1733923380
ავტორი
მაია დემეტრაშვილი
1918 წელი, 8 თებერვალი. მნიშვნელოვანი თარიღი საქართველოს ისტორიაში. სწორედ ამ წელს გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი თბილისში. გარდა იმისა, რომ უნივერსიტეტის შენობას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს დედაქალაქის არქიტექტურულ ლანდშაფტში არსებობის საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა პოლიტიკური პროცესის ეპიცენტრი.
ქვეყანაში უნივერსიტეტის არსებობის მნიშვნელობა იმ პერიოდის ქართველმა მოღვაწეებმა ძალიან კარგად იცოდნენ, თუმცა რუსეთის იმპერიის ხელისუფლების პირობებში ეს წარმოუდგენელი იყო. მონარქიის დამხობის შემდეგ, როგორც კი ამის შესაძლებლობა გაჩნდა, ივანე ჯავახიშვილის ხელმძღვანელობით პირველი უნივერსიტეტი დაარსდა.
დასაწყისისთვის უნივერსიტეტს მხოლოდ 3 აუდიტორია დაეთმო თბილისის სათავადაზნაურო შენობის მეორე სართულზე, შემდეგ კი სრულად უნივერსიტეტს გადაეცა. თავად შენობა კი 1900-1906 წლებში არქიტექტორ სვიმონ კლდიაშვილის ხელმძღვანელობით აშენდა.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი 4 სართულიანია, რენესანსულ მოტივებზე აგებული. კლასიკური სტილი კი შენობას ელეგანტურ იერს აძლევს. მინიმალისტურად დეკორირებულ ფასადზე გამოყენებულია პილასტრები და რამდენიმე თაღოვანი სარკმელი. თეთრი ფერი, ფართო კიბე და პანდუსი შენობას კიდევ უფრო მდიდრულს ხდის. ინტერიერიც კლასიკურ სტილშია გადაწყვეტილი. მაღალჭერიანი დერეფნები და ფართო კიბეები სივრცის აღქმის კარგ შესაძლებლობას იძლევა. ინტერიერში გამოყენებული ხის მასალა და ქართული ორნამენტები მას კიდევ უფრო მეტად ამშვენებს.
მთლიანობაში შენობა კარგად ერწყმის ჭავჭავაძის გამზირის ურბანულ ესთეტიკას. ამ თვალსაზრისით, ის ერთიან კონცეფციას ქმნის მეორე კორპუსთან (რომელიც 1940 წელს აშენდა) ერთად, რადგან ფერითა და არქიტექტურული მორთულობით პირველ კორპუსთანაა შეხამებული.
რამდენიმე წლის წინ თსუ-ს სტუდენტების მიერ გადაღებული ფილმის მიხედვით, რომელიც უნივერსიტეტზე საზოგადოებისთვის უცნობი ფაქტების ნაკრებს წარმოადგენს, მშენებლობისას საძირკველში ერთი ბოთლი კახური ღვინო და იმდროინდელი პრესა ჩააუტანებიათ.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს არა მხოლოდ არქიტექტურული, კულტურული და საგანმანათლებლო მნიშვნელობა აქვს, არამედ ის თითქმის ყოველთვის მნიშვნელოვან როლს თამაშობდა საქართველოში პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესების ჩამოყალიბებაში. უნივერსიტეტის სტუდენტობა აქტიურად მონაწილეობდა ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში და იყო ინიციატორი ბევრი ისტორიული პროცესისა.
ეროვნული უნივერსიტეტის დაარსებიდან 3 წლის თავზე, 1921 წლის საბჭოთა ოკუპაციის დროს, სტუდენტებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლებში.
მასალები ადასტურებს, რომ სტუდენტები იმ პერიოდის საუნივერსიტეტო ჟურნალში აქვეყნებდნენ სტატიებს, კითხულობდნენ ნაშრომებს, მართავდნენ შეხვედრებს. უნივერსიტეტის ბევრი სტუდენტი თებერვალ-მარტის ომში ჩაერთო და მათი ნაწილი ბრძოლას შეეწირა კიდეც. ზოგიერთი 1921 წლის თებერვალში თბილისის მისადგომებთან, ნაწილი კი მარტში — ბათუმში. დაღუპულ სტუდენტთა ზუსტი მონაცემები არ არსებობს, თუმცა მათ შორის არის მარო მაყაშვილი.
ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული მასალების მიხედვით, საბჭოთა რუსეთის XI არმიამ თბილისზე იერიშისას, სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი, მარო მაყაშვილი, 1921 წლის 17 თებერვალს ჩაეწერა ,,წითელ ჯვარში“ მოწყალების დად. სულ რაღაც 2 დღეში, როდესაც ის კოჯრიდან დაჭრილებს თბილისისკენ აცილებდა, მტრის ყუმბარამ იმსხვერპლა და გახდა პირველი მსხვერპლი ქალი საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში. ქართველი ჟანა დ'არკი, როგორც მას სამართლიანად უწოდეს, ქართველ იუნკრებთან ერთად დაკრძალეს, 2015 წელს კი მას ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.
განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის (და არა მხოლოდ) სტუდენტებმა გასული საუკუნის 90-იან წლებში საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენაში.
იმ პერიოდის დამოუკიდებლობის იდეისა და ეროვნული თვითშეგნების ჩამოყალიბების გზაზე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსი საზოგადოებრივი ცხოვრების ერთ-ერთი ცენტრი იყო, სტუდენტური მოძრაობები კი — საბჭოთა რეჟიმის დამარცხების მთავარი ძალა. საბჭოთა ოკუპაციის წინააღმდეგ პროტესტისას, 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენების შემდეგაც, სტუდენტები და სრულიად ახალგაზრდობა, დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ავანგარდში იდგა. სიმბოლურია დარაჯად მდგარი რუსული ტანკი უნივერსიტეტის ეზოშიც. ერთ-ერთ ცხელ წერტილად იქცა თსუ 1991-92 წლებში სახელმწიფო გადატრიალების დროსაც.
სტუდენტების როლის გარეშე არ ჩაუვლია ვარდების რევოლუციასაც. დემოკრატიულ ცვლილებებს სტუდენტობა იმ პერიოდშიც აქტიურად ითხოვდა.
დღესაც ქართველი სტუდენტები ისეთივე გზაგასაყარზე არიან როგორც წლებისა და საუკუნეების წინ. მელიქიშვილისა და ჭავჭავაძის კვეთაზე არსებული უნივერსიტეტის პირველი კორპუსი, სხვა ლოკაციებთან ერთად, სამოქალაქო პროტესტების ორგანიზების ადგილია. რაც არ უნდა ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია, თავად უნივერსიტეტი, უნივერსიტეტის სტუდენტები და აკადემიური საზოგადოების ნაწილი, უმეტესად ყოველთვის გამოხატავს თავის აზრს და მხარს უჭერს ცვლილებებს.
უნივერსიტეტები და ახალგაზრდული მოძრაობები ხშირად გამხდარა პოლიტიკური ცვლილებების ინიციატორი და სოციალური მოძრაობების კატალიზატორი მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ისტორიაში უამრავი მაგალითია როგორ შეძლეს სტუდენტებმა პოლიტიკური რეალობის შეცვლა.
გამორჩეულია საფრანგეთის 1968 წლის მოვლენები. ეს, ფაქტობრივად, უნივერსიტეტის აუდიტორიებიდან დაწყებული პროტესტი იყო, რომელიც რევოლუციით დასრულდა. სტუდენტების აქციებს 10 მილიონი მუშა შეუერთდა. თავიდან უნივერსიტეტების ბიუროკრატიისგან გათავისუფლებისთვის ბრძოლა განათლების რეფორმების, მუშათა სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და სხვა სოციალური საკითხების მოგვარების მოთხოვნებში გადაიზარდა. პირველი ცხელი წერტილი პარიზის ნანტერის უნივერსიტეტი იყო. დეკანის გადაწყვეტილება ნანტერის კამპუსის დახურვასთან დაკავშირებით საბედისწრო აღმოჩნდა, რადგან, ამის შედეგად, სორბონის უნივერსიტეტის სტუდენტების მასობრივი დემონსტრაციები დაიწყო. იმ დროის ახალგაზრდობა არ ენდობოდა არცერთ პოლიტიკურ პარტიას. ისინი ხელკეტებით, ქვებითა და ჯაჭვებით იარაღდებოდნენ და წინააღმდეგობას უწევდნენ სტუდენტების დასაკავებლად მომართულ პოლიციელებს. მეორე მხრივ, შარლ დე გოლის მომხრეები აწყობდნენ კონტრაქციებს. ამ ეტაპზე სტუნდეტური მოძრაობა რევოლუციით არ დასრულებულა, მაგრამ ერთი წლის თავზე შარლ დე გოლი იძულებული გახდა გადამდგარიყო. სწორედ ამ დემონსტრაციებს მიაწერენ საფრანგეთში მნიშვნელოვან ცვლილებებსა და ქვეყანაში დემოკრატიული პროცესების გაძლიერებას.
60-იანი წლები მნიშვნელოვანი იყო სხვა უნივერსიტეტებისთვისაც. ერთ-ერთი ფლაგმანი კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტია და ის დღესაც ამაყობს „თავისუფალი სიტყვის მოძრაობით“ (Free Speech Movement, FSM). მათი დევიზი დღესაც ამ მემკვიდრეობის ნაწილია: „სიტყვის თავისუფლება შეუცვლელია ჩვენი საზოგადოებისთვის და არის UC Berkeley-ის მთავარი ღირებულება”.
კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტი „თავისუფალი სიტყვის მოძრაობის“ ეპიცენტრი გახდა 1964 წელს, როდესაც სტუდენტები უნივერსიტეტის ადმინისტრაციისგან კამპუსში პოლიტიკური აქტივობების აკრძალვას აპროტესტებდნენ, თუმცა... მოძრაობის მთავარი ღირებულება გამოხატვის თავისუფლება იყო, მაგრამ, ამასთანავე, მოიცვა იმ დროისთვის აქტუალური, ვიეტნამის ომის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები (მით უმეტეს, რომ უნივერსიტეტებში პოლიტიკური აქტივიზმის აკრძალვა სწორედ ამ საკითხს უკავშირდებოდა), ფემინისტური პრობლემები და სხვა სოციალური მოძრაობები. მოძრაობამ დაარწმუნა ახალგაზრდები, რომ მათ საკუთარი ბრძოლით შეეძლოთ სისტემური, სოციალური ცვლილებების ხელშეწყობა.
ამ ისტორიებს თავისი შემფასებლები ჰყავს, შეფასებები კი ისეთივე ჭრელია, როგორც საზოგადოება. ბევრგან, შესაძლოა, ისიც წაიკითხოთ, რომ ბევრი სტუდენტური გამოსვლა იყო მართული, ან ახალგაზრდა აქტივისტებით მანიპულირება ხდებოდა... გვსურს თუ არა, ვაღიარებთ თუ არა, ფაქტი ერთია, სტუდენტები, ახალგაზრდები უნივერსიტეტის კედლებსა თუ მის მიღმა, ქმნიან ამინდს და იბრძვიან ცვლილებებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ბრძოლის შედეგად, შესაძლოა, ერთი დიქტატორი მეორეთი შეიცვალოს. ასეც მოხდა „არაბული გაზაფხულის“ დროსაც, 2011 წელს. ეს ცვლილებამ მაინც მნიშვნელოვან მიზანს რომ მიაღწია, პროცესის ერთ-ერთი მონაწილე და უკვე ემიგრაციაში მყოფი ბასიმ იუსუფიც აღიარებს. მან 2021 წელს, France Press-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ იმ დროის მოვლენებმა დაამსხვრია აზროვნების ტრადიციული გზა — „ეს შეგიძლიათ ახალგაზრდა თაობის მაგალითზე დაინახოთ და შეიგრძნოთ, ნახოთ როგორ უყურებენ ისინი პოლიტიკას, რელიგიას, ყველაფერს“.