1728030810

ვის რჩება ქონება მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ?

მემკვიდრეობა ჰედერი

ავტორი

მაკო აბესაძე

საქართველოში მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს სამოქალაქო კოდექსი არეგულირებს. კანონში გაწერილია მემკვიდრეობის განაწილების ფორმები, ვის და რა რაოდენობით რჩება გარდაცვლილის ქონება და ის პროცედურებიც, რომლებიც მემკვიდრეობის მისაღებადაა საჭირო. მიუხედავად ამისა, საზოგადოების ნაწილისთვის მემკვიდრეობითი სამართალი მაინც ბუნდოვანია. ზოგიერთი კი საერთოდ არ ცნობს კანონით დადგენილ წესებს და ტრადიციით განმტკიცებულ პრაქტიკას მიჰყვება, რაც მშობლის სრული ქონების ან მისი დიდი წილის ბიჭი-შვილისთვის დატოვებას გულისხმობს.

რა წერია კანონში და რამდენად ხორციელდება ის რეალურად? რა განსხვავებაა კანონით მემკვიდრეობასა და ანდერძით მემკვიდრეობას შორის? რას ნიშნავს სავალდებულო წილი? რატომ რჩებიან ხშირად ქალები კანონის მიღმა? – ამ და სხვა საკითხებს სტატიაში განვიხილავთ.

მემკვიდრეობის განაწილების ფორმები

გარდაცვლილის ანუ მამკვიდრებლის ქონების სხვა პირებზე გადასვლა რამდენიმე ფორმით ხორციელდება – კანონით, ანდერძით ან ორივე საფუძვლით.

ანდერძის არარსებობის დროს, კანონი თვითონ არეგულირებს ვის და რა რაოდენობით რჩება ქონება. ასეთ შემთხვევაში არსებობს მემკვიდრეთა რიგითობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც გარდაცვლილის ქონება მომდევნო რიგის ნათესავებს გადაეცემათ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წინა რიგის არც ერთი მემკვიდრე ცოცხალი არ არის.

კანონმდებლობით პირველი რიგის მემკვიდრეები გარდაცვლილის შვილები, მეუღლე და მშობლები არიან. სრულფასოვანი უფლებებით სარგებლობენ ნაშვილები, მამკვიდრებლის გარდაცვალების შემდეგ ან ქორწინების გარეშე დაბადებული, თუმცა მამის მიერ კანონით აღიარებული შვილებიც.

შვილიშვილები, შვილიშვილისშვილები და ამ უკანასკნელთა შვილები კანონით მემკვიდრეებად ჩაითვლებიან, თუ ცოცხალი აღარ არის მათი მშობელი, რომელიც გარდაცვლილის მემკვიდრე უნდა ყოფილიყო. იგივე პრინციპი მოქმედებს სხვა რიგის მემკვიდრეების შემთხვევაშიც.

გაითვალისწინეთ, ერთი რიგის მემკვიდრეებში ქონება თანაბრად ნაწილდება – ასაკსა და გენდერს მნიშვნელობა არ აქვს!

ანდერძი და სავალდებულო წილი

მამკვიდრებელს სრული უფლება აქვს, წინასწარ შეადგინოს ანდერძი, რომლის მიხედვითაც განსაზღვრავს ვის და რა რაოდენობით დარჩება მემკვიდრეობა მისი გარდაცვალების შემდეგ. ანდერძში მან თავისი ქონება შეუძლია სურვილისამებრ გაანაწილოს კანონიერ მემკვიდრეებში, ასევე, გადასცეს ის ნებისმიერ არანათესავ ან იურიდიულ პირს ანუ ორგანიზაციას.

თუმცა გაითვალისწინეთ, თუ ხართ პირველი რიგის მემკვიდრე, თქვენ სავალდებულო წილის მოთხოვნის უფლება გაქვთ. სავალდებულო წილი შეადგენს იმ ქონების ნახევარს, რომელსაც ანდერძის არარსებობის შემთხვევაში მიიღებდით.

რა არის საჭირო მემკვიდრეობის მისაღებად?

იმისათვის, რომ გარდაცვლილის ქონება მემკვიდრეზე გადავიდეს, მან მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან 6 თვის ვადაში განაცხადი უნდა შეიტანოს ნებისმიერ სანოტარო ბიუროში. წინააღმდეგ შემთხვევაში, მან შესაძლოა, დაკარგოს კუთვნილი მემკვიდრეობა.

სამკვდროს მიღების ვადა ხანგრძლივდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამაზე თანხმობას დანარჩენი მემკვიდრეები განაცხადებენ. ვადა შეიძლება გაახანგრძლივოს სასამართლომაც, თუ ვადის გადაცილების მიზეზს საპატიოდ მიიჩნევს.

ვინ და რატომ რჩება კანონის მიღმა?

კანონი, რომელიც მემკვიდრეობასთან დაკავშირებულ საკითხებს არეგულირებს საქართველოში 1997 წლიდან მოქმედებს. თუმცა, როგორც სოციოლოგი მაია არავიაშვილი აღნიშნავს, ამ კანონის გათავისება ორ ათწლეულზე მეტია ვერ მოხერხდა – საზოგადოების დიდი ნაწილი ჯერ კიდევ ფიქრობს, რომ მშობლის ქონება ბიჭ-შვილს უნდა გადაეცეს.

ამ პრაქტიკას საქართველოში საუკუნეებით განმტკიცებული ტრადიცია ასაზრდოებს, რომლის მიხედვითაც ქალებს გათხოვების შემდეგ მზითვის სახით ძვირადღირებულ დოვლათს ატანდნენ. მას უნდა მიენიჭებინა ქალიშვილისთვის ეკონომიკური სიმყარე და ახალ ოჯახში ღირსეული ადგილი დაემკვიდრებინა. სანაცვლოდ, ქალი მშობლის ქონებაზე უფლებას კარგავდა და მემკვიდრეობა ბიჭ-შვილს რჩებოდა.

დროთა განმავლობაში, განსაკუთრებით დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, ტრადიციად ქცეული ეს წესი მოირღვა. მზითვად გატანებულმა ნივთებმაც, რომლებიც უწინ ფასდაუდებელ განძს წარმოადგენდა, ღირებულება დაკარგა. თანამედროვე საქართველოში კი ეს ტრადიცია თითქმის აღარ არსებობს. გამოდის, რომ დღეს ქალებს ხშირად არც ღირსებული მზითვი ერგებათ და არც მშობლის მემკვიდრეობა. მაია არავიაშვილის კვლევა მოწმობს, რომ ამას ხშირად ქალებიც ვერ აცნობიერებენ ან ოჯახური ურთიერთობების გაფუჭების შიშით, პრეტენზიის გამოხატვისგან თავს იკავებენ. მემკვიდრეობის გარეშე დარჩენილი ქალები ოჯახთან სასამართლო დავას კიდევ უფრო იშვიათად ბედავენ.

„ქონებრივი დავის სამართლებრივი წამოწყების კიდევ ერთი ბარიერი უსახსრობაა. ადვოკატის ასანაზღაურებლად ფული ბევრს არ აქვს. გარდა ამისა, ბაჟის სახით დავის საგნის ანუ კუთვნილი ქონების სამი პროცენტიც უნდა გადაიხადონ. პროცესები კი იწელება, როდის მიიღებს მემკვიდრე ქონებიდან წილს არავინ იცის“, – ამბობს იურისტი ნინო ანდრიაშვილი.

ამ საკითხზე მომუშავე იურისტები და მკვლევრები აღნიშნავენ, რომ პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას რეგიონებში, სადაც ტრადიციას მეტად აქვს ფეხი მოკიდებული. თუმცა, ზოგადი სურათი მაინც იცვლება და უკანასკნელ წლებში შეინიშნება დადებითი ტენდენციაც. მაგალითად, გაეროს პროგრამის ფარგლებში 2013 წელს ჩატარებულ კვლევაში რესპონდენტთან მხოლოდ 44% მიიჩნევდა, რომ მშობლების ქონება თანაბრად უნდა განაწილებულიყო. 2019 წელს კი ეს მაჩვენებელი 62%-მდე გაიზარდა.

ურბანული ამბები

სრულად ნახვა
ჰედერი

რა ღირს ახალი წელი

1733836167

პოპულარული

ბიზნესი

სრულად ნახვა

დიზაინი

სრულად ნახვა

ანალიტიკა

სრულად ნახვა

სხვა სიახლეები