1752156137
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
ბიბლიოთეკებზე უამრავი ამბავი არსებობს. ამბავი, რომელიც ქალაქს, ადამიანებს, მოვლენებს და თუნდაც სიყვარულს უკავშირდება. გარდა იმისა, რომ აქ თავს აფარებს უამრავი აკრძალილი, დაპატიმრებული, მინიატიურული, საყოველთაოდ აღიარებული თუ უმნიშვნელო წიგნი, ის მაინც უკავშირდება ურთიერთობებს და ცოდნის გაზიარების საუკეთესო საშუალებაა. ბევრ ცნობილ ფილმში მთელი ისტორიაც კი მხოლოდ ბიბლიოთეკების კედლებში ვითარდება და ეს განსაკუთრებულ ხიბლს სძენს სიუჟეტს.
თანამედროვე ციფრულმა გარემომ ბიბლიოთეკებს მომხმარებელთა რაოდენობაც შეუმცირა, უკვე გვყავს თაობაც, რომელიც ბიბლიოთეკაში ნამყოფიც კი არ არის (არადა ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის ის, შესაძლოა, ჯადოსნურ, მისტიკურ ადგილადაც კი ქცეულიყო და წიგნების სიყვარულის საფუძველიც გამხდარიყო), თუმცა მის ღირებულებას, ამ შენობების არქიტექტურას ვერაფერი ჩაანაცვლებს.
განსაკუთრებული ისტორია და არქიტექტურა აქვს საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას. მისი ისტორია 1846 წლიდან იწყება, როდესაც მთავარმართებლის კანცელარიის ბიბლიოთეკის ბაზაზე „ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა“ დაარსდა. ამით თბილისში შეიქმნა საჯარო, ყველასთვის ხელმისაწვდომი სივრცე, სადაც ვიზიტორს 19 ენაზე 13 260 ტომისგან შემდგარი ფონდით სარგებლობა შეეძლო.
ნელ-ნელა ფონდი იზრდებოდა და სივრცეც საკმარისი აღარ იყო. 1851 წელს ქართველმა პოეტმა, ვახტანგ ორბელიანმა მიხეილ ვორონცოვის თხოვნითა და საკუთარი სახსრებით საჯარო ბიბლიოთეკისთვის შენობა ალექსანდრეს ბაღში ააშენა.
18 წლის შემდეგ ახალი შენობის მშენებლობაც დაიწყო და უკვე 1871 წელს ბიბლიოთეკა ახალ შენობაში გადავიდა. XX საუკუნის დასაწყისი ბიბლიოთეკისთვის რთული გამოდგა. ჯერ იყო და ტფილისის საჯარო ბიბლიოთეკა კავკასიის მუზეუმის სამეცნიერო ბიბლიოთეკად გადაკეთდა, შემდეგ შეერწყა კავკასიის მუზეუმს, მოგვიანებით კი ახალი შენობის მშენებლობის გამო, ბიბლიოთეკა დაიხურა და წიგნებმა 10 წლით სარდაფში გადაინაცვლა.
ამ დროისთვის საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას 5 კორპუსი აქვს. განსაკუთრებით შთამბეჭდავი 3 მათგანია და ხუროთმოძღვრების ხელოვნების ნიმუშად არის აღიარებული.
პირველი კორპუსი, სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის შენობა, ბიბლიოთეკას 1931 წელს გადაეცა. როგორც ბიბლიოთეკის დაცულ მასალებში იკითხება, ბანკის ასაშენებლად გამოცხადებული კონკურსის აუცილებელი პირობა ის იყო, რომ ნაგებობა „ქართული სტილის“ უნდა ყოფილიყო და უპირატესობა არქიტექტორ ანატოლი კალგინისა და მხატვარ ჰენრიხ ჰრინევსკის პროექტს მიენიჭა.
