1752253260

თბილისის მეორეხარისხოვანი გზები, პირდაპირი მნიშვნელობით

ჰედერ

ავტორი

ნინი მეტრეველი

თბილისის ქუჩები ბრძოლის ველს დაემსგავსა. მძღოლებსაც და ფეხით მოსიარულეებსაც, ყოველდღიურად, უამრავი ბარიერის გადალახვა უწევთ. გზის გადათხრილი და ამ მდგომარეობაში მიტოვებული ზედაპირები, ცუდად „დაკერებული“ ასფალტი, საფარიდან საგრძნობლად ამოწეული ჭები, ორმოები. უნდა ვაღიაროთ, რომ ცენტრალურ გზებზე ეს პრობლემები შედარებით ნაკლებად იგრძნობა, რადგან პერიოდულად რეაბილიტაცია ტარდება. თუმცა, ჯერჯერობით, რეაბილიტაციის არც ერთი სამუშაო დათქმულ დროს არ დასრულებულა. ეს კი ნიშნავს ისევ გადათხრილ ქუჩებს, საცობებსა და გაჭედილ შემოვლით გზებს, გავიხსენოთ, თუნდაც, პეკინის, ჭავჭავაძისა და წერეთლის გამზირების განახლების სამუშაოები.

ამ სტატიაში უფრო მივიწყებულ, კორპუსებს შორის შემალულ და, პირდაპირი მნიშვნელობით, მეორეხარისხოვან გზებზე ვისაუბრებთ — ქუჩებზე და არა გამზირებზე. იმ ტერიტორიებზე, რომლებიც სავსეა ღრმად ამოტეხილი ასფალტით, დაზიანებული ბარიერებით, უსწორმასწორო ზედაპირით. ეს არის გზები, რომლებიც რეაბილიტირებულ გამზირებამდე მიგიყვანთ, თუმცა რამდენად უსაფრთხოდ და რამდენად გამართული მანქანით, უცნობია.

შეიძლება ბევრი არ დაფიქრებულა ამაზე, მაგრამ ქუჩაზე თუნდაც ერთი ღრმა ორმო, შესაძლოა, საკმაოდ საფრთხის შემცველი იყოს. პირველ რიგში იმიტომ, რომ ასეთ ორმოში ჩავარდნა, ანუ ე.წ. „ჩარტყმა“ მანქანას მნიშვნელოვნად აზიანებს. ზუსტად ამიტომაც მძღოლები ცდილობენ ხოლმე, რომ ორმოს ასცდნენ და ამისთვის მკვეთრ მოძრაობებსაც აკეთებენ. ასეთი მკვეთრი მოძრაობები კი, უმეტეს შემთხვევაში, ავარიას თუ არა, საავარიო სიტუაციას მაინც ქმნის. წვიმიან ამინდში ეს ყველაფერი კიდევ უფრო მძიმდება. ხშირად მოგვისმენია მოსაზრება, რომ ქართველ მძღოლებს წვიმაში მანქანის მართვა ავიწყდებათ. რომ დავფიქრდეთ, შენელებული სიარულის მიზეზი შეიძლება ისიც იყოს, რომ წყლით სავსე ორმოს სიღრმე არ ჩანს და, ცხადია, ყველა ცდილობს, ნელა გადაიაროს. ესეც წვიმიანი საცობების ერთ-ერთი მიზეზი.

კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაშია ის მეორეხარისხოვანი ქუჩები, რომლებზეც ერთი ან რამდენიმე მშენებლობაა. ამ ტერიტორიაზე ხშირად მოძრაობს მძიმე ტექნიკა, რაც, ცხადია, გზის ზედაპირს საგრძნობლად აზიანებს. ასეთ ქუჩებს რეაბილიტაციას არ უტარებენ იმ არგუმენტით, რომ მშენებლობის დასრულებამდე აზრი არ აქვს. ლოგიკურიცაა — თუ მძიმე ტექნიკა განაგრძობს მოძრაობას, ქუჩა კვლავ დაზიანდება. თუმცა, რას ვაკეთებთ მაშინ, როცა ქუჩაზე ერთი მშენებლობის დასრულების შემდეგ, მეორე იწყება? ან არ იწყება, უბრალოდ მერია ან გამგეობა ბიუროკრატიული, ფინანსური თუ სხვა მიზეზით აჭიანურებს რეაბილიტაციის პროცესს? ვერც ვერაფერს — ვაცილებთ ორმოებს მკვეთრი მოძრაობით და ვქმნით საავარიო სიტუაციას. რა თქმა უნდა, ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია შეიტანოს განცხადება, გზის შეკეთების მოთხოვნით, მერიასა თუ გამგეობაში, თუმცა რამდენიმე ასეთი ვიზიტის შემდეგ, მოქალაქეებიც კარგავენ ხალისს, დროს, ენთუზიაზმს, იმედს. მეორე მხრივ, არც არავინაა ვალდებული, განცხადებებით ირბინოს უწყებებში. მოქალაქეების მიერ ბიუჯეტში გადახდილი გადასახადები, სხვა ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მინიმუმ ისეთ სიკეთეს უნდა ხმარდებოდეს, როგორიცაა უსაფრთხო გზა.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, არაფერია იმაში გასაკვირი, რომ მეორეხარისხოვანი ქუჩები მივიწყებულია. მთავარი გამზირების რეაბილიტაცია კი უფრო თვალსაჩინო და მომგებიანია სახელმწიფო უწყებებისთვის. საბოლოო ჯამში კი, მეორეხარისხოვან გზებზე მგზავრობაც და ფეხით სიარულიც „სუპერ მარიოს“ თამაშს ჰგავს, სადაც წინააღმდეგობები მკვეთრი მოძრაობებით, საფრთხის ფასად უნდა გადალახო.

მსგავსი სიახლეები

ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები