1736855100
ავტორი
ნატა მეშველიანი
ვანდალიზმსა და პროტესტს შორის ხაზი ხშირად ბუნდოვანია. აღქმა იმაზეა დამოკიდებული, თუ რა თვალით უყურებს ადამიანი მას. მაშინ, როდესაც ზოგი გრაფიტს უყურებს, როგორც ისტორიულ ან საზოგადოებრივ სივრცეებზე არასასურველ ლაქას, სხვები მას გამოხატვის ძლიერ ფორმად, მარგინალიზებული ხმების ინსტრუმენტად, საზოგადოების იმედგაცრუების ვიზუალურ გამოვლინებად მიიჩნევენ. საქართველოში, განსაკუთრებით თბილისში, ეს დებატები ხშირია ხოლმე. უწყვეტი პროტესტის ფონზე გრაფიტი ისტორიულ კედლებზე ჩნდება და ვნებათაღელვას იწვევს.
პირველ რიგში ის უნდა ვთქვათ, რომ გრაფიტი შენობებზე ლოკალური პრობლემა არ არის, ეს ფენომენი პროტესტის კულტურაში პარიზის ტრიუმფალური თაღიდან დაწყებული, ათენის აკროპოლისით დამთავრებული, მთელი მსოფლიოს გარშემო გვხვდება.
რუსთაველის გამზირი საქართველოს კულტურულ და პოლიტიკურ იდენტობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის სავსეა ისტორიული ღირსშესანიშნაობებით, თეატრებით, მუზეუმებით, ოპერითა და სამთავრობო შენობებით. ათწლეულებია ეს ადგილი გახდა პოლიტიკური დემონსტრაციებისა და სოციალური მოძრაობების ეპიცენტრი. საზოგადოება კი პროტესტს ბევრი ფორმით გამოხატავს: ზოგი იფიცება, ზოგი მარშს აწყობს და ზოგიერთი კიდევ შენობაზე წარწერას აკეთებს.
განსაკუთრებით ბოლო წლების განმავლობაში, რუსთაველის გამზირი სამოქალაქო მღელვარების სცენად გადაიქცა. მთავრობის კორუფციის წინააღმდეგ დემონსტრაციებიდან, LGBTQ+ უფლებებისა და უკრაინის მხარდამჭერ აქციებამდე, ეს ქუჩა საქართველოს პოლიტიკური გამოხატულება გახდა. ამიტომ სულაც არ არის გასაკვირი, რომ გრაფიტი ზუსტად აქ ჩნდება ხოლმე, როგორც ამ მოძრაობების ბუნებრივი, მხატვრული გაგრძელება.
რუსთაველის ისტორიულ კედლებზე გრაფიტი ხშირად ატარებს ძლიერ გზავნილებს, დაწყებული პოლიტიკური რეფორმის მოთხოვნებიდან ადამიანის უფლებების შესახებ განცხადებებამდე. ეს არის გზა, რომელიც აიძულებს გამვლელებს გაერკვნენ ქვეყნის რეალობაში, დატოვონ კომფორტის ზონა და იყვნენ მეტად ინფორმირებულები. თუ მედია, მთავრობა და შენი გარემოცვა სულ სხვადასხვა რამეს ამბობს, გრაფიტი, ეს წარწერები რჩება მიუკერძოებელ, გულწრფელ გზად, რომ გავიგოთ რა ხდება ქუჩაში.
ის, ვინც აქტიურად მონაწილეობს დემონსტრაციებსა და სამოქალაქო პროტესტში, გრაფიტს განიხილავს როგორც აუცილებელ ინსტრუმენტს. მეორე მხრივ, კრიტიკოსები, რომლებიც მას ვანდალიზმად მიიჩნევენ, ხშირად აღმოჩნდებიან იმავე ადამიანთა ჯგუფში, რომლებიც არასდროს ჩართულან პროტესტის აქტიურ ფორმებში. მათთვის გრაფიტი მხოლოდ ზედაპირული, ხილული შედეგია და არა იმედგაცრუებისა და გაუცხოების.
საბოლოოდ, ვანდალიზმის კრიტიკა ხშირად სოციალურ დისტანციაზე მიანიშნებს. ადამიანები, რომლებიც არასდროს დგანან იმ პრობლემების პირისპირ, რასაც აქტივისტები ებრძვიან ან იშვიათად ესწრებიან დემონსტრაციებს, ხშირად ვერ ხვდებიან, რომ გრაფიტი არის ხმა იმათთვის, ვისაც არავინ უსმენს. ამიტომაც, როდესაც ვანდალიზმის კრიტიკოსები „დაზიანებულ“ კედლებზე საუბრობენ, საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ისინი ხშირად თავად დუმან იმ პროტესტზე, რომელიც ამ კედლების მიღმა დგას. მათ, ვინც არასდროს მონაწილეობს დემონსტრაციებში და არ ეცნობა სოციალური მოძრაობების დინამიკას, გრაფიტი ზედაპირულ მოვლენად ეჩვენებათ — უბრალოდ კედლებზე დატოვებულ წარწერებად, რომელთა არსიც მათთვის გაუგებარია. თუმცა, თითოეული ფერი, თითოეული ხაზი და თითოეული სიტყვა იმ ღრმა კონტექსტის გამოძახილია, რომელიც საჯარო სივრცეებში ჩახშულ ხმებს აცოცხლებს.
ასე, რომ გრაფიტი არ არის უბრალოდ „ლაქა“ ქალაქის ისტორიაზე. ის წარმოადგენს იმ სოციალური მოძრაობების შინაარსს, რომელსაც თანამედროვე საზოგადოებას ქმნის. ეს არის განგაშის სიგნალი, რომელიც შეუმჩნეველი ვერ დარჩება. გრაფიტი ისტორიის ნაწილია, რომელიც ამავე დროს მოქმედებს როგორც მძლავრი შეხსენება იმ საზოგადოებრივი გამოწვევებისა და ბრძოლების შესახებ, რომელთაც ადამიანები ყოველდღიურად აწყდებიან. ის არის არაოფიციალური ისტორიის ჩანაწერი, რომელიც ხშირად გაცილებით უფრო გულწრფელია, ვიდრე ოფიციალური ნარატივები.
1736778780
1736429640
1737378462
1737110160