ბურჯებზე შემდგარი ბიბლიოთეკის ფასადი X-XIII საუკუნეების ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრული ძეგლების ფასადიდანაა ნასესხები და ნეოფიტე, ვლადიმერ და ლავრენტი აგლაძეების ჩუქურთმები ამშვენებს. გამორჩეულია მოჩუქურთმებული კარი, სარკმლები და ინტერიერიც. მთლიანობაში ნაგებობაში გამოყენებულია ძველი ქართული ხუროთმოძღვრული მოტივები.
სხვათა შორის, 2017 წელს ბიბლიოთეკის პირველ კორპუსში საქართველოში წიგნის პირველი მუზეუმი შეიქმნა და ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიული კორპუსის რესტავრაცია დაიწყო.
მეორე კორპუსი პირველის ერთგვარი გაგრძელებაა, თუმცა ნეოკლასიკური სტილისაა და როგორც ამ სტილისთვისაა დამახასიათებელი მდიდრული და დახვეწილია. აქ ყოფილი ვოლგა-კამის ბანკის განყოფილების შენობა იყო, არქიტექტორ ვასილ კოსიაკოვის აშენებული. ფართო და ლამაზი შენობის ფასადის ზედა ნაწილში ჩუქურთმებია გამოყენებული, ქვემოთ კი უდიდესი თაღი ამშვენებს.
მესამე კორპუსი მოდერნის კატეგორიის შენობაა. აქ ყოფილი სახელმწიფო ბანკის ყოფილი კანტორა იყო, რომელიც XX საუკუნის 10-იან წლებში აშენდა.
„მოდერნის სტილზე მეტყველებს ფასადის განაპირას მოქცეული პორტალის მორთულობა — გიგანტური რუსტირებული კოლონების ფიგურული კაპიტელები, ტალღოვანი ზღუდარის სკულპტურული დეკორი, ტალღოვანი ფრონტონი არწივის ჰორელიეფური გამოსახულებით და სხვ. მოდერნის ნიშნებს ატარებს ინტერიერიც, არქიტექტურული ელემენტების დენადი ფორმები, ვიტრაჟული გადახურვა. გუდიაშვილის და ფურცელაძის ქუჩათა გადაკვეთაზე შენობა სიმრგვალეს შემოწერს, რომელსაც ქვის აივანი მიუყვება, მოდერნის სტილი ინტერიერშიც გამოკვეთილად ჩანს“, — ასეა აღწერილი მესამე კორპუსი ეროვნული ბიბლიოთეკის ისტორიაში.
მსოფლიოს ბევრ ქალაქში მთავარი ბიბლიოთეკების შენობები განსაკუთრებულია, ბევრი მათგანი გამოირჩევა არქიტექტურული ღირებულებით, ისტორიული მნიშვნელობითა და ინოვაციური დიზაინით.
სხვადასხვა რეიტინგში სხვადასხვა კრიტერიუმით ფასდება ბიბლიოთეკების დიდებულება. ზოგი სიდიდით, ზოგიც სილამაზით, ზოგი კი არქიტექტურითა და სიძველით ხვდება ამ ჩამონათვალში.
სხვადასხვა გამოცემის რჩეული ზალცბურგთან არსებული ბენედიქტების სააბატოს მუზეუმის დიდი სამონასტრო ბიბლიოთეკაა (Admont Monastery Library). მას გვიანი ბაროკოს შედევრად მიიჩნევენ. 1776 წელს აშენებულ მსოფლიოში უდიდეს სამონასტრო ბიბლიოთეკას ზღაპრულსაც კი უწოდებენ. ბევრი განათება, დახვეწილი ორნამენტები და ჭერზე ფრესკები მის დარბაზს კიდევ უფრო მეტ ბრწყინვალებას მატებს.
რეიტინგებში ხვდება ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტის ბიბლიოთეკა (Tama Art University Library). შენობა 2007 წელს აშენდა, ეს უფრო თანამედროვე ბიბლიოთეკაა ბეტონის თაღებით, შუშის კედლებითა და თანამედროვე დიზაინით. აქ ავეჯი მინიმალისტურია და აღჭურვილია თანამედროვე კომპიუტერებით, თუმცა, როგორც მასზე ხშირად ამბობენ, მაინც ახერხებს კლასიკური, უძველესი ელფერი შეინარჩუნოს და მისი არქიტექტურა შეუმჩნეველი სულაც არ იყოს.
თანამედროვე არქიტექტურით გამოირჩევა პეკინის სამხრეთ-აღმოსავლეთით ერთი საათის სავალზე არსებული სამეცნიერო ბიბლიოთეკა. უდიდესი შენობის შუა ნაწილში ცენტრალური დარბაზია, რომლის გული თეთრი სფეროა, კედლები - ტალღოვანი. თაროები 6-სართულიანია, ბევრი წიგნი თითქმის მიუწვდომელიც კია, წასაკითხი წიგნების კოლექცია, ძირითადად, პირველ და მეორე სართულზეა განთავსებული.
თეთრი ფერი და მკვეთრი ხაზები — შტუტგარტის საქალაქო ბიბლიოთეკა სარელაქსაციო და საოცნებო ატმოსფეროს ქმნის. დიზაინი რომის პანთეონიდან არის გადმოტანილი, მინიმალისტური შენობა ცხრასართულიანია უამრავი სამკითხველო ოთახით, რომელიც თავდაყირა პირამიდის ფორმისაა.
ფრესკები ჭერზე, ჭარბი ოქროსფერი და მაჰოგანის სპირალური სვეტები პრაღის ბაროკოს მარგალიტად მიიჩნევა. კლემენტინუმის ბიბლიოთეკა 1722 წელს გაიხსნა, როგორც იეზუიტური უნივერსიტეტის ნაწილი, მაგრამ ახლა ჩეხეთის მთავარი ბიბლიოთეკაა.
პარიზში, საფრანგეთის ეროვნული ბიბლიოთეკა ერთ-ერთი უძველესი და ერთ-ერთი უდიდესია ევროპაში. აქ წარმოდგენილია ყველაზე მდიდარი ფრანგულენოვანი ლიტერატურა, მრავალრიცხოვანი თანამშრომლებით. ძირითადი წიგნსაცავი მდებარეობს მდინარე სენის მარცხენა მხარეს. მას რიშელიეს ბიბლიოთეკას უწოდებენ.
მსოფლიოს წამყვანი ბიბლიოთეკების ჩამონათვალში გვხვდება მორგანის ბიბლიოთეკა და მუზეუმი ნიუ-იორკში, ასევე პიკოლომინის ბიბლიოთეკა სიენადან, სენტ-ჟენევიევის ბიბლიოთეკა პარიზიდან, სტრახოვის მონასტრის ბიბლიოთეკა პრაღიდან, სენტ გალის სააბატო ბიბლიოთეკა სენტ გალენიდან. მარტივად რომ ვთქვათ, ყველას თავისი სიდიადე აქვს და ყველა ქალაქი ცდილობს ბიბლიოთეკა გამორჩეულ შენობაში განათავსოს.
მსოფლიოს უძველესი ბიბლიოთეკა ძვ. წ. VII საუკუნით თარიღდება და ის ასირიელი მეფის, ასურბანიფალის მმართველობის დროს დაარსდა დღევანდელ ერაყის ტერიტორიაზე. იქ 30 000-მდე ლურსმლული დამწერლობით შესრულებული თიხის ფირფიტა იყო დაცული. ახლა ეს ფირფიტები ბრიტანეთის მუზეუმშია განთავსებული და მისი დათვალიერება მსურველებს ვირტუალურადაც შეუძლიათ.
წიგნის ძველი საცავები არსებობდა ძველ ეგვიპტეშიც, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე იყო პერგამენტის ბიბლიოთეკა, სადაც გრაგნილები ინახებოდა.
პაპირუსების ვილა რომაულ ქალაქ ჰერკულანუმში იულიუს კეისრის მმართველობის დროს დაარსდა. ის ერთ-ერთი ბიბლიოთეკაა, რომლის კოლეცია დღესაც შემორჩენილია. მართალია ბიბლიოთეკა ვულკან ვეზუვის ემსხვერპლა, თუმცა ტექსტების წასაკითხად თანამედროვე სკანირები და რენტგენული ტომოგრაფია გამოიყენეს.