გამქრალი და სახიფათო მდინარეები

თბილისის მდინარეები

ავტორი

ბაკურ გაბუნია

თბილისის ჩამოყალიბებაში, განვითარებასა თუ მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაში, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, მტკვარი რომ უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა, არავისთვის არის საიდუმლო. ქალაქის ტოპოლოგიური ფორმაც კი თავად მტკვრის ხეობამ ჩამოაყალიბა. თბილისისა და ქვეყნის მთავარი მდინარის ბედი ერთმანეთთან არის გადაჯაჭვული და დიდწილად მტკვარმა განსაზღვრა დედაქალაქის ურბანული განვითარების ძირითადი ხაზი და გეგმარებითი სტრუქტურა. მაგრამ ძალიან ცოტას ვსაუბრობთ იმ მდინარეების შესახებ, რომლებიც დღეისათვის თბილისელების თვალთახედვის არიდან მოწყვეტილია, მაგრამ ქალაქის ბუნებრივი ლანდშაფტის ფორმირების კუთხით მათი გავლენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, დღეს კი ფარულ საფრთხეებს წარმოადგენენ თბილისელებისთვის.

ევროპული ტიპის ქალაქთმშენებლობის პრინციპებმა სრულიად უგულებელყო როგორც მტკვრის ავთენტური სახის შენარჩუნება, ისე მისი შენაკადებისა და თბილისის სხვა მდინარეების ბედი, რომლებიც გვირაბებსა და კოლექტორებში მოაქციეს. ეს ტენდენცია ჯერ კიდევ მე-19 საუკუნეში დაიწყო, როდესაც თბილისის ნაკადულებს ხელოვნურ კალაპოტებში ათავსებდნენ. საბჭოთა ეპოქამ კი მთლიანად უგულებელყო უკვე კანალიზაციებად ქცეული ან იმ დროისთვის ჯერ კიდევ არსებული მცირე მდინარეები. ერთმანეთის მიყოლებით მიწის სიღრმეში „ჩაიმარხა“ ვარაზისხევი, ლეღვთახევი, დუქნისხევი, ცივხევი, ხევძმარი, მილისხევი, წორწორახევი, თეთრიხევი, წინწყალი, დიღმისწყალი. მათი კალაპოტის მხოლოდ მცირე ნაწილია დარჩენილი გვირაბებს მიღმა. იგივე ბედი გაიზიარა თბილისის სიდიდით მეორე მდინარემ — ვერემ, რომლის დიდი მონაკვეთი ქალაქის ქვეშ მიედინება.

ამჟამინდელი მდგომარეობა — რა ხდება მდინარეების დამალულ კალაპოტებთან

მე-20 საუკუნის დასაწყისში, თბილისის მცირე მდინარეების წყალს სასმელად იყენებდნენ. დღეს კი ეს შეუძლებელია. ფაქტობრივად, მდინარეების ის მონაკვეთები, რომლებიც გვირაბებში არ არის მოქცეული, ღია საკანალიზაციო კოლექტორებს უფრო ჰგავს. ასევე, მშენებლობების რიცხვის ზრდამ და მოსახლეობის თბილისში კონცენტრაციამ, საკანალიზაციო წყლებისა და ნაგვის ამ მდინარეებში მოხვედრის მოცულობა მკვეთრად გაზარდა. ამან, შესაძლოა, დროთა განმავლობაში მძიმე შედეგების წინაშე დაგვაყენოს. ამას ემატება ისიც, რომ არ არსებობს წყლის გამწმენდი სისტემები თუ გამფილტრავი მოწყობილობები.


თბილისის გაფართოებასთან ერთად, მკვეთრად იმატა განაშენიანებამ ამ მდინარეების გარშემო. 1990-იანი წლებიდან მასიური სახე მიიღო მდინარეების უშუალო სიახლოვეს უსისტემო, არაგეგმურმა მშენებლობებმა. მოქალაქეები საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებს ისეთ ადგილებზე აშენებდნენ, სადაც, ყოველგვარი წესების დაცვით, დაუშვებელი იყო შენობა-ნაგებობების არსებობა. ეს დამატებითი ეკოლოგიური ტვირთი აღმოჩნდა, რადგან მსგავსი ტენდენციის პროპორციულად გაიზარდა მდინარეების დაბინძურების ხარისხიც.

თბილისის მდინარეები კალაპოტის ციცაბო დახრილობით გამოირჩევიან. ეს კი ნიშნავს, რომ ძლიერი წვიმების დროს დასახლებების დაზიანება სრულებით შესაძლებელია. ხშირ შემთხვევაში არ გვაქვს ინფორმაცია რა მდგომარეობაა გვირაბებსა და კოლექტორებში. იშვიათად ხდება დასუფთავება და ნარჩენებისგან გაწმენდა.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო წლებში გვირაბების გარკვეული ნაწილის სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდა, მათი დიდი ნაწილი მაინც მოუწესრიგებელია. კოლექტორების და სადრენაჟო სისტემების გაუმართაობა ყველა წინაპირობას ქმნის იმისთვის, რომ ვერ მოხდეს გაზრდილი წყლის მოცულობის გატარება. თბილისში არსებობს 50-ზე მეტი ღვარცოფული ხევი, 60-მდე მცირე მდინარე და 60-ზე მეტი მეწყრული ზონა. მისი სტრუქტურულ-ტექტონიკური პირობები და რელიეფის დიდი კონტრასტულობა ხელს უწყობს ბუნებრივი კატასტროფების მაღალ რისკს.

საფრთხე, რომელიც მიწის ქვეშ მიედინება

ზოგადად, კოლექტორებსა და გვირაბებში მოქცეული მდინარე, რომელიც დასახლებული პუნქტისა თუ დიდი ქალაქის ქვეშ მიედინება, მნიშვნელოვანი საშიშროების წყაროს წარმოადგენს, განსაკუთრებით უეცარი წყალდიდობებისა და ინფრასტრუქტურული დაზიანებების შემთხვევაში. ასეთი მდინარეების მართვა და მათი ხელოვნური არხების კონტროლი რთულია, რაც, გრძელვადიან პერსპექტივაში, გარკვეულ რისკებს ქმნის.

ძირითადად რამდენიმე საშიშროება არსებობს:

პირველი და ყველაზე თვალსაჩინო საშიშროება წყალდიდობებია. თბილისის შემთხვევაში, მდინარეები, ძირითადად, ღვარცოფულია და მის კალაპოტში დაგროვილმა ნაგავმა, შესაძლოა, სტიქიური პროცესები გაამწვავოს. ძლიერი წვიმებისა და წყლის დონის უეცარი მატების დროს ხშირია შემთხვევები, როდესაც კოლექტორი ნაკადს ვერ ატარებს. ამას ემატება ნაგვისა თუ მთიდან ჩამოტანილი ქვა-ღორღისგან ჩახერგილი მონაკვეთების რაოდენობა, რაც, საბოლოო ჯამში, იწვევს წყლის ზედაპირზე ამოსვლასა და ქუჩების დატბორვას. დასახლებული პუნქტების ქვეშ არსებული არხების გადატვირთვის შედეგად, წყალს მარტივად შეუძლია გაარღვიოს კედლები, რამაც, შესაძლოა, გამოიწვიოს ფართომასშტაბიანი წყალდიდობა, ქალაქის ინფრასტრუქტურის დაზიანება და სამოქალაქო მსხვერპლიც კი.

ამასთან დაკავშირებით ნათელი და ტრაგიკული მაგალითი შეგვიძლია გავიხსენოთ. 2015 წლის 13 ივნისს, მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, თბილისში 19 ადამიანი გარდაიცვალა. გვირაბმა ვერ შეძლო უცებ მოვარდნილი წყლის მასის გატარება და რამდენიმე საათით დაგუბებულმა წყალმა ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა. მთლიანად დაიტბორა ზოოპარკის ტერიტორია, რამაც ცხოველების გაქცევა გამოიწვია. თბილისის ქუჩებში 5 ლომს, 6 ვეფხვს, 6 დათვს და 13 მგელს ეძებდენ რამდენიმე დღის განმავლობაში. ასევე, უნდა აღინიშნოს 1940 წელს აბანოთუბანში მომხდარი წყალმოვარდნა, როდესაც ადიდებულმა, უეცრად მოვარდნილმა ლეღვთახევის წყალმა რამდენიმე ათეული ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. ამავე მდინარის 1955 წლის წყალდიდობამ ქალაქის მარჯვენა სანაპიროს დიდი ნაწილი დატბორა, დააზიანა შენობა-ნაგებობები და გამოიწვია მსხვერპლი.

კიდევ ერთი საშიშროება არის ინფრასტრუქტურული დაზიანება. კოლექტორებში და გვირაბებში მდინარეების მოთავსება, განსაკუთრებით ძველ არხებში, იწვევს სტრუქტურული ცვეთისა და დეგრადაციის რისკს. თუ გვირაბები და კოლექტორები მწყობრიდან გამოვა, მიწისქვეშა წყლებმა, შესაძლოა, გვირაბების კოლაფსი გამოიწვიოს, რაც მიწის ჩავარდნისა და შენობების დანგრევის წინაპირობაა.

ყურადსაღებია გარემოსდაცვითი რისკებიც. როდესაც ბუნებრივი მდინარეები ქალაქების ქვეშაა მოთავსებული, წყლის ხარისხი, შესაძლოა, მნიშვნელოვნად გაუარესდეს. მსგავს კოლექტორებზე ხშირად დაერთებულია ნარჩენებისა და მავნე ნივთიერებების არხები, რაც მდინარის წყლის დაბინძურებას იწვევს. დაბინძურებული წყალი საფრთხეს უქმნის ადგილობრივ ეკოსისტემას და მოსახლეობის ჯანმრთელობას.

ამასთანავე, დიდ საფრთხეს წარმოადგენს არქიტექტურული და გაუთვალისწინებელი ბუნებრივი მოვლენები, როგორებიცაა მიწისძვრები ან მასშტაბური ნიაღვრები. მსგავს სიტუაციაში კოლექტორების სისტემები ხშირად ვეღარ უძლებენ დატვირთვას, რაც დიდ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას.

საერთო ჯამში, მდინარეების კოლექტორებში მოთავსება და მათი ქალაქების ქვეშ გავლის კონტროლი მოითხოვს კარგად ორგანიზებულ ინჟინრულ და გარემოსდაცვით მეთვალყურეობას, რათა შემცირდეს უეცარი წყალდიდობებისა და ინფრასტრუქტურული კატასტროფების რისკი.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები