1734606060

ცხოვრება ნამგლის, უროსა და ანდროპოვის ყურების გარეშე

ანდროპოვის ყურები

ავტორი

ნინი მეტრეველი

საბჭოთა კავშირის ნგრევის შემდეგ, ბელადები და კერპები ჯერ საკუთარ თავში, შემდეგ კი ქალაქებში დავანგრიეთ. მაგრამ იმ ადამიანთა ძეგლების გარდა, ვინც თაყვანისცემას არ იმსახურებდა, გადასაყრელი იყო სოციალისტურ იდეათა სათაყვანებელი მონუმენტებიც. ის, რაც საზოგადოებრივი მეხსიერების ყველაზე ნეგატიურ, ბნელ და საძულველ მოგონებებს აღვიძებდა — ნამგლები, უროები, საბჭოთა ვარსკვლავები, რუსეთთან მოჩვენებითი მეგობრობის სიმბოლოები და ანდროპოვის ყურები.

რად გვინდოდა ანდროპოვის ყურები?

სუკ-ის (КГБ) ხელმძღვანელისა და შემდგომში უკვე საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივნის, იური ანდროპოვის სახელის მინიჭება ამ მონუმენტისთვის, ჩაფიქრებული არ ყოფილა. ბეტონის თაღების მსგავსი კონსტრუქცია 1983 წელს, ანდროპოვის საქართველოში ვიზიტამდე ცოტა ხნით ადრე ააგეს, რადგან სწორედ აქ იგეგმებოდა სამხედრო აღლუმის ჩატარება.

უცნაური ამბავია. როცა „ანდროპოვის ყურები“ გააკეთეს, არც ანდროპოვის ყურები ერქვა და უბრალოდ, დეკორატიული იყო. იმის გამო, რომ მერე იქ დაიწყეს პარადების (ქართულად აღლუმია, მაგრამ ის, რაც იქ ტარდებოდა იყო რუსული პარადი) ჩატარება, ხალხმა გადაწყვიტა, რომ ეს არის კაგებესა და მოსმენების სიმბოლო. ამიტომაც დაარქვეს კაგებეს ხელმძღვანელის, ანდროპოვის ყურები. მოგვიანებით, იმის გამო, რომ ეს ანდროპოვის ყურები იყო, ჩათვალეს, რომ უფუნქციოა და დაანგრიეს კიდეც. მიენიჭა ცუდი, ნეგატიური ფუნქცია და ემოცია და ხალხმაც თქვა, რომ ეს ნეგატივი აღარ გვინდა,“ — იხსენებს ფოტოხელოვანი გურამ წიბახაშვილი, ურბან მედიასთან საუბრისას.

ფოტო - გურამ წიბახაშვილი

საბჭოთა სხვა მონუმენტებთან შედარებით, ანდროპოვის ყურებმა შედარებით დიდხანს გასტანა და ის ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2005 წელს დაანგრიეს.

მონუმენტებისა და ძეგლების განხილვისას, გურამ წიბახაშვილმა საინტერესო ლეგენდაც გაიხსენა:

„საინტერესო ისტორიაა ლენინის უზარმაზარ თავზე, რომელიც, შესაძლოა, ახლაც გდია ნატახტარში. როგორც ამბობდნენ, ეს თავი ბრეჟნევის ბოლო ჩამოსვლაზე გააკეთეს. ჩამოსვლა შევარდნაძის თაოსნობით შედგა და სპორტის სასახლესთან აღლუმიც გამართეს. სპორტის სასახლესთან იდგა ეს თავიც. ამბობდნენ, რომ ბრეჟნევს იმდენად აღარ შეეძლო არც მართვა და აღარც სიცოცხლე, რომ სხვებთან შედარებით ბევრად ხშირად ჰქონდა რაღაც საჭიროებები, მათ შორის, ტუალეტისაც. ამიტომაც, იმ ლენინის თავში იყო ლიფტი და ტუალეტი. ლიფტი იმისთვის, რომ მეორე სართულზე განთავსებულ ტრიბუნაზე ასულიყო და ტუალეტი, რათა ყოველ წუთს გაეყვანათ. ლენინის თავი იმხელა იყო, არაა გამორიცხული, მართლა ეგ ფუნქცია ჰქონოდა.“

ფოტო - გოჩა ლეჟავა

შრომის, მეცნიერებისა და ტექნიკის ქვეშ დახოცილი მოქალაქეები

მონუმენტს, რომელსაც 9 აპრილის ფოტო-ვიდეო მასალაში ხვდებით, ასე ჰქვია — „შრომა, მეცნიერება, ტექნიკა“. ეს გახლავთ სოციალისტური რესპუბლიკის ღირებულებების გამომსახველი სიმბოლო. მონუმენტი 1958 წელს დადგეს, მაშინდელი უმაღლესი საბჭოსა და ახლანდელი პარლამენტის შენობის წინ. თბილისის მთავარი გამზირი საბჭოთა იდეოლოგიის ამხელა მასშტაბით წარმოსაჩენად იდეალური ადგილი იყო. საინტერესოა ისიც, რომ ფიგურები საერთოდ არ ასახავდა ქართულ მენტალობას — მშრომელი, კოლმეურნე ქალი ცალსახად საბჭოთა კავშირის ასოციაციას იწვევდა და ეს იყო მიზანიც — ქართული იდენტობის გაფერმკრთალება.

მონუმენტი, რომელიც დოკუმენტურ მასალაში საკმაოდ ხშირად გვხვდება, 9 აპრილს განვითარებული ტრაგიკული მოვლენებიდან მალევე მოხსნეს.

ფოტო - ა. რუხაძე

ბაქოელი კომისრები თბილისის უძველეს უბანში

ფოტოზე ავლაბრის მეტროს შესასვლელს ხედავთ. საბჭოთა ოკუპაციის პერიოდში, მეტროსადგური 26 კომისრის სახელს ატარებდა. იგულისხმება ბაქოს 26 კომისარი — ბოლშევიკების ჯგუფი, რომელმაც ბაქოს გასაბჭოებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ამ კომისრების პატივსაცემად, რატომღაც, ავლაბრის მეტროსადგურის შესასვლელი შეირჩა.

მეტროსადგურს „ავლაბარი“ 1991 წელს დაერქვა და მონუმენტის დემონტაჟიც ამ პერიოდშივე მოხდა. დღეს, ამ ტერიტორიაზე აღნიშნული მონუმენტის კვალიც აღარ ჩანს.

ფოტო - გ. წიბახაშვილი

ცინიზმი, სახელწოდებით „სამარადჟამო მეგობრობა“

1983 წელს, თბილისის შემოსასვლელი ზურაბ წერეთლის მიერ შესრულებული მონუმენტით — „სამარადჟამო მეგობრობით“ დაამშვენეს. ნამუშევარი საქართველოსა და რუსეთს შორის მარადიულ მეგობრობას მიეძღვნა. ამაზე დიდი ცინიზმი რთული წარმოსადგენია, მაგრამ მონუმენტი გეორგიევსკის ტრაქტატის ხელმოწერის 200 წლის იუბილეზე საზეიმოდ გახსნეს.

მაშინ, როდესაც „სამარადჟამო მეგობრობა“ აღიმართა, რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები უკვე გართულებული იყო. უფრო კონკრეტულად კი, ქართველებს ასეთი ტიპის პროპაგანდა ძალიან აღიზიანებდათ. გეორგიევსკის ტრაქტატისადმი მიძღვნილი ნამუშევარი მათთვის დამოუკიდებლობის დაკარგვასთან უფრო ასოცირდებოდა.

მონუმენტმა სულ რამდენიმე წელი გაძლო და 9 აპრილის მოვლენების შემდეგ ისიც მოხსნეს.

ფოტო - გურამ წიბახაშვილი

იმპერიის ნგრევას თბილისის ურბანული იერსახის ცვლილებაც მოჰყვა. ახლა სხვა მიზნები, ღირებულებები და, შესაბამისად, სხვა სიმბოლოები გვაქვს. როდესაც საბჭოთა ოკუპაციის სიმბოლიკას, ძეგლებსა და მონუმენტებს ფოტოხელოვან გურამ წიბახაშვილთან ერთად განვიხილავდით, მასაც ვკითხეთ — როგორ გამოიყურება ახლა თავისუფლების სიმბოლოები თბილისში.

„ის, რომ თავისუფლების მოედანს თავისუფლების მოედანი ჰქვია და არა ლენინის მოედანი, ეს არის სიმბოლო. ის, რომ რომელიღაც ქალაქს ორჯონიკიძე კი არ ჰქვია, სხვა სახელს ატარებს და არა რევოლუციონერების სახელს, ეს არის ყველაზე მთავარი სიმბოლო. ძეგლები მოხსნადია. მთავარია, ადამიანის გულში ამას ერქვას თავისუფლების მოედანი. ახლა, თავისუფლების მოედნის სახელს ძალით თუ გადაგიკეთებს მტერი, თორემ შენ ამას არ გააკეთებ. თავისუფლება არის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანისთვის და ის თავის თავსაც გაწირავს ამისთვის,“ — გვიპასუხა გურამ წიბახაშვილმა.

ფოტო - თ. ჭეიშვილი



ურბანული ამბები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები