1734529800
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
მიყვარს ღვინის აღმართი. თბილისის ეს პატარა, ვიწრო და ძველი ქუჩა. მისი სახელიც მომწონს და ხედებიც აქედან. დაუყვები მეტეხის ხიდიდან ქვაფენილს და გაჰყურებ ძველ ქალაქს, მეტეხის ეკლესიას, ნარიყალასა თუ დარეჯანის სასახლეს…
ამ აღმართზე ჯერ კიდევ ორი საუკუნის წინ ღვინითა და არყით მოვაჭრეთა დუქნების რიგები იყო და სირაჯხანის ანუ მეღვინის სახლის აღმართს უწოდებდნენ. ძველი თბილისის ღვინის მთავარი ბაზარი, XIX საუკუნის მეორე ნახევარში, ქალაქის გაფართოების შედეგად გაჩნდა, მანამდე კი სირაჯხანა კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძე) იყო.
როგორც ისტორია გვეუბნება, ბაზარი კახეთიდან ჩამოტანილი ღვინით მარაგდებოდა, აღმართის დასაწყისში კი დავით სარაჯიშვილის ღვინისა და სპირტის სარდაფები იყო განთავსებული.
ღვინის აღმართს 2016-2018 წლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდა. ისტორიული შენობების ძველი და დაზიანებული სახურავები ფერადი თუნუქით გადაიხურა. რესტავრაცია შეეხო ხის აივნებსა და მოაჯირებს, გამოიცვალა ვიტრაჟები და კარ-ფანჯარა, აღდგა ძველი მხატვრული დეტალები და ისტორიულმა შენობებმა ავთენტიკური იერსახე და არქიტექტურული ღირებულება დაიბრუნა.
ღვინის აღმართი დღეს ადგილობრივებისა თუ ტურისტებისთვის ერთ-ერთი საყვარელი ადგილია. ეს ერთი პირობითი ქუჩაა და თავისი დასახელებით, არა მხოლოდ ტურისტებისთვის განკუთვნილი ღირსშესანიშნაობაა, არამედ, შეიძლება ითქვას — ცოცხალი მუზეუმიც, რომელიც თბილისის ისტორიულ წარსულს აცოცხლებს. აქ დღესაც არის ღვინის მაღაზიები, რესტორნები და კაფეები, რომლებიც სტუმრებს საქართველოს ღვინის კულტურას აცნობენ.
ქალაქების ქუჩების სახელები წარსულსა და ისტორიულ-პოლიტიკურ კონტექსტზეა აგებული. თითოეული ქუჩის, მოედნის, სკვერის დასახელება მნიშვნელოვანი მოვლენის, გამოჩენილი ადამიანებისა თუ კულტურის ამსახველია და, ფაქტობრივად, ქალაქის ღირებულებებისა და იდენტობის შესახებ გვიყვება.
ამ დასახელებებში ხშირად აისახება ისტორიული მოვლენები. გვხვდება ქუჩები, სადაც ეროვნულმა მოძრაობებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ისინი მოსახლეობას მუდმივად ახსენებს ქვეყნის ისტორიის ყველაზე განსაკუთრებულ ეპიზოდებს. მარტივად რომ ვთქვათ, მათი ანალიზი შესაძლებლობას გვაძლევს გავეცნოთ ქალაქს, მის განვითარებას.
ვინაიდან ქალაქი ვითარდება, ხდება მოვლენების გადაფასებაც და ქუჩების სახელების ცვლილებაც ბუნებრივი პროცესია. მათ ტრანსფორმაციას, შესაძლოა, პოლიტიკური და კულტურული მიზეზებიც ჰქონდეს. მაგალითად, საბჭოთა კავშირის დროს, ბევრი ქუჩა კომუნისტი ლიდერებისა და სოციალისტური იდეოლოგიის გამომხატველი იყო. მისი დაშლის შემდეგ კი ბევრმა პოსტსაბჭოთა ქვეყანამ ქუჩებს ან ძველი სახელები დაუბრუნა ან ახალი, ეროვნული იდენტობის გამომხატველი დასახელებებით შეცვალა.
ასე მოხდა საქართველოშიც და უფრო მყისიერად ეს პროცესი დედაქალაქში დაიწყო. დღეს კი ჩვენი ქალაქის ქუჩები ისეთივე მრავალფეროვანია, როგორც თავად თბილისი.
უკვე კარგა ხანია ქუჩების სახელდებებზე ასახულია ჩვენი ევროპული მისწრაფებებიც და თავისუფლების სურვილი. ამას ადასტურებს დედაქალაქში არსებული ქუჩების ისეთი დასახელებები, როგორიცაა თავისუფლების მოედანი, ევროპის პარკი, გიორგი ანწუხელიძის, ჯორჯ ბუშისა თუ ლეხ კაჩინსკის ქუჩები. გვაქვს იმ ადამიანების სახელობის ქუჩებიც, რომლებმაც წაუშლელი კვალი დატოვეს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში. ესენი არიან მეცნიერების, ხელოვნების, სპორტის წარმომადგენლები, სასულიერო პირები, სამხედროები, მეფეები, მოკლედ ყველა ის პიროვნება, რომელმაც ქვეყნის იდენტობის ფორმირება-განსაზღვრაში დიდი წვლილი შეიტანა. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ მხრივ საქართველო გამონაკლისი არაა და ერის გამორჩეული წარმომადგენლების ერთგვარი უკვდავყოფა ქუჩების სახელდებით მსოფლიოში მიღებული პრაქტიკაა, თუმცა... ხშირად ისინი ვინც სახელდების ცვლილებაზე გადაწყვეტილებებს იღებენ, საზოგადოების განწყობებს ვერ ეწევიან. ხშირად ბიუროკრატიული მიდგომებიც აყოვნებს პროცესს და სწორედ ამიტომ, თბილისში ჯერ კიდევ არის ბევრი ქუჩა შემორჩენილი საბჭოთა დროინდელი დასახელებებით.
მაგალითად, მოსკოვის გამზირი (ხშირად ჯერ კიდევ მოსკოვის პროსპექტს ვუწოდებთ). სამგორის რაიონში ეს ქუჩა XX საუკუნის მეორე ნახევარში წარმოიქმნა, სახელი კი 1960 წელს დაერქვა. გამზირისთვის სახელის გადარქმევის საკითხი დიდი ხანია აქტუალობას არ კარგავს. მოქალაქეებმა გამზირის სახელის ცვლილებაზე დედაქალაქის საკრებულოს არაერთხელ მიმართეს. Manifest.ge-ზე მსგავსი არაერთი პეტიცია იძებნება, ნაწილის მოსაზრებით კარგი იქნებოდა, თუ გამზირს ქართველი გმირების სახელი დაერქმეოდა, ნაწილი კი არჩილ ტატუნაშვილის სახელის მინიჭებას ითხოვდა. „არჩილ ტატუნაშვილის ქუჩა, ყველაზე ლამაზი გახდება მთელს დედაქალაქში და იქნება სიმბოლო იმისა, თუ როგორ ლამაზდება ჩვენი ქვეყანა მაშინ, როცა მოსკოვის გავლენიდან გამოდის“, — ვკითხულობთ პეტიციაში. შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ახალგორიდან გაიტაცეს, გატაცებიდან მეორე დღეს კი, ოკუპირებული ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვალა. თბილისის საკრებულოს სახელდების კომისიას გადაწყვეტილება არ მიუღია.
სხვათა შორის, როგორც ამ საკითხთან დაკავშირებით თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, ნინო ვარდოსანიძემ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში განმარტა, გამოიკითხა მოსახლეობა, სურდათ თუ არა სახელის გადარქმევა. „წარმოიდგინეთ, ბევრად მეტი იყო წინააღმდეგი სახელის შეცვლისა, ვიდრე მომხრე. განა იმიტომ, რომ რუსეთის დედაქალაქის სახელი მოსწონდათ, არამედ იმიტომ, რომ ამ ხალხისთვის პროსპექტისთვის სახელის გადარქმევა დისკომფორტული იყო თუნდაც იმის გამო, რომ ეს დაკავშირებული იყო უამრავ დოკუმენტთან, ამიტომაც გადაწყდა, რომ პროსპექტს იგივე სახელი დარჩენოდა. ასე რომ, მოსახლეობის პროტესტის შემთხვევაში სახელდება არ ხდება, თუ მაინცდამაინც ეს ობიექტური გარემოებით არ არის გამოწვეული, მაგალითად, ქუჩის ახალი დაგეგმარებით“.
თუ ამ შეფასებას დავეყრდნობით, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბიუროკრატიული ბარიერები მოსახლეობას დანებებისკენ უბიძგებს. და მაშინ როდესაც ზოგიერთი ქუჩა, რომელიც დღევანდელი საზოგადოების ღირებულებებისა და გრძნობებისთვის შეურაცხმყოფელია გამონაკლისების დაშვებაც შეიძლება თუ ამის სურვილი იარსებებს.
ქუჩების სახელების ცვლილებასთან დაკავშირებული საკითხი პრობლემატური მხოლოდ საქართველოში არ არის. ნებისმიერი ცვლილებისთვის ქალაქის შესაბამისი სამსახურები წარდგენილ ინიციატივაზე კონკრეტულ და მყარ არგუმენტაციას ითხოვენ.
მაგალითად, ფილადელფიაში ერთგვარი კამპანიის სახე მიიღო უზენაესი სასამართლოს მოსამართლის, როჯერ ტენის სახელთან დაკავშირებული ქუჩის, სკვერისა თუ მოედნების სახელის შეცვლის მოთხოვნამ. მოსახლეობას ქუჩისთვის სახელის გადარქმევაზე უამრავი დროის დახარჯვა, 3000 ხელმომწერის შეგროვება და დიდი ძალისხმევის გაღება მოუხდა.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს საზოგადოებამ სეგრეგაციის პერიოდში მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებები და აფროამერიკელებისადმი დამოკიდებულება არ აპატია. მის სახელს უკავშირდება დრედ სკოტ სენდფორდის საქმეზე გადაწყვეტილება. განაჩენი უსამართლო მხოლოდ იმიტომ იყო, რომ სკოტი აფროამერიკელი იყო. როჯერ სმიტი ამკვიდრებდა მოსაზრებას, რომ აფროამერიკელებს არ ჰქონდათ უფლებები. სხვათა შორის, სწორედ ამ გადაწყვეტილებამ ხელი შეუწყო მონობის გაღრმავებას და ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატებს შორის განხეთქილებას.
როჯერ სმიტის სახელობის ქუჩა, მხოლოდ 160 წლის შემდეგ, ქეროლაინ ლეკაუნტის სახელით სამართლიანად ჩანაცვლდა და თითქოს სიმბოლურადაც. ქეროლაინ ლეკაუნტი იყო სამოქალაქო აქტივისტი, პირველი აფროამერიკელი ქალი, რომელმაც მასწავლებლის გამოცდები ჩააბარა. ის ამავდროულად იბრძოდა ცხოველთა უფლებებისთვის, კონკრეტულად კი სატრანსპორტო სისტემაში ცხენების გამოყენების წინააღმდეგ.
მომავალი წლიდან უკვე ფილადელფიის ამ ქუჩას კონკრეტული აბრა დაამშვენებს და როგორც ფილადელფიური მედია წერს, ამ ცვლილებებით ძველ მემკვიდრეობას თანასწორობისთვის მებრძოლი ლეკაუნტის სახელი დაიმკვიდრებს.