1730106420

თბილისური სასაფლაოს ამბები

საბურთალოს სასაფლაო

ავტორი

ბაკურ გაბუნია

სასაფლაოები, როგორც ადამიანის ცხოვრებისეული ციკლის დასასრულის ერთგვარი სიმბოლო, განსაკუთრებულ ადგილს იკავებს კულტურულ და ისტორიულ მეხსიერებაში. ისინი არა მხოლოდ განსასვენებელი ადგილები, არამედ, ხშირ შემთხვევაში, საზოგადოების ღრმა რწმენისა და ტრადიციების ამსახველნი არიან. თითოეული საფლავი თუ მემორიალი საუკუნეების განმავლობაში ინახავს თაობების ისტორიებს. მაგრამ გარდა კულტურული და რელიგიური მნიშვნელობისა, სასაფლაოები, ასევე, რთული ურბანული და ეკოლოგიური სისტემებია, რომელთა მოვლა და დაცვა თანამედროვე საზოგადოების ერთ-ერთი გამოწვევაა, რადგან მოსახლეობის ზრდასთან ერთად, მათი შენახვა და სივრცის გონივრული გამოყენება აქტუალურ საკითხებად იქცა. როგორ უნდა მოვეპყროთ ამ სივრცეებს ისე, რომ დავიცვათ როგორც მოქალაქეების ინტერესები, ასევე თანამედროვე ურბანული გარემოს საჭიროებები? ეს საკითხები განსაკუთრებით მძაფრდება, როდესაც განიხილება ეკოლოგიური ბალანსი, მიწის რესურსების მართვა და ქალაქების მენეჯმენტი.

დღეისათვის, თბილისსა და მის შემოგარენში, დაახლოებით 60 საქალაქო სასაფლაო და ოთხი პანთეონი მდებარეობს, რაც, ჯამში, 800 ჰექტრამდე ტერიტორიას მოიცავს. დედაქალაქში სასაფლაოების მოწყობა, მოვლა-პატრონობა, სარიტუალო საქმიანობა ხორციელდება უშუალოდ თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის მიერ ან 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით.

თბილისის ძველი სასაფლაოები

ქალაქის ისტორიას ბევრი უკვე გამქრალი სასაფლაო ახსოვს, რომლებიც სხვადასხვა დროს, სხვადასხვა მიზეზს შეეწირა. ერთ-ერთი მათგანი დღევანდელი ვერის ბაღის ტერიტორიაზე მდებარეობდა, ანდრია პირველწოდებულის სახელობის ეკლესიასთან და მე-20 საუკუნის 30-იან წლებამდე იარსება. ეს ნათელი მაგალითია, თუ როგორც ცდილობდა სახელმწიფო სასაფლაოების ქალაქის ცენტრიდან განდევნას. ვერაზე მეორე სასაფლაო თბილისელ სომხებს გაუშენებიათ, 1836 წელს და მოგვიანებით, ამ ტერიტორიაზე დავით თამამშევის შემოწირულებით, ძელიცხოვლის, ანუ სურბ ხაჩის ეკლესია აშენებულა.

მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში, თბილისში 9 სასაფლაო იყო. მათგან სამი ეკუთვნოდათ მართლმადიდებლებს, ამდენივე — გრიგორიანელებს, ხოლო თითო სასაფლაო ჰქონდათ მუსლიმებს, კათოლიკეებსა და ლუთერანებს. ასევე, თავიანთი სასაფლაო ჰქონდათ ებრაელებსაც. მე-20 საუკუნის დასაწყისში ნავთლუღში გაიხსნა ქურთი იეზიდების სასაფლაოც.

მუსლიმური სასაფლაო იყო განთავსებული თბილისის ბოტანიკური ბაღის ადგილას, თუმცა მე-20 საუკუნის შუა წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ მთლიანად გაანადგურა როგორც მემორიალები და საფლავის ქვები, ასევე ამ ტერიტორიაზე მდებარე მეჩეთიც. დღეისათვის, მხოლოდ რამდენიმე საფლავია შემორჩენილი. სოლოლაკზე მდებარე კათოლიკურ სასაფლაოსაც იგივე ბედი ეწია. ის ექვემდებარებოდა თბილისის ღვთისმშობლის მიძინების რომაულ-კათოლიკურ ეკლესიას. 1920-იან წლებში კი ბოლშევიკებმა გააუქმეს და მის ტერიტორიაზე საცხოვრებელი სახლები ააშენეს.

მე-17 საუკუნის წყალობის წიგნში იხსენიება ხოჯავანქის სასაფლაო. მეფე როსტომმა 1654 წელს ზარაბთუხუცესს, ხოჯა ბეჰმუდას სასაფლაოს გვერდით მიწა უწყალობა. ახლად მიღებულ მიწაზე, მახათას მთის ძირას, მეფის ნებართვის, ხოჯა ბეჰმუდა ღვთისმშობლის სახელზე ეკლესიას აშენებს, რომელსაც თბილისელებმა „ხოჯავანქი“ შეარქვეს, შემდგომში კი ეს სახელწოდება სასაფლაოსაც მიენიჭა. ხოჯავანქის ეკლესია, 1936 წელს, ამ უბნის რეკონსტრუქციისას დაანგრიეს. ასევე, მთლიანად აიღეს სასაფლაო, ხოლო საფლავის ქვები სამშენებლო მასალად გამოიყენეს ბორდიურების, მესხიშვილის ქუჩაზე რამდენიმე შენობის, ასევე, მშრალ ხიდთან არსებული სკვერისა და ბარათაშვილის აღმართის მოსაპირკეთებლად.

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ძველია კუკიის სასაფლაო, რომელსაც თითქმის 400 წლიანი ისტორია აქვს, თუმცა საფლავების დიდი ნაწილი უკვე მცენარეებითაა დაფარული. ასევე დაკარგულია ძველი საფლავები და ან სრულად დაზიანებულია. თუმცა, დღესაც ნათლად შეიმჩნევა კუკიის სასაფლაოს ტერიტორიაზე მიმობნეული ევროპული არქიტექტურული სტილი. აქ მრავლადაა მოდერნისტული, საიდუმლოებებით სავსე ქანდაკებები.

რა ღირს სასაფლაო თბილისში?

დღეისათვის მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს ქალაქის ცენტრში სასაფლაოების ტერიტორიის მკვეთრი ზრდა. კანონის მიხედვით, ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს ქალაქის გარეუბანში, საცხოვრებელი შენობებიდან და დასასვენებელი სივრცეებიდან სულ ცოტა 300 მეტრის დაშორებით. მაგრამ პრაქტიკა სხვა სურათს გვთავაზობს. ვხედავთ, როგორ მიიწევს მათი საზღვრები დასახლებული პუნქტებისკენ და ზოგჯერ ზედ ტროტუარებზეც შემოგხვდება ხოლმე. პარალელურად მზარდია სასაფლაოს შეძენის ღირებულება. თბილისის სასაფლაოების ფასები რეგულირდება „თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის საკრებულოს მიერ მიღებული დადგენილებით. ხოლო კერძო სასაფლაოების შემთხვევაში, ფასს განსაზღვრავს მიწის ნაკვეთის მესაკუთრე. საქალაქო სასაფლაოებს შორის ყველაზე ძვირი ვაკესა და საბურთალოზე დაკრძალვა ღირს, სადაც ორადგილიანი სასაფლაოს ფასი 4500 ლარამდეც აღწევს ხოლმე. რაც შეეხება კერძო სასაფლაოებს, ფასი ბევრად უფრო მეტია და, ხშირ შემთხვევაში, 10 000 ლარიც შეიძლება შეადგინოს. თუმცა, რა თქმა უნდა, ალტერნატიული შესაძლებლობა და დაბალი ღირებულების სასაფლაოებიც არსებობს.

საქალაქო სასაფლაოს ტერიტორიაზე დაკრძალვისთვის გამოყოფილი თავისუფალი მიწის ნაკვეთი შედგება, არა უმეტეს, ხუთი ზონისგან. ზონების რიგითობას, ზონის დადგენისა და აღნიშნულ ზონებში საფლავების გამოყოფის წესებსა და ფასებს ადგენს თბილისის მთავრობა. ზონების რიგითობა განისაზღვრება სამანქანო გზიდან დაშორების ან მიწის ნაკვეთის რელიეფის გათვალისწინებით. მე-5 ზონის გამოყოფა სავალდებულოა და აღნიშნულ ზონაში განთავსებული ერთ და ორადგილიანი საფლავები უფასოა. საქალაქო სასაფლაოზე მე-5 ზონაში განლაგებული თავისუფალი საფლავების რაოდენობა უნდა იყოს იმავე სასაფლაოზე თავისუფალი საფლავების რაოდენობის არანაკლებ 40%.

როგორ გამოიყურება მომავალი?

შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2040 წლისთვის თბილისში არსებულ სასაფლაოებზე ადგილი აღარ იქნება. სასაფლაოების ფართობი მუდმივად იზრდება, მაგრამ, რა თქმა უნდა, ზღვარი აქაც არსებობს. თბილისის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მიხედვით, ქალაქმა უნდა იფიქროს ძველი საფლავების ხელმეორედ გამოყენების საკითხზე, რასაც ოფიციალურ დოკუმენტებში „ზემოდან დაკრძალვას“ უწოდებენ. ეს არის გარდაცვლილის მიწას მიბარების ცერემონია, როდესაც ნეშტი იკრძალება ადრე გარდაცვლილი ადამიანის საფლავზე (15 წლის გასვლის შემდეგ) ჭირისუფალთან შეთანხმებით. მსგავსი გადაწყვეტილების მიღება მოწმობს, რომ დედაქალაქში სასაფლაოების პრობლემა მწვავედ დგას. ამას ისიც ემატება, რომ მრავლადაა უპატრონო, ჭირისუფლისგან მიტოვებული საფლავი, რომელსაც არავინ უვლის და სამომავლო ხვედრიც გაურკვეველია.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები