1738848420
ავტორი
მეკო მეტრეველი
საბჭოთა სისტემის მიმართ ორმხრივი დამოკიდებულება და დღემდე იმის ილუზია, რომ საბჭოთა ხელისუფლებამ და რუსეთმა რაღაც კარგი გაგვიკეთა, წარსულის სწორად გააზრებასა და აწმყოში შეცდომების გამოსწორებაში ხელს გვიშლის. მმართველობა, რომელიც თუნდაც ერთ უდანაშაულო ადამიანს საკუთარი მიზნებისთვის სჯის, შიშისა და ტერორის დასათესად იყენებს, შეუძლებელია იყოს კარგი და ადამიანის კეთილდღეობას ემსახურებოდეს. საბჭოთა კავშირი იყო რეჟიმი, სისხლიანი მანქანა, რომელმაც უამრავი ადამიანი შეიწირა და ფიზიკურად შემთხვევით გადარჩენილ ათასობით პიროვნებას წაართვა ქმარი, შვილი, ძმა, დედა, მამა, ცოლი, მეგობარი, საყვარელი საქმიანობა, სოციალური სტატუსი, ღირსება, ყველაფერი, რაც ამ სამყაროში ღირებულია...
სახლი, სადაც საბჭოთა რეჟიმისგან წამებული, კონსტანტინე ყანდარელი ცხოვრობდა, ეკუთვნოდა ცნობილ სომეხ ვაჭარსა და მეცენატს, ალექსანდრე მელიქ აზარიანცს. მან თბილისში პირველი მრავალფუნქციური სახლი 1911-1915 წლებში, ნიკოლაი ობოლონსკის პროექტის მიხედვით ააგო. გადმოცემის თანახმად, მელიქ აზარიანცის ქალიშვილი ტრაგიკულად გარდაიცვალა 22 წლის ასაკში. ლეგენდის მიხედვით, მელიქ აზარიანცმა სახლი სწორედ გარდაცვლილი ქალიშვილის სახელის უკვდავსაყოფად ააშენა, არქიტექტორმა კი ნაგებობის ფასადი სამგლოვიარო გვირგვინებითა და ცრემლის ფორმის ფანჯრებით გარდაცვლილი გოგონას პატივსაცემად შეამკო. ერთ-ერთი ვერსიით, იმ ადგილას, სადაც ახლა მელიქ აზარიანცის სახლია, უზარმაზარი ნაგავსაყრელი ყოფილა. ვაჭარს ქალაქის მაშინდელმა მერმა, ალექსანდრე ხატისოვმა, სახლის ასაგებად სწორედ ეს ნაგავსაყრელი გამოუყო. აზარიანცი შეთავაზებას დათანხმდა, თუმცა ასეულობით ტონა მიწის მოტანა დასჭირდა ნაგავსაყრელის ამოსავსებად.
მოდერნის სტილის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შენობა თბილისში ყველაზე დიდი საშემოსავლო სახლი ყოფილა, რომელიც 6 სადარბაზოსგან შედგებოდა. კომპლექსში შემავალი ბინები გასაქირავებლად იყო გამიზნული. შენობა კი მუდმივი ელექტროენერგიითა და წყალმომარაგებით მარაგდებოდა. სახლი ისეთი ფუფუნების საგნებით იყო მოწყობილი, როგორიცაა სრულად მოპირკეთებული სამზარეულო და სააბაზანო ზონები, საკუთარი სატელეფონო სადგური, საბავშვო ბაღი, ფოტო-სალონი, სამხატვრო გალერეა და კინოთეატრი, რაც იმ დროისთვის იშვიათობას წარმოადგენდა. შენობის შიგნით განთავსებული იყო მაღაზიები, აფთიაქი, მეეტლეთა სადგომი, ხოლო სასეირნო ბაღი შადრევნებითა და მცენარეებით იყო გაფორმებული.
ამას გარდა, სახლი მოდერნის სტილის უნიკალური არქიტექტურითა და ინტერიერით ხასიათდებოდა. შენობა საინტერესო ბარელიეფებითა და დეკორატიული ნალესობით იყო შემკული და სადარბაზოს მოხატულობით, საგანგებოდ შერჩეული მასალებითა თუ ინტერიერის დეკორით იქცევდა მნახველის ყურადღებას.
ბევრი სხვა დაზარალებული ოჯახის მსგავსად, გასაბჭოების შემდეგ მელიქ აზარიანცს ქონება ჩამოართვეს. ოჯახმა საფრანგეთს შეაფარა თავი, თავად მელიქ აზარიანცი კი უკიდურეს სიღატაკეში, საკუთარი სახლის სადარბაზოს კიბის ქვეშ გარდაიცვალა.
გასაბჭოებამ იმსხვერპლა ამ სახლის კიდევ ერთი ბინადარი კონსტანტინე ყანდარელი, რომელიც ჟურნალ „ტექნიკა და შრომის" მთავარი რედაქტორი, საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მანქანათმშენებლობის ფაკულტეტის ლექტორი, 1931-1937 წლებში სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხნის დირექტორი იყო.
ამასთან, 1930 წლიდან ის საქართველოს მანქანათ-საამშენებლო ინტერნაციონალური ბიუროს თავმჯდომარე და საქართველოს ინჟინერ-ტექნიკოსთა სასექციათაშორისო ბიუროს პრეზიდიუმის წევრი გახლდათ.
27 წლის, სწავლას და ევროპულ განათლებას მოწყურებულმა კონსტანტინე ყანდარელმა, მთავრობის აკრძალვის მიუხედავად, ქალაქის აღმასკომის კომუნალური განყოფილების მიერ გადაცემული ფულადი ჯილდო გერმანიაში არალეგალურად გამგზავრებისათვის გამოიყენა. სადაც მისი ძმა, დამოუკიდებელი საქართველოს რესპუბლიკის მთავრობის მიერ ევროპაში სასწავლებლად მივლენილი ლადო ყანდარელი სწავლობდა. სწორედ ეს ფაქტი იქცა სისტემის მიერ დასჯის ერთ-ერთ მთავარ მოტივად.
1937 წლის 23 აპრილს სერგო ორჯონიკიძის სახელობის ქარხნის პარტორგანიზაციამ კონსტანტინე ყანდარელი კომპარტიიდან გარიცხა „1924 წელს საზღვარგარეთ გაქცევის ფაქტის დამალვის", „კონტრრევოლუციური ტროცკისტული ელემენტების მფარველობის" ბრალდებით და დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა. 1937 წლის 1 მაისს იგი დააპატიმრეს, რასაც წინ უძღოდა სახლის ჩხრეკა, ქონებისა და ბინის ნაწილის კონფისკაცია.
მეუღლე, ელენე სოკოლოვა-ყანდარელი ყოველდღე აკითხავდა ქმარს ციხეში, სუფთა პერანგებითა და საჭირო ნივთებით. ციხიდან კი ნაცემი და ნაწამები კონსტანტინე ყანდარელის სისხლიანი პერანგი მოჰქონდა. ეს იყო ერთგვარი ნიშანი იმისა, რომ სისტემის ტყვე ჯერ ისევ ცოცხალი იყო. ერთ დღეს ციხეში მისული ელენე სახლში პერანგის გარეშე დაბრუნდა... კონსტანტინე ყანდარელი 1937 წლის 13 სექტემბერს, საკუთარ დაბადების დღეს დახვრიტეს.
1937 წლის 27 ოქტომბერს მეუღლის შესახებ ინფორმაციის მისაღებად მისული ელენე სოკოლოვა-ყანდარელი შინსახკომის შენობაში დააპატიმრეს და „ხალხის მტრის ოჯახის წევრობის" საბაბით 10 წლით ყაზახეთში გადაასახლეს. ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე ორ მცირეწლოვან შვილს დააშორეს და ყაზახეთში სხვა „ქვეყნის მტრის“ ოჯახის წევრებთან ერთად, უმძიმეს პირობებში შრომა და ცხოვრება მიუსაჯეს. 1948 წელს სამშობლოში დაბრუნებული ქალი შვილებმა ვეღარ იცნეს. პარტიამ ელენე სოკოლოვა-ყანდარელს დედაქალაქში ოჯახთან ახლოს ცხოვრების უფლება არ მისცა, რის გამოც ქალი მარნეულში დასახლდა.
1956 წელს მოხდა კონსტანტინე ყანდარელის რეაბილიტაცია, ის უდანაშაულოდ ცნეს...
სახლის ბინადრებთან ერთად, კომუნისტური მთავრობა ერჩოდა აზარიანცის სახლს. 1960-70-იან წლებში, სისტემას რამდენჯერმე ჰქონდა მცდელობა რუსთაველის გამზირისა და რესპუბლიკის მოედნის გაფართოების მიზნით სახლი დაენგრია, თუმცა ფუნდამენტის რთული კონსტრუქციისა და მშენებლობის დროს გამოყენებული ტექნოლოგიების გათვალისწინებით, ეს სურვილი სისრულეში ვერ მოიყვანეს.
დღესაც, რუსთაველის გამზირზე ჩავლისას მნახველის ყურადღებას მიიპყრობს შენობის მასშტაბურობა, უნიკალური ბარელიეფები და არქიტექტურული გადაწყვეტა, თუმცა უმეტესობა მათგანისთვის დღემდე უცნობია ის ისტორიები, რაც საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლებს, სისტემის მიერ განადგურებულ აქ მცხოვრები ადამიანების ბედს უკავშირდება.