1727386080

ვერტიკალური ბაღები: ახალი ტენდენცია მჭიდროდ დასახლებული ქალაქებისთვის

ბაღი 1

ავტორი

ნინი მეტრეველი

საკუთარი ეზო ან ახლოს მდებარე სკვერი უკვე აუცილებელი კრიტერიუმია, როდესაც თბილისის კორპუსებში ბინის შეძენაზე ვფიქრობთ. სიმწვანე თითქოს ფუფუნებაც გახდა და ეს ფაქტორი უძრავი ქონების ფასსაც საგრძნობლად ზრდის.

გამწვანების საკითხი პრობლემური მხოლოდ თბილისში არ არის. ზოგადად, მსოფლიოს მასშტაბით ურბანული ტერიტორიები სულ უფრო ხალხმრავალი ხდება. სკვერების მშენებლობა კი კომპანიებისთვის დიდ ხარჯებს უკავშირდება, ან უბრალოდ საკმარისი ტერიტორია არ აქვთ. სწორედ ამიტომ პოპულარული გახდა ვერტიკალური ბაღები.

ვერტიკალური ბაღების, ანუ მწვანე კედლების, კონცეფცია საკმაოდ მოგებიანია როგორც მშენებლების, ისე მცხოვრებლებისთვის. სპეციალურად შერჩეული მცენარეებისთვის კორპუსებში ეწყობა კონკრეტული კონსტრუქციები და შედეგად, მცენარეები კედლებზე ვერტიკალურად იზრდება. ამ კონცეფციის წყალობით უმჯობესდება ჰაერის ხარისხიცა და შენობის არქიტექტურული ესთეტიკაც.

საინტერესოა ისიც, რომ, სუფთა ჰაერისა და ესთეტიკური სილამაზის გარდა, ვერტიკალური ბაღები ქალაქში სიგრილესაც ინარჩუნებს. თუმცა ეს იმ შემთხვევაში, თუ ამ კონცეფციას პროექტში ბევრი სამშენებლო კომპანია გამოიყენებს. ზოგიერთი ექსპერტი იმასაც აღნიშნავს, რომ ასეთ ბაღებს ქალაქის ხმაურის შეკავებაც შეუძლია.

ვერტიკალური ბაღის ყველაზე ცნობილი მაგალითი, ალბათ, Bosco Verticale-ია, რომელიც იტალიაში, კერძოდ კი, მილანში მდებარეობს. საცხოვრებელი კორპუსები დაფარულია 20 000-ზე მეტი მცენარით.

ამავე კონცეფციის კიდევ ერთი საინტერესო ეგზემპლარი ბოგოტაშია. Edificio Santalaia არის შენობა, რომელიც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ვერტიკალური ბაღითაა დაფარული და მის ექსტერიერს 115 000-ზე მეტი მცენარე ფარავს.

რა თქმა უნდა, ვერტიკალური ბაღების მოვლა მარტივი და იაფი სიამოვნება არაა. საჭიროებს რეგულარულ ყურადღებას, ხანდახან მცენარეების შეცვლასაც, სპეციალურ სარწყავ სისტემებსა და ადამიანურ რესურსსაც. გარდა ამისა, აუცილებელია, მცენარეები სწორად იყოს შერჩეული, რადგან ყველა სახეობას არ აქვს უნარი, სპეციფიკურ პირობებში გაიხაროს.

ვერტიკალური ბაღის პროექტში შეტანა საწყის ეტაპზევე საკმაოდ დიდ თანხებს უკავშირდება. თუმცა, როგორც უკვე აღინიშნა, სიმწვანის ფაქტორი უძრავი ქონების ფასსაც ზრდის. თბილისის მოსახლეობის მხრიდან ნელ-ნელა იზრდება მოთხოვნა, იცხოვრონ უფრო მწვანე, ჯანსაღ გარემოში. შესაბამისად, შესაძლებელია, სიძვირის მიუხედავად, ახალ პროექტებში უფრო და უფრო მეტი ვერტიკალური ბაღი ვიხილოთ.

სიახლეები

სრულად ნახვა

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

ინოვაცია

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები